მოძღვრებანი თქმული სოფლის ეკკლესიათა შინა

მოძღვრება თქმული ქუთაისის
მთავარ ანგელოზის ეკლესიასა შინა

სარწმუნო იგი მცირესა ზედა, და მრავალსა ზედაცა
სარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს,
მრავალსა ზედაცა ცრუ არს. ( ლუკ. 16, 10).

დღეს, ძმანო ჩემნო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ჩვენ განვიზრახეთ უბნობა თქვენთა იმ საგანზედ, რომელსა გვასწავლის ჩვენ მაცხოვარი ახლა მოყვანილსა სიტყვასა შინა: სარწმუნო იგი მცირესა ზედა... მახლობელი და პირდაპირი აზრი ამ სიტყვისა არის უბრალო და ცხადი: აქ მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რომელ კაცი, სარწმუნოდ და პატიოსნად აღმასრულებელი ყოველი მცირე საქმისა და მოვალეობისა, მსგავსადვე პატიოსნად და სათნოდ აღასრულებს დიდ დიდ საქმეებსაც: წინააღმდეგ ამისა, თუ ვინმე მცირე საქმეებში ყალბად და ბრუდედ იქცევა, ის დიდ საქმეებსაც ურწმუნოდ და ცუდად აღასრულებს. უბრალო და ცხადი არის ეს აზრი, მაგრამ დიდი და სასარგებლო ზნეობითი სწავლა გამოიყვანება მისგან.

სარწმუნო იგი მცირესა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს. მცირედ უფალი იესო ქრისტე აქ უწოდებს, პირველად, აქაურსა, სოფლიურსა ჩვენსა ცხოვრებასა. მართლა, როდესაც ჩვენ ამ წუთის სოფლის ცხოვრებას შევამსგავსებთ მომავალსა, ზეციურსა ცხოვრებასა, იგი გამოსჩნდება ერთობ მცირე, და არა თუ მცირე, არამედ ამასთანავე, ერთობ ვიწრო, აღვსებული ყოვლითა მწუხარებითა. მაშასადამე, მაცხოვარი ამ სიტყვებით, პირველად გვასწავლის ჩვენ მას, რომელ, უკეთუ ჩვენ ამ მცირესა შევიწროვებულსა ცხოვრებასა შინა ვიქცევით ღვთის სარწმუნოდ, ერთგულად, მოთმინებით, პატიოსნად, მაშინ ჩვენ ღმერთი გვიცნობს თვის სარწმუნო კაცად და მოგვანიჭებს ვრცელსა ზეციურსა ცხოვრებასა: ჩვენ გვეტყვის მაშინ, ვითარცა მას მონასა სარწმუნოსა, რომელმან მიიღო რა მცირეოდენი საჩუქარი, ესე იგი ხუთი ტალანტი, სარწმუნოდ მოიქცა, გაისარჯა, განამრავლა იგინი და ერთი ორად წარუდგინა უფალსა თვისსა: კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო, რამეთუ მცირესა ზედა სარწმუნო იყავ, უმრავლესსა ზედა დაგადგინო შენ. დიდი ნუგეში ეძლევა აქედგან ყოველთა მათ ქრისტიანეთა, რომელნი სულგრძელად ითმენენ ამ სოფლის ვიწროსა და შემაწუხებელსა ცხოვრებასა, თუ არ დაჰკარგვენ იგინი ღვთის ერთგულებასა. გარნა მდიდარნი და ბედნიერნი ამ სოფლისანი უმეტესად უნდა დაჰფიქრდენ, როდესაც ესმით მათ ეს სიტყვა. რისთვის? მისთვის, რომ მათგან უფრო დიდსა სარწმუნოებასა, სიფრთხილესა მოითხოვს უფალი ქრისტე. აჰა, რას ეტყვის უფალი იმავე სახარებაში მდიდარსა, რომელნი ცუდად ხმარობენ თვისსა სიმდიდრესა: უკეთუ სიცრუისა ამის მამონისა სარწმუნო ექმენით, ჭეშმარიტი იგი ვინ მოგანდოს თქვენ. ამ სიტყვების აზრი ეს არის: მამონს საღმრთო წერილი უწოდებს სიმდიდრეს; ცრუ მამონად, ანუ ცრუ სიმდიდრედ ის მისთვის უწოდებს, რომელ ყოველი სოფლიური სიმდიდრე არის ცრუ და ყალბი, ვინაიდგან იგი არის წარმავალი და წუთი, თუ ეს სოფლიური, ცრუ სიმდიდრე ღვთის სარწმუნოდ, კეთილი საქმისათვის არ მოიხმარა კაცმა, მაშინ ღმერთი როგორღა მისცემს მას ზეციურსა, ჭეშმარიტსა სიმდიდრესა, ანუ ნეტარებასა.

