წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა თქმული 29 აგვისტოს 1875 წელსა
ქუთაისის საპყრობილესა შინა

გამოიყვანეთ საპყრობილით სული ჩემი,
რათა აღუარო სახელსა შენსა (ფსალ.)

წმიდა წინასწარმეტყველი და მეფე დავით, სხვათა შორის ლოცვათა, ერთხელ ესრეთ ევედრებოდა ღმერთსა: გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აღუარო სახელსა შენსა. რისთვის ევედრებოდა ესრედ იგი ღმერთსა? განა იგი როდისმე იყო დაჭერილი საპყრობილეში? არა, იგი იყო მეფე, მჯდომარე ტახტსა ზედა, და არაოდეს არ ყოფილა ჩაგდებული საპყრობილეში. სჩანს, იგი იტყოდა არა ხილული, გარეგანი საპყრობილისათვის. სულიერი საპყრობილე ის არის, როდესაც კაცი არის შეკრული, ანუ შეპყრობილი რომლითამე დიდითა ცოდვითა, ასე, რომ სული მისი დამონებულია ცოდვისა, თავისუფლება აღარა აქვს. ამისთანა მდგომარეობაში იყო ერთხელ დავით მეფე. თუმცა იგი იყო წმიდა და წინასწარმეტყველი, მაგრამ მაინც კაცი იყო და კაცის ბუნება ჰქონდა, და ერთხელ საშინელს ცოდვაში ჩავრდა: უბრალო კარგი კაცი მოაკვლევინა და მისი ცოლი თვითონ წაიყვანა. ამით იგი ჩავარდა საშინელ მდგომარეობაში. სული წმიდა განშორდა მისგან, სული და გული გაუქვავდა. მონანებაც ვერ მოახერხა და ვერ შეძლო. გარნა ღმერთმან განაღვიძა იგი თვისითა მრისახნებითა, ანგელოზი თვისი ცხადად ეჩვენა მას ცეცხლის მახვილითა და დაიწყო შემუსვრა და მოწყვეტა ერისა. ამისა მერმედ დავით მოვიდა გრძნობაში, შეინანა, იწყო ტირილი და გლოვა, და სხვათა შორის სიტყვითა ესეც წარმოსთქვა: გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აღუარო სახელსა შენსა, ესე იგი განაშორე ჩემგან ეს ცოდვა, რომელმან დამამწყვდია მე, ვითარცა საპყრობილესა შინა, რათა ვილოცო, შევინანო, რათა აღუარო სახელსა შენსა.

თქვენცა საბრალონო და საწყალნო, საპყრობილესა ამას შინა მყოფნო! ხშირად უნდა განიმეორებდეთ ლოცვასა ამას დავით წინასწარმეტყველისასა: გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აღუარო სახელსა შენსა. ხშირად ევედრეთ ღმერთსა გამოიყვანოს სული თქვენი საპყრობილითგან ცოდვათასა, ესე იგი არა ამა ხილულ საპყრობილითგან გამოიყვანოს სული თქვენი, ესე იგი ამ სახლითგან, არამედ სულიერი საპყრობილიდგან, ესე იგი ცოდვისაგან, რომელმან შეგკრა თქვენ და შემოგიყვანა ამ ხილულ საპყრობილეში. მართლა დიდი მწუხარება და უბედურება არის ამ საპყრობილეში ყოფნა. ვინ არ ისურვებს აქედგან გამოსვლას და განთავისუფლებას?მაგრამ დიდი სარგებლობა არ ექნება მით, თუ მარტო აქედგან განთავისუფლდა კაცი, და სულიერ საპყრობილეში მაინც კი დარჩა. რამდენჯერ მომხდარა, და იქნება თქვენც გამოგიცდიათ, რომელ აქედგან განათავისუფლეს კაცი, გარნა მცირე ხანს უკან აქვე შემოიყვანა და დაამწყდია მისმა ცოდვამ. პირველად სულიერი საპყრობილიდან უნდა გამოვიდეს კაცი: გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, და ხორციელი, ხილული საპყრობილისაგან მალე განთავისუფლდება. რით უნდა გამოვიდეს კაცი სულიერისა საპყრობილისაგან, ესე იგი ცოდვისაგან? სინანულით, გულისა და სულის მწუხარებით: დავით მეფემ გვაჩვენა ამის მაგალითი. როდესაც ღმერთმა შეატყობინა მისი ცოდვა, იგი შესწუხდა, გაიხადა სამეუფო ტანისამოსი და ძაძა შეიმოსა, მიწაზე დაჯდა, დაიწყო გლოვა და ტირილი: მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, აღხოცე უსჯულოება ჩემი, გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა; აღმოიყვანე საპყრობილით სული ჩემი; ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან. ესრეთ ხმობდა იგი ცრემლით და გოდებით ღვთისადმი, და ღმერთმან ისმინა მისი და აღხოცა მისი ცოდვა და აღიყვანა პირველსავე ხარისხსა მისსა.

თქვენ უფრო გმართებსთ, ძმაო ჩემნო, ტირილი და გოდება, სინანული და გულის წუხილი. არა ერთხელ განარისხეთ თქვენ ღმერთი, ვითარცა დავით, არამედ მრავალგზის. ცხოვლად წარმოიდგინე თვითოეულმა, რაოდენ გზის და რაოდენი ცოდვითა დააშავა თვისი სულიერი ღირსება, გააგდო თვისგან მადლი ღვთისა, განარისხა ღმერთი. თქვენც ცხადად შეგატყობინა ღმერთმა თქვენი ცოდვა, თვისი რისხვა. რით? მით, რომ აქ, ამ სამწუხარო ადგილს ჩაგაგდო, ეს ღვთის განგებით იყო! ყოველივე ღვთისგან დაემართება კაცსა, გარნა ცოდვილსა.

თუ ცრემლი არა გაქვს, თუ გული გაგრილებული გაქვს, აი რა ღონე იხმარე. წარმოიდგინე, როგორ იტანჯები შენ აქა, რა სახით გსურს აქედან გასვლა, შენს სახლში, შენს სოფელში მისვლა. იქაური ჰაერი, თავისუფლება, მოძრაობა, სადაც გინდა მისვლა-მოსვლა... ვინ შემოგიყვანა აქ? ცოდვამ! მაშასადამე, მოიძულე ის ცოდვა, ის შენი დამღუპველი მტერი! თუ კი აქ, ამ მცირე დროს ასე იტანჯები, წარმოიდგინე, რომ ცოდვა თუ არ შეინანე, იგი შთაგაგდებს შენ უსაშინელეს საუკუნო საპყრობილესა შინა, საიდანაც ვერავინ ვერაოდეს ვეღარ გამოგიყვანს.

თუ კარგად დაჰფიქრდები, თუ მოინანებ მთელითა გულითა და სულითა, ღმერთი მოგხედავს, მისი მადლი შენს გულს დაალბობს, ცრემლს მოგცემს, გამოიყვანს სულსა შენსა საპყრობილისაგან ცოდვათასა და მაშინ მხოლოდ იქნები თავისუფალი ამა ხილული საპყრობილიდგან. ამინ.