ღირსი იოანე სინელი

კიბე ანუ კლემაქსი

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე მამასახლისისა,
რაითელ მამასახლისს იოანეს რომ მიუძღვნა,
რომელმაც სთხოვა სწავლანი აღეწერა მონაზონთათვის

სიტყვა 4

ნეტარი და ყოვლადქებული მორჩილების შესახებ

მაკედონიოს მთავარდიაკონის შესახებ

46. ძალიან ბევრს დავაკლებ კეთილმოშურნეობას, თუ დავდუმდები იმ ღვაწლისა და სათნოებათა შესახებ, რომელიც ერთ-ერთ იქაურ პირველთაგან დიაკონს, მაკედონიოსს ეკუთვნის. ამ ღვთისათვის მოღვაწე მამამ ერთხელ, როდესაც ღვთისგანცხადების დღესასწაული ახლოვდებოდა, ორი დღით ადრე წინამძღვრისაგან ალექსანდრიაში წასვლის ნებართვა გამოითხოვა - ზოგიერთი პირადი საჭიროებისათვის. ამასთან, დაჰპირდა, რომ სწრაფად დაბრუნდებოდა, რადგან დღესასწაული ახლოვდებოდა და მისთვის მომზადება იყო საჭირო. მაგრამ ეშმაკმა, რომელსაც ყოველგვარი სიკეთე სძულს, დააბრკოლა მთავარდიაკონი და მან წმიდა დღესასწაულზე დადგენილ ვადაში მოსვლა ვერ მოასწრო, იგი მეორე დღეს ჩამოვიდა. მოძღვარმა ამის გამო ღვთისმსახურებისგან განაყენა და ახლადამწყებთაგან უკანასკნელთა შორის მორჩილებით დაამდაბლა. მაგრამ ამ მოთმინების დიაკონმა და სიმტკიცის მთავარდიაკონმა მწუხარების გარეშე ისე მიიღო თავისი მოძღვრის ეს დადგენილება, თითქოს თვითონ კი არა, - ვიღაც სხვა ისჯებოდა. როდესაც ამ მდგომარეობაში ორმოცი დღე გავიდა, ყოვლადბრძენმა მოძღვარმა მას კვლავ დიაკონის ხარისხში მოუწოდა, მაგრამ ერთი დღის შემდეგ იგი უკვე ევედრებოდა ამბას, რომ იმავე უპატიო მდგომარებაში დაებრუნებინა. ამბობდა, რომ ქალაქში ყოფნისას რაღაც მიუტევებელ ცოდვაში ჩავარდა. ღირსმა მამამ იცოდა, რომ მთავარდიაკონი სიმართლეს არ ამბობდა და მხოლოდ დამდაბლების საშუალებას ეძებდა, მაგრამ ამ მოღვაწის კეთილ განზრახვას მაინც დაუთმო. საოცარი სანახაობა იყო! წმიდა ბერი, ჭაღარით შემკული ახალდამწყების ხარისხში იმყოფებოდა და ყველას ევედრებოდა, რომ მისთვის ელოცათ: რადგან მე - ამბობდა იგი - ურჩობის სიძვით დავეცი. - მე, მდაბალსა ამას, საიდუმლოდ მითხრა დიდმა მაკედონიოსმა, რომ იგი ამგვარ მდგომარეობამდე დამდაბლების ნებით ეძიებდა: - არასოდეს მიგრძვნია ჩემი შინაგანი ბრძოლების ისეთი შესუსტება და ღვთაებრივი ნათლის იმგვარი სიტკბოება, როგორც ამჟამად.

47. ანგელოზებისთვის დაცემა ბუნებითი თვისება არ არის და ბევრი ამბობს, რომ საერთოდაც შეუძლებელია მათი დაცემა. ადამიანებისათვის კი თვისობრივია დაცემა და დაცემისგან კვლავ აღდგენა, რამდენჯერაც არ უნდა მოუხდეს; ხოლო ეშმაკებისათვის კი თვისობრივია, რომ დაცემულნი აღარასოდეს აღდგნენ.

