ღირსი იოანე სინელი

კიბე ანუ კლემაქსი

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე მამასახლისისა,
რაითელ მამასახლისს იოანეს რომ მიუძღვნა,
რომელმაც სთხოვა სწავლანი აღეწერა მონაზონთათვის

სიტყვა 14

ყველასათვის ძვირფასი და ცბიერი მეუფის - სტომაქის შესახებ

1. რადგანაც სტომაქის შესახებ მაქვს განზრახული საუბარი, თუკი როდესმე ეს აუცილებელი იყო, ყველაზე მეტად სწორედ ახლაა საჭირო საკუთარი თავის წინააღმდეგ მელაპარაკა. რადგან, ალბათ, საოცრება იქნებოდა, რომ კუბოს კარამდე ამ ვნებისაგან ვინმე გათავისუფლებულიყო.

2. ნაყროვანება არის სტომაქის თვალთმაქცობა, რადგან იგი, როცა მაძღარია, მოთქვამს: „ცოტაა“. გასკდომამდე ამოვსებული ყვირის „მშია!“

3. ნაყროვანება სანოვაგის შემკრები და გემოთმოყვარების წყაროა.

4. თუ ერთ სადინარს დაუხშობ მას, მეორედან გამოედინება, თუ მასაც დაუხშობ, კიდევ სხვა მხრიდან გადმოხეთქავს და გძლევს.

5. ნაყროვანება თვალის ცდუნებაა, ზომას აგირევს, რადგან მუცელი ცოტას ითხოვს, მას კი ყველაფრის ერთად შთანთქმა სურს.

6. სიმაძღრე სიძვის დედაა; მუცლის მოზღუდვა კი სიწმიდის მიზეზი.

7. ვინც ლომს უალერსებს, ხშირად იმორჩილებს მას, ხოლო ვინც სხეულს აამებს, მის გაუმაძღრობას აძლიერებს.

8. ურიას შაბათი და დღესასწაული ახარებს, ხოლო ნაყროვანი მონაზონი შაბათს და კვირა დღეებშია გახარებული.

9. მარხვაში დღეებს ითვლის, თუ რამდენი დარჩა აღდგომამდე და მრავალი დღით ადრე იმზადებს სანოვაგეს.

10. მუცლის მონა იმაზე ფიქრობს, თუ რა სანოვაგით დაუხვდეს დღესასწაულს, ხოლო მონა ღვთისა იმაზე ფიქრობს, თუ რა ნიჭებით შეუძლია, გამდიდრდეს.

11. როცა სტუმარი ეწვევა, ნაყროვანი ერთიანად სიყვარულითაა აღძრული, რაც გაუმაძღარობიდან გამომდინარეობს და ჰგონია, რომ რადგან ძმისთვის ნუგეშისცემის შემთხვევა მიეცა, თვითონაც მაძღრისად ჭამის ნება აქვს.

12. სხვისი სტუმრობა ღვინის სმის საბაბად მიაჩნია. სათნოებას ამოფარებული იგი ვნების მონა ხდება.

13. ხშირად პატივმოყვარეობა ნაყროვანებას აღუდგება წინ და ეს ორი ვნება საბრალო მონაზვნის - როგორც ნაყიდი მონის - დასაპყრობად ერთმანეთს ებრძვის.

14. ნაყროვანება ჩააგონებს, რომ გაიხსნილოს, ხოლო აპტივმოყვარეობა სათნოებად წარმოჩინებას ლამობს.

15. მაგრამ კეთილგონიერი მონაზონი ორივე უფსკრულს გაურბის და ხელსაყრელი შემთხვევით სარგებლობს, რომ ერთი ვნებით მეორეს სძლიოს.

16. თუ ხორცი გვძვლევს, თავშეკავებით უნდა შევზღუდოთ იგი, - ყოველ დროსა და ყოველ ადგილს. როცა ის მიწყნარდება (რისი იმედიც არ მაქვს, ვიდრე სიკვდილამდე), მაშინ შეგიძლია, სხვათა წინაშე შენი თავშეკავება დამალო.

