წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა კვირიაკესა უძღების შვილისასა

ლუკ. 15. 11-32

ვგონებ, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, რომ თქვენ ყოველთა ყურადღებით მოისმინეთ დღეს წაკითხული სახარებისაგან იგავი უძღებსა შვილსა ზედა და გახსოვსთ, რა იყო თქმული მას შინა. ამისთვის არ გავიმეორებ მას ეხლა თქვენს წინაშე, არამედ ვეცდები გამოვიყვანო მისგან ის საწავლა, დარიგება, რომელსა ჩვენ იმითი გვაძლევს მაცხოვარი.

იგავი ესე ვრცელი, მშვენიერი და ფრიად აღმაშენებელი, უწინარეს ყოვლისა შეგვაგონებს ჩვენ რა სახით, რა ზომად დაეცემა, გაფუჭდება ცხოვრება და ზნეობა კაცისა მის, რომელი გაშორდება ღვთისაგან, არ ემორჩილება მის სჯულსა, არამედ დაემონება ყოველთა ცოდვათა და ვნებათა, ერთი სიტყვით სცხოვრობს უღმერთოდ. როგორადაც უძღები იგი შვილი, გამოართვა რა მამასა თვისსა ყოველი ნაწილი, რაიცა მას ერგებოდა სამკვიდრებელისაგან, წავიდა შორს ქვეყანას, დაიწყო მუნ გარყვნილი და უწმინდური ცხოვრება, დააბნია ყოველი-ფერი თვისი ქონება, მერმე ისე დაგლახაკდა სულითაც და ხორციელად, რომელ ღორების მწყემსად დააყენეს. მზგავსადვე კაცი, რომელი განეშორება ზეციერსა მამასა, აიგდებს უღელსა საღმრთოისა სჯულისასა, დაგლახავდება, დაეცემა და დამახინჯდება სულიერად, მოაკლდება ყოველსა სულიერსა ნიჭსა და მადლსა ღვთისაგან მინიჭებულსა, და დაემზგავსება უწმინდურსა პირუტყვსა.

