ღირსი იოანე სინელი

კიბე ანუ კლემაქსი

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე მამასახლისისა,
რაითელ მამასახლისს იოანეს რომ მიუძღვნა,
რომელმაც სთხოვა სწავლანი აღეწერა მონაზონთათვის

სიტყვა 22

პატივმოყვარეობის შესახებ

1. ზოგიერთი თვლის, რომ პატივმოყვარეობა და ამპარტავნება ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ უმთავრეს ვნებათა შორის გრიგოლ ღვთისმეტყველი რვას ასახელებს. რადგან პირველი ვნებად ნაყროვანებას თვლის, მეორედ - სიძვას, მესამედ - ვეცხლისმოყვარეობას, მეოთხედ - მრისხანებას, მეხუთედ - მოწყინებას, მეექვსედ - მწუხარებას, მეშვიდედ - პატვიმოყვარეობას და მერვედ - ამპარტავნებას; ხოლო სხვები შვიდ ვნებას მოთვლიან, რადგან პატივმოყვარეობას და ამპარტავნებას ერთად თვლიან და მე მათ მეტად ვუჭერ მხარს, რადგან არ არსებობოს კაცი, რომელმაც სძლია პატვიმოყვარეობას და ამპარტავნებს მიერ იძლია, რადგან მათ შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც ყმაწვილსა და მამაკაცს შორის, რადგან პირველნი მათთაგან დასაწყისს წარმოადგენენ, ხოლო მეორენი - დასასრულს.

2. ახლა კი თანმიმდევრულად, მოკლედ ვთქვათ ყოველგვარი ვნების დასაწყისის და დასასრულის პატივმოყვარეობის შესახებ, რადგან ვინც მის შესახებ გრძლად და ფართოდ საუბრობს, იმ კაცს ემსგავსება, ქარის აწონვა რომ სურს.

3. პატვიმოყვარეობა თავისი არსით ბუნების გადასხვაფერებაა, კეთილი წესის გარყვნა, საკუთარ ბრალისაგან გაქცევა, თავისი ბუნებით ის ნაღვაწის დამღუპველია, სულიერ საუნჯეთა მძარცველი, ურწმუნოების ნაშობი და ამპარტავნების წინამორბედი. ისაა ნავსადგურში დაღუპვის მომტანი და კალოზე - ჭიანჭველა, რადგან მცირეა, მაგრამ შეუძლია, ყოველგვარი ნაშრომი და ნაყოფი გააფუჭოს.

4. ჭიანჭველა მარცვლის დამწიფებას ელის, ხოლო პატივმოყვარეობა ელის, რომ მონაზვნის სიმდიდრე მიიტაცოს.

5. ჭიანჭველას უხარია, როცა იპოვის და მოიპარავს, ხოლო პატივმოყვარეობის ეშმაკს - სათნოებათა სიმრავლე.

6. სასოწარკვეთილების ეშმაკს ბოროტების სიმრავლე ამხიარულებს, ხოლო პატივმოყვარეობის ეშმაკს - სათნოებათა სიმრავლე.

7. პირველის ასული წყლულთა სიმრავლეა, ხოლო მეორესი - შრომის სიმრავლე.

8. დააკვირდი და ნახავ, რომ უკეთური პატივმოყვარეობა საფლავის კარამდე შესამოსლებით შემკული მოგყვება ყველგან, ყოველგვარ საქმეში.

9. მზე ყველაფერს უშურველად ანათებს და ყოველგვარ საქმეში პატივმოყვარეობა იმყოფება; როდესაც ვმარხულობთ, ჩემს გონებას ქედმაღლობა იპყრობს, ხოლო, როდესაც გავიხსნილებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მარხვა სხვათა თვალთაგან დავფარო, ჩემი გონება კვლავ მაღლდება, რადგან თავს ბრძნად მივიჩნევ; როდესაც ვდუმვარ, თავს ვიმაღლებ და როდესაც ვსაუბრობ - იგივე მემართება; სადაც არ უნდ გადავაგდო ეს ბოროტი ეკალი, მისი წვერი ყველგან სულის განსაგმირად შემართული იქნება.

10. ქრისტიანობაში პატივმოყვარე კერპმსახურია, რადგან მას ჰგონია, რომ ღმერთი სწამს, სინამდვილეში პატივისმიღება ღვთისგან კი არა - კაცთაგან სურს.