17. ვნახე ასაკოვანი მღვდლები, რომლებიც ბოროტის მიერ იყვნენ ძლეულნი და ახალგაზრდა, არა მათზე დაქვემდებარებულ პირებს ნადიმებზე ღვინისა და სხხვადასხვა სანოვაგის მიღების კურთხევას აძლევდნენ.

18. თუ მათ ღვთისგან რაიმე კეთილი უწყება აქვთ, მათი კურთხევით შეგვიძლია, მართლაც მივიღოთ მცირედი, ხოლო, თუ დაუდევრობით მოქმედებენ, ამ შემთხვევაში მათ კურთხევას ნუ მივიღებთ; განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ხორციელ სურვილთა ცეცხლს ვებრძვით.

19. ღვთისმბრძოლი ევაგრე ფიქრობდა, რომ ბრძენთა შორის უბრძენესი იყო, როგორც მჭერმეტყველებით, ასევე აზრთა სიმაღლით გამორჩეული. მაგრამ ის მოტყუვდა და უგუნურთა შორის უგუნური აღმოჩნდა, როგოც მრავალი სხვა მოსაზრების, ასევე შემდეგი აზრის გამო. ის ამბობდა: - როცა სულს სხვადასხვაგვარი სანოვაგე სწყურია, ის პურითა და წყლით უნდა დავაკმაყოფილოთ. - ეს ნათქვამი ჰგავს იმას, რომ პატარა ყმაწვილს მაღალი კიბის მწვერვალ საფეხურზე ერთი ნაბიჯით ასვლა უბრძანო. ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ ვიტყვით: როცა სულს სხვადასხვაგვარი სანოვაგე სურს, ე.ი. იგი მისი ბუნებისათვის თვისობრივს ეძებს, ამიტომ ჩვენი მზაკვარი სტომაქის წინააღმდეგ კეთილგონიერი თავშეკავება უნდა გამოვავლინოთ. და მაშინ, როცა დიდი ხორციელი ბრძოლები არ გვაქვს და დაცემის საშიშროებაც არ გვემუქრება, პირველ რიგში ნოყიერ საკვებზე ვთქვათ უარი, შემდეგ - მხურვალეზე და ბოლოს - გემრიელზე. თუ შესაძლებლობა გვაქვს, სტომაქს საკმარისი და ადვილად მოსანელებელი საკვები მიეცი, რათა მისი გაძღომით გაუმაძღრობის სურვილს განერიდო და საჭმლის სწრაფი მონელებით განხურვებას, როგორც მახვილს, ისე გადაურჩე.

20. თვალყური ადევნე და ნახავ, რომ მრავალგვარი საჭმელი მუცელს რომ ბერავს, სიძვის ვნებას აღძრავს.

21. სასაცილოდ აიგდე ეშმაკის მზაკვრობა, რომელიც ჩაგვაგონებს, რომ სერობის შემდეგ საკვები მიიღო და მეორე დღისთვის მარხვა შეინახო, რადგან მეორე დღეს, მეცხრე ჯამის დაწყებისთანავე იგი გვაიძულებს, რომ წინა დღეს დადებულ აღთქმას გადახვიდე.

22. ისინი, ვინც არ დაცემულან, თავშეკავების ერთ სახეს უნდა აღასრულებდნენ და დაცემულნი და მონანულნი - მეორეს. პირველთათვის ხორცთა აღძვრის მოკვდინებაა მიზანი და ამ დროს განსაკუთრებულ თავშეკავებას მიმართავენ, მეორენი კი - გამუდმებით თავშეკავებაში არიან და არანაირ ხორციელ ნუგეშს არ სცნობენ აღსასრულამდე. არამედ შეურიგებლად ებრძვიან ხორცს.

23. პირველთ სურთ, რომ კეთილგონიერება შეინარჩუნონ, ხოლო მეორენი სულიერ ტანჯვითა და მოთქმით სათნოეყოფიან უფალს.

