მოძღვრებანი თქმული სოფლის ეკკლესიათა შინა

სიტყვა ფერის-ცვალებასა ზედა

გლოცავ თქვენ, ძმაო, ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას,
არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისაითა,
რაითა გამოიცადოთ თქვენ, რაი იგი არს ნებაი ღმრთისაი,
კეთილი, სათნო და სრული (რომაელთა 12, 2).

დღეს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ვდღესასწაულობთ ფერისცვალებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. რისთვის იცვალა იესო ქრისტემ ფერი? რისთვის გამოიჩინა მან დღეს თვისი ღვთაებრივი დიდება წინაშე მოწაფეთა? მისთვის, რათა გვაჩვენოს ჩვენ ის დიდება, ის სახე და მდგომარეობა, რომელიც მიეცემა ყოველსა ღირსსა კაცსა მერმესა საუკუნესა შინა. სასუფეველსა შინა ცათასა ყოველნი ცხონებულნი კაცნი ფერსა იცვლიან, ანუ გაბრწყინდებიან, საზომისაებრ მათისა ღირსებისა, ვითარცა იესო ქრისტე მთასა ზედა თაბორისასა, გარნა ეს დიდება და ბედნიერება ვის მიეცემა, და რა პირობით მიეცემა? მიეცემათ მათ, რომელნი აქვე, ამ ცხოვრებაში სცდილობენ გამოიცვალონ ფერი და სახე ცხოვრებისა. მომავალი საუკუნოის ცხოვრება, ანუ ბრწყინვალება, იმ პირობით მიეცემა კაცს, თუ აქვე, ამ საუკუნეშივე გამოიცვლის სოფლის ფერსა და მიიღებს სულიერსა ზეციერსა, წმინდასა სახესა. ამისთვისაც გვლოცავს ჩვენ ზემო-მოყვანილთა სიტყვათა შინა წმიდა მოციქული პავლე: ნუ თანახატ-ექმნებით სოფელსა ამას, ესე იგი სოფლიურს ხატს და ფერს ნუ მიიღებთო, არამედ შეიცვალენით ანუ ფერი იფვალეთო, განახლებითა მათ გონებითა თქვენისათა, რათა გამოიცადოთ, რა იგი არს ნება ღმრთისა, კეთილი, სათნო და სრული.

ერთი ცუდი და თითქმის სულიერად დამღუპველი თვისება აქვს ყოველსა კაცსა - ის, რომ ყოველი კაცი ბაძავს სხვათა კაცთა, სცდილობს ისე იცხოვროს, როგორც სხვანი ყოველნი სცხოვრებენ, სოფლის ჩვეულებას დაემორჩილება. სოფლის ჩვეულება ეს არისო, იტყვის კაცი, ქვეყანა ასე სცხოვრობს, და მეც ასე უნდა ვიცხოვროო. ჩვენ ვთქვით, რომ ეს თვისება დამღუპველია; ეს მისთვის, რომ ზნეობა, ჩვეულება, ცხოვრება ქვეყანისა, ანუ საზოგადოებისა, უმრავლეს ნაწილად ყოველთვინ არის ცუდი, ქრისტეს სჯულის წინააღმდეგი. დასამტკიცებლად ამისა საღმრთო წერილიდგან გვესმის მრავალ-გზის, რომ სოფელი ცოდვასა შინა სძევს. „მეძავნო და მემრუშენო! არა უწყითა, რამეთუ სიყვარული სოფლისა ამის მტერობა არს ღმრთის? აწ უკვე რომელსა უნებს მეგობარ-ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების“, - იტყვის წმიდა მოციქული იაკობ (იაკ. 4,4).„ნუ გიყვარს სოფელი ესე, ნურცა - რა არს სოფელსა ამას შინა; რომელსა უყვარდეს სოფელი ესე, არ არს სიყვარული მამისა მისთანა, რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა, ესე არს გულის-თქმა ხორცთა, და გულისთქმა თვალთა, და სილაღე ამის სოფლისა“, - იტყვის იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი.