11. ყველა, ვისაც თავის გამოჩენა სურს, პატვიმოყვარეა, მის მარხვას ჯილდო არ მოჰყვება, ლოცვას - სარგებელი, რადგან ორივეს ადამიანებისაგან საქებრად აღარსრულებს.

12. პატვიმოყვარე მოღვაწე ორმხრივ ავნებს საკუთარ თავს, რადგან ხორცსაც იტანჯავს და ვერც ჯილდოს მიიღებს.

13. ვინ არ დასცინებს და უფრო მეტად - ვინ არ იგლოვებს პატივმოყვარე მოღვაწეს, რადგან ლოცვაზე დგომისას ხან იცინის, ხან კი ყველას დასანახად ტირის.

14. ხშირად, თუ რაიმე სათნოება გაგვაჩნია, ღმერთი გვიმალავს მას, რათა სიმდაბლე შევიძინოთ; რადგან, ვინც გვაქებს და უფრო მეტად - ვინც ქებით გვაცდუნებს, ჩვენს სიმდიდრეზე გვიხელს თვალს, ხოლო ეს სიმდიდრე დანახვისთანავე იღუპება და უჩინარდება.

15. ვინც გვაქებს, ეშმაკების მსახური და ამპარტავნების წინამძღვარია. იგი ანადგურებს ლმობიერერებას, ღუპავს სათნოებებს, ჭეშმარიტ გზას აგვაცდენს. „შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს“ (ეს. 3.12). - ამბობს წინასწარმეტყველი.

16. დიდია ის კაცი, ვინც სიხარულით მიიღებს გინებას, ხოლო წმიდა და პატიოსანია იგი, ვინც ქებას თავს უვნებლად გაარიდებს.

17. ვნახე მტირალნი, რომელთაც სხვები აგინებდნენ და ამიტომ განრისხდნენ და როგორც სავაჭროში - ვნებით ვნება შეიძენს.

18. „ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაი, გარნა სულმანვე კაცისამან“ (კორ. 2.11). ამგვარად, უნდა რცხვენოდეს ყველას, ვინც პირში აქებს ადამიანებს.

19. როდესაც გაიგებ, რომ მეგობარი აუგად გახსენებს, მაშინ მის მიმართ სიყვარული გამოამჟავნე.

20. დიდი საქმეა, თუ სულს კაცობრივ ქებას განარიდებ, მაგრამ ამაზე დიდი ეშმაკეული ქების განრიდებაა.

21. სიმდაბლეს წარმოაჩენს არა იგი, ვინც თავს იმდაბლებს, რადგან საკუთარი თავი ყველამ უნდა იტვირთოს, არამედ ის წარმოაჩენს სიმდაბლეს, ვისაც სხვები აგინებენ, თავად მოითმენს და მათ მიმართ სიყვარულს არ დაკარგავს.

22. შევამჩნიე ეშმაკეული პატვიმოყვარეობის ასეთი მზაკვრობა: მან ერთ ძმას გულში ბოროტი ზრახვები ჩაუნერგა, მერე წავიდა და მეორე ძმას აუწყა იმის შესახებ, რაც პირველში დანერგა. შემდეგ ეს მეორე ძმა პირველს მიუგზავნა, რათა მისი გულისთქმები ეთქვა და როგორც დაფარულის მცნობელი, პატივმოყვარეობას შეეპყრო.

23. ხშირად ის უწმინდური სხეულის სხვადასხვა ნაწილებს შეეხებოდა, თავისი ცბიერებით ბოროტებას დათესავდა და სხეულის ნაწილების ათამაშებით მომავალ საქმეებს უცხადებდა.

24. როდესაც ეპისკოპოსობის ან წინამძღვორბის სურვილს ნერგავს, იგი არ უნდა მიიღო, რადგან ხორცის სავაჭროდან ძაღლის გაგდება ძალიან ძნელია.

25. როდესაც ცოტა ხნით უდაბნოში დავეყუდებით და სიმშვიდეში ვართ, მტერი ჩაგვაგონებს, რომ სოფლად მივიდეთ, რათა დაღუპულთა სულები გადავარჩინოთ და ვაცხონოთ ისინი.

26. სხვაგვარი საქმე აქვს ეთიოპელს და სხვაგვარი - თეთრს. ამგვარად სხვადასხვაგვარია პატივმოყავრეობა მათი, ვინც ძმათა შორის მონასტერში ცხოვრობს და მათი, ვინც უდაბნოში, დაყუდებაში იმყოფება.