24. მხიარულებისა და საჭმლით ნუგეშინისცემის ჟამი სრულთათვის უზრუნველყოფის ჟამია; მოღვაწეთათვის - ჟამი ბრძოლისა, ხოლო ვნებით შეპყრობილთათვის დღესასწაულთა დღესასწაული და ზეიმთა ზეიმი.

25. ნაყროვანს გულში საჭმელი და ხორაგი ეზმანება, მგლოვარეთა გულებს კი მარად საშინელი სამსჯავრო და სატანჯველი ეჩვენებათ სიზმრად.

26. იბატონე შენს სტომაქზე, სანამ თვითონ გაგიბატონდება და მაშინ იძულებული გახდები, სირცხვილით მარხულობდე.

27. ამ ნათქვამს კარგად გაიგებს ის, ვინც სიძვის უფსკრულში ჩავარდნილა, ქალწულებს კი ამის გამოცდილება არა აქვთ.

28. სტომაქი მომავალი ცეცხლის ხსენებით დავაოკოთ, ვინც მუცელს დაემონა, ზოგიერთმა საკუთარი ასონიც მოიკვეთა და ორმაგად მოკვდა.

29. კარგად დავაკვირდეთ და მივხვდებით, რომ ესაა ჩვენზე მოწევნული მხურვალების ერთადერთი მიზეზი.

30. მმარხველი გული ფხიზლად ლოცულობს, ხოლო თავშეუკავებელის გონება არაწმიდა ოცნებებითაა სავსე.

31. მუცლის გაძღომა ცრემლთა წყაროს დაშრეტს.

32. ვინც საკუთარ მუცელს ემსახურება და ამასთან სიძვის სულის დამარცხება სურს, იმას ჰგავს, ვინც ზეთით ცდილობს ხანძრის ჩაქრობას.

33. როცა მუცელს შევავიწროვებთ, გულიც დამდაბლდება; მაგრამ თუ სტომაქი საჭმლითაა სავსე, გულისთქმები ამაღლდებიან.

34. საკუთარი თავი დღის პირველ საათზე, შუადღისას და საჭმლის მიღებამდე ერთი საათით ადრე გამოსცადე და ამგვარად მარხვის სარგებელს შეიცნობ.

35. დილით აზრები ირევა და მიმოეხეტება; მეექვსე ჟამის დადგომისას ოდნავ სუსტდება, ხოლო მზის ჩასვლისას სრულიად მორჩილი ხდება.

36. სტომაქი თავშეკავებით დაიოკე და შეძლებ, რომ საკუთარი ბაგეც მოზღუდო; რადგან საკვების სიმრავლე ენას გაამტკიცებს.

37. მთელი ძალებით აღუდექი წინ ამ მტანჯველს და მხნედ იყავ, რათა ყურადღება არ მოგიდუნდეს, რადგან თუ ცოტას მაინც გაირჯები, უფალი შეგეწევა.

38. ტყავის რუმბები, თუ კარგად უვლიან მათ, იჭიმება და გაცილებით მეტ სითხეს იტევს, ვიდრე უყურადღებოდ მიტოვებული, რომლებიც ჩვეულ ზომას ვეღარ უბრუნდებიან.

39. ვინც მუცელს ამძიმებს, მის გაფართოებას უწყობს ხელს, ხოლო ვინც სტომაქს ებრძვის, თანდათანობით უვიწროვდება. ამგვარად შევიწროვებული მრავალ საკვებს აღარ მოითხოვს და ადამიანი ბუნებრივად მმარხველად იქცევა.

40. წყურვილი ხშირად წყურვილითვე ითრგუნება, მაგრამ შიმშილით შიმშილის დათრგუნვა ძნელია და შეუძლებელიც კი.

41. როცა ხორცი გძლევს, შრომით შემუსრე იგი, თუ უძლურების გამო ეს არ ძალგიძს, მაშინ მღვიძარებით ებრძოლე.

42. თუ თვალები გიმძიმდება, ხელსაქმე აიღე, მაგრამ ვიდრე ძილი არ დაგძალავს, მას ნუ შეეხები, რადგან არ შეიძლება, ერთდროულად ღმერთსაც ემსახურებოდე და მამონსაც, ანუ, გონებას ღმერთსა და ხელსაქმეს შორის ანაწილებდე.

