წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა თქმული ქუთაისის საკათედრო ეკლესიასა შინა
მოსწავლეთადმი სხვათა და სხვათა ქუთაისის სასწავლებელთა შინა,
1879 წელსა

ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქვენ შორის, აჩვენენ კეთილად
სვლისაგან საქმენი თვისნი, სიმშვიდითა სიბრძნისათა (იაკ. 3, 13).

საყვარელნო ყრმანო, მოსწავლენო სხვათა და სხვათა ჩვენი ქალაქის სასწავლებელთა შინა! წელიწადში ერთხელ მაინც მსურს საკუთრად თქვენ წინა-დაგიდვა სულიერი სწავლა და დარიგება. თქვენთვის უფრო საჭირო არის სულიერი, ზნეობითი სწავლა, და უფრო სასარგებლოც იქმნება.. დროება და მრავალნი საქმენი ნებას რომ მაძლევდენ, ერთხელ კი არა, ასჯერაც რომ მომეცა თქვენთვის დარიგება, ისიც არ იქნება ნამეტანი. თქვენ ახლა ისეთ ჰასაკში ხართ, რომ თქვენი გული და სული უფრო მომზადებულია სწავლის მიღებისათვის. ღვთის მადლით, თქვენი გული ჯერ არ არის გაფუჭებული, და უფრო მტკიცედ დაიბეჭდება თქვენს შორის ყოველი სწავლა. გარდა ამისა, თქვენ ყოველნი ხართ მოსწავლენი; ახლა შენდება საძირკველი მომავლისა თქვენისა ზნეობისა, ყოფაქცევისა, ხასიათისა, ერთი სიტყვით, მთელისა ცხოვრებისა. მიუცილებლად საჭირო არ არის, რომ ეს საძირკველი მომავლისა თქვენისა ცხოვრებისა იყოს დამყარებული სიტყვასა ზედა და სჯულსა ღვთისასა, იყოს გამაგრებული სულიერითა, ქრისტიანულითა სწავლითა და მოძღვრებითა. თუ ეს ასე არ იქმნა, თუ მომავალი თქვენი ცხოვრება აშენდა სხვა, სოფლიურ, ამაო საძირკველზე, ეს იქმნება უბედურება თქვენთვის და მთელი ჩვენი ქვეყნისათვის. თუ მარტო გონებითს მეცნიერებას მიიღებთ სასწავლებელში, თუ მარტო მრავალ სამეცნიერო საგნებს ისწავლით, მარტო გონებას, მეხსიერებას გაამდიდრებთ, ხოლო გულის თვისებას, ხასიათს არ გაიკეთებთ, სწავლულნი შეიქმნებით, და სიმართლეს და წმინდა, ქრისტიანულ ზნეობას არ შეიძენთ, მაშინ თქვენ გამოხვალთ უბედურნი და ქვეყნისათვის მავნებელნი, და არა სასარგებლონი. ვინ არს ბრძენ და მეცნიერი თქვენს შორის, აჩვენენ კეთილად სვლისაგან საქმენი თვისნი, სიმშვიდითა სიბრძნისათა - იტყვის წმიდა მოციქული იაკობ. ესე იგი თუ ვინმე ჭკვიანი და სწავლული არისო თქვენს შორის, ეს მან დაამტკიცოს თვით საქმით, ზნეობით, ყოფა-ქცევითაო. მართლა, რით უნდა გამოაჩინოს კაცმა თვისი სწავლა და ჭკუა, თუ არა კეთილი საქმით, კარგი ზნეობით? გარნა, კარგს ზნეობას, კარგს ყოფა-ქცევას საკუთრად უნდა მიეჩვიოს კაცი; დიდი და განუცხრომელი ყურადღება უნდა ჰქონდეს კაცს მიქცეული, რომ გაისწოროს თვისი ხასიათი. თუ შეგირდი, ანუ მოსწავლე, სასწავლებელში მარტო იმაზედ ჰფიქრობს და ყურადღება იმაზედ აქვს მიქცეული, რომ ხასიათი. თუ შეგირდი, ანუ მოსწავლე. სასწავლებელში მარტო იმაზედ ჰფიქრობს და ყურადღება იმაზედ აქვს მიქცეული, რომ სხვა-და-სხვა სამეცნიერო საგნები კარგად დაიზეპიროს, სხვა-და სხვა ძველი და ახალი ენები კარგად დაისწავლოს, ხოლო თავის