მოძღვრებანი თქმული სოფლის ეკკლესიათა შინა

მოძღვრება რაჭის უეზდის,
სოფლის სადმელის ეკკლესიის კურთხევაზედ

მადლითა და შეწევნითა ღვთისათა თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, გაათავეთ შენობა ეკკლესიისა ამის თქვენისა და იმავე მადლითა და წყალობითა ღვთისათა იქმნა იგი დღეს კურთხეულ. რა უნდა ქნათ აწ, როგორ უნდა მოიხმაროთ იგი, ამაზედ ჩვენ მოკლედ ვსთქვათ ახლა.

კაცი სადმე დააპირებს დასახლებას, პირველად სადგომს აღაშენებს, ეზოს შემოზღუდავს და მოამზადებს ყოველიფერს, და მერმედ შევა იმ სახლში, და იწყებს ცხოვრებას. სწორედ ესრედვე უნდა ქმნათ აწ თქვენ სულიერად, ძმანო ქრისტიანენო: ეს ეკკლესია არის სულიერი თქვენი სადგომი, თქვენ ამისთვის აღაშენეთ ახალი ესე, და უმჯობესი ძველისა, ეკლესია, რომ სულითა თქვენითა დასახლდეთ მას შინა. ამ სოფელში კაცს აქვს ორ-გვარი ცხოვრება: ხორციელი და სულიერი. ხორციელად შენ სცხოვრებ, ესე იგი ლაპარაკობ, მოქმედებ, შრომობ შენ სახლში; სულიერად კი ყოველი შენი მოქმედება, გრძნობა და ლოცვა აქ უნდა იყოს, ამ ეკკლესიაში. კაცის სხეულს აქვს თავისი საზრდო, საჭმელი და სასმელი; თუ ესენი მას მოაკლდა, მოკვდება კაცი ხორციელად. სულსა კაცისასა აგრედვე აქვს თავისი საკუთარი საზრდო, რომელიცა, თუ მოაკლდა სულსა ჩვენსა, იგიცა მოკვდება. რაი არს სულიერი საზრდო? სულიერი საზრდო არს სწავლა, განათლება, ცნობა ღვთისა და თავის თავისა. აქ, ძმაო ჩემო, ამ ეკკლესიაში უხვად მოგეცემა შენ ეს საზრდო, თუ მიიღებ და კეთილად მოიხმარ მას. წმიდამან ეკკლესიამან გონიერად დააწესა ყოველივე შენდა განსანათლებლად; მრავალ-ფერსა საზრდოსა წინა-დაგიგებს ეკლესია შენდა სასწავლებლად: აქ წარგიკითხვენ შენ ყოველს საღმრთო წიგნებსა, წინასწარმეტყველებასა, დავითნსა, სამოციქულოისა, სახარებისა: რაოდენი სულიერი საზრდო მოგეცემა შენ; თუ გულის-ყური გაქვს, თუ მიიღებ და დაიმარხავ ყოველსავე, რაიცა გესმის. აქ წარიკითხვენ მრავალთა მშვენიერთა ლოცვათა, რომელნი გამოთქმულ არიან წმიდათა მამათაგან. იცოდე, რომ თუ, გულისხმიერად ისმენ იმ ლოცვებს, დიდი ნუგეში მოგეცემა, დიდი სასოება გასჩნდება შენს გულში. აქ იტყვიან მრავალთა საღმრთოთა გალობათა; რა დიდი სულიერი კმაყოფილება და განათლება მოგეცემა, ოდესცა შენ გრძნობით ისმენ მათ!

გარნა სწავლა და განათლება არის მხოლოდ ერთი კერძო სულიერი ცხოვრებისა. მეორე კერძო ჩვენის სულიერისა ცხოვრებისა არის ყოველი სულიერი მოქმედება, ანუ გრძნობა, სიხარული ანუ მწუხარება, მონანება, სასოება, სიყვარული, ერთგულება, ერთი სიტყვით, ყოველი სულიერი ფიქრი და გრძნობა. აქ, ამ ეკკლესიაში, ყოველნი ესე სულიერნი შენნი გრძნობანი უნდა განამტკიცო და მიუძღვნო უფალსა; აქ უნდა იყოს ყოველი შენი სულიერი გრძნობა, აქ უნდა გამოუცხადო უფალსა ყოველი შენი სულიერი მდგომარეობა.

ამ სოფელში, ძმანო ჩემნო, კაცის სიცოცხლე ხან სიხარულით არის და ხან მწუხარებით შეზავებული. თუ ღმერთმან ოდესმე მოგცა შენ რომელიმე სულიერი სიხარული, რომელიმე ბედნიერება. აქ, ამ ეკკლესიაში, გარდაიხადე მადლი ღვთის წინაშე. იქმნება ღმერთმან აღასრულა როდესმე შენი გულითადი წადილი, მადლობა მიეც ღმერთსა აქ! იქმნება ღმერთმან კეთილად წარმართა შენი შრომა და ოფლის ღვრა, ყანა შენი ნაყოფიერ იქმნა, ვენახი შენი პოხიერ იქმნა, საქონელი ღმერთმან განგიმრავლა, სახლეულობა შენი ღმერთმან კეთილად დაგიცვა და შეინახა. ამით ყოველთათვის მხურვალე მადლობას შესწირვიდე აქ ღმერთსა; ესე ყოველი უნდა მიიღო, ვითარცა ცხადი მისი წყალობა შენზედ და მადლობდე მას.

