ღირსი იოანე სინელი

კიბე ანუ კლემაქსი

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე მამასახლისისა,
რაითელ მამასახლისს იოანეს რომ მიუძღვნა,
რომელმაც სთხოვა სწავლანი აღეწერა მონაზონთათვის

სიტყვა 12

სიცრუის შესახებ

1. ერთმანეთზე შეხლისას რკინა და ქვა ცეცხლს აღმოაცენებენ. მრავალმეტყველება და განცხრომა ერთად სიცრუეს ბადებენ.

2. სიცრუე სიყვარულის განმრყვნელია, ხოლო ცრუ ფიცი ღვთის უარყოფაა.

3. გონიერთაგან არავინ ჩათვლის სიცრუეს მცირე ცოდვად, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომლის წინააღმდეგაც ყოვლადწმიდა სული ისეთ სასტიკ სიტყვებს ამბობდეს, როგორსაც სიცრუის შესახებ ამბობს: რომელი იტყოდის სიცრუესა, არა წარემართოს წინაშე თუალთა ჩემთა (ფს. 5,7). მაშ რაღა ითქმის მათზე, ვინც ტყუილს ფიცსაც დაურთავს?!

4. თუ დავით წინასწარმეტყველი ამბობს: წარსწყმიდნენ შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუესა. - მაშ იმათ რაღა ქნან, ვინც სიტყვას ცრუ ფიციც დაამატეს.

5. მინახავს ადამიანები, რომლებიც სიცრუითა და ამაოდმეტყველებით განდიდნენ, ენამახვილობით სიცილს აღძრავენ და მსმენელში გლოვასა და სულიერ შემუსვრილებს კლავენ.

6. როდესაც ეშამკები ნახავენ, რომ ჩვენ დასაწყისშივე ვცდილობთ ბოროტი მთხრობელის სამხიარულო ამბების მოსმენა ისე ავიცილოთ თავიდან, როგორც სასიკვდილო ჭრილობა, მაშინ შეეცდებიან ორმაგი აზრით გვაცდუნონ. ისინი ჩაგვაგონებენ: - ნუ დაამწუხრებ ამბის მთხრობელს, ან - ხალხს თავს სხვებზე ღვთისმოყვარედ ნუ აჩვენებ.

7. განერიდე და ნუ აყოვნებ! თუ ასე არ იზამ, ლოცვის დროს ის სასაცილო საგნები გაგახსენდება და მათზე იფიქრებ.

8. არა მარტო უნდა გაურბოდე ამგვარ საუბრებსა და ბოროტ თავყრილობებს, არამედ, თუ შეგიძლია, ღვთისმოსაობით ძმათა შორის ჩაშალე ასეთი საუბარი, სიკვდილის ხსენებითა და საშინელი სამსჯავროს შიშით. ასეთ შემთხვევაში სჯობს, ამპარტავნების ვნებით ოდნავ შეიბღალო, ოღონდაც სხვებს სარგებელი მოუტანო.

9. თავლთმაქცობა სიცრუის დედაა, ხშირად კი მისი მიზეზიც ხდება, რადგან ზოგი ამბობს, რომ თვალთმაქცობა სხვა არაფერია, თუ არა სიცრუეში დახელოვნება და სიცრუის მომგონებელი, რომელსაც თან სასჯელის ღირსი ცრუ ფიცი ერთვის.

10. ვინც ღვთის შიში მოიხვეჭა, ის სიცრუეს განერიდა, რადგან მოუსყიდველი მსაჯული - სინდიდსი ახლდა თან.

11. როგორც ყოველგვარ ვნებას, ასევე სიცრუეშიც სხვადასხვაგვარი სიმძიმის ბოროტება არსებობს; რადგან სხვაგვარად განისჯება იგი, ვინც სასჯელის შიშით ცრუობს და სხვაგვარად - რომელიც უმიზეზოდ ტყუის.

12. ერთი მხიარულებისთვის ტყუის, მეორე - გემოთმოყვარეობისათვის, მესამე - იმისთვის, რომ გარშემომყოფნი გააცინოს. ზოგიერთი სულაც იმისთვის, რომ მოყვასს მახე დაუგოს და ბოროტი მიაგოს.

13. წინამძღვრის სასჯელი განდევნის სიცრუეს, ხოლო ცრემლთა სიმრავლე სრულიად კლავს მას.

14. სიცრუის მთქმელი კეთილ განზრახვას იმიზეზებს და მას, რაც სინამდვილეში სულის დამღუპველია, იგი მართალ საქმედ მიიჩნევს.

15. ცრუ კაცი ცდილობს, რაბის მიმბაძველად გამოჩნდეს და ჰგონია, რომ თავისი წარწყმედით სხვებს იხსნის.

16. როცა სიცრუისგან სრულიად გათავისუფლდებით, მაშინ, თუ საჭიროება მოითხოვს, და ისიც - არა მთლად უშიშრად, შეგვიძლია, გამოვიყენოთ ის.

17. ყრმამ არ იცის სიცრუე, არ იცის ის არც ცბიერებისგან განწმენდილმა სულმა.

18. ღვინისგან გამხიარულებული კაცი ძალაუნებურად სიმართლეს ამბობს, ასევე ლმობიერებით დამთვრალი ტყუილს ვერ იტყვის.

საფეხური მეთორმეტე. ვინც ეს გველი დასძლია,
მან მოიპოვა კეთილი საფუძველი - ჭეშმარიტება.