წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა თქმული ქუთაისის
საკათედრო სობოროსა შინა, 1868 წელსა

და ვითარცა განძღეს, ჰრქვა მოწაფეთა თვისთა: შეჰკრიბეთ ნეშტი
ეგე ნამუსრევი, რათა ნუმცა რა წარსწყმდების (იოან. 6, 12).

ვიცით ჩვენ სახარებიდგან, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, რომ უფალსა იესო ქრისტეს ყოველთვის ურიცხვი ერი მისდევდა და ეხვეოდა, სმენად მისთა სიტყვათა და სწავლათა. არა ერთ გზის იგი, დამაშვრალი, ფარულად განეშორებოდა უდაბნო ადგილს მოსასვენებლად, მაგრამ იქაც უმრავლესი ერი შეიკრიბებოდა და ეხვეოდა მას. ერთხელ, როდესაც ამ სახით უდაბნო ადგილში მთელი დღე მრავალი ერი ისმენდა სიტყვასა მისსა. მაცხოვარსა შეეწყალა იგინი, რადგანაც იყვნენ უჭმელნი და ჰკითხა მოწაფეთა თვისთა, აქვსთა მათ რაიმე საზრდო; მოწაფეთა მიართვეს მას ხუთი პური და რაოდენიმე მცირე თევზი. მაშინ მაცხოვარმან უბრძანა, რათა დააჯდინონ ყოველნი მუნ მყოფნი ერნი, აკურთხა ხუთი იგი პური და თევზი, და მით განაძღო ხუთი ათასი სული და როდესაც განძღნენ ყოველნი, მაშინ უბრძანა მოწაფეთა თვისთა, რათა მათ შეჰკრიბონ ნამუსრევი პურთაგან, რომ უსარგებლოდ არაფერი დაიკარგოს: შეჰკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რათა ნუმცა რა წარსწყმდეს. რისთვის აძლევს მაცხოვარი ესრეთსა ბრძანებასა? საჭირო იყო მაცხოვარისათვის ნამუსრევი პურების შეკრება, მაშინ, როდესაც მას ხუთი პურისაგან შეეძლო ხუთიათასი კაცის განძღომა? ეს ბრძანება მაცხოვარმა მისცა მოწაფეთა თვისთა ჩვენისა სწავლისა და დარიგებისათვის. ამ უბრალო ბრძანებით მაცხოვარი ყოველსა კაცსა, რომელსა აქვს ყური სმენად და ჭკუა მიღებად და მოხმარებად, მისცემს დიდსა ყოველს წამს მოსახმარებლად და სასარგებლო დარიგებასა. იმ დარიგებასა, რომ ჩვენ უსარგებლოდ არ დავღუპოთ და არ დავკარგოთ არა თუ დიდი რაიმე, არამედ მცირეცა ნამუსრევი, ანუ ნამცეცი პურისა, და ყოველივე, რაიცა ღმერთმა შეჰქმნა და მოგვცა, ვიხმაროთ ჩვენდა და მოყვასთა სასარგებლოდ და ღვთის სადიდებლად. შევუდგეთ აწ ჩვენ, შეწევნითა ღვთისათა, ამ აზრის განმარტებას და დამტკიცებას.

