წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა თქმული გელათის სობოროსა შინა
ჟამსა სამწყსოსა შინა შესვლისასა, ჩყჲ წელ. სეკტ. ჱ-სა

იგავი მეფის-ძის ქორწილსა ზედა (მათ. კბ. ბ-იდ)

ვცან რა ნება ღვთისა და განჩინება უმაღლესისა მთავრობისა, რათა ვიყო მე მწყემსად ძველისა ამის და ჩინებულისა სამწყსოისა, ვიწყე გულის-ზრახვად დიდთა მათ და მძიმეთა ვალთათვის, რომელთა ამიერითგან თანამდებ ვარ ტვირთვად წინაშე წმიდისა ამის ეკკლესიისა. მაშინ მოვიხსენე სიტყვანი პავლე მოციქულისანი: კაცად-კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს. ხოლო რა ტვირთი არს ეპისკოპოსობა, ამასაც ახსნის იგივე მოციქული: ჯერ-არს ეპისკოპოსისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართმოყვარე სწავლულ (ა. ტიმ გ, ბ.); მოვიხსენე აგრეთვე სიტყვანი, რომელნი იმავე მოციქულმან მისწერა ტიტეს, მისგან ეპისკოპოსად ხელ-დასხმულსა: ჯერ არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფად, ვითარცა ღვთისა მონისა; ნუ თავხედ, ნუ გულმწყრალ, ნუ მეღვინე, ნუ მოლალე, ნუ საძაგელისა შემძინელ, არამედ სტუმართ მოყვარე, კეთილისა მოყვარე, წმიდა, მართალ, ღირს, მომთმინე (ტი. ა, ზ.). მახსოვან კვალადცა სხვანი მრავალნი სწავლანი, მცნებანი, მხილებანი და დარიგებანი, რომელითა მაცხოვარი ჩვენი მოძღვრებდა თვისთა მოციქულთა, ხოლო შემდეგ მოციქულნი განაღვიძებდენ თვისთა მოადგილეთა - ეპისკოპოსთა. არა ვარ, კვალადვე, უმეცარ ყოვლისათვის, რასაცა ქრისტიანენი ეძიებენ და მოითხოვენ თვისთა მწყემს-მთავართაგან; და ოდეს მე წარმოვიდგენ ყოველთა მათ არა მცირეთა სათნოებათა, რომელნი უნდა შეამკობდენ მარადის ეპისკოპოსსა, და მრავალთა მათ შრომათა, ჭირთა, მოთმინებათა და წინააღმდგომთა გარემოებათა, რომელნი ყოველთვის შეემთხვევიან მას, უკეთუ ბეჯითად და ერთგულად შეუდგება იგი თვისსა მსახურებასა, შევკრთები სულითა და ვიტყვი: ვითარ შევსძლო მე უღირსმან და უძლურმან ტვირთვა ესოდენისა მძიმისა ტვირთისა!

ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არა მსუბუქ არს ტვირთი მღვდელ-მთავრობისა, არა მცირეთა სათნოებათა ითხოვს მისგან საღმრთო წერილი: პირველი და თვით მიუცილებელი სათნოება, რომელსა მოითხოვს მისგან პავლე მოციქული, არს უბრალოება ანუ უბიწოება: ჯერ-არს ეპისკოპოსისა, იტყვის იგი, რათა უბრალო იყოს; ანუ სხვაგან: ჯერ-არს ეპისკოპოსისა უბიწო-ყოფად, ვითარცა ღვთისა მონისა. ცხად არს მიზეზი ამისა, ვინაითგან ეპისკოპოსი, რომელი სხვათა ასწავებს სიწმიდესა და მოითხოვს, რათა ყოველნი უბრალოდ და უბიწოდ ატარებდენ თვისს ცხოვრებასა, თვით პირველი უნდა აძლევდეს მათ სახესა კეთილად ცხოვრებისასა, არა თუ მხოლოდ სიტყვითა, არამედ საქმითაცა და ყოვლითა ცხოვრებითა თვისითა. გარნა ადვილ არსა აღსრულება ესე ვითარისა მცნებისა? ვინ არს იგი რომელი სცხოვრებს სოფლად კაცთა შორის და არა სცოდავს? ვინ იპოება ქვეყანასა ზედა, რომელმან დაიცვა თავი თვისი უბიწოდ, თუმცაღა ერთი მხოლო დღე იქცეოდა იგი კაცთა შორის? უმეტეს ამისა, ვითარ შესძლოს ეპისკოპოსმან დამარხვა უბიწოებისა. დამძიმებულმან მრავალთა საქმეთა და ზრუნვათა მიერ, გარემოცულმან მრავალთა პირთაგან, რომელნიცა ეძიებენ მხოლოდ თავისა თვისისა სარგებლობასა? მხოლოდ ერთსა ღმერთსა მადლითა თვისითა ძალ-უძს დაიცვას ეპისკოპოსი უბრალოდ და უბიწოდ.

