წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა უძღების კვირიაკესა ზედა

და აღსდგა და მივიდა იგი მამისა თვისისა (ლუკ. 15. 20)

აწინდელი სახარება გვიქადაგებს ჩვენ სინანულსა, მით რომ დაგვიხატავს ცხოველად სინანულსა უძღებისა შვილისასა. არ შეგვიძლია ჩვენ დღეს ვრცლად, ყოვლის კერძოდ, ავხსნათ მშვენიერი ესე იგავი, თქვენს წინაშე წაკითხული, მხოლოდ აღვწერ ერთსა კერძოსა სინანულისასა.

სინანული იგი უძღებისა შვილისა იყო გულ-წრფელი, გადაწყვეტილი და ნამდვილი. მან სრულიად შეიგნო თავისი ცოდვა, სიმდაბლით აღიარა იგი ღვთის წინაშე, და მერმე თვით საქმით აღასრულა სინანული, ე.ი. უარ-ჰყო, უკუ აქცია თავისი ცოდვა, გამოიცვალა ცხოვრება. ამისთვის მამაც სიხარულით მიიღებს მას, ივიწყებს ყოველთა მისთა ცოდვათა, მოუწოდებს ყოველთა მისთა მეგობართა, რათა მონაწილე იქმნენ მისისა სიხარულისა, რამეთუ ძე იგი მისი მომკვდარიყო და განცოცხლდა, წარწყმედილი იყო და იპოვა.

სამწუხაროდ, არა ყოველთვის ესრეთი გულწრფელი და ჭეშმარიტი არის სინანული აწინდელთა ქრისტიანეთა. საუბედუროდ, მრავალ გზის სინანული აწინდელთა ქრისტიანეთა არის ცრუ და უნაყოფო. რომელი სინანული არის ცრუ და უნაყოფო? ის, როდესაც კაცი ნანობს გარეგანობით, საჩვენებელად კაცთა, ანუ უბრალო ჩვეულებისამებრ. მეფემან და წინასწარმეტყველმან დავით, მსგავსად უძღებისა შვილისა მის, მიიღო შენდობა ცოდვისა მისთვის, რომ სინანული მისი იყო გულწრფელი და ღრმა: შენ მხოლოსა შეგცოდე. ღაღადებდა იგი წინაშე ღვთისა, დავშვერი სულთქმითა ჩემითა, დავალბე ცხედარი ჩემი ცრემლითა...

საულ მეფემ არ მიიღო ღვთისაგან შენდობა, თუმცა მანცა სთქვა წინაშე სამუელ წინასწარმეტყველისა: შევცოდე! მისთვის, რომ მან არა გულწრფელად სთქვა ეს სიტყვა, არამედ ეშინოდა არ მოაკლდეს პატივი წინასწარმეტყველისაგან და არ შერცხვეს წინაშე ერისა. აწინდელიცა ქრისტიანენი ხშირად ემზგავსებიან მას, მრავალნი მათგანი ეკლესიაში დადიან, აღსარებას იტყვიან, ეზიარებიან, მაგრამ ამას იქმენ საჩვენებლად კაცთა: ქვეყანამ არ დამძრახოსო! რამდენჯერ ზოგიერთი კაცი, თუმცა დიდ ცოდვაში ჩავარდება, მაგრამ სრულიად არ შესწუხდება, არ შერცხვება, ვიდრემდის მისი ცოდვა დაფარული არის, არავინ არ იცის. გარნა როდესაც ქვეყანამ შეიტყო, და იწყო მისი განმტყუნება და განკითხვა, მაშინ კი შერცხვა, შეწუხდა, ერთი სიტყვით, შევიდა სინანულში, მაგრამ ამისთანა სინანული არის ცრუ და უნაყოფო. ის იმისთვის კი არ სწუხს, რომ შესცოდა წინაშე ზეციერისა მამისა; ის სწუხს იმას, რომ ქვეყანამ შეიტყო, საზოგადოებაში შერცხვა.

უძღები შვილი იტყოდა: ვსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, და არა ღირს ვარ წოდებად შვილ შენდა. ის სწუხდა იმაზედ, რომ ზეციერსა მამას განეშორა და მოაკლდა მის სიყვარულს, მამა-შვილობას.

ზოგჯერ სინანული გაუჩნდება კაცს მარტო შიშისაგან, ეშინია, ღმერთმა არ დამსაჯოს ჩემი ცოდვებისათვის და ჯოჯოხეთში არ ჩამაგდოსო. რა უნდა ვსთქვათ ამისთანა სინანულზედ? - ისა, რომ დასაწყისში ესეც კარგია.

