მოძღვრებანი თქმული სოფლის ეკკლესიათა შინა

სიტყვა თქმული ქუთაისის საპყრობილეში,
ეკკლესიის კურთხევასა ზედა, 1871 წელსა იანვრის 3-სა.

საპყრობილესა შინა ვიყავ, და მოხვედით ჩემდა. (მათე 25, 36)

უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სხვათა შორის კეთილთა მოქმედებათა, ამასაც მოითხოვს ჩვენ ქრისტიანეთაგან, რომ არ დავივიწყოთ, არამედ მივხედოთ მათ, რომელნი თვისმან უბედურებამ შთააგდო საპყრობილესა შინა. აღმასრულებელნი ესრეთისა მცნებისა, ჩვენ შემწეობითა მრავალთა კეთილ-მსახურთა ქრისტიანეთა, ავაშენეთ და მოვაწყეთ ეკლესია ესე, და დღეს, ღვთის მადლით, იგი იქმნა განახლებულ და კურთხეულ. დიდითა სიხარულითა და მადლობითა უნდა მიიღოსთ თქვენ, ძმანო და ქრისტიანენო, აქა დაპყრობილნო, ესრეთი მოწყალება ღვთისა და საზოგადოებისა! თუ ეკკლესია ვისმესთვის ქვეყანაზე არის საჭირო და სასარგებლო, თქვენთვის ასწილ უმეტესად.

თქვენ ყოველნი შეპყრობილნი ხართ აქა უთუოდ ცუდისა საქმისათვის, და მით უმეტესად საჭირო არის თქვენთვის ეკლესია, ლოცვა, სინანული, ვედრება ღვთისა. თქვენც ქრისტიანენი ხართ, მონათლულნი ხართ! ღმერთმან ნუ ჰქმნას, რომ თქვენ შორის ვინმე იყოს უღმთო, სჯულზე ხელაღებული. რაც გინდა ცოდვილი იყოს კაცი, ყოველთვის გაღებული არის მისთვის კარი ეკლესიისა. წმიდა ეკლესია არის დედა ჩვენი, რომელმან გვშვა ჩვენ ემბაზისაგან. დედა არ დაივიწყებს თავის შვილსა, როგორიც უნდა იყოს მისი შვილი. თქვენგანაც მოელის იგი სინანულსა, მოქცევასა. დედას უფრო ებრალება თვისი შვილი, უბედურებაში ჩავარდნილი. ქვეყანამ, რომ უარგყოს, საკუთარმა დედამ რომ აღარ მიგიღოს და შერცხევს შენი, წმიდა ეკლესია არ დაგივიწყებს შენ და არ დაგაგდებს, არამედ ყოველთვის ელის, რომ მიიქცე მისდამი და მიიღო მისგან სულიერი განახლება და განწმედა.