სარწმუნო იგი მცირესა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს, და რომელი იგი მცირესა ზედა ცრუ არს, და მრავალსა ზედაცა ცრუ არს. ამ სიტყვებიდგან გამოიყვანების შემდეგი ზნეობითი სწავლა: რომელი კაცი მცირეთა და მდაბალთა საქმეთა და მოვალეობათა თვისთა კარგად და პატიოსნად აღასრულებს, იგი დიდთაცა თვისთა საქმეთა და მოვალეობათა, მსგავსადვე კარგად აღასრულებს; და რომელი მცირეთა საქმეთა და ვალდებულებათა შინა იქცევა ყალბად, იგი უთუოდ დიდთაცა შინა საქმეთა იქნება ურწმუნო და ყალბი. ყოველნი საქმენი და მოვალეობანი კაცთანი, თუ გინდ ხორციელნი, ანუ სოფლიურნი, მით უმეტესად სულიერნი, ორად განიყოფებიან. ზოგიერთნი მათგანნი არიანი არიან უმთავრესნი და უსაჭიროესნი, ხოლო სხვანი - მცირენი და წვრილნი. უეჭველია, რომ ყოველმა კეთილგონიერმა კაცმა უმეტესი თვისი ყურადღება და მეცადინეობა უნდა მიაქციოს პირველთა ზედა, ისინი არას გზით არ დაუტეოს აღუსრულებელი; გარნა, ამასთანავე, არ უნდა დაივიწყოს მეორენიცა, არ იყოს დაუდევნელი მცირეთაცა შინა თვისთა საქმეთა და მოვალეობათა. ეს მისთვის, რომელ მცირენი საქმენი და მოვალეობანი უფრო ხშირად შეემთხვევიან მას, ვიდრეღა მაღალნი და უმთავრესნი. ყოველ დღე და ყოველ წამს კაცი აკეთებს რომელსამე მცირესა თვისსა საქმესა, ყოველს წამს იგი აღსრულებს რომელსამე წვრილსა მოვალეობასა, და თუ კეთილად და პატიოსნად აღასრულებს, მაშინ უნებლივად მიეჩვევა პატიოსნებასა და ბეჯითობასა, და თუ არა იგი მიეჩვევა სიყალბესა და სიცრუესა, და ამ ჩვეულებას გადაიტანს დიდ დიდ საქმეებშიაც. თუ მცირეს და ადვილს მოვალეობას, რომელიც დიდ ღონეს და შრომას მოითხოვს, ცუდად აღასრულებს, დიდ მოვალეობას როგორღა აღასრულებს კარგად. მასთანავე, კაცის ხასიათი არ უნდა იყოს ჭრელად და შერყეული, არამედ ერთფერი და მტკიცე, ესე იგი, რომ ყოველ საქმეს, დიდსა და მცირესა, ერთი მიმართულებით და ერთი ხასიათით აღსრულებდეს. მზე მთლად გამოიხატება წყლის ერთ წვეთში; კაცის ხასიათში მთლად გამოსჩნდება ერთი თვით მცირე მოქმედებაში. თუ მცირე ფასის საქმეში ატყუებ კაცსა, დიდ საქმეში შენ რაღა რწმუნება გექნება.