ზნეობას და ხასიათს არ იკეთებს, წმიდა, პატიოსან ცხოვრებას არ ეჩვევა, ერთი სიტყვით, ღვთის სჯულს არ მიითვისებს, ის მოსწავლე, როგორც ზევით ვსთქვით, რაც გინდა კარგი სწავლული გამოვიდეს, უსარგებლო იქნება ქვეყნისათვის, და ფრიად მავნებელი. უმჯობესი დამტკიცება ამ აზრისა რაღა იქნება, თუ არა ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, და რაც ახლა ამბავი გვესმის ყოველი მხრიდან. ვგონებ, რომ არც თქვენ იქნებით უცნობელი იმისა, რაც ამ ჩვენს დროებაში მოვლენა არის, არა თუ მთელს რუსეთში, არამედ ევროპაშიაც. უთუოდ თქვენც გაგიგონიათ, რა დარდი, რა დიდი მწუხარება გაუჩნდა ახლა ყოველთა მშობელთა, მთელს საზოგადოებას და თვით მთავრობას, და რაოდენი ყმაწვილი კაცი საუკუნოდ დაიღუპა ახლა, მით, რომ დაივიწყეს ყოველივე წმიდა, პატიოსანი, მართალი, რაც არის მიღებული ყოველთა განათლებულთა კაცთა და საზოგადოებათაგან, რაზედაც დაფუძნებულია აწინდელი ქვეყნის განათლება, ცხოვრება, წარმატება, და შეუდგნენ ყოველსა სიბოროტესა და გარყვნილებასა. გამოჩნდა ერთი საშინელი, გამახინჯებული პარტია, რომლის მსგავსი არ ყოფილა დასაბამიდგან ქვეყნისა. ვრცლად და დაწვრილებით რომ მოგიყვე ახლა, რა აზრები აქვს ამ პარტიას, და რას ეძებს იგი, ან რას სჩადის, რომელი საქმეებით გამოაჩენს თვისს განზრახვას, ეს შეუძლებელია აქ, მოკლე სიტყვაში. მხოლოდ აგიხსნი აქ ამ პარტიის აზრებს და ყოფა-ქცევას ერთი მცირე მაგალითით. წარმოიდგინე, რომ ერთი ვინმე უცნობი კაცი მოვიდა შენთან და დაიწყო საუბარი და დამტკიცება, რომ ცოდვას და მადლს, კეთილს და ბოროტს, პატიოსანს და უპატიოსნო საქმეს, სიწმინდეს და უწმინდურებას და გარყვნილ ცხოვრებას არაფერი განსხვავება არა აქვს, რომ კაცის კვლა, ქურდობა, სახლების გადაწვა, ღალატობა არ არის ცოდვა, დასაძრახისი? შენ იფიქრებ, ის კაცი ან ხუმრობს, ან ჭკუაზედ შეშლილია. ან იქნება კიდეც შეგეშინდეს, იფიქრო, რომ ეს კაცი ქურდია ან ავაზაკი და უნდა, რომ შენც მიგიზიდოს და გაგაფუჭოს. მით უმეტესად გასაკვირველი და სამწუხარო ის არის, რომ მართლა გამოჩნდენ ერთობ მრავალნი პირნი, და შეადგინეს დიდი პარტია, და სიტყვითაც იმას ამტკიცებენ, რაც ახლა ვსთქვი, საქმითაც არ ერიდებიან არც ერთს ცოდვას, არც კაცის კვლას, არც მოწამვლას და არც სახლების და ქალაქების გადაწვას. სწვავენ ცეცხლით სოფლებს და ქალაქებს, და თვითონ ამბობენ და კიდევაც სწერენ ზოგიერთთა გაზეთებში, რომ ჩვენ ახლანდელი ქვეყანა უნდა დავამხოთ და სუყველანი გავსწყვიტოთ, ვინც ჩვენ არ დაგვიჯერებს და არ დაგვემორჩილებაო. იქმნება კიდეც იფიქრო გულში, რომ, ქურდები, ავაზაკები და კაცისმკვლელები ყოველთვის იყვნენ ქვეყანაზედ, და ახლა უთუოდ მათ პარტია შეადგინესო... მაგრამ საქმე ის არის, რომ ისინი არ არიან უბრალო ქურდები და ავაზაკები. აქვე, სამწუხაროდ და განსაცვიფრებლად თქვენდა, უნდა გითხრათ, ვინ შეადგენს ამ პარტიას. უმეტეს ნაწილად ის პარტია შესდგება