ამისთვის მადლობას უნდა შესწირვიდეთ ღმერთსა და მთავრობასა და მთელს საზოგადოებასა. ღმერთსა მისთვის, რომელ თუმცა მრავალგზის და მრავალფერად შეგიწუხებიათ იგი ცუდითა თქვენითა ყოფა-ქცევითა, ხშირად შეურაც-ჰყოფთ მადლსა მისსა, არცხვენთ სახელსა მისსა, რომელი მოგცა და გეწოდა თქვენ. მაგრამ მან მაინც არ გაგაგდო თქვენ, მაინც ელის, რომ მიბრუნდებით მისკენ. შეჰხედე, რა მოწყალებებით იტყვის უფალი იესო ქრისტე: საპყრობილესა შინა ვიყავ, და მომხედეთ მე, ესე იგი: ვინც საპყრობილეში მყოფს მიჰხედა და შეეწია, იგი მე შემეწევა და მომხედავსო, მე ვიყავი საპყრობილეში, მე შემეწიე შენაო. მთავრობას და საზოგადოებას მისთვის უნდა ჰმადლობდე, რომელ, თუმცა თქვენ მთავრობისაც, საზოგადოებისაც და მთელი ქვეყნის შემაწუხებელი იყავით, თუმცა მრავალი ჭირი და უბედურება მიაყენეთ მრავალთა კაცთა, გარნა მაინც ებრალებით მათ. მართლა, ფრიად საბრალონი და ფრიად საცოდავნი ხართ, და არა მხოლოდ მით, რომელ აქ შეპყრობილნი ხართ, დატყვევებულნი - ეგ კიდევ დიდი არაფერი იქნებოდა, არამედ ფრიად საცოდავნი და სატირალნი ხართ თქვენ მით, რომ ცოდვისაგან ხართ შეპყრობილნი, ცოდვის ტყვენი ხართ, ცოდვისაგან წარტაცებულნი და შეკრულნი. მისთვის ებრალებით თქვენ ღმერთსა და კეთილ გონიერსა კაცსა. ცოდვა არის პირველი თქვენი მტერი და დამტყვევებელი, ცოდვამ შემოგაგდო თქვენ აქ და მოგაკლო თქვენ პირველი სიკეთე კაცისა... თავისუფლება. დამიჯერეთ, ძმანო ჩემნო, როდესაც ცოდვას გააგდებ გულისაგან, თუ ოდესმე ცოდვისაგან დაგიხსნა ღმერთმა, მაშინ ამ საპყრობილედგანაც გამოხვალ. ამისთვისაც მოგვცა დღეს ღმერთმან ეს მოწყალება, რომ ეღირსეთ საყდარსა, ამისთვისაც ეცადა მთავრობა და საზოგადოება აშენებას საყდრისა ამის, დაყენებას მღვდელისას, წირვა და ლოცვის აღსრულებას, რომელ, იქმნება ვინმემ თქვენგანმა ბოლოს იცნას, რისგან წარმოსდგება მისი უბედურება, იცნას ჭეშმარიტება, მოვიდეს სინანულში, და მით დაიხსნას თავი თვისი სულიერისა ტყვეობისაგან, რათა მიენიჭოს მას ხორციელიცა თავისუფლება.

მაგრამ ეს შესაძლებელია, ძმანო ჩემნო, მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ ეცდებით და კარგად გონიერად ისარგებლებთ ამ ეკლესიითა. როგორც უწინ ვსთქვი, არავისთვის არ არის ისე საჭირო და სასარგებლო ეკლესია, როგორც თქვენთვის. თქვენი მდგომარეობა სხვა არის და მძიმე, ძმანო ჩემნო, ვინც კი სოფელში თავისუფლად სცხოვრებს და არაფერი უჭირს, იმასაც კი ჰმართებს, რომ თავის თავზე და თავის მდგომარეობაზედ ჰფიქრობდეს, და ღმერთს ევედროს, რომ გააუმჯობესოს მისი მდგომარეობა; მით უმეტესად გმართებსთ თქვენ, რომ თქვენს თავზედ იფიქროთ. როდესაც შემოგიყვანონ ამ ეკლესიაში, ძმაო ჩემო, დაჰფიქრდი შენს გულში, ჰკითხე შენს თავს: რისთვის დაგემართა შენ ეს უბედურება, ესე იგი საპყრობილეში შესვლა? ნუ ეფერები შენს თავს, ნუღარ დაჰმალავ შენს გულში შენს ბრალს, მოინანე შენი ცოდვა, ევედრე ღმერთსა, რომ გამოგიყვანოს სულიერისა ტყვეობისაგან, და მით განთავისუფლდე ხორციელისა ტყვეობისაგან. ვისაც ჭკუა სრულიად არ დაუკარგავს, ვინც სრულად არ გამოსულა სირცხვილისაგან, ვისაც აჩნია კიდევ ცოტაოდენი ადამიანობა და კაცის სინდისი, მას შეუძლია ისარგებლოს თვისი უბედურებით, თვისი უბედურება გარდააქციოს ბედნიერებად: ამ საპყრობილესაგან გამოვიდეს განათლებული და განთავისუფლებული.

ღმერთო, მოწყალეო, მაცხოვარო ჩვენო! მოჰხედე საწყალთა ამათ და დაჩაგრულთა ცოდვისაგან და ეშმაკისაგნ. განუღე მათ კარი სინანულისა და მოქცევისა. განაახლე ზოგიერთი მათგანი, რომელთაც ისურვონ, მიეც მათ ლმობიერება გულისა, და შემუსვრილება სულისა. მრავალი და დიდი შეუძლია შენსა მოწყალებასა! როგორათაც დღეს საკურთხეველსა ამას ზედა აღნთებულ იქმნა შენს წინაშე სანთელი, ეგრევე აღანთე მათ გულში ნათელი შენისა მეცნიერებისა. ამინ.