მოძღვრებანი თქმული სოფლის ეკკლესიათა შინა

სიტყვა თქმული ქუთაისის
მთავარ-ანგელოზის ეკლესიასა შინა

ყოველსავე, რასაც იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ,
ვითარცა უფლისა და ნუ ვითარცა კაცთასა (კოლასელ. 3, 23)

წმიდა მოციქული პავლე, ეპისტოლესა შინა თვისსა კოლასელთა მიმართ, სხვათა შორის მშვენიერთა სწავლათა და დარიგებათა, ამასაც მისწერს და ასწავლის: ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა, ესე იგი ყოველი თქვენი საქმე, დიდი და მცირე რასაც კი დაიწყებთო, გულმოდგინედ და ერთგულად გააკეთეთო, როგორათაც ღვთის საქმეს აკეთებთო, და არა კაცის საქმესო.

ეს სიტყვა, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, პირველად, იპყრობს დიდსა და გამოუთქმელსა ნუგეშსა ყოვლისა კაცისათვის, და, მეორედ, დიდსა და მაღალსა მოვალეობასა დაგვიდგენს. ვაჩვენოთ, რომელსა ნუგეშსა გვაძლევს მოციქული ამ სიტყვებით და რა მოვალეობას სდებს ჩვენ თავზედ.

ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა. ამ სიტყვებიდან ის დიდი ნუგეში და სასიამოვნო აზრი გამოდის, ძმანო ჩემნო, რომ ჩვენ ყოველთა შეგვიძლია ყოველი ჩვენი საქმე და შრომა გარდავაქციოთ ღვთის მსახურებად. ამ სიყტყვებიდგან გამოდის, რომ ღმერთს არა მხოლოდ მაშინ ვემსახურებით ჩვენ, როდესაც, მაგალითებრ, ეკლესიაში ვდგევართ და ვლოცულობთ, ანუ როდესაც, გამახსოვნებულნი ღვთის მცნებისა, რომელსამე ქველს საქმეს, ანუ სათნოებას ვასრულებთ, არამედ იმითიც კი შეგვიძლია ვემსახუროთ ღმერთსა, როდესაც ჩვენ საკუთარს, სოფლიურს საქმეს ვაკეთებთ, თუ კი ის საქმე პატიოსანი არის, თუ ერთგულად და ღვთის წინაშე ვაკეთებთ იმას. რაღა უნდა იყოს ამაზედ უმეტესად სასიამოვნო და მანუგეშებელი ჩვენთვის! ღმერთს რომ შენთვის პირობა გამოუცხადებია: თუ გსურს საუკუნო ცხოვრება მიიღო. დასტოვე სოფელი და ყოველი მისი საქმე, განეშორე კაცთაგან, გაიქეც უდაბნო ადგილს, და მუნ ლოცვისა და ღვთის ვედრების მეტი არაფერი აღარა ქნაო, თუმცა ძლიერ მძიმე იქნებოდა ეს პირობა, მაგრამ მეტი გზა რაღა გექნებოდა, ერთი წუთის სოფელში ცხოვრებისათვის საუკუნო ნეტარებას ვერ დაჰკარგავდი, და უთუოდ მიაგდებდი ყოველსავე სოფლიურს საქმეს, და წახვიდოდი უდაბნო ადგილს სულის ცხონებისათვის, მაგრამ ღმერთი ამას არ მოითხოვს შენგან; შეგიძლია დარჩე სოფელში, შეგიძლია ყოველი შენი საქმე აკეთო, და მაშინაც სათნო ეყო ღმერთსა და მოიპოვო საუკუნო ცხოვრება, თუ კი გულითად აკეთებ საქმეს, ვითარცა უფლისასა და არა კაცთასა.

მაგრამ კიდევ უმახლობელესად მიაქციე ყურადღება ამ სიტყვებზედ. იტყვის მოციქული: ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, - ესე იგი არ არჩევს აქ დიდსა და მცირესა საქმესა, ოღონდ კი საქმე პატიოსანი და სასარგებლო იყოს, - და რაც გინდა მცირე იყოს იგი, თუ გულმოდგინედ აღასრულე, ამით ღმერთს ემსახურები. მაშასადამე, არა თუ მხოლოდ იმათ უნდა ინუგეშონ ამ სიტყვითა, რომელთა აბარია დიდ-დიდი სახელმწიფო საქმეები, არამედ თვით უკანასკნელი დღიური მუშა კაცი, თუ გულ-მოდგინედ და სინიდისიანად მუშაობს, მასაც უნდა უხაროდეს, ვინაიდგან იგიცა ღმერთს ემსახურება, კიდევ ვიტყვი: რაღა უნდა იყოს ამაზედ უტკბილესი ნუგეში ყოველთა კაცთათვის!

