სიტყვა პირუტყვების შებრალებისათვის თქმული სობოროში

მართალნი სწყალობენ სულსა ცხოვართა თვისთასა,
ხოლო ნაწლევი არა წმიდათა უწყალო (იგავ. სოლ. იბ, ი).

სოლომონ ბრძენი, მეფე ურიათა, წიგნსა შინა თვისსა იგავთასა, სხვათა მშვენიერთა დარიგებათა შორის, სწერს ამ დარიგებასაც: მართალნი სწყალობენ სულსა ცხოვართასა, ხოლო ნაწლევი არა წმიდათა უწყალო; ესე იგი, კაცი მართალი და კეთილი სწყალობს ცხოვართა, ანუ საქონელსა: მას ებრალება იგინი; ხოლო კაცი უკეთური და ბოროტი არის უწყალო პირუტყვთან, ანუ შინაურს საქონელთან!

ძმანო ჩემნო ქრისტიანენო! დღეს მე მსურს მოგელაპარაკო ამ საგანზე; მსურს აღგიხსნა იმ ზნეობის სწავლა, რომელსაც გვაძლევს ჩვენ სოლომონ ბრძენი ამ სიტყვებში, რომელიც ახლა მოვიყვანეთ; ესე იგი, როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი საქონელთან და როგორ უნდა უვლიდეს მას. თუ ვინმე იფიქრა: ეს საგანი არის მცირე და არა შესაფერი ამ წმიდა ადგილსა, მას მე ვუპასუხებ: თუ მცირე იყოს იგი და შეუსაბამო, დიდი ბრძენი და წარჩინებული მეფე სოლომონ არ აჰხსენებდა მას წიგნსა შინა თვისსა. ვინც ფიქრობს, რომ ამ საგანზე არა ღირს უბნობა ეკკლესიასა შინა, მას უთუოდ არ უნახავს, რა უწყალოდ ეპყრობიან ჩვენში პირუტყვთა; მას არ უფიქრია, რომ დიდი ვნება გამოდის აქითგან და რა წინააღმდეგია კეთილისა და ქრისტიანულისა ზნეობისა უწყალო მოქცევა საქონელთან.

მართლა, ჩვენს ქვეყანაში დაბალი ხალხი ერთობ უწყალოდ და უგვანოდ ეპყრობა საქონელსა. ვისაც ყურადღება მიუქცევია ამ საგანზედ, იცის, რა გამხდარი, უღონო, გაფუჭებული, დაცემული არის ჩვენს ქვეყანაში შინაური პირუტყვი; ეს მისთვის, რომელ ჩვენს ქვეყანაში ყოველგან საქონელს ინახავენ ცუდად, საჭმელს არ აძლევენ საკმაოდ, ეპყრობიან უწყალოდ და სასჯელსა და შრომასა უზომოდ მიაყენებენ. ზამთარში დამშეული და გამხდარი პირუტყვი გაზაფხულზე ისრედ არის შეწუხებული, რომ ძლივს დადის; გარნა მაშინვე შეაბმენ უღელში და, თუ კარგად არ იმუშავა, უწყალოდ სცემენ. ხშირად ნახავ ქალაქში და სოფელში, როდესაც უღონო და უჭმელი ხარი ვერ ზიდავს ურემსა, მაშინ მისი პატრონი, თითქოს გაცოფებული, უწყალოდ სცემს და კლავს მას. მერმე დაუკვირდი და შეჰხედე მის უგუნურებას! იგი უბედურ პირუტყვს სცემს თავში და თვალებში და ხშირად თვალებს და სხვა ასოებს უხდენს. და როგორ ეპყრობიან აქაურნი მხედარნი თვისთა ცხენთა, ამას კაცის ენა ვერ გამოსთქვამს! ზოგიერთი უგუნური აქაური მხედარი ერთს შეჯდომაზე ისე გააფუჭებს კარგს ცხენს, რომ ერთს წელიწადს აღარ გამოადგება, თუ სრულიად არ მოკვდება. რომელსაც გონიერი და ჭკვიანი კაცი ათსა და ოცს წელიწადს კარგად იხმარს და ისარგებლებს, იმას ჩვენებური კაცი ერთს წელიწადს გაათავებს. ერთხელ ერთმა გადარეულმა აზნაურ-შვილმა, როდესაც მისმა უჭმელმა და გატანჯულმა ცხენმა ვეღარ შეძლო კარგად გაჭენება აღმართზე, ჩამოხტა, სატევარი ჰკრა მას მუცელში და მოჰკლა. აჰა, რა გონიერი ჩვეულება გვაქვს ჩვენ! ახლაც იტყვი, რომ საჭირო არ იყოს ამა საგანზედ მოძღვარმან მოგვცეს დარიგება?

