ღირსი იოანე სინელი

კიბე ანუ კლემაქსი

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე მამასახლისისა,
რაითელ მამასახლისს იოანეს რომ მიუძღვნა,
რომელმაც სთხოვა სწავლანი აღეწერა მონაზონთათვის

სიტყვა 30

სამი სათნოების - სარწმუნოების, სასოების და სიყვარულის შესახებ

1. ახლა კი ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ „ესერა ჰგიეს სარწმუნეობა, სასოება და სიყვარული, სამი ესე და უფროის ამათსა სიყვარული არს“; რადგან ღმერთს სწორედ ასე ეწოდება. მე კი პირველ მათგანს - სარწმუნეობას მხურვალებას ვუწოდებდი; მეორეს - სასოებას, ანუ იმედს - სინათლეს; ხოლო მესამეს - სიყვარულს - მზისთვალს. ხოლო სამივეს ერთად - ბრწყინვალებასა და შარავანდედს. რადგანაც პირველ მათგანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია; მეორეს ღვთის მოწყალება, შეურცხვენლად იცავს; მესამე კი არასოდეს „დავარდების“, არც მისი სრბოლა შეჩერდება; მის მიერ დაჭრილ გულს ღვთის ტრფიალება არასოდეს მოასვენებს.

2. იგი, ვიცნ ღვთის სიყვარულზე ლაპარაკს ცდილობს, თვით ღმერთზე კადრულობს სიტყვის დაძვრას, ღმერთზე ლაპარაკი კი უკრძალველი ადამიანებისათვის დიდად სახიფათოა.

3. სიტყვა - სიყვარული მხოლოდ ანგელოზებისთვისაა ცნობილი და მათთვისაც არასრულად, - მხოლოდ მათ ნათლის შესაბამისად.

4. სიყვარული ღმერთია; ხოლო ვისაც მისი სიტყვით გადმოცემა სურს, იმ ბრმას ჰგავს, რომელიც ზღვის ფსკერზე ქვიშის დათვლას ცდილობს.

5. სიყვარული ბუნებით ღვთის მსგავსებაა, რამდენადაც ეს კაცთათვისაა შესაძლებელი და მისაწვდომი; გარეგნულ ქმედებაში ის სულის კეთილ სიმთვრალედ ვლინდება; ხოლო ბუნებით სარწმუნეობის წყაროა, მრავლისმოთმინების უფსკრული და ზღვა სიმდაბლისა.

6. ჭეშმარიტი სიყვარული ყოველგვარი საწინააღმდეგო გრძნობის უარყოფაა, „სიყვარული ბოროტსა არა იგონებს“.

7. სიყვარული, უვნებლობა და შვილობა მხოლოდ სხვადასხვა საღმრთო სახელებია, ხოლო ძალა მათი ერთია: როგორც ცეცხლი, ალი და ნათელი.

8. რამდენადაც იკლებს სიყვარული, მით შიში იმატებს; რადგანაც ვისაც შიში არა აქვს, ის ან სიყვარულითაა სავსე, ან - სულით მკვდარია.

9. არაფერი აბრკოლებს იმას, რომ მოვიკრიბოთ ღვთის შიში, გულმოდგინება კეთილი შური, ღვთის მონობა და სიყვარული მისი.

10. ნეტარია ის კაცი, ვინც ღვთისადმი ისეთ სიყვარულს მოიპოვებს, როგორც თავის ბოროტ სიყვარულში სატრფოსადმი განიცდის.

11. ნეტარია ის კაცი, რომელსაც ისე ეშინია ღვთისა, როგორც ბრალდებულს - თავის მსაჯულისა.

12. ნეტარია იგი, ვისაც ისე სურს უფალი, როგორც მშიერს - პური.

13. ნეტარია ის, ვისაც ისეთივე გულმოდგინებით სურს მონობა ღვთისა, როგორც ერთგულ მონებს - თავიანთი პატრონისა.

14. ნეტარია იგი, ვინც სათნოებათა მიმართ ისეთივე მოშურნეობას განიცდის, როგორსაც დიდებისმოყვარე კაცი ამქვეყნიური სამეფო პატივის მიმართ.

15. ნეტარია ის, ვინც ლოცვის დროს ისე დგას ღვთის წინაშე, როგორც მეფის წინაშე შიშით დგანან მხედრები.

16. ნეტარია იგი, ვინც ცდილობს, ისე მოიმადლიეროს უფალი, როგორც მეგობრების მომადლიერებას ცდილობენ ხოლმე.

17. ჩვილს იმდენად არ სურს დედასთან ყოფნა, რამდენადაც უფლის სიყვარულის ძეს სურს უფალთან სიახლოვე.

18. როდესაც ადამიანი ვინმეს მიმართ ძლიერ სიყვარულსა და ტრფიალებას განიცდის, მას გამუდმებით მისთვის საყვარელი სახის ნახვა სურს და შინაგანი სიტკბოებითაა მიჯაჭვული მასზე, ძილშიც კი არ უნელდება მისი სურვილი და მით უფრო მაშინ, როდესაც მას ხედავს. ასე ხდება, როგორც ხორციელი, ასევე - სულიერი სიყვარულის დროს.

