წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება, თქმული ხონის სობოროში, ჩყჲვ წელსა

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!

დღეს ჩვენ განვიზრახეთ უბნობა თქვენთანა ორთა, ანუ სამთა საგანთა ზედა, რომელთა თუმცა არა აქვსთ კავშირი არცა თქვენის ტაძრის აწინდელსა დღესასწაულსა-თანა, არცა, იქმნება, ურთიერთთა შორის, გარნა შეხედვისა-მებრ აწინდელისა დროებისა და თქვენთა სულიერთა საჭიროებათა და ნაკლულევანებათა, ჩვენ ვსთვლით ერთობ საჭიროდ და სასარგებლოდ თქვენთვის. რომელნი არიან ეს საგანნი? პირველად გამოცდილებამა ჩვენის ქვეყნის მდგომარეობისა და აქაურთა მცხოვრებთა ზნეობისა გვასწავლა ჩვენ, რაზომად საჭირო არს და მიუცილებელ, რომ ჩვენ, სულიერნი მოძღვარნი თქვენნი, ხშირად, დაუცხრომელად გაფრთხილებდეთ და გაღვიძებდეთ თქვენ ეკკლესიაში, წირვა-ლოცვაზე შიშით, დუმილით და მორიდებით დგომად და სმენად ღვთის მსახურებისა. ერთობ დამნაშავე ვართ ჩვენ, იმერეთის მცხოვრებნი, ამ საქმეში; არ ვიცით, არა ვართ მიჩვეულნი ეკკლესიაში მორიდებით ქცევასა და ის უმეტესად არის აქ სამწუხარო, რომელ არა თუ ერის კაცნი, არამედ თვით სამღვდელონი, ეკკლესიის მსახურნი აქაურნი, არ არიან მიჩვეულნი ეკკლესიაში ჯეროვნად მოქცევასა. ესენი რომ იყვნენ მარადის კრძალვით საყდარში მდგომარენი, ამათგან უთუოდ ერის კაცნიცა ისწავლიდენ კრძალვით დგომასა წირვა-ლოცვაზე, გარნა საუბედუროდ, ნაცვლად ეკკლესიისა მაგალითისა, უკანასკნელნი ხედვენ ცუდსა ამას ჩვეულებასა თვით მოძღვართა შინა თვისთა.

გლოცავ თქვენ, ძმანო ჩემნო, ისწავლეთ და მიეჩვიეთ ეკკლესიაში დუმილით და კრძალვით ლოცვასა. ვგონებ, რომ ზოგიერთნი ამ დაბის მცხოვრებნი მოვაჭრენი კი ყოფილ-ხართ რუსეთში და გინახავსთ, რა სახით დგანან იქ მართლ-მადიდებელნი საყდრებში. ათასი კაცი რომ იდგეს საყდარში წირვაზე, ისრედი დუმილით არის, რომ გეგონება, ორი კაციც არ არისო. ჩვენც ისე უნდა ვისწავლოთ დგომა ეკკლესიაში.

ეს იყო პირველი საგანი, რომელსა ზედა ჩვენ გვსურდა უბნობა თქვენთანა. მოკლედ მოგახსენეთ თქვენ ამ საგანზე, თუმცა კი შეგვეძლო გაგრძელება სიტყვისა. ეს მისთვის, რომ კაცი ღვთის მოყვარე და გონიერი მოკლე სწავლითაცა დიდად ისარგებლებს, ხოლო უკრძალველისა და დაფანტულისა კაცისათვის გრძელი სიტყვაცა იქმნება ერთი მხოლოდ მოწყინება.

მეორე საგანი, რომელსა ზედა გვსურდა ჩვენ უბნობა თქვენთანა, არის ესე: უმეტესმა ნაწილმა ჩვენს ქვეყანაში არ იცის, რა არის ფიცი, როგორ უნდა იხმაროს კაცმა ფიცი, როდის აქვს ფიცს ძალა და როდის არა. უწესოდ და უგუნურად ფიცის ხმარება დიდსა ზარალსა და ვნებასა აძლევს, ძმანო ჩემნო, ზნეობასა აქაურთა მცხოვრებთასა. მრავალი ცოდვა გაჩენილა სხვათა და სხვათა სოფელთა შინა უგუნურებითა დაფიცებითა, მრავალი კაცი დაიღუპა, მრავალი კაცი წარწყმიდა უწესო დაფიცებამ. ამისთვის ჩვენ, სულიერნი თქვენნი მოძღვარნი, ვართ ვალდებულნი აღვამაღლოთ ხმაი ჩვენი და გაგაფრთხილოთ ამ საგანზე.