იქნება შენ, ძმაო, კიდეც გაგიკვირდეს და გეწყინოს ეს სიტყვა, რომ სოფელი ცოდვასა შინა სძევს და წინააღმდეგია ქრისტეს სჯულისა, და იქნება გეგონოს, რომეს მართალი არ არის, მაგრამ მიიხედ-მოიხედე გარემოსა შენსა: რას ჰხედავ? ახლა ხომ მარხვა არის. ამ მარხვას, უწინ ღვთის მოსავნი ქრისტიანენი მძიმედ ინახავდენ. ახლა კი, ამ ჩვენს ქალაქში რომ მოიკითხო და დაუკვირდე, შეიტყობ, რომ ათი კაცისაგან ერთიც არ მარხულობს. მეორე მაგალითს მოგიყვან: მითხარი, ძმაო, ქრისტიანე კაცი, თუ მართლა ღვთის მოსავი არის, რა საგანზედ უნდა ჰფიქრობდეს ხშირად და რას განიზრახვიდეს? ანუ რა საგანზე უნდა ჰქონდეს ბაასი მოყვასთან მომეტებულად? რასაკვირველია, სულიერსა საგანსა ზედა, სულის ცხონებაზედ. ჭეშმარიტი ქრისტიანე, ღვთის მოსავი კაცი, ყოველთვინ უნდა გამოიცდიდეს, ვითარცა გვლოცავს წმიდა მოციქული პავლე, რა იგი არს ნება ღვთისა კეთილი, სათნო და სრული, ყოველის ნაბიჯის გადადგმაზედ, ყოველი საქმის დაწყებაზედ, დიდი იყოს, გინა მცირე, უწინარეს ყოვლისა, ის უნდა გამოიკვლიოს, კეთილი არის ის საქმე და სათნო ღვთისა, თუ არა, არის თუ არა ღვთის ნება და კურთხევა იმ საქმეზედ? გარნა ვის ჰნახავ ახლა სოფელში, რომ ესრედ იქცეოდეს და ამას ჰზრახვიდეს? ახლა ყოველი კაცი მარტო იმას ჰფიქრობს - მოვიგებ, თუ წავაგებ ამ საქმეშიო? თუ რომელიმე საქმე მას მოგებას აღუთქვამს, მეტს არაფერს იკითხავს, და შეუდგება იმ საქმეს, თუ გინდ ცუდი იყოს და ღვთის წინააღმდეგი - არ ეძიებს. ასეა სოფელი, მისი ჩვეულება და ზნეობა, ამისათვის, თუ ღვთის მოსავი ხარ, ძმაო ჩემო, ნუ თანა-ხატ ექმნები სოფელსა ამას, სოფლის ფერი შეიცვალე, სოფლის ჩვეულებას ნუ უყურებ, მტკიცედ გახსოვდეს და იცოდე, რომ თუ შენ ხარ ერთი სოფლის კაცი, არა უმჯობესი ათასთა და ბევრეულთა სოფლის კაცთა ვერ სცხონდები. არ დაივიწყო, რომ ცხონება კაცთა იქნება გამორჩევით. მრავალნი არიან წოდებულ, გარნა მცირედი რჩეულ. დიდი და ფართო გზა არის სოფლის გზა, გარნა იგი მიიყვანს ჯოჯოხეთად; ცხონებულნი ვიწრო და მძიმე გზით დადიან.

მაგრამ სხვებს ნუ განიკითხავთ, თითოეულმა თავის თავი განიკითხოს, თვისი საკუთარი გული გამოიკვლიოს. აბა გაიხსოვნე, ძმაო, პირმოუთნელად, რაზედ არის შენი დილიდგან საღამომდინ ზრუნვა და ფიქრი? რისთვის ჰხმარობ შენსა ღონესა, სულიერსა და ხორციელსა, ვის შესწირავ უმჯობესთა შენთა ნიჭთა და გრძნობათა. საუბედუროდ, დილიდგან საღამომდინ და თითქმის ძილშიაც, ეს სოფელი და მისი ამაოება გახსოვს და ღმერთი და მისი დიდება არ გახსენდება ერთხელაც; ყოველი შენი ღონე და ფიქრი დამოკიდებულია სოფლის სიყვარულსა და მსახურებასა ზედა. ანუ, კიდევ, გაიხსოვნე, უთუოდ შენ, ვითარცა კაცსა, არა ერთგზის გეწვია მწუხარება, იქნება არა ერთხელ გიტირია კიდეც: მითხარი, შენი მწუხარება რისგან იყო და ვისთვის, სოფლისაგან და სოფლისათვის, თუ ღვთისათვის? რამ გატირა შენ, სოფლის ამაოებამ, თუ ღვთის მადლმან? სოფლისათვის სტიროდი, თუ ღვთის წინაშე? მეორეს მხრით, უთუოდ არა ერთხელ მოჰსულხარ აღტაცებაში სიხარულისაგან, გარნა რამ გაგახარა შენ? სიხარული შენი სულიერი იყო, ან იქნება ღვინისაგან, ანუ სხვა უარესი მიზეზებისაგან? ნეტავი მესამედი იმ მხურვალებისა და ერთგულებისა, რომელსა შენ სწირავ სოფელსა, ან პირდაპირ ცოდვასა, გეხმარებია ღვთისათვის და შენი სულისათვის.

ერთი სიტყვით, მთელი ჩვენი ცხოვრება გვაქვს შეწირული სოფლისათვის, ამაოებისათვის; ჩვენ ყოველთა გვაქვს სოფლიური ფერი და ზნე, მაშასადამე, თუ არ შევიცვალეთ ჩვენი სულიერი ფერი, თუ აქვე, ამ ქვეყანაშივე არ გამოვიცვალეთ ზნე, ხასიათი, ყოფაქცევა, ვერ მივიღებთ სულიერსა ფერსა და ნათელსა იმ ქვეყნისასა.

გარნა ამას ყოველსა, რაც აქამომდე ვსთქვი, ესე იგი სოფლიური ფერის შეცვლას და ზეციური ფერის მიღებას, უნდა წინა-უვიდოდეს განახლება გონებისა. შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისათა. გონება, აზრი ჰმართავს კაცის ზნეს, ცხოვრებას. თუ გონება აქვს კაცს დაბნელებული, გაუნათლებელი ქრისტეს სახარებითა, მისი სჯულითა, თუ გონებასა კაცისასა აქვს წარმართული, კერპთ-მსახურებრივი მიმართულება, მაშინ ყოველი მისი საქმე და ცხოვრება მიიღებს სოფლიურს, ბნელს ფერს; ამისთვის უმეტესად საჭირო არს ჩვენთვის, რომ გონებასა ჩვენსა და ჭკუასა ყოველთვინ განვაახლებდეთ, განვაცოცხლებდეთ საღმრთო წერილის კითხვითა და საღმრთო საგნებზე ზრახვითა და შესწავლითა. ამინ.