19. იყო ვინმე სწორედ ამგვარად მოწყლული და იგი გაკვირვებით ამბობდა; მე მძინავს, როგორც ხორციელი ბუნების წესია; ჩემი გული კი მღვიძარეა - სიყვარულის სიმრავლის გამოისობით.

20. თვითონ ნახე, ჰოი ნეტარო, რომ როდესაც ირემი, ეს მხნე და უშიშარი სულის სახე, ბოროტ ქვეწარმავლებს გაანდგურებს, მაშინ „სურინ და მოაკლდებინ“ მას „უფლისა მიმართ“, რადგან დამწველი ცეცხლით - უფლისადმი სიყვარულით იწვის.

21. შიმშილი უცნაური და უჩინარი რამ არის; ხოლო წყურვილი - მწველი, აშკარა და ყველასათვის მისახვედრი; ამიტომ ამბობდა ღვთისმოყვარე: „სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა“.

22. თუკი მეგობრის ხილვა გვახარებს, როგორ არ გაგვახარებს ღვთის პირის ხილვა, რომელიც განწმენდილი გულის საშუალებით შემოდის ჩვენში უხილავად.

23. ღვთის შიში, თუ ის სულის მხურვალებისაგან არის აღძრული, გალევს და მოსპობს მწიკვლოვანებას, რადგანაც ამბობს წინასწარმეტყველი: „შემშჭვალენ შიშსა შენსა ხორცნი ჩემნი“. ხოლო წმიდა სიყვარული თავისი მოქმედებით შეჭამს მათ, როგორც „ქებათა ქებაშია“ ნათქვამი: „შეიწვნეს გულნი ჩვენნი“; სხვებს კი აბრწყინებს და ამხიარულებს და ამიტომ ითქვა: „მისა მიმართ ესვიდა გული ჩემი და შემეწია მე და მხიარულ იქმნეს ხორცნი ჩემნი“; ხოლო როდესაც გული ხარობს, სახეც მხიარულია.

24. როდესაც კაცი ყველანირად ღვთის სიყვარულს შეუერთდება, მაშინ მისი სულის ბრწყინვალებას გარეგნული სახეც გამოაჩენს, რადგანაც სწორედ ასე განდიდდა მოსე ღვთისმეტყველი; ხოლო მას, ვინც ამ ანგელოზებრივ მდგომარეობამდეა მისული, ხშირად საჭმელიც კი ავიწყდება; ეს გასაკვირი არც არის, რადგან ხშირად ბოროტი სურვილებიც კი ავიწყებს კაცს საჭმელს.

25. ვფიქრობ, რომ ვინც ამ უხრწნელ მდგომარეობამდე მივიდა, აღარც მისი ხორცი განიცდის ჩვეულებრივ ტკივილს, რადგან მასში სნეულების მიზეზი მოსპობილია, იმდენად რამდენადაც ბოროტი მხურვალების ალი დაშრიტა მასში; აღარც საკვების მიღება ანიჭებს სიამოვნება; რადგანაც წყალი ხეებს ზრდის, ხოლო ზეციური ცეცხლი - მის სულს.

26. ღვთის შიშის აღორძინება სიყვარულის დასაბამია, ხოლო სრული სიყვარული - ღვთისმეტყველების დასაბამი.

27. ვინც თავისი გონება სრულიად შეაერთა ღმერთთან, მან ღვთის სიტყვათა საიდუმლო შეიმეცნა.

28. სიტყვა ბუნებით მამისა სრულ სიწმიდეს ბადებს; მისი მოსვლა სიკვდილს კლავს; ხოლო როდესაც სიკვდილი მოიკვლება, ღვთისმეტყველების მოწაფე სულით ნათლდება.

29. სიტყვა უფლისა უკუნითი უკუნისამდე არსებობს, ხოლო ვისაც უფალი ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია ჯეროვნად, ის მხოლოდ ხვდება ამას.

30. სიწმიდემ და სიყვარულმა საყვარელი მოწაფე ღვთისმეტყველად აქცია, რომელმაც თავისი სიტყვით დაამოწმა ყოვლადწმიდა სამების დოგმატი.

31. ღვთისმოყვარემ ჯერ ძმა შეიყვარა; რადგანაც ეს მეორე პირველზე მეტყველებს.

32. ვისაც უყვარს მოყვასი, ავს არასოდეს მოისმენს მასზედ და ცეცხლივით გაურბის ამას.

33. ვინც ამბობს, უფალი მიყვარსო, მოყვასი კი სძულს, იმ კაცს ჰგავს, რომელიც სიზმარში მირბის.

34. სიყვარულის ძალა იმედია, რადგანაც სიყვარულის საფასურს მისი საშუალებით მოველით.

35. იმედი უხილავი სიმდიდრით გამდიდრებაა.

36. იმედი არის საუნჯის უეჭველი ფლობა იქამდე, ვიდრე ამ საუნჯეს მივიღებდეთ.

37. იმედი შრომის დროს დასვენებაა, ის არი კარი სიყვარულისა, ის არის სასოწარკვეთილების მომაკვდინებელი და საუკუნო კეთილთა წინდი.

