წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა მირქმასა იესო ქრისტესსა

აწ განუტევე, მეუფეო, მონაი შენი, სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით,
რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი (ლუკა 2, 29-30).

ესრედ წარმოსთქვა მოხუცებულმა სვიმონ მართალმან, როდესაც შეეგება ტაძარსა შინა ჩჩვილსა იესოს და მიიღო იგი მკლავთა თვისთა ზედა. მას ჰქონდა აღთქმული სულისაგან წმიდისა, არა ხილვად სიკვდილისა, ვიდრემდის იხილავს მოსულსა მაცხოვარსა სოფლისასა, და როდესაც იგი იხილა, აკურთხა ღმერთი, დალოცა დედა მისი და ევედრა ღმერთსა, რომ განუტეოს იგი ამ სოფლითგან: აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, მშვიდობით. ამაზე უკეთესს რას დაინახავდა იგი ქვეყანასა ზედა. იგი იყო ღრმად მოხუცებული, მან აღასრულა ქვეყანაზე თვისი მოვალეობა: ემსახურა ღმერთსა მრავალი წელიწადი მარხვით, მოთმინებით, ადიდა იგი სიტყვით და საქმით. ერთი მხოლოდ ჰქონდა მას ვედრება და სურვილი, რადგანაც იცოდა სულისაგან წმიდისა, რომ მოახლოებულ იყო დრო ქვეყანასა ზედა მოსვლისა მესსიასი, მხსნელისა, ჰსურდა ხილვა მისი, და როდესაც იხილა, ევედრა ღმერთსა: აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი.

მზგავსადვე უნდა მოიქცეს ყოველივე ქრისტიანე კაცი; იგივე სიტყვები უნდა წარმოსთქვას მან, როდესაც მოიწევა დღე მისისა აღსასრულისა. თუ ღმერთმა შენ, ძმაო, მოგცა ქვეყანასა ზედა გრძელი და მშვიდობიანი ცხოვრება, თუ შენ გიყვარდა ღმერთი, და რაოდენიც ძალ-გედვა, ემსახურე მას, აღასრულე ქვეყანასა ზედა სულიერი შენი მოვალეობა, კეთილს საქმეს იქმოდი და მით ადიდებდი ღმერთს შეძლებისდაგვარად შენისა, მაშასადამე შენც გინახავს მაცხოვარება ღვთისა არა ნაკლებად, ვიდრეღა სვიმეონს მართალსა. მან მხოლოდ ჩჩვილი იესო იხილა, შენ კი სულიერითა თვალითა და სარწმუნეობითა გიხილავს იესო ქრისტე. აღმასრულებელი ჩვენისა ცხოვრებისა, ჯვარცმული, აღდგომილი მკვდრეთით. თვით მისი სისხლი და ხორცი მიგიღია. მაშ შენც, როდესაც მოიწიოს ჟამი შენის აღსასრულისა, არ შეგეშენდეს, არამედ თამამად წარმოსთქვი სასოებითა, მშვიდობიანითა გულითა: აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო მშვიდობით. გარნა, თუ გინდ გრძელი და მშვიდობიანი არ იყოს ცხოვრება შენი, არამედ მოკლე და აღსასვსე მწუხარებითა, თუ გინდ შენ იყო მზგავსი ათასთა და ბევრეულთა კაცთა, ჭირვეულისა და მძიმისა ცხოვრებისა განმატარებელი, არაფერი შესანიშნავი და მადლიანი საქმე არ აგესრულებინოს ქვეყანაზედ, მაგრამ ქრისტიანე კაცი მაინც იყავი და ხარ. მონათლული ხარ, პირჯვარს იწერდი, ღმერთი არ დაგივიწყებია, სასოწარკვეთილებაში არ შეჰსულხარ - შენც შეგიძლია დააგვირგვინო ცხოვრება შენი, თუ გინდ ადრე გეწიოს ჟამი სიკვდილისა, დაიბარე მოძღვარი შენი, უთხარ მას უკანასკნელი აღსარება, მიიღე მისგან მაცხოვარება ღვთისა, ესე იგი ზიარება ქრისტეს სისხლისა და ხორცისა, სასოებით, ცრემლით, სინანულით, და შემდეგ წარმოსთქვი თამამად:. რაც გინდა საწყალი და ღარიბი იყოს კაცი ქვეყნასა ზედა, თუ გინდ იყოს უკანასკნელთა გლახაკთაგანი, იმასაც კი შეუძლია დაიგვირგვინოს ცხოვრება თვისი პატიოსნითა, ქრისტიანულითა გარდაცვალებითა. მოხუცებული სვიმეონ მართალი, არ იყო მთავართა, დიდებულთა, ანუ მდიდართაგანი, არამედ ერთი მცირე და თავმდაბალი კაცი, რომელიც მოღვაწეობითა, სიმდაბლითა ატარებდა ცხოვრებასა თვისსა.

ბოლოს, კიდეც რომ კაცმან მთელი თვისი ცხოვრება გაატაროს უქმად, მრავალი ცოდვა აღასრულოს, ღვთის მსახურება, დიდება არ ეფიქრებიოს ქვეყანასა ზედა, თუ მოინდომა, ჭკუა იხმარა, ღმერთი შეიწირა, იმასაც კი შეუძლია უკანასკნელს ჟამს შეინანოს, იტიროს, მოემზადოს, ეზიაროს და მით ძლევა შეიმოსოს ცოდვასა და ეშმაკსა ზედა, და მაინც კეთილად დააგვირგვინოს ცხოვრება თვისი. პატიოსანი და ქრისტიანული გარდაცვალება არის გვირგვინი ქვეყნიურისა ცხოვრებისა. არა ამაოდ არის თქმული: პატიოსან არს სიკვდილი მართალთა. ხოლო ცოდვილისა კაცისა, შეუნანებელისა, რომელი თვით სიკვდილის დროს არ მოვა გრძნობაში, არ გაიხსოვნებს - ბოროტ არს სიკვდილი მისი, სიკვდილი ცოდვილთა.

და ესრედ, ძმაო, ეცადე გულმოდგინედ რომ უკანასკნელნი მაინც წამნი შენისა ცხოვრებისა მოიხმარო შენი სულის ცხონებისათვის, შეინანო, ეზიარო სასოებით, მაშინ შენც შეგიძლია თამამად სთქვა: აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო მშვიდობით. ამინ.