27. როდესაც ერისკაცები სტუმრობენ მონასტერს, მათ წინ პატივმოყვარეობის ეშმაკი უსწრებს, რათა უგნური მონაზვნები დაარწმუნონ, რომ გამოვიდნენ და მიეგებნონ მათ.

28. ისინი ფეხებში უვარდებიან მათ, სიმდაბლეს ჩემულობენ და ამპარტავნებით არიან სავსენი. მათ წინაშე მშვიდი სახით წარმოჩინდებიან, ხოლო გონებაში კი მხოლოდ იმას ფიქრობენ, რომ მათგან რაიმე ნივთიერი მიიღონ; ბატონებს უწოდებენ მათ და არწმუნებენ, რომ ღვთის მერე თქვენ ხართო ჩვენი მაცოცხლებელი.

29. სუფრასთან ჯდომისას, პატივმოყვარეობა ჩააგონებთ, რომ იმარხულონ და მათზე უმცირესნი უმოწყალოდ ამხილონ.

30. ლოცვაზე დგომისას პატივმოყვარეობა უმაქნისებს მოშურნეებად აქცევს, უხმოებს - კეთილხმოვანებად, მძინარებს - ფხიზლებად. უპირატესისაგან წიგნის კითხვის პატივს იხოვენ, ფსალმუნის წინასწარ აღებასა და იპაკოს თქმას, მლიქვნელობით მოძღვარსა და მამას უწოდებენ მას, ვიდრე ერისკაცები წავიდოდნენ.

31. თუ მათ თხოვნას უპირატესი პატივს სცემს, ამპარტავნობენ, ხოლო თუ უარს მიიღებენ, ბოროტად ახსოვთ ეს ამბავი ყოველთვის.

32. ერისკაცების წასვლის შემდეგ პატივმოყვრეობის ეშმაკი მათ გულებში ურჩობას ნერგავს და ყველას მიმართ მრისხანებასა და შუღლს ამჟღავნებენ.

33. ხშირად პატივმოყვარეობას პატივისცემის მაგიერ შეურაცხყოფა მოაქვს, რადგან, მრისხანეს თავისი მოწაფეებისათვის უდიდესი ბოროტება მოაქვს.

34. პატივმოყვარეობა ამპარტავანს კაცთა წინაშე მშვიდად წარმოაჩენს.

35. ის ძალიან ადვილად შეერწყმის კაცთა ბუნებას და ბევრ საბრალოს მისი საშუალებით ამარცხებს; ვნახე ეშმაკი, რომელმაც თავისი მეგობარი ეშმაკი დაამწუხრა და განსდევნა: ძმები ერთმანეთს განურისხდნენ, როდესაც ჩხუბობდნენ, სტუმრები ეწვივნენ, მათ წამსვე მიატოვეს ჩხუბი, ოღონდ ღვთისთვის კი არა - პატივმოყვარებისათვის; მრისხანებისაგან გამოვიდნენ და პატივმოყვარეობას მიეცნენ, რადგან ორივეს ერთად მონობა ამ საბრალოებს არ შეეძლოთ.

36. პატვიმოყვარე ცხოვრების წესითა და ხორცით მონაზონთა შორის იმყოფება, ხოლო გონებითა და საქმით ერისკაცთა შორისაა.

37. საყვარელნო, ვისაც ზეციური სიკეთის მიმართ აქვს სწრაფვა, ზეციურ დიდებას იხილავს, რადგან ვისაც მისი დიდების გემო უგემია, ყოველგვარ ქვეყნიურ დიდებას შეურაცხყოფს; მიკვირს: პირველი თუ არ განუცდია ვინმეს, მან მეორის უარყოფა როგორ შეძლო?

38. ბევრჯერ პატივმოყვარეობა გვამარცხებს, მაგრამ შემდეგ მივუბრუნდებით და თვითონ უფრო მარჯვედ დავძლევთ მას. მიხილავს ადამიანები, რომელთაც სულიერი ღვაწლი პატივმოყვარეობით დაიწყეს და თუმცა სასიქადულო გამოვიდა, რადგან ამ მოღვაწეებმა პატივმოყვარე აზრები სიმდაბლით შეცვალეს.