43. იცოდე, რომ ზოგჯერ ეშმაკი ადამიანის სოტმაქს იპყრობს და გაძღომას არ აგრძნობინებს, თუნდაც მან მთელი ეგვიპტის სამყოფი ხორცი ჩანთქას და ნილოსის მთელი წყალი ამოაშროს.

44. გაძღომისთანავე ეს საშინელი სული გვშორდება და სიძვის სულს უთმობს ადგილს. ის აუწყებს მას, თუ რა მდგომრეობაში ვართ დარჩენილნი და ამბობს: - წადი, აცდუნე ესა და ეს, მისი მუცელი გამძღარია და ნაკლები შრომა მოგიწევს.

45. ისიც იღიმება, ხელ-ფეხს ძილით შეგვიკრავს და რასაც უნდა იმას გვიზამს, სულს ბილწი ოცნებით შეგვიბღალავს და ხორც კი - დინებით; საოცრებაა, რომ უხორცო გონება სხეულის მიერ იბილწება და ბნელდება, და პირიქით, უნივთო ხრწნადის მიერ განიწმიდება და დაიხვეწება;

46. თუ შენ ქრისტეს აღუთქვი, რომ ვიწრო და ძნელი ბილიკით ივლიდი, მაშინ სტომაქიც შეავიწროვე, რადგან მისი გაფართოება და პატივისცემა აღთმას დაგარღვევინებს.

47. მაგრამ ყურად იღე და შეისმინე ნათქვამი: - ფართო არს გზა იგი მუცლისა, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად სიძვითა და მრავალნი ვლენან მას ზედა.

48. იწრო არს ბჭე და საჭირველ გზა, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას (მათ. 7. 13-14).

49. ეშმაკი მთავარი დაცემული ანგელოზია, ხოლო ვნებათა მთავარი ნაყროვანებაა.

50. როდესაც ხორაგით სავსე მაგიდას უზიხარ, სულიერ თვალთა წინაშე სიკვდილი და სამსჯავრო წარმოიდგინე, რადგან ამ შემთხვევაშიც კი, ალბათ მცირედ თუ შესძლებ თავშეკავებას.

51. სმის დროს მუდამჟამს შენი მეუფის ძმარი და ნაღველი გახსოვდეს და ამგვარად, ან ზომიერების ფარგლებში შეძლებ დარჩენას, ან, უკიდურეს შემთხვევაში, იგლოვებ და დაიმდაბლებ საკუთარ თავს.

52. თავს ნუ იტყუებ, შენ არ ძალგიძს, რომ უხილავ ფარაონს გაექცე, არც - ზეციური ზატიკის ხილვას, თუ ამ სოფელში მწარე ბალახსა და ხმიადს არ ჭამ მთელი ცხოვრების გნმავლობაში.

53. მწარე ბალახი იძულებითი მარხვა და მოთმინებაა, ხმიადი - მდაბალი გონება, რომელიც ამპარტავნებით არ არის აფუებული.

54. სუნთქვასავით შეიწყნარე მეფსალმუნის ეს სიტყვები: ხოლო რა ჟამს იგინი (ეშმაკნი) მაჭირვებდენ მე, შევიმოსო ძაძა და დავიმდაბლო მარხვითა სული ჩემი და ლოცვა ჩემი ჩემდა მოიქცეს (ფს. 43.13).

55. მარხვა ბუნების იძულებაა, ყოველივე იმის უარყოფაა, რაც გემოს ატკბობს, ხორცთა აღძვრის დამახშობელი, მზაკვრულ ზრახვათა დამთრგუნველი, ბილწ სიზმართაგან დამხსენლი, ლოცვის სიწმინდე, სულის სინათლე, გონების დაცვა, გულის უგრძნობელობის მოკვდინება, ლმობიერების კარი, სინანულის ოხვრა, სასიხარულო შემუსვრილდება, მრავალსიტყვაობის ალაგმვა, დაყუდების მიზეზი, მორჩილების დარაჯი, ძილის შემამსუბუქებელი, სხეულის სიმრთელე, უვნებლობის მიზეზი, ცოდვათა მიტევება, სამოთხის კარიბჭე და ზეციური სიტკბოება.