48. ამ სავანის ეკონომოსმა (*) შემდეგი მამცნო: - როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ჯორებს ვწყემსავდი, ერთხელ მეტად მძიმედ დავეცი სულიერად, მაგრამ რადგანაც მიჩვეული ვიყავი, რომ არასოდეს დამემალა გველი გულში, მოვასწარი, კუდში ხელი ჩავჭიდე (აქ მე ამ საქმის დასრულებას ვგულისხმობ) და ექიმს ვუჩვენე, მან მხიარული სახით მსუბუქად შემომკრა ღაწვზე ხელი და მითხრა: - წადი, შვილო, გააგრძელე შენი საქმე, როგორც აკეთებდი ისევე და ამიერიდან ნუღარაფრის შეგეშინდება. მისი ეს სიტყვები მხურვალე სარწმუნოებით მივიღე და რამდენიმე დღეში განვიკურნე კიდეც და გავიხარე. ამავე დროს ძრწოლით განვაგრძე ჩემი გზა.

49. ყოველგვარ შექმნილთა შორის, როგორც ამბობენ, მრავალი განსხვავება არსებობს და ამ კრებულშიც ძმები განსხვავებული ღვაწლითა და მისწრაფებებით გამორჩეოდნენ. ამიტომ ეს საოცარი ექიმი, როდესაც ხედავდა, რომ ზოგიერთ ძმას სავანეში ერის ადამიანების სტუმრობისას მათ წინაშე გამოჩენა უყვარდა, ასეთებს ყველას თანდასწრებითვე უკიდურესად შეურაცხყოფდა და ყველაზე უპატიო მორჩილების შესასრულებლად აგზავნიდა. ასე, რომ, შემდეგ ისინი თვითონ მირბოდნენ, როდესაც ტაძარში მისულ ერისკაცებს ხედავდნენ. ეს მართლაც, საოცარი სანახაობა იყო: პატივმოყვარეობა თავად სდევნიდა საკუთარ თავს და კაცთაგან მალავდა.

50. უფალს არ სურდა, რომ მე დამკლებოდა ლოცვა ერთ-ერთი ღირსი მამის, რომელიც ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ამ წმიდა ადგილს დავტოვებდი. ეს იყო საოცარი მამა, სახელად მინა, წინამძღვრის შემდგომი მამასახლისი, რომელიც ამ სავანეში 59 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და ყოველგვარი მორჩილება ჰქონდა გავლილი. აღსასრულიდან მესამე დღეს, როდესაც მისი სულის განსასვენებელი საგანგებო ლოცვები შევასრულეთ, ის ადგილი, სადაც დასვენებული იყო, იგი, მოულოდნელად კეთილსურნელებამ აღავსო, მაშინ წინამძღვარმა იმ ლუკსუმას გახსნა გვიბრძანა, რომელშიც მისი პატიოსანი გვამი იმყოფებოდა. ჩვენ ბრძანება შევასრულეთ და ყველამ ვიხილეთ, რომ მის პატიოსან ფეხთაგან მირონის კეთილსურნელება ორ წყაროდ გარდამოდიოდა. მაშინ მოძღვარმა გვითხრა: ხედავთ, ფეხთა მისთა ტკივილი და მისთა შრომათა ოფლი უფალმა კეთილსურნელოვან მირონად შეიწირა და სამართლიანად! იმ სავანის მამები ღირსი მინას საქმეთა შორის ამასაც ჰყვებოდნენ: - ერთხელ წინამძღვარმა მისი მოთმინების გამოცდა ინება და როდესაც იგი იღუმენის სენაკში მივიდა და მის წინაშე სამწუხრო მეტანია შეასრულა, ჩვეულებრისამებრ ითხოვა, რომ ღამისთვის კანონი მიეცა. იღუმენმა იგი ასეთ მდგომარეობაში მწოლიარე დატოვა, თვით საცისკრო კანონის შესრულებამდე. შემდეგ აკურთხა იგი, თავმოწონება და მოუთმენლობა უსაყვედურა და ფეხზე წამოაყენა. მოძღვარმა იცოდა, რომ იგი განსაცდელს ვაჟკაცურად დაითმენდა და ეს ყველაფერი სხვათა განსასწავლად მოიმოქმედა. ღირსი მინას მოწაფე ამ ამბავს ადასტურებდა და ჰყვებოდა: მე გულმოდგინედ ვევედრებოდი მას, ეთქვა ჩემთვის, თუ ეძინებოდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას. ღირსმა მამამ გამიმხილა, რომ ვიდრე ძირს იწვა, მთელი ფსალმუნი ზეპირად იგალობა.