თქვენ ყოველთა იცით, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, რომ, მეტადრე აწ, ამ ჩვენ დროში, ყოველი კაცი მომეტებულად ლაპარაკობს, სწუხს და დრტვინავს თავის სიღარიბეს; ეს არის ყველგან პირველი საგანი ურთიერთ შორის ბაასისა. სიმართლით რომ ვსთქვათ, არ შეიძლება, რომ ამისთანა წუხილი და დრტვინვა ყოველთვის უსაფუძვლო იყოს. კაცობრიობა, მცხოვრებნი თან-და-თან მრავლდებიან, საჭიროებანი და მოთხოვნილებანი ყოველ კაცს ემატება, ხოლო შემოსავალი და წყარონი ცხოვრებისანი იმ ზომად არ დიდდება. გარნა უეჭველია ისიც, რომ აწინდელი სიღარიბე და დრტვინვა სიღარიბისათვის მარტო ამით არ აიხსნება, არამედ უფრო მით, რომ ახლა აღარავის არ ახსოვს ის საღმრთო ბრძენი დარიგება მაცხოვრისა, რომ არათუ არაფერი უსარგებლოდ არ დავკარგოთ, არამედ ყოველივე მოვიხმაროთ დაზოგვით, ზომიერად და გონიერად. რადგანაც მაგალითი უფრო ცხადად დაამტკიცებს ყოველსა აზრსა, ამისათვის მე, დასამტკიცებლად ზემორე თქმულისა ჩემის აზრისა, მოგიყვან ერთსა ანუ ორსა ცხოველსა და ნამდვილსა მაგალითსა. უთუოდ შენც გინახავს, ძმაო ჩემო, ანუ კიდეც იცნობ ისრეთსა კაცსა, რომელიც პირველ შეხედულობით გეგონება ფრიად მდიდარი. გულზე კიდია ოქროთი მოჭედილი ქილები, რომელთაგან თითოეული თითო თუმნად მაინც ღირს; ქამარი მისი არის მოჭედილი ოქროთი დაფერილი ვერცხლით; ქამარზე კიდია ძვირფასი სატევარი და სხვანი ვერცხლის ნივთები. თვითონ ერთ ნაბიჯს არ გადადგამს ქვეითად, არამედ სულ ფაეტონებით დადის. ხშირად ქაღალდში აგებს მრავალ ფულებს. ამისთანა კაცის სახლი კი ხშირად დაუხურავი არის, წვიმა ჩამოდის, და რაოდენიმე დღე ისე გავა, სადილიც არ უკეთდება სახლში; მისი შვილები, ფეხ-ტიტველი, ჩაუცმელი, პირდაუბანელი და გასვრილი დარბიან. ცხადია, რომ ამ კაცმა წარსწყმიდა თავის ქონება, უგუნურად ჰხმარობს, რაიცა მისცა ღმერთმა. მეორე მაგალითს გეტყვი. უთუოდ შენ დაესწარი ტირილზე და უთუოდ გინახავს ესრეთი სურათი: დიდი წვიმა და ტალახია; შეჰხედავ, მოდიან მრავალნი მომტირალნი; სხვათა შორის დაინახე ერთი რომელიმე კნეინა, თვითონ ზის რახტით მოკაზმულს ცხენზე; ამ წვიმაში და ტალახში ჩაუცვამს ძვირფასი კაბა, კაბის კუდი მიეთრევა ტალახში. ეს ძვირფასი შესამოსელი ისე გაუფუჭდება იმ დღეს, რომ მეორედ იმას ვეღარ ჩაიცვამს. შენ მეტყვი: იქნებ ის მდიდარია, იქნებ იმას ორმოცი აქვს იმისთანა კაბაო. კიდეც რომ ისე იყოს, ნუ თუ გონიერება არის ესა, რომ ერთს წასვლაზე, მერმე სადა? - ტირილში! ძვირფასი ტანისამოსი გააფუჭოს ადამიანმა? მაგრამ მდიდარი არ არის ისა: თვითონვე მრავალ-გზის ლაპარაკობს ახლანდელს სიღარიბეზე. ამ უბრალო მაგალითისაგან, ვგონებ, ცხადად სჩანს, უგუნურად ჰღუპავენ, ანუ წარწყმედენ მრავალნი კაცნი თავისსა ქონებისა.

ფრიად საჭიროა, რომ კაცი მიეჩვიოს და ისწავლოს დაზოგვა. შენახვა, გონივრად მოხმარება ყოვლისა, რასაც ღმერთი მას მისცემს. ეს რომ Yყოველ კაცს ახსოვდეს, მაშინ ქვეყანაზე არ იქნება ესრეთი სიღარიბე, როგორიც არის ეხლა. საუბედუროდ, მრავალთა კაცთა ისეთი თვისება აქვს, რომელ თავის მოწონებისათვის და გამოჩენისათვის არ ჰზოგავენ ხარჯს, ჰღუპავენ უმეტესსა ნაწილსა თვისის ქონებისასა. მდიდარი კაცი რომ ესრედ იქცეოდეს, ისიც ფრიად გასამტყუნებელია, ამისთვის რომელ უსარგებლო ხარჯი წარწყმედა არის ღვთისაგან მოცემულის ქონებისა. თუ მას გარდამეტებულად აქვს, ათასნი არიან სხვანი ღარიბნი და ყოველითურთ მოკლებულნი! მათ უნდა მოახმაროს და შეეწიოს მდიდარმა კაცმა, და არა უსარგებლოდ დაჰღუპოს თვისი ქონება. გარნა როდესაც ღარიბი კაციც ვალში ჩავარდება და უსარგებლო ხარჯს მოახდენს თავის მოწონებისათვის, ის არის გამოუთქმელი უგუნურება და ცოდვა. მაგალითებრ, რამდენჯერ მოხდება, რომ სოფლის კაცი, გლეხი, სოფლის დღესასწაულს დღეს ორმოცს კაცს მიიღებს, ორ სამ დღეს ათრობს და აძღობს, ნახევარი წლის ნამუშევარს დაჰღუპავს და ხშირად ვალში შთავარდება.

