წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა პეტრე-პავლობის დღესასწაულსა

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო.

დღეს ჩვენ ვართ მედღესასწაულენი ხსენებასა წმიდათა მოციქულთა მთავართა - პეტრესი და პავლესი. დღეს ჩვენ დაგვიტევებია ყოველნი ჩვენნი ნიადაგნი საქმენი და შრომანი, და, შეკრებულნი ეკკლესიასა შინა, შევამკობთ ქებითა და გალობითა, ვნატრით და ვადიდებთ წმიდათა ამათ მოციქულთა, უთუოდ მისთვის, რომ გვაქვს სასოება მათ ზედა და მოველით მათგან სულიერსა შემწეობასა და მადლსა. ახლა შევავსოთ აწინდელი ჩვენი მოღვაწეობა და ლოცვა მით, რომ გამოვიყვანოთ მათისა ცხოვრებისაგან რომელიმე სწავლა და დარიგება ჩვენთვის. ვგონებ, რომ ეს უმეტესად სასიამოვნო იქმნება ღმერთ-შემოსილთა ამათ მოციქულთათვის, რათგანაც მათსა ქვეყანასა ამას ზედა შრომასა და მოღვაწებასა სხვა საგანი არა ჰქონდა, მხოლოდ ჩვენი სწავლა და განათლება. აღსასრულებელად ჩვენისა ამა განზრახვისა გავიხსოვნოთ, რა სახით აღსწერა თვით მოციქულმა პავლემ დღეს წარკითხულსა სამოციქულოსა შინა თვისი შრომა და მოღვაწება.

უნებლიედ განკვირდება გონება კაცისა, ძმანო ქრისტიანენო, როდესაც გაიხსოვნებს, რა სახით სცხოვრებდენ და იღვწოდენ წმიდანი ესე მოციქულნი ქვეყანასა ზედა! წმიდა მოციქული პავლე, იტყვის, რომ იგი ატარებს ცხოვრებასა თვისსა შრომითა, ტანჯვითა, პყრობოლებათა და სიკვდილთა შინა; რომელ ურიათაგან მან ხუთ-ჯერ მიიღო სასტიკი ცემა, სამ-გზის კვერთხით იყო ცემული, ერთ-გზის ქვითა განტვინებული, სამ-გზის ნავი წაექცა, დღე და ღამე იყო უფსკრულსა შინა; გარდა ამისა სვლანი მრავლნი გზასა შინა, ჭირნი მდინარეთაგან, ჭირნი ავაზაკთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა და უდაბნოთა შინა, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი ძმათა მტყუანთაგან, შრომითა და რუდუნებითა, მღვიძარებითა, შიმშილითა და წყურვილითა, მრავალ-გზის ყინულითა და შიშველობითა... გარნა ნუღარ გავაგრძელებთ სიტყვასა. ვინ აღწერს საკმაოდ ყოველთა მისთა ჭირთა და მოთმინებათა. აქ შენ, ძმაო, მხოლოდ ის წარმოიდგინე, რომელ ესრეთთა აურაცხელთა ჭირთა და განსაცდე3ლთა შორის წმიდანი მოციქულნი არა თუ იყვნენ დაღონებულნი და სულ-მოკლენი, არამედ მხნენი, მხიარულნი, კმაყოფილნი. ვინ უძლურ-არს? და მე არა უძლურ ვიყვი. ჰღაღადებს წმიდა მოციქული პავლე. ვინ დაბრკოლდების და მე არა ვხურდები (ბ. კორ, ლ.). საითგან იყო, ძმანო, ესრეთი მხნეობა წმიდათა ამათ მოღვაწეთა? რომელი საიდუმლო ძალი მოქმედობდა მათ გულში?მოქმედობდა მათ გულში ამ სახით, რომ თვით ის აღუწერელი ჭირი და იწროება, რომელსა ითმენდენ იგინი, იყო მათთვის წყარო ნუგეშინისცემისა და კმაყოფილებისა. შენ მეტყვი: იგინი იყვნენ აღვსებულნი სულიწმიდის მადლითა და ძალითა, გარნა სადაცა ჰსუფევს სულიწმიდა, იქ კაცი ყოველს ჭირს ადვილად მოითმენს. მართალია, ძმანო ჩემნო, რომ მათ შორის მოქმედობდა სულიწმიდის ძალი; გარნა რა სახით მოჰქმედობს სულიწმიდა კაცის გულში? იმ სახით, რომელი იგი განაღვიძებს და გააცოცხლებს ბუნებითთა ძალთა და თვისებათა კაცისათა და არა მოსპობს, ანუ გააქრობს მათ; მაშასადამე ამ შემთხვევაში ჩვენც თანასწორნი ვართ წმიდათა მოციქულთა, ვინაითგან სულიწმიდის შემწეობა აღთქმული გვაქვს ჩვენცა ყოველთა; მაშასადამე, მაინც უნდა გამოვიკვლიოთ, რომელი ბუნებითი ძალი და თვისება იყო მოციქულთა შორის მათი გამაცოცხლებელი და განმაძლიერებელი? ის, ძმაო ჩემო, რომ მათ ჰქონდათ გულში დიდი სიყვარული მოყვასთა თვისდამი და სურვილი, რომ რაიმე კეთილი საქმე გამოეჩინათ ქვეყანასა ზედა. იგინი ჰცდილობდენ, რომელ უსარგებლო არ განვლოს ცხოვრებამან მათმან ქვეყანასა ზედა, არამედ აღესრულებინათ მოვალეობა თვისი და მით იყვნენ მხნენი, ძლიერნი. თვით იგი მათი შრომა და მოღვაწება, თვით მათი მოთმინება, ტანჯვა, ჭირი აძლევდა მათ დიდსა სულსა და მხნეობასა, ვინაიდგან იგინი ჰხედვიდენ, რომ მათი შრომა და განსაცდელი არის თესლი, რომელი გამოიღებს მომავალსა დროებასა შინა კაცთა შორის დაუფასებელსა ნაყოფსა. აჰა, ძმანო, საითგან უნდა გამოიყვანო შენ სწავლა და დარიგება შენთვის.

