წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა კვირიაკესა ზედა სამარიტელისასა

და იყო მათი წელიწად ერთ შეკრება ეკლესიად, და სწავლად
ერისა მრავლისა, და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა
მოწაფეთა მათ ქრისტიანედ (საქმე მოციქულთა, თავი II მუხლი 26).

იქმნება, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, მრავალთა თქვენ შორის არც კი იციან აქამომდე, სად და როდის იწყეს პირველთა ქრისტეს მორწმუნეთა წოდებად თავისა თვისა ქრისტიანედ. დღეს წაკითხული სამოციქულო გვიამბობს ამას. ეს მოხდა დიდსა ქალაქსა შინა ანტიოქიისასა, იქ იწყეს პირველთა ქრისტეს აღმსარებელთა წოდებად თავისა თვისა ქრისტიანედ. ეს იყო ქრისტეს ამაღლების შემდეგ სამის ანუ ოთხის წლის მერმედ, როდესაც მორწმუნენი ფრიად გამრავლდნენ ანტიოქიასა შინა. მას უკან, სხვათაც ყოველთა ქალაქთა შინა იწყეს მორწმუნეთა ამ სახელის წოდება. მის მერმედ ყოველი უწინდელი და აწინდელი ქრისტეს აღმსარებელი უწოდებდა და უწოდებს თავის თავს ქრისტიანედ. დიდ არს, ძმანო ჩემნო, და საღმრთო ეს წოდება! არ არის არცა ქვეყანასა ზედა, არცა თვით ცათა შინა ამაზე უდიდესი წოდება! დიდითა და საშინელითა კრძალვითა და მორიდებითა უნდა ვზიდოთ ეს წოდება! პირველთა მათ ქრისტიანეთა, რომელთა ეს წოდება მიიღეს, კარგად ახსოვდათ ეს აზრი, და მთელს თავიანთს სიცოცხლეს ისე ატარებდენ, რომ გაემართლებინათ თავიანთი წოდება და არა დაედაბლებინათ. არა ესრედ არს, საუბედუროდ, აწ, ახლანდელთა შორის!

უმეტესი და უმრავლესი ნაწილი ახლა მხოლოდ სახელით არიან ქრისტიანენი, და არა საქმით; ხოლო დანარჩენნი, ფრიად მცირენი, სახელითაც და საქმითაც ქრისტიანენი არიან. რით შეეტყობა კაცს, რომ იგი მარტო სახელით არის ქრისტიანი და არა საქმით? სამი არის თვისება, ანუ სათნოება, რომელიც მიუცილებლად უნდა ჰქონდეს ნამდვილს ქრისტიანეს; გარეშე ამათ სამთა სათნოებათა კაცი იქმნება ქრისტიანე: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული.

