ღვთის განგების შესახებ

„წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე
ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა...“

როგორ დარწმუნდა წმიდა ეფრემ ასური ღვთის განგების არსებობაში

წმიდა ეფრემ ასურს სიჭაბუკეში მძიმე ხასიათი ჰქონდა, - ძალიან ფიცხი და მოუთმენელი იყო, არ გააჩნდა მტკიცე შეხედულებები და, რაც მთავარია, მას არ სწამდა ღვთის განგების არსებობა.

აი, როგორ მოგვითხრობს ამის შესახებ თავად წმიდა ეფრემი: „სიჭაბუკეში ღვთის განგების არსებობაში ეჭვი შემქონდა. ერთხელ ქალაქგარეთ გავემგზავრე; შემაგვიანდა და ღამე ტყეში, მეცხვარეებთან დავრჩი. ღამით ფარას თავს მგლები დაესხნენ და ცხვრები დაგლიჯეს, როცა მეცხვარემ ფარის მეპატრონეებს ამის შესახებ უამბო, მათ მეცხვარეს არ დაუჯერეს, ცხვრების გატაცება მე დამაბრალეს და მოსამართლეს მიმგვარეს. ჩემთან ერთად იქ კიდევ ერთი ჭაბუკი მიიყვანეს, რომელსაც რაღაც დანაშაულში ედებოდა ბრალი. მოსამართლემ საქმის გარჩევა გადადო და ორივე საპყრობილეში ჩაგვსვა, სადაც კიდევ ერთი ჭაბუკი დაგვხვდა. საკანში ვაჟებს გავესაუბრე და მათგან შევიტყვე, რომ ისინიც ჩემსავით უდანაშაულოდ იყვნენ დაპატიმრებული. მათთან საუბრის შედეგად ჩემი ეჭვები უფრო გაღრმავდა. ერთი კვირა დავყავი საკანში და სულ ღვთის განგებაზე ვფიქრობდი. კვირის ბოლოს მესიზმრა ადამიანი, რომელმაც მითხრა: „განა კარგი იყო შენი ცხოვრება? გაიაზრე, რაზე ფიქრობდი, რას აკეთებდი და მიხვდები, რომ შენც და შენთან მყოფი ჭაბუკებიც სამართლიანად ისჯებით“.

გაღვიძებულმა დავიწყე ფიქრი, მეხსიერებაში აღვადგინე ჩემი განვლილი ცხოვრება და მომაგონდა, რომ ერთხელ, დიდი ხნის წინ, იმავე სოფელში ბოროტი განზრახვით ერთი გლეხის ძროხა ბოსლიდან გამოვდენე და იგი მგლებმა დაგლიჯეს.

ყოველივე ამის შესახებ ვაჟებს ვუამბე და ვურჩიე, მათაც გაეხსენებინათ, ხომ არაფერი ჩაუდენიათ წარსულში ისეთი, რომლის გამოც ახლა ისჯებიან. მცირე ხნის შემდეგ ერთ-ერთმა მიამბო, რომ ერთხელ დაინახა, როგორ იხრჩობოდა მდინარეში ვიღაც და მიუხედავად იმისა, რომ განსაცდელში მყოფის გადარჩენა შეეძლო, არაფერი გაუკეთებია. მეორეს კი მოაგონდა, რომ ერთხელ მან ავაზაკებთან შეკრა პირი, რომლებსაც ერთი ქვრივი დედაკაცისთვის მამამისის მემკვიდრეობის წართმევა ჰქონდათ განზრახული.

ჩემმა მაგალითმაც და ჭაბუკების მონათხრობმაც დამარწმუნა, რომ უფალმა ყოველივე უწყის, ყველაფერზე ზრუნავს და სამართლიანადაც გვსჯის. ამ ამბის შემდეგ ჩემი ცხოვრება ძირეულად შეიცვალა“.

შემთხვევით არაფერი ხდება

ერთმა შოტლანდიელმა ფილოსოფოსმა, ბრძენმა ბეატიმ განიზრახა, რომ თავისი მცირეწლოვანი ვაჟის გულში ღვთის წინაგანგებულებისადმი რწმენა აღეძრა. ბიჭუნა 5-6 წლისა იყო და უკვე ცოტ-ცოტა კითხვა შეეძლო. მამას არ სურდა მისთვის უფლის შესახებ მოეთხრო, რადგან მიაჩნდა, რომ ამ ასაკში იგი ჯერ ვერ შეძლებდა წვდომას. ამიტომ, იმისათვის, რომ ბიჭუნას გონებაში ეს დიდი აზრი აღეძრა, მან იმგვარი ხერხი მოიფიქრა, რომელიც ბავშვის ასაკს შეესაბამებოდა. მამას არავისთვის არაფერი უთქვამს, ისე მოხაზა ბაღის კუთხეში, მიწაზე თითით თავისი ვაჟის სახელის პირველი სამი ასო. შემდეგ ამ პატარა კვლებში მცენარის თესლი ჩაყარა და მიწა მიაყარა. ათი დღის შემდეგ ვაჟმა მამასთან მიირბინა და გაკვირვებულმა აუწყა, რომ ბაღში მცენარეებით მოხაზული თავისი სახელი იპოვა. ფილოსოფოსს გაეცინა და ბიჭს თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ამ ამბავს არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ბიჭი არ მოეშვა, იგი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მამამისი ბაღში გასულიყო და ის ადგილი ენახა. ადგილზე რომ მივიდნენ, მამამ უთხრა თავის ვაჟს: „მართალი ხარ. ვხედავ, რომ ეს ნამდვილად შენი სახელია, მაგრამ ამაში არაფერია გასაკვირი, ეს - უბრალოდ შემთხვევითობაა“, და წავიდა. ბიჭუნა არ მოეშვა და სრული სერიოზულობით უთხრა: „შეუძლებელია, რომ ეს შემთხვევით მომხდარიყო; უეჭველად, ვიღაცამ საგანგებოდ ჩაყარა ასე თესლი, რომ მცენარე ამ სახით ამოსულიყო“. „შენ ფიქრობ, რომ ეს ასოები შემთხვევით არ დაიწერებოდა?“ - ჰკითხა მამამ. „დიახ, ასე ვფიქრობ“ - მტკიცედ მიუგო ბიჭუნამ. - “აუცილებლად ვიღაცას უნდა მოეწყო ყოველივე ასე“ . „ვის?“ - ჰკითხა მამამ. „არ ვიცი“ - მიუგო პატარამ. ამის შემდეგ დაიწყო მამამ სამყაროს შემოქმედზე საუბარი, საუბარი უფლის ქმნილებაზე და მის ბუნებაზე, ისე რომ ბავშვის ასაკი არ დავიწყებია. ეს გაკვეთილი ღრმად აღიბეჭდა ბიჭის გონებაში. ეს შემთხვევა პატარას არასდროს დავიწყებია.