38. იმედის ნაკლუვანება სიყვარულს აქრობს; ჩვენი შრომა იმედთან არის დაკავშირებული, მასზეა დამყარებული ღვაწლი და მას იცავს მოწყალება ღვთისა.

39. იმედით მოღვაწე მონაზონი მოწყინების მკვლელია, რადგანაც მას იმედის მახვილით კლავს.

40. უფლის ძღვნის გემოსხილვა შობს იმედს, ხოლო ვისაც ამის გემო არ უხილავს, შეუძლებელია, რომ არ დაეჭვდეს.

41. იმედი განდევნის მრისხანებას, რადგანაც „სასოებასა არასადა რცხვენის, ხოლო გულისწყრომა საქმე არს სირცხვილისა“. - ამბობს სოლომონი.

42. სიყვარული წინასწარმეტყველების სათავეა.

43. სიყვარული ნიშების მომცემელია.

44. სიყვარული ბრწყინვალების უფსკრულია.

45. სიყვარული ცეცხლის წყაროა და სადაც ის წყარო ამოვა, დასწვავს მწყურვალს.

46. სიყვარული ანგელოზების სიმტკიცეა.

47. სიყვარული მარადიული წინსვლაა.

48. ჰოი მშვენიერო სათნოებათა შორის, გვითხარ და გვაუწყე, სად აძოვებ შენს ცხვრებს, ან სად იმყოფები; განგვანათლე ჩვენ, დაგვარწყულე ჩვენ, დაგვმოძღვრე ჩვენ; რადგანაც ჩვენ შენთან მოსლვა გვწყურია. შენ ყოველივეზე ბატონობ; შენ დააწყლულე სული ჩემი და ჩემს გულს შენი ცეცხლის ალის დათმენა არ ძალუძს; ამგვარად გიგალობ შენ: „შენ უფლებ ძალთა ზედა ზღვისათა და ოხრა ღელვათა მისთა შენ დააწყნარო“ და დაამშვიდო; „შენ დაამდაბლო ვითარცა წყლული“ ამპარტავანი ზრახვები და „ძლიერებითა მკლავითა შენისათა განიბნინენ მტერნი შენნი“, ხოლო შენს მოყვარებს დაუმარცხებლად აქცევ.

კიბის თავზე იაკობმა რაგვარად გიხილა შენ?! მინდა ვიცოდე, რანაირი იყო ეს ამაღლება კიბისი საფეხურებზე? რას წარმოადგენს თავად სახე კიბისა და მისი საფეხურები? ან - ეს „აღსლვაი“, რომელიც „გულსა შინა თვისსა დაიდვა“ შენი მშვენიერების ერთმა მოტრფიალემ? ან რამდენია რიცხვი მათი? - მინდა გავიგო. რამდენი დრო ჭირდება ამ ზეაღსვლას? მან, ვინც გიხილა შენ და გებრძოდა შენ - შენმა მოყვარულმა იაკობმა, მხოლოდ ერთი რამ გვაუწყა, რომ ამ კიბეზე წინამძღვარნი ანგელოზები არიან.

49. და ამდროს იმ სათნოებათა მეუფემ ზეციდან ჩემსკენ გადმოიხედა და ჩემი სულის ყურს ჩასჩურჩულა: ჰოი, მოყვარულო ჩემო, ვიდრე მაგ მძიმე და უხეშ ხორცისაგან დაიხსნები, ვერ შეძლებ, შეიცნო სილამაზე ჩემი - თუ რაგვარია ის. დაე იაკობის მიერ ხილულმა კიბემ გასწავლოს, თუ როგორ შეადგინო სათნოებათა კიბის სულიერი საფეხურები, რომლის თავზეც მე ვარ დამყარებული, როგორც ამას ჩემი დიდი მესაიდუმლე იტყვის: „ხოლო აწ ესერა ჰგიეს: სარწმუნეობა სასოება და სიყვარული, სამი ესე; ხოლო უფროის ამათსა სიყვარული არს“ (1კორ. 13,13).

შემოკლებული დარიგება, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რის შესახებაც ამ წიგნში ვრცლად იყო ნათქვამი.

შევუდგეთ, ძმებო გულმოდგინედ შევუდგეთ ამ კიბის საფეხურებს, გულში ზეაღსვლის სურვილი დავინერგოთ და ვუსმინოთ წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: „აღვიდეთ მთასა უფლისასა და სახლსა ღვთისა ჩუენისასა“ (ეს. 2,3), მასთან ვინც „განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე“ (ფს. 17,33). გევედრებით, მისკენ ვისწრაფოთ, ვინც იტყვის: ისწრაფოდეთ „ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა მამაკაცად სრულად საზომად ასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა“. ქრისტე მოინათლა, როდესაც ხორციელად 30 წლის ასაკში იყო და ამ კიბის ოცდამეათე საფეხურზეა დაბრძანებული, რადგანაც ღმერთი სიყვარულია, რომლის არს გალობა, რომლის არს სიმტკიცე, რომლის არს ძალი, რომელიც ყოველივე მიზეზი კეთილთა არს და იყოს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.