საღვთო წერილიც შეგვაშინებს ჩვენ საუკუნოისა სასჯელსა, იგი გვაშინებს ღვთის განრისხებითა და ჯოჯოხეთის სასჯელითა: გარნა მარტო შიშით არ უნდა იყოს სინანული. უმეტესად ნაყოფიერი და ჭეშმარიტი სინანული სიყვარულითგან იშობა. თუ გსურს, ძმაო ჩემო, რომ სინანული შენთვის იყოს მეორე შობა, მზგავსად ნათლის-ღებისა, ეცადე რომ შენი სინანულიც იყოს ნაყოფი სიყვარულისა, სწუხდე და სტიროდე, რომ განეშორე ზეციერსა მამასა.

ხშირად მოხდება კიდეც, რომ კაცი მონანული მიზეზობს, სხვა და სხვა გარემოებას მოიყვანს შესანდობლად მისთა ცოდვათა. ეშმაკმა მაცდუნა, ამხანაგმა ამიყოლიაო. ქურდები იტყვიან: სიღარიბისა გამო ვქენიო. გემტერება შენ ვინმე და მას იხსენებ - მისი ბრალი არისო, იმან არ მომასვენაო, და სხვა ამისთანა მიზეზებს მოიყვან. აღსარებაშიც წინაშე მოძღვრისა ზოგიერთი ნაცვლად მისა, რომ გულწრფელად აღიაროს ცოდვილი ვარო, ჩემი ბრალი არისო, მრავალ მიზეზს მოიყვანს შესანდობლად თვისისა ცოდვისა. განა არ შეეძლო დავით მეფესაც მოეყვანა მიზეზები თვისი ცოდვისა, გარნა არა! იგი იტყოდა: შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვყავ, ცოდვა ჩემი მარადის ჩემს წინაშე არს, მან უწყოდა, რომ გული შემუსვრილი და სული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არ შეურაცხ-ჰყოს, და შეიმუსრა სული, შეიწუხა გული, დაემხო ღვთის წინაშე სიმდაბლით.

ხშირად მოხდება ისიც, რომ კაცს აქვს ერთი რომელიმე ცოდვა დაჩემებული და შეყვარებული; თუმცა ნანობს, მაგრამ არ შეუძლია იმ ცოდვის დატოვება. ნიშანი ჭეშმარიტისა სინანულისა ის არის, რომ კაცმა დატოვოს და მოიძულოს მისგან შეყვარებული და შეჩვეული ცოდვა. დავით წინასწარმეტყველს ფრიად უყვარდა ერთი მისი შვილი, აბესალომი, თუმცა ეს აბესალომი იყო უღირსი და ბოროტი. მან უღალატა მამას, გადიბირა მრავალნი მისი ქვეშევრდომნი, აღსდგა მასზედ, სურდა მისი მოკვლა და მიღება მისის სამეფოისა. დავით მეფემ გაგზავნა მაზედ მხედრები საომრად, მაგრამ მხედართმთავარსაც და მხედრებსაც დააბარა, რომ აბესალომს არ შეეხონ. ვინც აბესალომისაგან იყვნენ შეცდომილნი, მოტყუებულნი, ისინი კი უნდა დაეხოცათ, და მაცდური, თავი ცოდვისა, აბესალომი, უნდა დაეზოგათ. მზგავსადვე ვიქცევით ჩვენცა, აწინდელნი ქრისტიანენი? ხშირად ვნანობთ სხვა და სხვა წვრილ-წვრილ ცოდვებს, და კიდეც მოვიშლით მათ, მაგრამ რომელიც არის ფესვი და თავი ცოდვისა იმას არ შევეხებით, იმას დავზოგავთ, ის არის ჩვენი აბესალომი, შეყვარებული.

აღსარებაში ხშირად აღვიარებენ ქრისტიანენი: სიცრუე გვითქვამსო, ჩხუბით ბევრს ვაწყენინეო, და ეს ცოდვები სიდგან დაიბადენ, ის კი დაავიწყდათ, ამპარტავანი რომ არის, და ანჩხლი, ის არ აღვიარა. აბესალომი დაზოგა და მისგან შობილი ცოდვა მოსპო. ზოგიერთის კაცის გულში მთავრობს განუზომელი სიხარბე, ანგაარება; ყოველი მისი ცოდვები აქეთგან წარმნოსდგებიან. რამდენი კაცი დასჩაგრა, რამდენისაგან ქრთამი მიიღო, ეკლესიის ქონებაც არ დაზოგა, გარნა იგი არაოდეს არ აღიარებს ანგაარი ვარო, ხარბი-ვარო: აბესალომს, მიზეზს ყოველთა თვისთა ცოდვათა ჰფარავს, და სხვა რომელიც წვრილი ცოდვები იშვა აბესალომისაგან, ცალ-ცალკე აღიარებს. ყოველი მავნებელი მცენარე ფესვიანად თუ არ ამოსთხარე, ძმაო, მიწითგან ისევ აღმოსცენდება, უფრო გაღონიერდება. ვეცადოთ, ძმაო ჩემო, გულწრფელი და სრული გონიერი სინანული მივართვათ უფალსა მომავალსა ამას დიდ მარხვასა შინა. ამინ.