რაი არს ფიცი? ფიცი ის არის, როდესაც კაცი ვინმე, მთავრობის განჩინებისა-მებრ, დასწრებითა შემოსილისა მღვდლისათა დადგება ჯვარისა და სახარებისა, ანუ სასწაულმოქმედისა ხატისა და მოუწოდებს ღმერთსა მოწმედ, რომელ იგი იტყვის სიმართლესა, ანუ აღასრულებს რომელსამე აღთქმასა. აჰა, ჭეშმარიტი ფიცი! მაშასადამე კერძოობითსა ფიცსა, თვინიერ მთავრობის განჩინებისა და თვინიერ შემოსილი მოძღვრისა ანუ მღვდლის დასწრებისა, არა აქვს ძალა და მადლი; იგი არის ცრუ და წინააღმდეგი მოქმედება. გარნა რაოდენ-გზის მომხდარა სოფლებში, რომელ რაოდენთამე პირთა კერძოობით და საიდუმლოდ შეუფიცავსთ, ანუ დაუსდვიათ ფიცით აღთქმა ერთი-მეორესთან რომელსამე პირობასა ზედა. ესრედი მოქმედება, სრულიად წინააღმდეგი და მავნებელი ზნეობისა, არის მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში; სხვაგან არ გამიგონია, რომ იყოს. გარნა აქ კიდევ ის არის სჯულის საშინელი წინააღმდეგი და უგუნური საქმე, რომ ესრედსა ცრუსა ფიცსა ერთმანეთს მისცემენ ზოგიერთნი არა რომელსამე კეთილსა საქმესა ზედა, არამედ ბოროტსა და ცოდვილსა საქმესა ზედა; მაგალითებრ, ხშირად მომხდარა, რომელ მთელი სოფლის მცხოვრებთა შეუფიცავთ საიდუმლოდ ერთმანეთს შორის მაზედ, რომელ ერთად უმტეროთო, შევაწუხოთო და გავაფუჭოთო რომელიმე კაციო. კარგს და სასარგებლოს საქმეზედაც რომ შეფიცონ კაცთა ერთმანეთს, თვინიერ მთავრობის ნებართვითა და მღვდლის დასწრებითა, იგიცა იქმნება წინააღმდეგი სჯულისა, თორემ ცუდს საქმეზე, მტერობაზე, რასაკვირველია, ასწილ უცოდვილესი არის.

აჰა, ძმაო, რა ცუდი და მავნებელი ჩვეულება არის ზოგიერთს ადგილებში. ამაზედაც გლოცავ, მოერიდე ესრედს საქმესა, ნურაოდეს ნუ ეზიარები უსჯულოსა საქმესა, და ნუ გექმნება ნაწილი უღმრთოთა-თანა. და თუ გნებავს შეიტყო, რა საშინელი ცოდვა არის უსაფუძვლო და უგუნური ფიცი, ერთი მხოლოდ მაგალითი მოიხსენე. გაგიგონია და იცი, ვინ და ვითარი კაცი იყო იოანე ნათლის-მცემელი, რომელსა ზედა თვით მაცხოვარმან ბრძანა, რომელ დედა-კაცთაგან ნაშობი არავინ აღმდგარა მასზედა უდიდესი წინასწარმეტყველი. უთუოდ ისიც გაგიგონია, რომ ესრედსა კაცსა უღმერთომან იროდი მეფემ თავი მოჰკვეთა; მაგრამ იქმნება არ იცი, რამ აიძულა, რამ გააბედვინა მას ესრედი საქმე; იქმნება შენ ფიქრობ, რომ იროდის სძულდა იოანე? არა! მას კიდეც უყვარდა იგი, იცოდა, რომ იგი იყო დიდი წინასწარმეტყველი. აბა რისთვის ქმნა ესრედი უცნაური საქმე, რომ მოკვეთა საღმრთო თავი წინასწარმეტყველსა? საშინელი ესე საქმე მოხდა უგუნურისა დაფიცებისაგან. იროდის მოეწონა ცეკვა ანუ როკვა ერთისა ქალის იმ ზომად, რომ ფიცით აღუთქვა, რასაც მთხოვ, იმას მოგვცემო. როდესაც ამ ქალმა, შეგონებულმა თვისის დედისაგან, სთხოვა თავი იოანე ნათლისმცემლისა, მაშინ კიდეც სწუხდა უგუნური მეფე იგი თვისი უგუნური ფიცის აღთქმისაგან, და თუმცა უმჯობესი იყო მისთვის დაევიწყნა თვისი უღმერთო ფიცი, გარნა აღასრულა იგი, მოჰკვეთა თავი იოანესა და მისცა ლანგრითა ბილწსა დედაკაცსა. აჰა რას მოახდენს ზოგჯერ უგუნურის ფიცი! სწორედ ესრედვე მოხდება ხშირად ჩვენ სოფლებში: შეჰფიცვენ ერთმანეთს რომელსამე ცუდს საქმეზე, მერმე თვითონაც ხედვენ, რომ ცუდათ მოიქცნენ, მაგრამ რა ვქნათო, დაფიცებულნი ვართო. უგუნურო და საწყალო! ან არ უნდა დაგეფიცა ესრედ უგუნურად, და, თუ დაიფიცე, გირჩევ, დაივიწყო შენი ფიცი და არა შთავარდე უარესსა ცოდვასა შინა, ვითარცა იროდი იგი.