რაც აქამდე ვსთქვით, იმას ესეც კიდევ უნდა დავუმატოთ: არავის არ შეუძლია პირდაპირ შეუდგეს დიდ საქმეს და კარგად აღასრულოს იგი, თუ მცირე საქმისაგან არ დაიწყო და მერმე არ გადვიდა დიდზე. უოველი საქმე, ესრედ ვსთქვად, ანბანიდგან დაიწყება: თუ ჯერ ანბანი კარგად არ დაისწავლა კაცმა, წიგნს როგორ წაიკითხავს. ავხსნათ ახლა ეს ყოველი ერთი, ანუ ორი მაგალითით: ლოცვა, ანუ გულმოდგინედ ღვთის ვედრება, არის დიდი და მაღალი მოვალეობა, ესრედ, რომელ, ვისაც არა ჰსურს, ან არ შეუძლია კარგად, გულითად ლოცვა, იგი ვგონებ, ქრისტიანეც არ არის. ხოლო ლოცვაში ჩვენ, ქრისტიანენი, ვხმარობთ პირჯვრის წერას. პირჯვრის წერა, ვსთქვათ, არ არის უმთავრესი მოვალეობა, არამედ მცირედია. შეიძლება კაცი პირჯვარს არ იწერდეს, მაგრამ გული ჰქონდეს ღვთისადმი მიქცეული მდუღარითა ლოცვითა. გარნა შეგვიძლია პირდაპირ ვსთქვათ, რომ ვინც პირჯვარს იწერს დაუდევნელად, უგემურად, დაზარებით, იგი ამით წაახდენს თვისსა ლოცვასა. დაუკვირდი, რანაირად იწერს ზოგიერთი პირჯვარს და იქითგან შეატყობ, რანაირია მისი ლოცვა; შეჰხედე, რა ურწმუნოდ აღსრულებს ზოგიერთი მცირესა ამას მოვალეობასა, ხან ნახევარ პირჯვარს გადაიწერს, ხან ერთობ მოკლეს, თითქოს სცხვენია, ანუ ეზარება, ზოგჯერ იქით-აქეთ იხედება, ლაპარაკობს და ისრე იწერს პირჯვარს. ძნელად დავიჯერებ, რომ ესრეთს პირჯვრის დამწერს კაცს გულში კი კარგი ლოცვა ჰქონდეს. ახლა სხვას, ბეჯითს ქრისტიანეს დაუკვირდი: რა კრძალვით და მოწიწებით იწერს პირჯვარს: ერთგულად შეამტკიცებს იგი სამსა თვისსა თითსა, მაღლად აღმართავს ხელსა და დაჰბეჭდავს შუბლსა, გულსა და მხართა თვისთა, სახითა ჯვარისათა. უთუოდ, რომ მას აქვს ბეჯითი ლოცვა. მეორე მაგალითად მოვიყვანოთ მარხვის შენახვა, ესე იგი საჭმლის არა თუ მხოლოდ გამოცვლა, არამედ მოკლებაცა. ვსთქვათ, რომ ესეც არ არის უმთავრესი ქრისტიანული მოვალეობა, გარნა ვინც სარწმუნო არ არის ამ მცირე მოვალეობაში, გულ-წრფელად მარხულობს, და არა ფარისევლობით, უჭირდება, გარნა ითმენს, უეჭველია, ამით იგი დაამტკიცებს სარწმუნოებასა და სასოებასა. თუ არ ჰქონდეს მას ღმერთზე სასოება, არც გაიჭირებდა საქმეს, რათ მოიკლებდა ნუგეშს? წინააღმდეგ ამისა, ვინც მარხვას არ ინახავს, არა მისთვის, რომ არ შეუძლია, ან ავად ხდება, ამ შემთხვევაში შესაწყნარებელია, არამედ მისთვის, რომ არა-რად ჰრაცხს მარხვას, ანუ მცირედ რაიმედ მიაჩნია, იტყვის: სხვაში კარგი ვიყო, თორემ მარხვა რა არისო, მეშინის მე ამისთანა კაცზე; მეშინის, რომ სხვაშიაც დაუდევნელი არ იყოს და უდიდესი მოვალეობაც არარად არ მიაჩნდეს. კიდევ ერთი უკანასკნელი მაგალითი მოვიყვანოთ. ეკლესიაში დუმილით და კრძალვით დგომა, თუმცა არ არის უმთავრესთა მოვალეობათაგანი, გარნა იგი დაამტკიცებს ღვთის შიშსა და სასოებასა; ხოლო წინააღმდეგი ამისა, ესე იგი ცუდად, უკრძალველად ეკლესიაში დგომა, დაამტკიცებს ღვთის უშიშრობას და ცუდსა ხასიათსა. ერთხელ, ერის კაცობასა შინა ჩვენსა, მოგვიხდა ჩვენ თბილის ქალაქში წირვის დროს შესვლა საყდარსა შინა სომეხთასა, და რაც ჩვენ მაშინ ვნახეთ, ის არასოდეს არ დაგვავიწყდება. ტაძრის დასავლეთის მხარისკენ, მუნ, სადაც არის ქალების ადგილი, იატაკი იყო მოფენილი ხალიჩებითა, მუთაქებითა და ბალიშებითა. Qქალები ისხდნენ ფეხ-მოკეცილნი, და ისე ხმამაღლა ლაპარაკობდნენ სუყველანი, თითქოს ბაზარში ისხდნენ სამუსაიფოდ, და არა საყდარში წირვას ისმენენო. სხვანიცა მუნ მყოფნი მამაკაცნი ხმა მაღლად ლაპარაკობდნენ. ასე იფიქრებდი, რომ შუა ბაზარში სდგეხარ, და არა საყდარში. ერთობ გასაოცარი, შესაწუხებელი იყო ამის ხილვა. მაშინ ჩვენ მადლობა შევწირეთ ღმერთს, რომ მანამდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამისი მსგავსი არაფერი არ გვინახავს. გარნა ახლა კი, სამწუხაროდ, გვეშინის ჩვენ, რომელ შემცდარი არ ვიყოთ ამაში. გავიგონეთ, ჩვენდა შესაწუხებლად, რომ თვით აქ, ამ საყდარში, აქაურნი შემომავალნი ქალნი, ცისკარზე და მწუხრზე დაჯდებიან, და მთელს ლოცვას ლაპარაკში გაატარებენ, მერმე რა დროს? თვით ამ დიდმარხვის განმავლობაში. სარწმუნო იგი მცირესა ზედა, და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს, ხოლო რომელი იგი მცირესა ზედა ცრუ არს, და მრავალსა ზედაცა ცრუ არს. თუ ამ მცირე საქმეში, ცისკრის მოსმენაში, ასე სიცრუით იქცევიან, როგორღა დავიჯეროთ, რომ სხვათა დიდთა მოვალეობათა კეთილად და ბეჯითად აღასრულებენ იგინი.