ნასწავლთაგან, სხვადასხვა სასწავლებელში ნამყოფთაგან; ზოგიერთი იმათგანი მაღალ სასწავლებელშიაც ყოფილან. როგორ მოხდა ეს გასაოცარი საქმე? რა სახით გამახინჯდა ნასწავლი კაცი ისე, რომ მას აღარაფერი აღარ მიაჩნია ცოდვად: კაცის კვლა, ქურდობა, სახლების გადაწვა? ეს მოხდა მისთვის, რომ მათი სწავლა იყო ერთი კერძოიანი, სწავლობდენ მხოლოდ სხვადასხვა საგნებს. იმატებდენ მხოლოდ სხვადასხვა აზრებს, ხოლო ხასიათს და ყოფა-ქცევას არ სწავლობდენ. იქნება საღმთო წერილსაც, ღვთის სჯულს, სწავლობდენ სასწავლებელში, გარნა სწავლობდენ ზეპირად, და გულით არ მიითვისებდენ. ერთი კერძოობით სწავლას, ანუ მარტო გონების და ჭკუის გამდიდრებას სხვადასხვა აზრებითა, ცუდი გავლენა აქვს კაცის ბუნებაზედ, იგი ზნეობას გაუფუჭებს. აჰა მიზეზი, რომლისთვისაც საღრმთო წერილი სწუნობს და შეურაც-ყოფს, და უწოდებს ცრუ სწავლად ზემოთქმულსა ერთ კერძოიანს სწავლასა. საღრმთო წერილი აგვიხსნის ჩვენ, რომელ კაცის ჭკუა და სიბრძნე, ანუ სწავლა, საქმით უნდა გამოჩნდეს, ყოფა-ქცევით, და არა მხოლოდ სიტყვით და ლაპარაკით: ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქვენს შორის, აჩვენენ კეთილად სვლისაგან საქმენი თვისნი... ზეგარდამო სიბრძნე პირველად სიწმიდე არს და მერმე მშვიდობა, სახიერება, მორჩილება, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა. კეთილთათა (იაკობ. 3,13 და 17).

აი, რა სახე და მიმართულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანულს სწავლასა, სიბრძნესა. იგი, პირველად, უნდა იყოს საქმიანი, და არა ფუჭი, უქმი, უხმარი ცხოვრებაში, სიმშვიდეში, ზეგარდამო ანუ ზეციერ სიბრძნეში. კიდევ მოვიყვან სიტყვებს წმიდა მოციქული იაკობისას: პირველად სიწმიდე-არს, მერმე მშვიდობა, სახიერება, მორჩილება, სავსე წყალობითა და ნაყოფითა კეთილითა (იაკ. 3, 17)

გახსოვდეთ, დაიბეჭდეთ გულში საყვარელნო ყრმანო, რომ კაცის არსებას, ანუ ცხოვრებას აქვს ორი კერძო, ანუ მხარე; პირველი არის აზრი, გონება, მოსაზრება, ერთი სიტყვით სულიერნი, უხილავნი ნიჭნი, თვისებანი; მეორე მხარე არის საქმე, მოძრაობა, ყოფა ქცევა, ხასიათი. ეს მეორე მხარე კაცის ბუნებისა უსაჭიროესი არის და უდიდესი. საქმე უდიდესია, ვიდრე სიტყვა და აზრი. პირველი კერძო, ესე იგი, გონება, ჭკუა, ღმერთმა მისცა კაცს მეორე კერძოისათვის. ორივე კერძონი მოითხოვენ გაუმჯობესებას, გამართვას გამდიდრებას. მაგრამ სჯობია კაცი უსწავლელი იყოს, სხვა-და-სხვა მეცნიერება არ იცოდეს, და საქმით კარგი იყოს, ვიდრე-ღა სწავლული და საქმით ცუდი. გარნა ყველაზე უმჯობესი და უმშვენიერესი ის არის, თუ კაცი გონებითაც განათლებულია და საქმენიც, ყოფა-ქცევაც განათლებული, კეთილი აქვს. ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქვენს შორის, აჩვენენ კეთილად სვლისაგან საქმენი თვისნი, სიმშვიდითა სიბრძნისათა, რომელი და მოგცეს თქვენ ყოველთა ღმერთმან სანუგეშოდ თქვენდა მშობელთა და მზრუნველთა. ამინ.