აწ გარდავიდეთ მესამესა საგანსა ზედა, რომელი, ვგონებ, უმეტესად საჭირო არის და სასარგებლო, ვიდრეღა ორნიცა პირველნი, შეხვედრისა-მებრ აწინდელისა დროებისა. იცით თქვენცა ყოველთა და ხედავთ, რაოდენნი და რა დიდ-დიდნი ცვლილებანი მოხდენ, ძმანო ქრისტიანენო, სამოქალაქოსა შინა წყობილებასა და წესდებულებასა ყოველთა შინა წოდებათა ერისათა, და კიდევ მოსალოდნელ არიან ამისა მერმედაც. სხვათა შორის და სხვათა უმეტესი არის ცვლილება ბატონ-ყმობის დაწყობილებასა შინა. ეს დიდი ცვლილება და სხვანიცა ვალდებულ გვყოფენ ჩვენცა, ძმანო ქრისტიანენო, მოძღვართა თქვენთა, არ ვიყოთ დუმილით, არამედ მოგცეთ შესაფერი და სათანადო დარიგება ორთავე მხარეთა. რა დარიგება შეიძლება ესრედ საქმეში ჩვენს მხრით? ის, ძმანო ჩემნო, რომ ჩვენ უნდა შეგაგონოთ და გასწავლოთ, რომ ეს დიდი ცვლილება გავათავოთ მშვიდობით და სიყვარულით, რომ ერთობა, მშვიდობა და კეთილი მეზობლობა არ მოშალოს მან თქვენ შორის.

ერთი კარგი ჩვეულება იყო და არის ახლაც ჩვენ ქვეყანაში, და უნდა ვეცადოთ, ის არ მოისპოს ახლა. ყმები და ბატონები არაოდეს არ იყვნენ დაშორებულ ურთიერთარს, არამედ იყვნენ დაახლოებულნი, მეზობლურად განწყობილნი. ჭირში და ლხინში მათ მარადის ქონდათ ერთმანეთის მონაწილეობა და ხელის მიცემა. ეს კარგი ჩვეულება არ უნდა მოისპოს, ძმანო, არამედ მარადის დარჩეს ჩვენში. ყმებთა მარადის უნდა ახსოვდესთ, რომელ ეს დიდი ცვლილება, რომელიც მოხდა მათ ცხოვრებაში, თუმცა იქმნა დაწყებითა და ბრძანებითა ხელმწიფისათა, გარნა არა თვინიერ ნებისა მებატონეთა, არამედ ამათის თანხმობითა; ამის გარდა მებატონეთაგან დარჩება მათ სამუშევრად რაოდენიმე მიწა-მამული, ამისათვის მარადის უნდა იყვნენ მათი მადლიერნი და პატივის მცემელნი. ხოლო, მეორეს მხრით, მებატონეთა უნდა ახსოვდეთ, რომელ ყმები მამაპაპობით არიან მათი ნამსახურნი და ამით შეინახონ მათზედ კეთილი გული და განწყობილება.

დასასრულ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, გვახსოვდეს ის მცნება ქრისტესი, რომელი არის ყოველთა ზედა უზენაესი, სიყვარული, ერთობა,. ერთგულება და მშვიდობა, რომელი არა მოგვაკლოს ჩვენ ღმერთმან, მეოხებითა დიდისა მთავარმოწამისა გიორგისათა. ამინ.