დასასრულ სიტყვისა ჩემისა მოვიყვან ერთსა სიტყვასა უფლისასა, ვითარცა უმაღლესსა უეჭველსა დამტკიცებას იმ აზრისას, რომელ უმცირესი მცნების დავიწყებაც და დარღვევაც საშინელ ზარალს აძლევს კაცსა: უკეთუ ვინმე დაჰსხნას ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთა, და ასწავოს ესრედ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ჰყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქვას სასუფეველსა ცათასა (მათ.5, 19). და კიდევ: ყოველი სიტყვა უქმად რომელსა იტყოდენ კაცნი, მისცენ სიტყვა მათთვის დღესა მას სასჯელისასა. ერთი უქმი სიტყვის თქმა რა არის, მაგრამ ამისთვის პასუხს მისცემს კაცი ღმერთს. ჩვენ კი ვინ იცის და ვინ დასთვლის, რამდენს უქმს, უსარგებლო სიტყვას ვიტყვით ყოველ საათს, არა თუ ყოველ დღეს, - რისთვის? მისთვის, რომ არაფრად მიგვაჩნია ეს ცოდვა, მცირე ცოდვითაც არ მიგვაჩნია იგი.

ამისთვის წინაპირველად ვეცადოთ, ძმანო ჩემნო, შეწევნითა ღვთისათა, მცირე საქმეთა და მოვალეობათა ჩვენთა სარწმუნოდ და კეთილად აღსრულებას და მერმედ უთუოდ დიდთაცა და მაღალთა მოვალეობათა აღვასრულებთ კეთილად. მაშინღა გვექნება სასოება, რომელ უფალი გვეტყვის ჩვენცა: კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო! რამეთუ მცირესა ზედა სარწმუნო იყავ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. ამინ.