მართალნი სწალობენ ცხოვართა თვისთასა, ხოლო ნაწლევი არა წმიდათა უწყალო. ამ სიტყვებითგან ისწავლე, ძმაო ჩემო, რომ უწყალოდ მოქცევა პირუტყვთან არის ცოდვა. შენ იქმნება გაგაკვირვოს ამ სიტყვამ; შენ უთუოდ ისე იფიქრებდი, რომ როგორც გინდა მოიქცე პირუტყვთან, ცოდვა არ არის, გარნა დაგაჯეროს სიტყვამან სოლომონისმან, რომელ უწყალოს მოქცევა პირუტყვთან ბოროტი კაცის თვისება და საქმე არის. მართლა, როდესაც შენ სცემ, აწვალებ, სტანჯავ პირუტყვსა, ამით ცხადად გამოაჩენ, რომ შენ გაქვს ცუდი ხასიათი, ბოროტი, ფიცხელი და უწყალო გული; თუ ბოროტი კაცი არ იყო, პირუტყვიც შეგეცოდებოდა; იფქრებდი, რომ ცემა, უჭმელობა, ცუდად მოვლა საქონელსაც ისე სტანჯავს, როგორც კაცსა. თუ გინდა, რომ პირუტყვმა კარგად იმუშავოს და ცემა აღარ დასჭირდეს, კარგად შეინახე და მოუარე.

მართალნი სწალობენ სულსა ცხოვართა მათთასა, ხოლო ნაწლევი არა წმიდათა უწყალო. კეთილი და მოწყალე ადამიანი არა თუ მხოლოდ კაცს უნდა სწყალობდეს, არამედ პირუტყვსაც: საქონელი და პირუტყვი არის გატანჯული და წამხდარი მხოლოდ იმ ქვეყნებში და იმ ხალხში, სადაც არ არის კეთილი ზნეობა, სწავლა. გაგვიგონია მოგზაურთან, რომელთა უნახავთ განათლებული ევროპიის ქვეყნები, რომელ მუნ მარტო შინაური პირუტყვის შეხედვა აჩვენებს კეთილ-ზნეობასა და განათლებასა ადგილის მცხოვრებთა, ვინაითგან მუნ ყოველი საქონელი არის საკვირველად მოშენებული და გაკეთებული.

მაშასადამე, რანაირად უნდა ვეპყრობოდეთ ჩვენ პირუტყვთა? ისე, როგორც გვასწავლის ჩვენ სოლომონ ბრძენი. იგინი უნდა გვებრალებოდეს ჩვენ, კარგად უნდა ვუვლიდეთ და კარგად ვინახავდეთ. ღმერთმან პირუტყვნი დაგვიმორჩილნა ჩვენ და მოგვცა ჩვენ მოსამსახურედ, ვითარცა იტყვის საღმრთო წერილი: მთავრობდეთ თევზთა ზღვათასა და ფრინველთა ცისათა და ყოველთა პირუტყვთა. გარნა ღმერთს ნება არ მიუცია ჩვენთვის,, რომ ვტანჯოთ პირუტყვი. შენდა შეგიძლია მოიხმარო პირუტყვი სასარგებლოდ, გარნა, როდესაც სტანჯავ, ამით სცოდავ ღვთის წინაშე. შემცდარი ხარ, თუ ფიქრობ, რომ ღმერთს მხოლოდ კაცი უყვარს და სხვათა ქმნილებათა თვისთა კი არ მიხედავს. ღმერთი არის მამა საზოგადოდ ყოველთა ხილულთა მისთა ქმნილებათა; კაცს ღმერთი უყვარს უმეტესად ყოველთა; კაცის ნათესავის გამოხსნისათვის და განათლებისათვის ღმერთმან მხოლოდ-შობილი თვისი ძე მოავლინა ქვეყანად; გარნა ღმერთს მაინც არ იამება, რომ უფროსმან და უმჯობესმან მისმან ქმნილებამან, ესე იგი, კაცმან, სტანჯოს და ასწავლოს უმცროსნი მისნი ქმნილებანი - პირუტყვნი. შენ სახლში და ოჯახში უფროსმან შენმან შვილმან რომ სტანჯოს და აწვალოს უმცროსი შენი შვილი, უთუოდ გეწყინება და დაუშლი: მზგავსად ამისა, ღმერთსაც ეწყინება და გიშლის ტანჯვას უმცროსთა თვისთა ქმნილებათა.

ბოლოს, თუ სხვა მიზეზი არ შეგაგონებს და არ გასწავლის პირუტყვის მოწყალებასა, შენმა საკუთარმა სარგებლობამ უნდა გასწავლოს მათი შებრალება. რა სახით? მით რომელ, თუ საქონელს ყოველთვის უჯავრდები, სცემ, სტანჯავ, ამით ბოლოს თვით შენ გაგიფუჭდება ხასიათი და ზნე, მიეჩვევი ცოტ-ცოტად გულ-ფიცხელობას, მოუთმენლობას, უსამართოებას, ასე რომ ბოლოს პირუტყვისაგან ადამიანზედ გადიტან შენს გულ-ფიცხელობას და გახდები ერთი ცუდი, გაუტანელი კაცი. ეს აზრი ჩვენგნით არ არის მოგონებული. ამას ამტკიცებს გამოცდილება. მრავალ-გზის მომხდარა ისეთი მაგალითი, რომ კაცმა სიყმაწვილითგან გაიფუჭა და წაიხდინა ზნე - მით, რომელ უყვარდა ტანჯვა პირველად მფრინველების ბარტყებისა, მერმე წვრილის შინაურის პირუტყვებისა და ბოლოს იწყო ტანჯვა და გვემა კაცებისა, შთავარადა კაცის მკვლელობასა და დიდსა სასჯელსა შინა. მეორედ, როდესაც შენ საქონელი გებრალება და კარგად უვლი მას, მაშინ იგი დიდს ხანს სძლებს, ვერც კარგა მუშაობს. მაშასადამე, თვით შენ სარგებლობა გაკლდება; შენ თვითონვე სჯი შენს თავსა. ამინ.