გარნა, თუმცა, ერთის მხრით, დიდს ნუგეშს იპყრობს თვის შორის ზემომოყვანილი დარიგება მოციქულისა, მეორეს მხრით, დიდსა მოვალეობასაცა სდებს ჩვენზედა. მართლა, მოციქული გვაუწყებს ჩვენ, რათა ყოველსა საქმესა, დიდსა და მცირესა, ისე ვასრულებდეთ, ვითარცა ღვთის საქმესა. აბა, რა სახით, რა კრძალვით, რა შიშით და სინდისით უნდა აღსრულებდეს კაცი ყოველს საქმეს! ამაზედ სიტყვის გაგრძელება საჭირო არ არის.

აქ მხოლოდ ის უნდა გახსოვდეს, ძმაო, რომ ყოველი საქმე, თვით უკანასკნელი, ისე უნდა აღასრულო, ვითარცა ღვთის საქმე. გარნა, საუბედუროდ, უმრავლესნი კაცთა შორის, არა თუ მცირედთა რომელთამე საქმეთა არ აღასრულებენ გულმოდგინედ და ბეჯითად, ისე ვითარცა ღვთის საქმეს, არამედ თვით დიდთა და საქვეყნო საქმეთაცა. იქნება ათასში ერთმან, და ისიც რომელსა ერთობ დიდი რაიმე საქმე აბარია, გაიხსოვნოს, რომ იგი არა კაცს ემსახურება, არამედ ღმერთსა, და ეცადოს ღვთის წინაშე კეთილად აღასრულება საქმისა თვისისა, სხვანი კი, უმრავლესი ნაწილი, დაუდევნელად და უერთგულოდ აღასრულებენ ყოველსა თვისსა საქმესა. მეტადრე, თუ ვინმე გულ-დიდია და იფიქრა, რომ მისი საქმე არის ერთი მცირე და წვრილი, მაშინ იგი აღსრულებს მას დაუდევნელად და უგულისხმოდ, თავის გულში ჰფიქრობს: რა დიდი საქმეა ეს ჩემი საქმე, რომ თავი მოიკლა ამაზედაო, მაგრამ ეს აზრი უგუნური არის! რაც გინდა წვრილი იყოს შენი საქმე, ძმაო, გულმოდგინედ აღასრულე, ვითარცა უფლისა, და არა კაცთა. შენ გგონია დიდი ზარალი, მით, რომ შენ მისჩვეულხარ დაუდევნლობას და უხალისობას. თუ ერთი სიტყვაც, ცრუ და ბრუნდე, შენი პირისაგან გამოსული, ცოდვა არის, ვითარცა გვამცნობს საღმთო წერილი, საქმე რომელიმე, ბრუნდედ და ცუდად გაკეთებული, რაც გინდა მცირე იყოს, უმეტესი ცოდვა იქმნება. მაშასადამე, ეცადე, ძმაო, რაც გინდა მცირე იყოს შენი საქმე, რომელსაც აკეთებ, რაც გინდა დაბალი იყოს შენი ხელობა, ისე აღასრულე იგი, როგორც ღვთის საქმე. და თუ ყოველი, თვით მცირე საქმე და მოვალეობა, გულმოდგინედ და ღვთის წინაშე უნდა აღასრულოს კაცმა, უეჭველია, ვინც დიდ საქმეს და მოვალეობას დაუდევნელად აღასრულებს, იგი უმეტესსა შინა შთავარდება განკითხვასა ღვთისაგან.

თუმცა, რაც აქამომდე ვსთქვით, ყოველმა ქრისტიანე კაცმა უნდა მიიღოს ყურადღებით, გარნა მომეტებულად მან, რომელიც არის სახელმწიფო სამსახურში. ააუბედუროდ, მრავალნი სახელმწიფო მოსამსახურენი; ჩინოვნიკი, აგრეთვე, სამწუხაროდ, ეკლესიის მსახურნიცა, თუ კი დიდი ადგილი არ მიიღეს და მცირე ალაგზე დარჩნენ, ხშირად დაუდევნელად აღასრულებენ თვის მოვალეობას, გულ-გრილად ეკიდებიან საქმეს, მისთვის, რომ თავმომწონნი არიან. დიდად მიაჩნიათ თვისი თავი და ჰფიქრობენ, რომ იგინი უმაღლეს ადგილზე უფრო სასარგებლო იქმნებიან. გარნა ეს დიდი შეცდომა არის. თუ დაბალ ადგილზედ არ ივარგა, თუ მცირე საქმე კარგად არ აღასრულა კაცმა, ან მთავრობა როგორ იფიქრებს, რომ უდიდეს ალაგზე უმჯობესი იქმნება? ის ივიწყებს სიტყვასა სახარებისას: ურწმუნო იგი მცირესა ზედა, მრავალზედაც ურწმუნოა. მას არ ახსოვს კიდევ მეორე სიტყვა სახარებისა: კეთილ მონაო და სარწმუნოო, მცირესა ზედა სარწმუნო იყავ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ, ამინ.