წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება თეოდორობის კვირიაკესა პარასკევსა ზედა,
კოლივას ანუ წანდილის კურთხევის წინად 1869 წ.

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! აწინდელსა პირველსა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა ჩვენში უწოდებენ თეოდორობის კვირიაკედ. ეს მისთვის, რომ ეკლესიური წესდებულებისამებრ დღეს ეკლესიასა შინა იკურთხების წირვის შემდეგ მომზადებული ხორბალი, რომელსა მდაბიურადვე ეწოდება წანდილად, ხოლო ეკლესიას წიგნთა შინა კოლივა. ვინ იცის, რამდენჯერ გინახავთ თქვენ ყოველთა ეს წესი. გარნა, რომ ჰკითხოს კაცმა ვისმეს თქვენს შორის, როდის გაჩნდა ეს წესი ეკკლესიასა შინა, რისთვის მოიტანებენ დღეს მორწმუნენი კოლივას, ანუ წანდილსა, და ნაკურთხსა მიიღებენ და სჭამენ თვით ეკლესიაში, ერთი სიტყვით, რას ნიშნავს ეს წესი? ამაზე ას კაცში ერთიც ვერ მისცემს სწორე პასუხსა, ისეთი დაუდევნელი ვართ ჩვენ ცნობად, რას მოასწავებენ ეკკლესიური წესნი და რას გვასწავლიან იგინი. ახლა მაინც შევიტყოთ რა არის, რისთვის არის დღეს ეკკლესეიაში წანდილის კურთხევა. მეოთხესა საუკუნესა შინა, შემდგომად ქრისტეს შობისა, რომის სამეუფოს ტახტსა ზედა აღვიდა ერთი იმპერატორი, სახელით ივლიანე. თუმცა მშობელნი მისნი იყვნენ ქრისტიანენი, და იგიცა იყო მონათლული სიყმაწვილესა შინა, გარნა, როდესაც მიიღო მეფობა, უარჰყო ქრისტეს სახარება და, განსაცვიფრებელად და შესაწუხებელად ყოველთა ქრისტიანეთა, იგი შეიქნა მდევნელი ქრისტიანეთა და მოინდომა მოსპობა ქრისტიანობისა სამეფოსა შინა თვისსა. სხვათა მზაკვარებათა და მანქანებათა შორის წინააღმდეგ ქრისტეს სჯულისა, მან ერთხელ განიზრახა ესეცა: როდესაც დადგა დიდი მარხვა, იცოდა მან რა კრძალულებით და სიწმინდითა განატარებენ ქრისტიანენი დღეთა ამათ, მოინდომა შებილწება მათი ნაკერპავითა საჭამადითა. ამ განზრახვით მან საიდუმლოდ მოუწოდა უფროსთა მოვაჭრეთა, კერპ-მსახურთა და დაარიგა იგინი სავაჭროთა ადგილთა შინა ყოველ საჭამადში აურიონ ნაკერპავი სისხლი მისთვის, რომ ღარიბნი ქრისტიანენი, ყოველ დღე მყიდველნი სავაჭროთა ადგილთა შინა ჭამადისა, შებღალონ უწმინდურითა ნაკერპავითა და მით შთავარდენ დიდსა განსაცდელსა. გარნა განგებამან ღვთისამან დაარღვია განზრახვა ესე უღმერთოისა მის ივლიანე მეფისა. იმავე ღამეს, როდესაცა მან მისცა ეს ბრძანება, წინამდგომელსა ეკლესიისასა გამოეცხადება არა სიზმრად, არამედ ცხადად, ერთი ნათლით შემოსილი, მშვენიერი მხედარი-ჭაბუკი; იგი შეატყობინებს მას მეფის ბოროტგანზრახვასა და უბრძანებს მას, რათა დაიფაროს სამწყსო თვისი ბოროტისა ამის განზრახვისაგან. გაკვირვებული