ესრეთი იყო შრომა და ცხოვრება წმიდათა მოციქულთა! გარნა შენი ცხოვრება კი ხშირად იკარგება უსარგებლოდ და ამაოდ. განა შენც კი არ შეგიძლია შენს ადგილზედ და იმ ზომად, რა ზომადმდე მოგცა ღმერთმან ნიჭი და ძალი, გამოიღო ნაყოფი, აღასრულო რაიმე კეთილი და საქები საქმე უყო მოყვასსა შენსა? გარნა, საუბედუროდ, შენ კი სიკეთისა და მადლიანისა საქმისათვის არა გვაქვს მოთმინება და ძალი, განა ცოდვასა და ბოროტებასა შინა ხშირად გამოაჩენ დიდსა ნიჭსა და მოხერხებასა. რაოდენ-გზის კაცი, შემხედველი შენისა ცხოვრებისა, იფიქრებს: ღმერთო! ეს კაცი რომ ასე არის მარჯვე და მოხერხებული ამაოთა, უქმთა და ცუდთა საქმეთა შინა, რაოდენსა კეთილსა ნაყოფსა და სარგებლობასა გამოიღებდა იგი ცხოვრებასა შინა თვისსა, რომ თვისი ნიჭი და ძალი მოეხმარა კეთილისა და სასარგებლოისა საქმისათვის! როგორ ჭკვიანად და მოხერხებულად ლაპარაკობ, როდესაც გინდა მოტყუება ვისმე; რა დაუღალავი ხარ, როდესაც ეძებ დაკმაყოფილებასა რომელსამე შენისა ბოროტისა სურვილისა! ერთი სიტყვით, შენ გაღვიძებს და გამხნევებს მხოლოდ ცოდვა, შენი ღონე და სულიერი ნიჭი მოუნდა მხოლოდ ამაოებასა და ცოდვასა. მაშასადამე, თუ გსურს, ძმაო, რომელ შენც კეთილი რაიმე ნაყოფი გამოიღო შეძლებისამებრ შენისა და მით აღასრულო შენი დანიშნულება კეთილისა და მართლისა საქმისათვის, იხმარე ყოველი, რაც მოგვცა ღმერთმან ღონე და ნიჭი, იქმნება შენ ეგეოდენი ნიჭი და ღონე არა გვაქვს, ვითარცა წმიდათა მოციქულთა პეტრესა და პავლეს. გარნა რაც გაქვს, ის მოიხმარე კეთილად; ესეც საკმაო იქმნება შენთვის, ესეც გაგამართლებს წინაშე ღვთისა და კაცთა. ამინ.