ბერი იოსებ დიონისიელი

„როცა წმიდათა ცხოვრებას მოკრძალებით ვკითხულობთ,
ისინი ჩვენთვის ღვთის წინაშე ლოცულობენ და შეგვეწევიან“

(ნაწყვეტი წიგნიდან „მამა არსენ მღვიმელი“)

მამა არსენი ამბობდა, როცა ლოცვა გიჭირთ ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ბოროტი სული მძლავრობს ჩვენზე და საჭიროა, გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი, ვთქვათ გულწრფელი, გულისხმიერი აღსარება და ემოციების გამოვლინიბისას მეტი თავშეკავება გამოვიჩინოთ. რამდენადაც შევძლებთ, თავი უნდა ავარიდოთ ურჩობას, განკითხვას, ამპარტავნებას, შურს, ნაყროვანებასა და ყოველივე იმას, რაც ხელს უწყობს ცდუნებას და, აგრეთვე, სულიერ სიცივეს.

დადგა შენი ჟამი და განიღვიძე? ნუ იზარმაცებ, ნუ ადგები მთქნარებით, მოდუნებული. მუდამ მხნე იყავი; რომ გაგეღვიძება, მყისვე წამოდექი, პირჯვარი გამოისახე და თქვი: „უფალო, იესო, ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.“ მამა არსენი ასევე ამბობდა, რომ ლოცვაში გულმოდგინებას სულიერი მამისადმი მინდობა და აღსარებაში გულისთქმათა გამომჟღავნება განაპირობებს.

ერთი უტყუარი ნიშანი ჩვენი სულიერი მდგომარეობისა არის განსაკუთრებული მადლის შეგრძნება კვირა დღეებში და დიდ დღესასწაულებზე. თუკი ადამიანი ამ დღეებში ორმაგი მადლის მოზღვავებას არ განიცდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მას რაღაც წესრიგში არ აქვს.

მამა არსენი მიიჩნევდა, რომ საქმიანობისას აუცილებლად ზომიერება გვმართებს. თუკი იმაზე მეტ ხანს საქმიანობ, ვიდრე გევალება, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დროს ლოცვას ჰპარავ და როცა ძილის დრო მოდის, შენ, ალბათ, ლოცვად დგები. უფრო მეტიც, ზოგჯერ ძილისთვის განკუთვნილ დროს სხედან და უქმმეტყველებას ეძლევიან ხოლმე; იძინებენ გვიან, იღვიძებენ კიდევ უფრო გვიან; შედეგად ვღებულობთ: უძილობას, სიზარმაცესა და ცუდ განწყობას.

მამა არსენი ამბობდა, რომ წმიდა მამათა ნაშრომების კითხვა აუცილებელია. იგი მიიჩნევდა, რომ ღვთივსულიერი კითხვა ლოცვის ერთერთი სახეობაა. იგი თავის სულიერ შვილებს გვაკურთხებდა, ყოველდღიურად გვეკითხა 1-2 თავი წმიდა წერილიდან, შემდეგ წმიდა მამების ნაშრომები. სამაგიდო წიგნად კი წმიდა ეფრემ ასური გვქონდა და მასთან ვპოულობდით პასუხს ნებისმიერ კითხვაზე. გარდა ამისა, ვკითხულობდით წმიდა იოანე კლემაქსს, ამბა დოროთეს, წმიდა მაკარი დიდს და სხვა მამების ნაშრომებსა და წმიდა მამათა ცხოვრებას. ამით ორმაგ სარგებელს ვპოულობდით. პირველესი სარგებელი ის არის, რომ მამათა ღვაწლის მაგალითი გვაფხიზლებს. მეორე კი ის, რომ როცა წმიდათა ცხოვრებას მოკრძალებით ვკითხულობთ, ისინი ჩვენთვის ღვთის წინაშე ლოცულობენ და გვეწევიან.

მაგრამ ვიდრე კითხვას შევუდგებოდეთ, უნდა ვილოცოთ. ლოცვის შემდეგ წმიდათა ცხოვრების კითხვა გულს გვილბობს და კითხვისას ცრემლს ვერ ვიკავებთ. ასე იმიტომ ხდება, რომ ლოცვა გონებას განანათლებს.

მამა არსენს ჰკითხეს, რა უნდა ვიკითხოთ წმიდა წერილიდანო. მან მიუგო, რომ წმიდა წერილი მთლიანად ღვთივსულიერია და იგი სრულად უნდა ვიკითხოთ ხოლმეო. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ფსალმუნის კითხვას უნდა დავუთმოთ, რადგან ეს ძალიან ძლიერი ლოცვააო.

მამა არსენი გვარიგებდა, რამდენადაც შეძლებთ, ენას მიაპყარით ყურადღება, რომ არ უქმმეტყველებდეთ და არ განიკითხავდეთ, არამედ საქმიანობისას განუწყვეტლივ ლოცვას აღავლენდეთო. თუ ამას იქმთ, ერთად ვიქნებით ქრისტესთან და მფარველი ანგელოზიც წინ წაგვიძღვებაო.