მეორედ, ეპისკოპოსსა, სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, მართებს, რათა იყოს ფრთხილ. ყოველი სხვა კაცი უფრთხილდება მხოლოდ ერთსა თავსა თვისსა, გარნა ეპისკოპოსი ათასსა და ბევრეულსა. მიანდო რა მას ღმერთმა სიტყვიერი სამწყსო, მოითხოვს მისგან, რათა ყოველსა წამსა ფრთხილ და მღვიძარე იყოს. რათა არცა ერთი ცხოვარი, მისდამი მინდობილი, არა წარწყემდეს მისითა ბრალითა. ვინაითგან ღმერთი გამოიკითხავს მისგან სულსა თვითოეულისა წარწყმენდილისა ცხოვარისასა. ვაი იმ მღვდელ-მთავარსა და მღვდელსაცა, რომელმა დაუდევნელობითა თვისითა დაუკარგა ღმერთსა რაოდენიმე სული, გამოსყიდული სისხლითა უფლისათა! რა პასუხს მისცემს იგი წინაშე საშინელისა ქრისტეს სამსჯავროისა? გარნა უკეთუ თვითეულსა კაცსა უმძიმს ფრთხილ-ყოფა და განმტკიცება თავისა მხოლოდ თვისისა კეთილსა კვალსა ზედა, რაოდენ უძნელეს არს ეპისკოპოსისათვის, რათა გაუფრთხილდეს თავსაცა თვისსა და მრთელსა სამწყსოსა თვისსა, და თუმცაღა მრავალი ეცადოს, თუმცა არც ღამე მოისვენოს და არცა დღე. და ყოველი თვისი სწავლა და ღონე მოახმაროს თვისსა სამწყსოსა, - შეუძლიანა ბოლოს გულ-მოსვენებით სთქვას, რომელ ყოველივე კარგად განაგო და კეთილად აღასრულა ვალი თვისი? ნეტარ არს მღვდელ-მთავარი იგი, რომელსა ძალ-უძს ჰპოვოს რაოდენიმე ღირსნი თანა-მწირველნი და შემწენი, რომელნიცა მოინდომებენ გულს-მოდგინედ აღასრულონ ვალი თვისი და მით შეუმსუბუქონ მას უღელი! ადვილად აღასრულებს თვისსა მოვალეობასა ეპისკოპოსი, გარემოცული კეთილთა და ღირსთა სამღვდელოთა მიერ, რომელნი ყოველთვის თანაზიარ-ექმნებიან შრომათა, ჭირთა და განსაცდელთა მისთა; ხოლო რავდენ შესაბრალებელ იქმნება მღვდელ-მთავარი იგი, რომელიცა შემწეობისა წილ ნახავს თვისთა შორის სამღვდელოთა უმეტესს ჭირსა და განსაცდელსა!

გევედრები, შორს ჰყავ ჩემგან, მაცხოვარო, მწარე ესე განსაცდელი. გთხოვ თქვენცა, საყვარელნო ძმანო, თანამწირველნო ჩემნო, არ დამიმძიმოთ, არამედ აღმიმსუბუქოთ მსახურება ჩემი; ფრთხილ იყოს თვითეული თქვენ შორის სამწყსოსა ზედა თვისსა, რათა არცა ერთი ყვედრება გქონდესთ მორწმუნეთა შორის, არამედ იქმნებოდეთ მათთვის სახედ სიტყვითა და საქმითა.

მესამედ, წმიდა მოციქული პავლე მოითხოვს მღვდელმთავრისაგან, რათა იყოს არა თუ მხოლოდ უბრალო, არამედ შემკულ, ესე იგი, მქონებელი ყოველთა სათნოებათა.