უმრავლესთა აწინდელთა ქრისტიანეთა, რომელნიც მხოლოდ სახელით არიან ქრისტიანენი, პირველი შეხედულობით, ვითომც კი აქვსთ სარწმუნოება, მაგრამ სარწმუნოება მათი არის რაღაცა განუსაზღვრელი, უაზრო, მათ სწამსთ ღმერთი, ხშირად იტყვიან ღმერთი მოწყალეაო, შეგვინდობსო, მოგვიტევებს ცოდვებსაო; მაგრამ თუ სხვა რამე თვისება აქვს ღმერთს, ამაზე აღარ ფიქრობენ. იმათ ჰგონიათ, რომ ღმერთს მეტი არაფერი საქმე აქვს, მხოლოდ ცოდვების მოტევება; დავიწყებული აქვსთ, და ზოგს კიდეც ეზარება იმაზედ იფიქროს, რომ ღმერთი ჩვენგან მოითხოვს წმინდა ცხოვრებას, ცოდვათა და ვნებათა აღვირის-სხმას. იმათ სწამთ, რომ არის მომავალი ცხოვრება, გარნა არ ცდილობენ, რომ მოღვაწეობითა და სათნოებითა ეღირსონ იმ ცხოვრებას: ღმერთი მოწყალეა, არ დაგვსჯისო. ეკკლესიაში გულ-გრილად დადიან და ძვირად მოძღვრის დარიგებას სმენულობენ. მოკლედ ვსთქვად, სარწმუნოება მათი მკვდარია, უსაქმო, უქმი, ანუ ერთი უბრალო ჩვეულება.. იგინი თავის თავს ანგარიშს არ აძლევენ. ამას ჩვენ ვიტყვით მათ ზედა, ვისაც ცოტაოდენ რამე ესმის, ცოტაოდნად განათლება აქვს. უბრალო, უმეცარი, დაბალი ხალხის თვისება სულ სხვა არის. მათ, საწყლებს, გულითადი სურვილი აქვსთ იქონიონ ჭეშმარიტი სარწმუნოება, გარნა, მათი მდგომარეობა და უმეცრება არ აძლევს ნებას; ამისთვის მათი სარწმუნოება არეულია მრავალთა ცრუმორწმუნებითა. ვგონებ, მათ უფრო მიეტევება მათი ბრალი, ვიდრეღა განათლებულსა კაცსა, რომელი დაუდევნელობითა თვისითა ანგარიშს არ აძლევს თავის თავს თავის სარწმუნოებაში, და მით რჩება სახელით და არა საქმით ქრისტიანე.

მეორედ, ესრეთთა მხოლოდ სახელით ქრისტიანეთა თითქოს სასოებაც აქვსთ, გარნა, არა ჭეშმარიტი, არამედ სუსტი და ყალბი. უმეტესი მათგანი, ვიდრემდის ქვეყნიური კმაყოფილი და კარგი ცხოვრება აქვსთ, ესავენ ღმერთსა, ღვთის განგებით არის ესაო, და თუ მოაკლდა ქვეყნიური სიკეთე, დასუსტდებიან და სრულიად დაეკარგებათ ღმერთზე სასოება. ზოგთა მათგანთა მომეტებული იმედი აქვსთ თავიანთ ჭკუაზედ, ღონეზე, მოხერხებაზე, სიმდიდრეზე, და თუ ამათ უღალატეს, ბედი დაეკარგებათ, მაშინ ჩავარდებიან სასოწარკვეთილებაში. თითქმის ყველანი, სახელით მხოლოდ ქრისტიანენი, ესვენ ღმერთსა და მოელიან ამ ქვეყნის სიმდიდრეს და ბედნიერებას. ზეცას იგინი ძვირად აღიხილავენ, ზეციერი, მომავალი ნეტარებისათვის არ ცდილობენ, თავის უარის-ყოფა, თავის გაჭივრება მათ არ ეამებათ და აწუხებთ; მოკლედ ვსთქვათ, ხშირად სასოება მათი არის მიწიერი და ბიწიერიცა, და არა ჭეშმარიტი, ქრისტიანული.

ბოლოს, სახელით მხოლოდ ქრისტიანეთა სიყვარული, უდიდესი ორთა, წინად ხსენებულთა სათნოებათა, არა აქვსთ ჭეშმარიტი, ქრისტიანული. რომ ჰკითხოს მათ ვინმემ, გიყვარსა ღმერთი? იტყვიან: „გვიყვარსო“; გარნა, არ აძლევენ თავის თავს ანგარიშს, რაში მდგომარეობს ღვთის სიყვარული, და როგორ უნდა გამოაჩნდეს კაცს იგი. თავიანთი თავი და სოფლიური კმაყოფილება უფრო უყვარსთ მათ, ვიდრე ღმერთი; მოყვასთაგან მათ უყვარსთ, ანუ მხოლოდ ნათესავნი, და ისიც არა ყოველნი, ანუ ისეთნი, რომელთაგან მოელიან რასმე სარგებლობას. თავის გამომეტება, საკუთარი კმაყოფილების შეწირვა მოყვასის ბედნიერებისათვის, მათ ეზარებათ. სულის ცხონება, მომავალი საუკუნო ცხოვრება კი სურთ, გარნა, სულიერი მოღვაწეობა და ყოველი, რაიცა საჭირო არის სულის ცხონებისათვის, არ ასრულებენ.

