მოძღვრებანი თქმული სოფლის ეკკლესიათა შინა

სიტყვა თქმული საპყრობილის ეკკლესიაზედ ქუთაისში

ღვთის ამიერი იგი მწუხარება სინანულისა ცხოვრებისასა შეუნანებელსა
შეიქმს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარება სიკვდილსა შეიქმს.

სახლი ესე არის სახლი მწუხარებისა. უეჭველია, რომ თქვენ ძმანო ქრისტიანენო, აქა დაპყრობილნი მწუხარენი ხართ და შეწუხებულნი. თუ სხვანი კაცნი, უცხონი, შორიდგან მხედველნი თქვენი მდგომარეობისა, მწუხარებასა და სიბრალულსა ჰგრძნობენ, როგორღა შეიძლება, რომ თქვენ თვითონ არ სწუხდეთ თქვენ თავზედ. გარნა რანაირია თქვენი მწუხარება? რა გაწუხებთ თქვენ უფრო? ზემომოყვანილ სიტყვებში წმიდა მოციქული პავლე, სულით წმიდით აგვიხსნის ჩვენ, რომ მწუხარება ორნაირია: ერთი მწუხარება არის ღვთის მიერი, ანუ ღვთის გულისათვის. ღვთის მიერი მწუხარება ის არის, როდესაც კაცი სწუხს თავის უღირსებას, თავის ცოდვას, სწუხს, რომ ღმერთს განეშორა, მისი მცნება დაარღვია, ნაცვლად კეთილი საქმისა ბოროტი საქმე ჰქმნა და მით გაამწარა ზეციერი მამა. დიახ, კეთილია და პატიოსანი, ძმანო, ესრეთი სულიერი მწუხარება. იგი, როგორც იტყვის წმიდა მოციქული პავლე, გააჩენს კაცის გულში სინანულსა ცხოვრებისასა. ამით დაიწყება კაცის მოქცევა და ცხონება.

მეორე მწუხარება არის სოფლიური. ეს მწუხარება იმაში მდგომარეობს, როდესაც კაცი სწუხს რომელიმე სოფლიური ნუგეშის მოკლებასა. ზოგიერთი კაცი, თუ რომელიმე უბედურება დაემართა, სტირის და სწუხს, მაგრამ ღმერთზე აღარ ჰფიქრობს, და ავიწყდება, რომ ღვთისგან არის ყოველიფერი - კაცის მწუხარებაც და სიხარულიც, ბედიც და უბედურებაც. ნაცვლად მისა, რომ ღმერთს მადლობა შესწიროს, სასოება არ დაჰკარგოს, იგი ჰნაღვლობს მხოლოდ სოფლიურ ნუგეშის მოკლებას. ნაცვლად მისა, რომ დაჰფიქრდეს და გამოიკვლიოს რისგანაც დაემართა მას უბედურება, და მოინანოს ის ცოდვები, რომელნი იყვნენ მიზეზნი მისისა უბედურებისა, იგი ხან ღმერთს აბრალებს თავის უბედურებას, ხან ეშმაკს, ხან სხვა კაცს. ესრეთი სოფლიური, ხორციელი მწუხარება, როგორც იტყვის წმიდა მოციქული პავლე, სიკვდილს გააჩენს, მოჰკლავს კაცს.

ახლა კიდევ გკითხავ მე თქვენ: რომელი ამ ორთა მწუხარებათა არის თქვენ გულში? თავიდანვე ვსთუვით, რომ არ შეიძლება თქვენს გულში არ იყოს მწუხარება, მაგრამ ღვთის მიერი მწუხარება არის, თუ სოფლისა თვითოეულის თქვენგანის გულში? თუ ვინმე თქვენგანი მარტო იმაზედ სწუხს, რომ დაჭერილია აქა, თავისუფლებას მოკლებულია, მარტო იმას ჰფიქრობს, რომ ვაი თუ დაჰსაჯოს ხორციელმა მთავრობამ, ის კაცი მართლა საცოდავია და უბედური. ამისათანა მწუხარება იმას არაფერს კეთილს არ მოუტანს. ის კაცი აქედგან რომ გავა, ხელ-ახლა შეუდგება იმ საქმეებს და იმ ცოდვებს, რომელთა იგი ამ საპყრობილეში შემოაგდეს; მაშასადამე, უარესად გაფუჭდება და დაეცემა, და ბოლოს სიკვდილით გათავდება მისი მწუხარება. არა, ძმანო ჩემნო! აქ, ამ უბედურ სახლში ღვთისა მიერი მწუხარება უნდა იყოს თქვენს გულში! იმისთვის უნდა სწუხდეთ, რომ თქვენ თქვენმა ცოდვამ დაგღუპათ, ღვთისაგან განგაშორათ, უბედურებაში ჩაგაგდოთ; ღვთის გულისათვის უნდა შეიწუხოთ თავი, რომ მოაკლდით ღვთის მადლსა, ზეციერსა მამას განეშორენით, ოდესმე შვილნი ნათლისანი, შეიქმენით შვილნი ბნელისა და ცოდვისა. თუ იმას, ჰფიქრობთ, თუ ამით შეიწუხებთ თქვენს გულსა, მაშინ გაჩნდება თქვენს გულში სინანული ცხოვრებისა, ეს იქნება დასაწყისი თქვენი მოქცევისა და გაცოცხლებისა. თუ აქაც არ დაჰფიქრდებით, თუ ამისთანა მდგომარეობაში მყოფთა არ შეინანებთ, მაშ როდისღა დაჰფიქრდებით, როდისღა შეინანებთ? არც უნდა სწუხდეთ იმისათვის, რომ დაჭერილნი ხართ საპყრობილეში, არამედ კიდეც უნდა მადლობა შესწიროთ ღმერთსა. ღვთის განგებად შეჰრაცხეთ, რომ ამ საპყრობილეში ჩავარდით, ამით გიწოდებს ღმერთი სინანულისათვის და მოქცევისათვის. თუ შეინანებთ, უწინდელი საქმეები მოიძულეთ, გაცოცხლდებით, სცხონდებით; თუ აქაც არ გაიღვიძეთ და არ გამოიცვალეთ ხასიათი, საუკუნო უბედურებასა და სიკვდილს მიეცემით, რომელიც და განგაშოროთ თქვენ და ჩვენ ყოველთაგან მაცხოვარმა უფალმა იესომ, არამედ მოგვცეს სინანული ცხოვრებისა შეუნანებელი. ამინ.