51. არ მინდა, დავივიწყო და მსურს ჩემი ამ მონათხრობის გვირგვინი შევამკო ნამდვილი პატიოსანი თვალით. ერთხელ რამდენიმე უღირსეულეს ბერთაგან დაყუდებაზე საუბარი წამოვიწყე. ისინი მხიარული სახით, ალერსიანად და გულღიად მპასუხობდნენ: - ჩვენ, მამაო იოანე, რადგანაც ხორციელნი ვართ და ნივთიერ სამყაროში ვცხოვრობთ, წინდაწინ განვსჯით, რომ ჩვენი უძლურების შესატყვისი ბრძოლები უნდა ვიტვირთოთ. უკეთესად მიგვაჩნია, ვებრძოლოთ ადამიანებს, რომლებიც ზოგჯერ კი სასტიკნი არიან, მაგრამ ზოგჯერ ნანობენ კიდეც, ვიდრე ეშმაკებს, რომლებიც მუდამ სისხლისმსმელნი არიან, არც სინანულს განიცდიან და გამუდმებით თავს გვესხმიან. ერთ-ერთმა ღირსმა მამათაგან, რომელიც ჩემდამი დიდ ღვთისმიერ სიყვარულს განიცდიდა, ერთხელ გულწრფელად მითხრა: - თუ ბრძენი ხარ, სულის სიღრმეში ყოველთვის მონახავ იმ ძალას, რომელმაც ბრძანა: ყველაფერი ძალმიძს განმაძლიერებლისა ჩემისა ქრისტეს მიერ (ფილ. 4.13); თუ სულიწმიდა, ცვარი სიწმიდისა, ვითარცა წმიდა ქალწულზე, მოვლენილია შენზე, თუკი ძალა მაღლისა, მოთმინების ძალა მოგეფინა შენ, მაშინ მიხვდები, თუ კაცმან მან (იესო ქრისტემ) როგორ მოირტყა არდაგი მორჩილებისა და სულის შემუსვრილებით აღსდგა საიდუმლო სერობისაგან და შენც სულის შემუსვრილებით დაბანე ფეხი შენს ძმებს, ან უკეთ რომ ვთქვათ, თვითდამდაბლების სურვილით ფეხებში ჩაუვარდი მათ. გულის კარებთან მკაცრი და დაუძინებელი გველები დააყენე და გონება ვნებით აღძრულ სხეულში შეუძვრელად დატოვე; ერის ამბოხის დროს სულიერი სიმყუდროვე შეინარჩუნე; ენა ალაგმე, რომ გულისწყრომა და შფოთი არ გამოხატოს; საკუთარ სტომაქს დღეში შვიდგზის სამოცდაათჯერ ებრძოლე და გრდემლის სახით განმტკიცდეს, რათა მას უროებითა და კვერთხით სცემდნენ და ისიც იწრთობოდეს, იგინებოდეს, იყვედრებოდეს და ირცხვინებოდეს, მაგრამ იგი არც დაირღვევა და არც შეიმუსრება, არამედ შეურყეველი, მყარი და უხინჯო დარჩება. სამარცხვინო სამოსელივით განიძარცვე საკუთარი ნება და მისგან განშორებული გამოდი ასპარეზზე, რომელიც იშვიათად და ძნელად მოიპოვება. შეიმოსე სარწმუნოების ჯავშანი, რომელსაც ვერ შემუსრავს და გაანადგურებს ურწმუნოება. ორივე ხელი სიწმინდის აღვირს ჩასჭიდე, რომელიც კადნიერებისგან და უჯერო შეხებისგან დაგიცავს. შეხების სურვილი და უმანკოების აღვირით მოზღუდე; სიკვდილის მოხსენებით დააოკე თვალი, რომელიც ხორციელ მშვენიერებითა და ბრწყინვალებით დატკბობას ცდილობს. გონების ცნობისმოყვარეობა საკუთარ თავზე მზრუნველობით ალაგმე; ნება არ მისცე ძმის დაუდევრობა განიკითხოს და მოყვასისადმი გულმოწყალება და სიყვარული გულწრფელად გამოავლინე და ამით ცნან, მამაო საყვარელო, რომ ქრისტეს მოწაფენი ხართ, უკეთუ იყვარებოდეთ ურთიერთსა (იოან. 13.35). მოვედ, მოვედ - ამბობს ეს წმიდა მამა. მოვედ ჩვენ თანა, დაემკვიდრე ჩვენ შორის და ყოველჟამს ყვედრებას მოგივლენთ ჩვენ, ვითარცა წყალს - წმიდას. დავითმა, როდესაც ცის ქვეშ ყოველივე მშვენიერი და უტკბილესი გამოსცადა, ამის შემდეგ თითქოს გაკვირვებულმა თქვა: არის რაჲმე კეთილი ანუ რაჲმე შუენიერ, თუ არა დამკვიდრებაჲ ძმათაჲ ერთად (ფს. 132.1). თუ ამ სიკეთის ღირსნი ჯერაც ვერ გავხდით, ანუ - ამგვარი მოთმინებისა და მორჩილებისა, მაშინ, უკიდეურეს შემთხვევაში, საკუთარი უძლურება მაინც უნდა შევიცნოთ, განმარტოებულად ვიმყოფებოდეთ და სამოღვაწეო ასპარეზს განშორებულნი მოღვაწეებს შევნატრიდეთ და ვლოცულობდეთ, რომ უფალმა მათ მოთმინება მიჰმადლოს. მე დამამარცხეს ამ დიდმა მამებმა და შესანიშნავმა მოძღვრებმა, რომლებიც სახარებითა და წინასწარმეტყველებით, ან, უკეთ რომ ვთქვათ, მეგობრულად მერკინებოდნენ და ჩვენ ერთობით შევთანხმდით, რომ კეთილშობილურ მორჩილებას მივანიჭოთ უპირატესობა.