გარნა, ძმანო ჩემნო, თუ ვისურვებთ, რომ ამ იგავისაგან სრული და შესაფერი ჩვენთვის სწავლა გამოიყვანოთ, ერთს მის აზრზედ, ანუ კერძოზედ უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება. ამ იგავში გამოხატულია ერთობ და ნამეტნავად, გაფუჭებულის და გარყვნილის კაცის მდგომარეობა, უკიდურესი დამახინჯება და დაცემა კაცისა. ეს ამისთვის, რათა უფრო მტკიცედ აღიბეჭდოს ჩვენს გულში, რა სახით წაახდენს და გააფუჭებს ცოდვა და ღვთისაგან გაშორება კაცსა. გარნა ამ სახით გაფუჭებულნი და დაცემულნი კაცნი, როგორადაც უძღები შვილი, გამოყვანილი იგავსა შინა, მრავალნი არ არიან და ნურცა ქმნას ღმერთმან, რომ იყვნენ ქრისტიანეთა შორის. ახლანდელი ქრისტიანების ზნეობითი მდგომარეობა უფრო სხვა არის, იგი საშუალია, ესე იგი: უმეტესი ნაწილი აწინდელთა ქრისტიანეთა შორის არ არიან ისრე განშორებულნი ზეციერისა მამისაგან, როგორც უძღები შვილი, გარნა არც ის ითქმის მათზედ, რომ იგინი იყვნენ ახლო ღმერთთან, ანუ იყვნენ მის სახლში. ამაზედ უნდა დაფიქრდე შენ, ძმაო, და ეს უნდა კითხო შენს თავს: იმყოფები თუ არა თვით სახლსა შინა მამისა შენისასა? იქნება მზგავსად უძღებისა შვილისა არ წასრულხარ შორეულს ქვეყანაში, არ დაგიბნევია ყოველიფერი შენი სულიერი ქონება, გარნა იქნება არც ღვთის სახლში ხარ და არც მისი სახლის ეზოში, არამედ გარეშე ეზოისა, ესე იგი: არც თბილი ხარ, არც ცივი, არამედ გრილი, ვითარცა აყვედრებდა წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი ზოგიერთთა ქრისტიანეთა ესრეთი მდგომარეობა, ჩემის აზრით, უფრო საშიშოა და საეჭვო, იგი ატყუებს კაცს: უძღები შვილი, თუმცა შთავარდა უკიდურესსა მდგომარეობასა შინა, გარნა, ბოლოს, თვით ამ საშინელმა მისმა მდგომარეობამ მოიყვანა იგი გონზედ, შეაშინა, გააღვიძა, აიძულა შენანებად და მოქცევად მამისა მიმართ მისისა. შენ კი, იქმნება, ისე არა ხარ დაგლახაკებული სულიერად, როგორც იგი უძღები და გგონია, რომ არცა ხარ ღვთისაგან განშორებული, იმყოფები ზეციერსა მამასათანა, მაშინ როდესაც ხარ ღმერთთან ახლო, არა ხარ თვით მის სახლში. იმას კი არ ვამტკიცებ, რომ უკიდურესი წახდენა უძღები შვილისა უმჯობესია, ვიდრეღა შენი საშვალი მდგომარეობა, არამედ იმას შეგაგონებ, რომ კარგად შეიტყო, ხარ შენ თვით შინაგან სახლისა უფლისასა, ანუ მხოლოდ ეზოსა შინა, ანუ იქმნება სულ გარეშე ეზოისა. ვაი, თუ ატყუებ შენს თავს, ვაი, თუ ცრუ რაიმე იმედი გაქვს და მით დაძინებულია შენი სინიდისი. მართალია, ხან-და-ხარ მიხვალ ეკლესიაში, რომელიც არის ღვთის სახლი, ხან-და-ხან ეზიარები, დიდი რამე და მძიმე ცოდვა არ შეგმთხვევია, კაცის მკვლელი არა ხარ, მაგრამ მაინც არა ხარ უმჯობესი სხვათა კაცთა, არამედ ვითარცა ერთი ათასთა და ბევრეულთა სოფლის კაცთა შთაფლულთა სოფლის ამაოებასა შინა. ეს არ არის საკმაო, ვერ შეხვალ ამით სასუფეველსა შინა! აბა, როდის იქმნები შენ ღვთის სახლში. რა უნდა ჰქნას კაცმა, რომ იგი სწორედ იყოს სახლსა შინა ღვთისასა დამყარებული? იგი უნდა ეცადოს და ყოველი ღონე უნდა მოახმაროს, რომ თვით მისი სული და გული, და, ბოლოს, თვით სხეული გარდაიქცეს ღვთის ტაძრად და სადგომად, მან უნდა შეამკოს თავი თავისი სათნოებითა, სიწმინდითა, სასოებითა და უმეტესად სიყვარულითა. და მხოლოდ მაშინ შეიქმნება იგი ღვთის სადგურად სიტყვისამებრ უფლისა: უკეთუ ვისმე ვუყვარდე მე და სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, მამამანცა ჩემმან შეიყვაროს იგი და მოვიდეთ მისსა და მისთანა დავადგრეთ (იოან. 14, 23).

გარნა ეს ძვირად მოხდება, რომ ვინმე ამ წუთს და ამაო სოფელში ეღირსოს ამისთანა მადლსა, აღვიდეს ესრეთსა დიდსა ხარისხსა სათნოებისასა, რომ შეიქნეს ტაძარი ცხოველი ღვთისა. მაშასადამე ჩვენ ყოველთა ერთიღა დაგვრჩა საშუალება. თუ გსურს, ძმაო, არ დაემზგავსო უძღები შვილის დაცემასა და დაგლახაკებასა, ჰბაძევდი მისსა მოქცევას და სინანულსა; შეიძინე სინანული, გული შემუსვრილი და მდაბალი სული. ეცადე, რომ მარადის იყოს შენს შორის ცხოველი გრძნობა სულიერისა უღირსებისა, ეცადე, რომ ყოველთვის ცრემლით ევედრო ღმერეთსა, ვითარცა უძღები იგი: მამაო, ვსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, და აღარა ვარ ღირსი ძედ წოდებად შენდა, მყავ მე ვითარცა ერთი მონათა შენთაგანი. ამინ.