მსახურება ეპისკოპოსისა მით უმეტეს ძნელ არს, რომელ ყოველნი მორწმუნენი მარადის მას უმზერენ, მისგან ელიან მოძღვრებასა და სულიერსა სწავლასა. არა ძალ-უძს მას დაჰფაროს რომელიმე თვისი თვისება, ანუ მოქმედება. ვითარცა სანთელი, აღნთებული და დადგმული მაღალსა ადგილსა ზედა, ჰნათობს გარემო თვისსა და სჩანს შორიდგანვე, ეგრეთვე არს ცხოვრება კეთილისა ეპისკოპოსისა; ხოლო ცხოვრება და ყოფაქცევა უღირსისა მღვდელ-მთავრისა ემსგავსება საკვამლესა, სახლის სართულსა ზედა ატანილსა, რომლითგან გამომავალი კვამლი აბნელებს ჰაერსა და სჩანს შორიდგანვე. ამისათვის ეპისკოპოსი მარტო ვერც სცხონდება და ვერც წარწყმდება: კეთილი ეპისკოპოსი აცხოვნებს მრავალთა, ხოლო უღირსი წარსწყმდეს უმრავლესთა. გარნა რასა იტყვის უფალი იესო ქრისტე ცუდთა და მაცთუნებელთა კაცთათვის? რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთა, უმჯობეს არს მისა დამოთუიკიდოს წისქვილი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა (მათ. იჱ, ვ); და თუ ისრეთ არს თქმული ყოველთა უბრალოთა დამაბრკოლებელთა კაცთაზედა, რაიღა უნდა ვსთქვათ ეპისკოპოსსაზედა, რომელი დამწყსისა წილ დააბრკოლებს მორწმუნეთა! საშინელ არს ამისი წარმოდგენა! ამისათვის, ძმანო. ვითარი კრძალულება და მეცადინეობა მართებს მღედელ-მთავარს, რაოდენითა სათნოებითა ჯერ არს შემკული იყოს იგი, ვინაითგან თანამდებ არს მისცემდეს მაგალითსა დიდთა და მცირეთაცა. მდიდართა და ღარიბთა, ერთა და მღვდელთა. ცუდი სოფელი ესე იხარებს-ცა, ოდეს ხედავს ეპისკოპოსსა არა ჯეროვნად მცხოვრებსა, ვინაიდგან ცუდად მცხოვრებნი პირნი თავსა თვისსა ამართლებენ მიმხედველნი ცუდისა ყოფაქცევისა მისისა, და უკეთუ კეთილნიცა და ღირსნი ეპისკოპოსნი ზოგჯერ ვერ განერინებიან გესლიანსა ენასა ბოროტთა კაცთასა, ვითარ უკვე განერინების სუსტი და უღირსი?

არა უმიზეზოდ ვიტყვი, ძმანო, ამას ყოველსა; არა უმიზეზოდ ვცდილობ გამოვხატო თქვენ წინაშე სიმძიმე მომავალისა მსახურებისა ჩემისა. განზრახვა ჩემი მას შინა მდგობარეობს, რათა აღვადგინო გულსა შინა თქვენსა მონაწილეობა და თანამგრძნობელობა ჩემისა მსახურებისა, რათა იყოთ თქვენცა ყოველნი შემწედ და აღმასუბუქებელ ტვირთისა ჩემისა. საგანი ანუ ჰაზრი მსახურებისა ჩემისა არს სულიერო წარმატება თქვენი, და უკეთუ თქვენ ყოველნი აღმოჩნდებით მეცადინედ და მოშურნედ კეთილსა ქრისტიანულსა მოქალაქობასა შინა, მაშინ ფრიად ადვილ და სანუგეშო იქმნება ჩემთვის მსახურება ესე ჩემი.

დარწმუნებულ ვარ, რომელ თქვენ ყოველთა გსურთ მიიღებდეთ ჩემგან რომელსამე სარგებლობასა სულიერსა, ხოლო მეც უმეტეს ყოვლისა ვნატრობ. რათა მქონდეს თქვენ შორის რომელიმე სულიერი ნაყოფი; გარნა ამას შინა ერთი მხოლოდ არს ღონე - ქრისტეანული სიყვარული; სადაცა არა სუფევს სიყვარული, მუნ არცა ერთი სულიერი ნაყოფი გამოჩნდება. ამისათვის, ძმანო ჩემნო ყოვლად საყვარელნო, შევიძინოთ სიყვარული ურთიერთობრივი და შეუდგეთ ამიერითგან წრფელსა გზასა უფლისასა. ნაკლულელევანებათა ჩემთა აღავსებდეს სიყვარული თქვენი, ვინაიდგან კაცი ვარ და ყოველი კაცობრივი არა შორს არს ჩემგან. დარიგებათა და მოძღვრებათა ჩემთა მიიღებდეთ გულ-მოდგინებით და სცდილობდეთ აღასრულოთ იგინი. მხილებანი ჩემნი, უკეთუ ჭეშმარიტ იქმნებიან, თუმცაღა ფიცხელ იყვნენ, ნუ გულისწყრომასა აღადგინებენ თქვენ შორის, არამედ სინანულსა და აღსარებასა.

დასასრულ, აღვავლინოთ მხურვალე ვედრება ზეცად, რათა მოწყალემან ღმერთმან არა უქმად და უნაყოფოდ გამოაჩინოს მომავალი მსახურება ჩემი თქვენ შორის, არამედ რომელმან მყო მე მწყემს-მთავრად სიტყვიერისა თვისისა სამწყსოისა, მანვე, სახიერმან, მომცეს ძალი და გონება, რათამცა კეთილად აღვასრულო ნება მისი და არცა ერთი სული ჩემისა სამწყსოისა წარუწყმიდო უფალსა ჩემსა, არამედ ძალ-მედვას კადნიერებით წარვსთქვა უკანასკნელსა და საშინელსა სამსჯავროსა შინა ქრისტესსა: აჰა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან (ისაია. ჱ, იჱ). ამინ.