გარნა მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ ზემომოყვანილი დარიგებით არა მხოლოდ გარეგანს, ხორციელის ქონების დაზოგვასა და გონივრად მოხმარებასა. სიტყვა დავაღრმაოთ! კაცს, ადამიანს ღვთისაგან აქვს მონიჭებული სხვანიცა უძვირფასესნი, ვერცხლისა და ოქროისა, საჭმლისა და სასმელისა, ქონებანი და სიმდიდრენი. ისინიც არ უნდა დავღუპოთ და წარვწყმიდოთ, არამედ გონივრად და სასარგებლოდ მოვიხმაროთ. ეს უფრო საჭირო არის, ვიდრეღა გარეგანისა, ხორციელისა ქონებისა და სიმდიდრისა დაზოგვა. საუბედუროდ და სამწუხაროდ, ზოგიერთი კაცი უგუნურად წარწყმედს და დაჰღუპავს არა თუ მხოლოდ ფულსა, ანუ სხვასა რამე ქონებასა, არამედ თვით სიცოცხლესა, ჭკუასა და გონებასა. იქმნება შენ გაგიგონია, ძმაო, ან კიდევ გინახავს ესრეთი მაგალითი: კაცი ყმაწვილი, მრთელი ტანისა, მდიდრად მინიჭებული ღვთისაგან, ძლიერ კარგად სწავლობდა, რომელსა შეჰხაროდენ მისნი მშობელნი, და დიდსა ნუგეშსა მოელოდენ მისგან, რომელსა შეეძლო დიდი სარგებლობის მიცემა თვისი მამულისათვის, - დაივიწყა ჭკუა და ნამუსი, განირყვნა, შთავარდა საძაგელსა სნეულებაში და ლპება მისგან. ანუ ამაზე უარესი მაგალითნი: კაცი გაერია უღმერთოთა შორის, მიიღო მათგან საძაგელნი და ქვეყნის დამღუპავნი აზრნი, გადააგდო, უარ-ჰყო ყოველი კეთილობა და პატიოსნება, რაიცა უსწავლია, და შეიქმნა მტერი ღვთისა, მთავრობისა და საზოგადოებისა. ამისთანა შემთხვევა არის ღირსი ცრემლისა და გოდებისა. მან დაღუპა თავი თვისი; მან მოჰკლა თვისი მშობელნი ჯავრითა, შეარცხვინა თვისი კეთილის-მყოფელნი; მან დაჰღუპა ყოველივე ის სიკეთე და სარგებლობა, რაიცა შეეძლო მას მოეტანა, თუ არ გაფუჭებულიყო. ამისთვის ჩვენ, ქრისტიანეთა, გვმართებს ყოველთვის და ყოველი, რაიცა მოგვცა ღმერთმან ქონება, ნიჭი, გარეგანი თუ შინაგანი, დიდი თუ მცირე, არა წარვწყმიდოთ, არამედ ვიხმაროთ გონიერად და სასარგებლოდ; ხოლო უმეტესად უნდა გვახსოვდეს ის, რომელნიც არიან უძვირფასესნი. ღვთისაგან მოცემულნი ნიჭნი: სიცოცხლე, სიმრთელე, ჭკუა, ბოლოს, უკვდავი სული, და არ დავღუპოთ, არ წარვწყმიდოთ იგინი, არამედ გონივრად მოვიხმაროთ, სადიდებლად მოყვასთა ჩვენთა. ამინ.