გარნა, უკეთუ ნაცვლად სიხარულისა, შეგემთხვია რაიმე მწუხარება, ისიც აქ აღუარე ღმერთსა შენსა. ყოველივე ღვთისაგან არის, ძმაო ჩემო; ვინც აღწერს, რავდენი მწუხარება ადგია კაცს, ანუ რაოდენი უბედურება შეემთხვევა ადამიანს. იქმნება შენ, ძმაო, ხარ ერთი საწყალი სოფლის კაცი, მოკლებული ყოვლითა სოფლიურითა ნუგეშითა, ღარიბი, დაჩაგრული, ბედკრული. სად იპოვი ნუგეშსა? ვინ მოგცემს შვებას, ვინ დაატკბობს შენ წყლულს? სოფელი? გარნა სოფელმან უფრო მეტად დაგჩაგრა შენ, საწყალო! კვალადვე აქ მოიქეც, ძმაო, ამ ეკკლესიაში და აღუარე იესო ტკბილსა მწუხარება შენი. ისრედი მწუხარება არ ექმნება კაცს გულში, რომელი არ დააცხროს და არ განაქარვოს მხურვალემ და ერთგულმა ლოცვამ. თუ ერთხელ მიეჩვიე და ისწავლე, რა არის ერთგული და მხურვალე ლოცვა, უმჯობესს ნუგეშს ვერსად ვერ პოვებ. ადვილად მოითმენს და ადვილად იკისრებს კაცი ყოველსა უბედურებასა და ყოველსა მწუხარებასა, თუ შეუძლიან გულს-მოდგინედ ილოცოს ღვთის წინაშე. წარმოიდგინე, რომ, თუმცა ამ ქვეყანაში შენ ხარ ყველაზედ უსაწყლესი და დაჩაგრული; გარნა, თუ სულ-გრძელებით მოითმენ შენ მწუხარებას, არ დაკარგავ სასოებას, მაშინ მომავალსა საუკუნესა შინა შენ იქმნები უმაღლესი მრავალთა კაცთა.

გარნა უმთავრესი და უსაჭიროესი სულიერი გრძნობა, რომელიც შენ ამ ეკკლესიაში უნდა მიართვა ღმერთსა, არის მონანება. მონანება, ძმანო ჩემნო, ის არის, ოდესაც კაცი სწუხს და სტირს ცოდვათა თვისთათვის. აქ, ამ ეკკლესიაში, ყოველს წირვაზედ შენ უნდა მიუძღვანო ღმერთსა შენანება ცოდვათათვის და გამოითხოვო მისგან შენდობა. განმავლობასა შინა მრთელის კვირისა შენ სცხოვრებ სოფელში და აღასრულებ ყოველთა სოფლის საქმეთა; რაც გინდა კრძალულებით და მორიდებით იყო, არ შეგიძლიან უცოდველად განატარო შენ ერთი დღეც. ექვსს დღეს რომ ატარებ სოფლის ურვაში და შფოთში და მრავალგზის სიტყვით და საქმით გარდახდები სჯულსა, მეშვიდე დღეს, კვირას, ან დღესასწაულს, მოძებნე ეკკლესია, დასდეგ აქ, შთაიხედე შენს გულში, მოიგონე, რაც წინა-აღმდეგი საქმე გიქმნია, მოინანე და გამოითხოვე ღვთისგან, რათა მომავალი ექვსი დღე უცოდველად დაგიფაროს. მოვა დიდი მარხვა და მაშინ კიდევ უფრო გულს-მოდგინებით უნდა მოინანო ცოდვანი შენნი და ეღირსო ზიარებას. რა უგუნური და უსასო უნდა იყოს კაცი, რომელიც მრთელი წლის განმავლობაში ერთხელაც არ ეზიარება!

ესრედ, ძმანო ჩემნო, ეცადენით და კეთილად მოიხმარეთ ეს ეკკლესია. ეკკლესიის აღშენება უსარგებლო იქმნება, თუ ეკკლესიით კარგად არ ისარგებლებთ; გარნა სარგებლობა ამ ეკკლესიისაგან მაშინ მოგეცემათ, ოდესცა ამ ეკკლესიაში კარგად ისმენთ ლოცვებს და მიიღებთ სულიერსა განათლებას, აღუარებთ ღმერთსა სიხარულსა და მწუხარებასა თქვენსა, მოინანებთ ცოდვათა და ესრედ უმჯობესი შეიქმნებით სულითა თქვენითა, რომელიც მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.