ახლა იმაზე ვსთქვათ, ვინ არიან ჭეშმარიტნი ქრისტიანენი, და რა თვისება აქვსთ მათ? თქმაც არ უნდა რომ მათ უნდა ჰქონდესთ, და კიდევაც აქვსთ, ჭეშმარიტი, ცხოველი სარწმუნოება, ჭეშმარიტი, გულის მანუგეშებელი და გამამახნევებელი სასოება და სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, დიდი ბეჯითი და თავდადებული. გარდა ამისა, მათ აქვსთ სხვა სამი სათნოება. პირველად - დიდი სიმდაბლე. იგინი გრძნობენ, მათ იციან, რომ თავის თავად არა რაი არიან. თუ რამე აქვსთ, ყოველივე ღვთისგანა აქვსთ. მარადის შემუსვრილითა გულითა და დამდაბლებულითა სულითა დაეცემიან ღვთისა წინაშე და გამოითხოვენ მისგან შენდობასა, ემორჩილებიან წმინდა ეკლესიის კანონთა და გულმოდგინედ ისმენენ თავიანთი მოძღვრის დარიგებას.

მეორედ, ნამდვილთა ყოველთა ქრისტიანეთა ახსოვსთ დიდი და საღმრთო წოდება თავიანთი, ყოველთვის შიშით და მოწიწებით ფიქრობენ, რომ იგინი ღმერთმა იშვილა და ახსოვსთ, რომ იგინი უნდა იყვნენ ტაძარი სულისა წმინდისა და ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ გაამართლონ ღვთის წყალობა და ღონის-ძიება.

მესამედ, იგინი არიან მარადის გამზადებული ყოვლის კეთილის საქმისადმი. ყოველთვის ცდილობენ წინ წავიდენ კეთილსა ქრისტიანულსა ცხოვრებასა შინა, მოამზადონ თავიანთი სული მომავალის ნეტარებისათვის. ყოველთა მათთა საქმეთა, დიდთა და მცირეთა, სულიერთა და ხორციელთა, განსხვავებული, წმინდა მიმართულება აქვსთ, სული მათი აღვსებულია ღვთიურითა მშვიდობითა, გული ადუღებული საღმრთოითა სჯულითა. ერთი სიტყვით, იგინი არიან ღვთის მონანი, ღვთის კაცნი და არა ცოდვისა.

ერთხელ, ძმანო ქრისტიანენო, დიდმა მეფემ და გმირმა, ალექსანდრე მაკედონელმა ერთსა დიდსა ბრძოლასა შინა შენიშნა, რომ ერთი მისი მხედარი შეშინდა, უკან დაიწია. რა გქვია შენ სახელიო? - ჰკითხა მას ალექსანდრე მაკედონელმა, როდესაც ბრძოლა გათავდა. ჩემი სახელი ალექსანდრე არისო, უპასუხა მან. აღარ გაბედო ამიერითგან ამ სახელის წოდებაო! შენ შეარცხვინე ეს ჩემი სახელიო! ყოველი ქრისტიანის ცხოვრება, ძმანო ქრისტიანენო, ამ ქვეყანაში იგივე ბრძოლა არის ცოდვასთან, ეშმაკთან, სოფელთან. თუ ამ ბრძოლაში შეშინდი, უკან დაიწიე, ოდესმე შენც მაცხოვარი გეტყვის: არ გიცნობ, შენ ჩემი სახელი შეარცხვინე, არ იყავი ქრისტიანე! რა შიში, სირცხვილი და ძრწოლა ეწევა ქრისტიანეს, თუ გაიგონა მაშინ: წარვედით ჩემგან, წყეულნო, სატანჯველსა მას საუკუნესა! ესე განაშოროს ღმერთმა ჩვენგან და ყოველნი ღირს გვყოს სანატრელსა მას ხმასა: მოვედით ჩემთან, კურთხეულნო, მამისა ჩემისანო! ამინ.