56. ესეც ჩვენს მოწინააღმდეგეს ვკითხოთ, უმეტესად კი ჩვენი ბოროტი მტრების უმთავრეს წინამძღოლს - ნაყროვანების ვნებას, მას ვინც ადამის დაცემის მიზეზი გახდა, ესავის დამღუპველი, ისრაელის დამთქმელი, ნოეს გამაშიშვლებელი, გომორელთა მომსვრელი, ლოთის სისხლის აღმრევი, ელი მღვდელთავრის შვილის მკვლელი და ყოველგვარი სისაძაგლის ხელმძღვანელი. ვკითხოთ მას, თუ საიდან იბადება ეს ვნება, რა ზღუდავს მას და სრულად რა ამარცხებს?

57. გვითხარ, ყოველთა კაცთა მტანჯველო და გაუმაძღარო, სიხარბის ოქროთი ყველას შემსყიდველო, საიდან შემოაღწიე ჩვენში, ან უკვე დამკვიდრებული რას მოქმედებ და რანაირად შეიძლება, რომ ჩვენგან განგაძეოთ? ის კი ამგვარი შეურაცხყოფით განრისხებული მძვინვარედ და გაუმაძღრად გვპასუხობს: - რატომაა, რომ ჩემს მორჩილებაში მყოფნი, მაგინებენ მე? ან როგორ შეძლებ ჩემგან განრიდებას, როდესაც ბუნებითა ხართ შეკავშირებულნი ჩემთან? კარი, რომლიდანაც თქვენში შემოვდივარ, საკვების თვისებებია, ჩემი გაუმაძღარობის მიზეზი კი - ჩვევაა. ჩემი ვნების საფუძველი ხანგრძლივი ჩვეულება, სულის უგრძნობელობა და სიკვდილის დავიწყება. ან როგორ ეძიებთ ჩემს პიმშოთა სახელებს? უფროის ქვიშისა განვამრავლებ მათ, მაგრამ ჩემს უპირველეს და საყვარელ პირმშოთა შესახებ მაინც გეტყვით. უპირველესი ძე - სიძვაა, მისგან გამომავალი მეორე - სასტიკი გული, მესამე - ძილის წყურვილი. ბოროტ ზრახვათა ზღვა, სიბილწის ტალღები, გამოუთმქმელი და თვალით უხილავი უწმინდურობის სიღრმე ჩემგან გამოედინება. ჩემი ასულებია: უდებება, მრავლისმეტყველება, კადნიერება, სიცილი, მკრეხელობა, ბილწსიტყვაობა, ურჩობა, უგრძნობელობა, გონების დაბინდვა, თვითგანდიდება, თავხედობა, სოფლის სიყვარული, რომელსაც შებილწული ლოცვა, აზრთა განბნევა, მოულოდნელი და უცაბედი განსაცდელები მოჰყვება. ამას კი მოსდევს ვნებათაგან უსასტიკესი - სასოწარკვეთილება. ცოდვების ხსენება აღმიდგება მე წინ, სიკვდილზე ფიქრიც ძლიერ მებრძვის, მაგრამ არაფერია ადამიანში ისეთი, რაც ბოლომდე დამამარცხებს. ვინც ნუგეშინისმცემელი სული მოიხვეჭა, ის ჩემს წინააღმდეგ ლოცულობს და შეწყალებული საკუთარ თავში მოქმედების ნებას აღარ გაძლევს. ხოლო მათ, ვისაც ზეციური ნუგეშინისმცემელის მადლი არ უგემიათ, ჩემს სიტკბოებაში ეძებენ შვებას. ჩემი გამქარვებელი მხოლოდ იგია.

მეთოთხმეტე საფეხური ამ დიდი და ძლიერი ვნების დამარცხებაა.
ვინც მას დასძლევს, უნდა ვიცოდეთ, რომ იგი სრული სიწმინდისა და უვნებლობისკენ მიდის.