39. ვინც ბუნებრივი თვისებების გამო პატივმოყვარეობაშია, ვთქვათ, განათლების, ხელმარჯვეობის, კარგი კითხვის შორსმჭვრეტელობის, საამო ხმისა და სახის, ან აგებულების ან რაიმე მსგავსების გამო, იგი ბუნებაზე აღმატებულ სიკეთეს ვერასოდეს მიღებს, რადგან, ვისაც მცირეოდენი ურწმუნოებაში აგდებს, იგი დიდის მიმართაც ურწმუნო და პატივმოყვარე იქნება.

40. ბევრმა ადამიანმა შემუსრა და დაადნო ხორცი, რათა დაეძლია ვნებები და სასწაულთმოქმედების მადლი და წინასწარმეტყველების ძალა მიეღო; სიმდაბლე კი ვერ შეიძინა. ვერ მიხვდნენ ეს უბადრუკნი, რომ შრომა კი არა, უმეტესად სიმდაბლეა ყოველივე ამის დედა.

41. ვინც თავისი შრომის საფასურად ღვთისგან საჩუქარს ითხოვს, მას უნაყოფო და სუსტი საძირკველი ჩაუყრია. ხოლო, ვისაც საკუთარი თავი ჭირისა და მრავალი შრომისათვის გადაუდვია, იგი მოულოდნელად და წინასწარი უწყების გარეშე დიდ სიმდიდრეს მიიღებს.

42. საყვარელო, ეშმაკის ამპარტავნებას ნუ შეიწყნარებ, რომელიც გეუბნება, შენი სათნოებანი ყველას დასანახად აღასრულე, რათა არგო მათო; რადგანაც „რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა“, რომელმაც „სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს“ (მათ. 16.26)?!

43. მოყვასს სხვა ვერაფრით ვარგებთ იმდენს, რამდენსაც - სიმდაბლით, კეთილი ქცევითა და ტკბილი სიტყვით; რადგან ამით სხვებსაც სიმდაბლის მაგალითად ვექცევით და ამაზე დიდ სარგებელს ვერაფრით მოვუტანთ.

44. ერთხელ ერთი წმიდა და გამოცდილი ბერი მიამბობდა: ძმათა შორის ვიყავი და პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ეშმაკები მოვიდნენ; ერთი მარჯვნიდან ამომიდგა, მეორე - მარცხნიდან; ერთი პატივმოყვარეობით თითით გვერდში მირტყამდა და მიწვევდა, რომ იქ მყოფთათვის მეთქვა რაიმე ჩვენების ან ჩემი უდაბნოში მოღვაწეობის შესახებ, მე კი განვდევნე და ვუთხარი: „მართლუკუნიქცენ და სირცხვილეულიქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი“ (ფს. 39.15); იმ წუთასვე ჩემგან მარცხნივ მყოფმა მითხრა ყურში: ვაშა, ვაშა, კეთილად ქმენ და განდიდდი, როდესაც უსირცხვილო დედას ჩემსას, სძლიე. - მაშინ მისკენ მივბრუნდი და წარმოვთქვი სიტყვები, რომლებიც პირდაპირ მოსდევდა ზემოთქმულს: „მიიღეთ მეყსეულად სირცხვილი მათი, რომელი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!“

45. მაშინ ვკითხე ამ ბერს, თუ რად ითვლება პატივმოყვარეობა ამპარტავნების დედად; ხოლო მან მიპასუხა; ქება ადამიანის სულს აამაღლებს და როდესაც სული თავს აიმაღლებს, მაშინ მას ამპარტავნება შეიპყრობს, ცამდე აიტაცებს მას და შემდეგ უფსკრულში და ჯოჯოხეთის ქვესკნელში ჩააგდებს.

46. არსებობს უფლის სიტყვა, რომელიც წერილშია ნათქვამი: „ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ!“ (1მეფ. 2.30); და არსებობს სიტყვები, რომელიც ეშმაკის მზაკვრობისაგან მოდის, რადგან ნათქვამია: „ვაი თქუენდა, რამეთუ კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი“ (ლუკ. 6.26).

47. თუ ღვთისგან მომდინარე დიდების გამოცნობა გსურს, ამგვარად იცან: როდესაც შენ იმ დიდებას მავნებლად ჩათვლი, ყოველ ღონეს იხმარ, რომ მას გაექცე და სადაც წახვალ, შენს ვინაობას დამალავ; ეშმაკეული დიდება კი იმით უნდა გამოიცნო, რომ ამ დროს, გსურს, ადამიანებმა შენი სათნოებები დაინახონ.