ეპისკოპოსი ჰკითხავს მას, ვინ არის იგი და რა სახით შეიძლება გამოიზარდოს ეგოდენი ერი, ყოველ დღე მყიდველი სავაჭროთა ადგილთა შინა დღიურისა საზრდოისა? მაშინ ჭაბუკი იგი განუცხადებს მას, რომელ იგი არის თეოდორე ტირონი, ანუ მხედარი, რომელმან მიიღო წვალება სარწმუნოებისათვის უწინარეს ასისა წლისა, და დაარიგებს მას, რომ დასაცველად სამწყსოისა თვისისა ნაკერპავის უწმინდურისა საჭამანდისაგან მან უნდა უბრძანოს წმინდად შემზადება უბრალო მოხარშული ხორბლის, აკურთხოს იგი და დაურიგოს ყოველთა და მით გამოზარდოს ქრისტიანები მათ დღეთა შინა. მწყემს-მთავარმა აღასრულა ბრძანება მისი, განმავლობასა შინა რაოდენიმე დღისასა იგი ზრდიდა ყოველთა ქრისტიანეთა ესრედ შემზადებულითა წანდილითა. ეს არის ის შემთხვევა, რომელსაც იხსენებს ეკლესია აწინდელითა წანდილის კურთხევითა. მაშასადამე, როდესაც ხედავ წესსა ამას, პირველად მადლობა შესწირე ღმერთსა, რომელი არა დაუტევებს ერთგულთა მსახურთა თვისთა განსაცდელში, არამედ შეეწევა მათ; მეორედ, ამა წესის აღსრულებამან გვასწავლოს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მარხვას. თუ მარხვას დიდი მადლი არ ჰქონდეს, რისთვის მოახდენდა დღეს ღმერთი ესრეთსა დიდსა სასწაულსა, რისთვის დასტოვებდა საკვირველი იგი ჭაბუკი თეოდორე ზეცასა და დაარიგებდა მწყემსსა ეკკლესიისასა? მართლა მარხვას დიდი მნიშვნელობა აქვს კაცისათვის! ვინც გულ-წრფელად მარხულობს, ამით ამტკიცებს, რომ იგი არის მორჩილი, თავმდაბალი შვილი ეკლესიისა. გარეშე ამისა მარხულობა არის აღვირ-სხმა ხორციელთა ვნებათა და აღძვრათა, აგრეთვე სულიერთა გულის ზრახვათა. ვინც მარხულობს იგი ეძიებს სულიერსა წარმატებასა, ანგელოზების მზგავსებასა, და ვისაც მარხვა არ უყვარს ამით ემზგავსება იგი პირუტყვთა და არა ანგელოზთა; პირუტყვთა არა იციან მარხვა. ვინც მარხულობს, იგი ნანობს ცოდვათა, მხურვალედ და თავისუფლად ლოცულობს. მაშასადამე, ნუ ვინმე იტყვის, რომ მარხვა იყოს რაიმე მცირე და უსარგებლო საქმე. მართალია, ჩვენში, ღვთის მადლით, მრავალთა იციან გულ-მოდგინედ მარხვა, გარნა ის კი ცუდია, ზოგჯერ და ზოგიერთნი მარხვას მიაწერენ ზომაზე მომეტებულსა ღირსებასა, მარხვაზე აქვთ გარდამეტებული სასოება. როგორც ვსთქვით პატიოსანია მარხვა და სასარგებლო, გარნა მხოლოდ მაშინ და მით, როდესაც იგი შეერთებულია სხვათა კეთილთა საქმეთა თანა, სინანულისა, ლოცვისა, აღსარებისა თანა. მარხვა შეეწევა წრფელსა სინანულსა, ლოცვასა, სათნოებათა, როდესაც იგი გააუმჯობესებს, ვითარცა შინაგანს კაცის თვისებასა, ხასიათსა, აგრეთვე გარეგანსა მისსა ქცევასა და ცხოვრებასა, რომელიც და მოგვანიჭოს ღმერთმა. ამინ.