ერთხელ ერთი ბერი მივიდა მამა არსენთან და მეტანიით შესთხოვა: „მაკურთხე, მამაო, ერთ ბერს ვაწყენინე და ლოცვა მიჭირსო.“ მამა არსენმა დაარიგა: „არა უშავს. მიდი მასთან, მეტანია გაუკეთე, რომ სიყვარული დაგიბრუნდეს და ლოცვაც აღარ გაგიძნელდებაო.“ „მამაო, საკმარისი არაა, შენ რომ გაგიკეთე მეტანიაო?“ - ჰკითხა ბერმა. მამა არსენმა დაარიგა: „არ არის საკმარისი. მიდი მასთან და პატიება სთხოვე იმის გამო, რაც დაუშავე შენს ძმასო“. ბერს გაუჭირდა შენდობის თხოვნა, მაგრამ მაინც შეასრულა მამა არსენის სიტყვა და ლოცვის მადლიც დაუბრუნდა. ახარებულმა მამა არსენთან მიირბინა და მადლობა შესწირა.

ერთხელ მამა არსენს ჰკითხეს: „მამაო, კარგია შენდობის თხოვნა, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს სთხოვ შენდობას, იგი კი არ გპატიობს. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაშიო?“ ამა არსენმა მიუგო: „რადგან შენ შენდობა ითხოვე, - თავისუფალი ხარ. მხოლოდ იმას ადევნე თვალი, რომ სიყვარული გქონდეს შენი მოძმისადმი და მომავალში, ვიდრე შენგან შენდობას არ მიიღებს, ილოცე მისთვის.

გამხმარი პური მოღვაწეთა ძირითადი საკვები იყო. ერთხელ ვკითხე მამა არსენს, თუ საიდან ჰქონდათ იგი. ღირსმა მამამ მითხრა: მონასტრების სატრაპეზოებში პურის ნარჩენებს ვაგროვებდით და ვახმობდით; ზოგჯერ მატლიანიც კი შეგვხვედრია, მაგრამ მაინც ვჭამდითო. შემდეგ ამის შესახებ უფრო ვრცლად გვიამბო. ერთხელ იგი თურმე მამა იოსებ ისიქასტმა მონასტერში გაგზავნა გამხმარი პურის წამოსაღებად. ბერებმა მას ერთი სავსე ტომარა მისცეს. გაჭირვებით აუტანია იგი მთის კენწეროზე, სადაც მამა იოსებთან ერთად მოღვაწეობდნენ. ტომარა რომ გავხსენით, დავინახეთ, რომ ორცხობილა მატლიანი იყოო. მამა არსენს დრტვინვა აღმოხდენია: „ნუთუ არ შეიძლებოდა, ეს მატლიანი პური საქონლისთვის ეჭმიათ, ჩვენთვის კი სხვა მოეცათ. სულ ტყუილად ვათრიე ამხელა ტომარაო.“ მამა იოსებმა გაიკვირვა: „ტყუილად რატომ? ჩვენ ამას შევჭამთ. ეს ჩვენ ღმერთმა გამოგვიგზავნა. უკეთესს რომ ვიმსახურებდეთ, უკეთესს გამოგვიგზავნიდაო.“ „მატლებს რა ვუყოთ, მამაო?“ - არ ცხრებოდა თურმე მამა არსენი. მამა იოსები ჩაფიქრდა და თქვა: „რომ შებინდდება, მაშინ ვჭამოთ ხოლმე და მატლებსაც ვეღარ დავინახავთო.“

მამა არსენს ვკითხეთ: „მერე თქვენს ჯანმრთელობაზე მატლიანმა პურმა ცუდად ხომ არ იმოქმედაო?“ მამა არსენმა გვითხრა: „თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მერე, დამიჯერეთ, ისეთი გემრიელი გახადა ღმერთმა იგი, რომ ჩვენ მას, როგორც რაიმე ნუგბარს, ისე შევექცეოდითო.“ ეს იყო ნაყოფი სრული მორჩილებისა!

ერთხელ მამა არსენმა გვიამბო, თუ როგორი გამოცდა მოუწყო მას მამა იოსებმა. რომ შებინდდა მამა იოსებმა მითხრა: „მოდი წავიხემსოთ, ლოცვა თქვიო“. ვთქვი ლოცვა და ტრაპეზისთვის მოვემზადე. უცებ მესმის ღირსი მამის ხმა: „დავუშვათ, უკვე ვიტრაპეზეთ, სამადლობელი წაიკითხეო.“ და თუმცა მშიოდა, მორჩილებით აღვასრულე მამა იოსების სიტყვა. ასე გაგრძელდა ზედიზედ 4 დღე. ძალა გამომელია. თან იმ დღეს მძიმე შრომა გველოდა, ღამე კი შუაღამიანს ვკითხულობდით. მიტომ შევკადრე მამა იოსებს: „მაკურთხე, მამაო, მეტს ვერ გავუძლებ. როგორ მოვიქცე-მეთქი?“ მამა იოსებმა მომიგო: „რადგან ასეა, დღეს ვჭამოთო.“ აი, ამგვარ მძიმე ღვაწლში იყო მამა იოსებ ისიქასტი და თან ცდილობდა, იგივე ღვაწლი მის სულიერ შვილებსაც ეტვირთათ.

თარგმნა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“