როგორ ირწმუნა განგება ღვთისა ერთმა წარმართმა

ძველ დროში ერთი ქრისტიანი ქალი ცხოვრობდა, რომელსაც წარმართი ქმარი ჰყავდა. - ძალიან ღარიბები იყვნენ. მთელი მათი ქონება 50 ვერცხლს არ აღემატებოდა. ქმარმა უთხრა ცოლს: „მოდი ჩვენი ფული საქმეში ჩავდოთ, თორემ ისე დაგვეხარჯება, ვერც კი გავიგებთ“. ცოლმა მიუგო: „თანახმა ვარ, ოღონდ ეს ფული ქრისტიანთა ღმერთს მიეცი“. „სად არის იგი?“ - იკითხა ქმარმა. „თავის დროზე შენ შეიცნობ მას, ხოლო ფულის დარდი არ გქონდეს, იგი აღმატებულად დაგიბრუნებს თანხას.“. ქმარი დათანხმდა და კეთილმორწმუნე ქალმა იგი ეკლესიაში წაიყვანა. ტაძართან მათ გლახაკები დახვდნენ. ცოლმა უთხრა: „აი, ამ ადამიანების საშუალებით გადაეცი ღმერთს ფული, ისინი სწორედ ამისთვის არიან წარმოგზავნილნიო“. ქმარმა გლახაკებს ვერცხლის ფული დაურიგა და გახარებულმა შინისაკენ გასწია.

სამი თვის შემდეგ მეუღლეები გასაჭირში ჩავარდნენ. ქმარმა მიმართა ცოლს: „დროა, შენს ღმერთს ფული მიგამოვთხოვოთო“. ცოლმა მიუგო: „წადი და სადაც დაარიგე, იქიდანვე აიღე, წადი ეკლესიაში. ქმარი მართლაც მივიდა ტაძარში და იქ გლახაკების გარდა ვერავინ ნახა, დადიოდა და ფიქრობდა, ვისთვის ეთხოვა ფულის დაბრუნება. ამ ფიქრში მან უცებ იატაკზე ვერცხლის მონეტა დაინახა და აიღო. დაღონებული სახლში დაბრუნდა და ცოლს შესჩივლა: „ტაძარში ქრისტიანების ღმერთი არ მინახავს, ხოლო იმ ადგილზე, სადაც ფული დავარიგე, მხოლოდ აი, ეს მონეტა ვიპოვე“. ცოლმა უთხრა: „ეს ვერცხლის მონეტა შენ სწორედ ქრისტიანების ღმერთმა მოგცა და იგი იქ იმიტომ ვერ დაინახე, რომ ღმერთი უხილავია და იგი უხილავად წარმართავს სამყაროს. წადი ამ თანხით დღეისთვის სარჩო შეიძინე, ხვალ კი უფალი კიდევ იზრუნებს ჩვენზე.“ ქმარმა შეიძინა პური, ღვინო და თევზი. ცოლმა კერძის დამზადება დაიწყო. როდესაც იგი თევზს წმენდდა, მასში ლამაზი თვალი იპოვა და ქმარს აჩვენა. ქმარმა ეს თვალი ვაჭართან წაიღო, ვაჭარმა თვალს დახედა და კაცს 5 ვერცხლი შესთავაზა. კაცს გაეცინა, ეგონა ვაჭარი ხუმრობსო, ვაჭარმა კი იფიქრა, ეცოტავაო და მაშინვე 10 ვერცხლად შეაფასა, რადგან კარგად იცოდა, რომ ეს თვალი ძვირფასი იყო. კაცი დუმდა, ვაჭარი კი თანდათან ფასს უწევდა. კაცი მიხვდა, რომ მისი მიტანილი ქვა ძვირფასი იყო და ახლა მან იწყო ფასის აწევა. ბოლოს ისინი 300 ვერცხლზე შეთანხმდნენ. ქმარი გახარებული დაბრუნდა შინ და ცოლს მოტანილი თანხა უჩვენა. ცოლმა უთხრა: „ხედავ, როგორი სახიერია ქრისტიანთა ღმერთი? იცოდე, რომ არ არსებობს არც ზეცაში და არც მიწაზე სხვა ღმერთი, არამედ მხოლოდ იგია ერთადერთი“.

ამ ამბის შემდეგ ამ ქალის ქმარი ქრისტიანი გახდა.

მოამზადა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 46 (254), 2003 წ.