48. ეს უწმინდურნი გვარწმუნებენ, რომ დავიჩემოთ და მივითვისოთ ის სათნოებები, რომლებიც არ მოგვიხვეჭია და გვახსენებენ სახარების სიტყვებს: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამას თქუენსა ზეცათასა“ (მათ. 5.16).

49. ხშირად ღმერთი მისთვის საყვარელ ადამიანებს პატვიმოყვარეობის ვნებისაგან კაცთაგან შეურაცხოფისა და გინების მიღებით განკურნავს.

50. სიმდაბლის დასაწყისია ბაგის დაცვა, კრძალულება და შეურაცხყოფის სიყვარული; მისი საშუალო მდგომრეობა: - იმ ყოველგვარი საქმის მიტოვება, რაც ცუდმედიდობას შობს; ხოლო საბოლოო სრულყოფილი სახე - თუკი შეიძლება, რომ უფსკრულის დასასრული იპოვო - არის ის, რომ კაცი მთელი ძალით ეძებდეს გინებას ლანძღვასა და შეურაცხყოფას.

51. საყვარელო, ნუ დაჰფარავ საკუთარ ნაკლს იმ მიზეზით, რომ მისი წარმოჩენით მოყვასს დააბრკოლებ.

52. ერთი და იმავე წამლის დადებით ყველა წყლულს ვერ განკურნავ, ამიტომ სხვა წამალია საჭირო მაშინ, როცა ჩვენ თვითონ მოვიხვეჭთ დიდებას და სხვა მაშინ, როდესაც ჩვენი მცდელობის გარეშე მოდის ის ჩვენთან.

53. როდესაც ისეთ საქმეს აღვასრულებთ, რაც ამპარტავნებას მოგვიტანს, მაშინ ჩვენი გლოვა და სენაკში ლოცვისას ღვთის წინაშე მარტოდ წარდგომა გავიხსენოთ და ამ საშუალებით აუცილებლად გავანადგურებთ უსირცხვილო პატივმოყვარეობას; თუ მხოლოდ ჭეშმარიტი ლოცვის აღვლენაზე ვზრუნავთ, მაგრამ თუ ამგვარ განცდას ვერ მოვიპოვებთ, მაშინ ის სირცხვილი გავიხსენოთ, რომელიც პატივმოყვარეობას მოსდევს, რადგან ვინც „აღიმაღლოს თავი თვისი“, ის დამდაბლდება, როგორც აქ, ისე - მომავალ საუკუნეში.

54. როდესაც მაქებლები - და ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით - მაცდურნი ქებას გვიწყებენ, გულის სიღრმეში ჩვენი ცოდვები და ჩვენს მიერ ქმნილნი მრავალი უსჯულოება გავიხსენოთ და საკუთარი უღირსება ამგვარად შევიცნოთ.

55. ხშირად პატივმოყვარენი ისეთ რამეს ითხოვენ ღვთისგან, რისი მიღებაც მართლაც სიკეთის მომტანია, ამიტომ უფალი წინ უსწრებს და მანამდე აძლევს მათ, ვიდრე ითხოვდნენ, რათა ის ლოცვით არ მოიპოვონ და მათი პატივმოყვარეობა კიდევ უფრო არ გაძლიერდეს.

56. გულით უბრალონი არც ისე ხშირად იწამლებიან ამ შხამით; რადგან პატივმოყვარეობა ანადგულრებს უბრალოებას და ზაკვითა და ორგულობით სავსე ცხოვრება მოაქვს.

57. არსებობს ასეთი მატლი, რომელიც აფრინდება; ხოლო როდესაც პატივმოყვარეობა უმაღლეს საზომს მიაღწევს, იგი ყოველგვარი ბოროტების საწყისი ხდება.

58. ვისაც ეს სენი არ შეხვედრია, ძალინ ახლოა ცხონებასთან, ხოლო მისით შეპყრობილი წმიდათა დიდებისგან მეტად დაშორებულია.

ოცდამეორე საფეხური. ვისაც პატივმოყვარეობა არ იპყრობს,
მას ვერ დაამარცხებს უგნური ამპარტავნება, რომელიც ღმერთის მტერი და მოძულეა.