52. ამ ნეტარ მამათა კიდევ ერთ სულისმარგებელ სათნოებას გავიხსენებ და შემდეგ, როგორც სამოთხიდან გამოსული, ისევ ჩემს უსიამოვნო და არცთუ სასარგებლო ეკლიან საუბარს განვაგრძობ.

53. არაერთგზის, როდესაც საეკლესიო ლოცვაზე ვიდექით, ნეტარი მოძღვარი ამჩნევდა, რომ ზოგიერთი ძმა ერთმანეთს ებაასებოდა და მათ მთელი კვირის განმავლობაში ეკლესიის წინ აყენებდა, რათა ყველა შემსვლელისა და და გამომსვლელისთვის თაყვანი ეცათ. რაც ყველაზე საოცარია, იგი ამგვარად თვით კლირიკოსებს, ე.ი. ღვთისმსახურებსაც სჯიდა.

54. მე დავინახე, რომ ერთი ძმა სხვებზე უმეტესი გრძნობით იდგა ფსალმუნებაზე და განსაკუთრებით თითოეული გალობის დასაწყისში, ზოგიერთი მოძრაობით და სახის გამომეტყველებით მას ემჩნეოდა, თუ როგორ ესაუბრებოდა ვიღაცას. მე ვთხოვე, ამ ნეტარი ჩვეულების საიდუმლო გაემხილა ჩემთვის და მან - იგი ჩვეული იყო, არაფერი დაემალა, რაც მოყვასს სარგებელს მოუტანდა, - მიპასუხა: - მე მივეჩვიე, მამა იოანე, რომ გალობის დასაწყისში ზრახვები და გონება სულს შევუერთო და მოვუხმო მათ: მოვედით, თაყვანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

55. ვაკვირდებოდი მათ მეჭურჭლის მოქმედებას და შევნიშნე, რომ ქამარზე პატარა წიგნი ჰქონდა დამაგრებული და როდესაც გამოვკითხე, შევიტყვე, რომ იგი ყოველდღიურად იწერდა თავის ზრახვებს და ყველაფერს მოძღვარს უყვებოდა. მარტო ის კი არა - იქაურ ძმათაგან მრავალი იქმოდა ამას. როგორც მითხრეს, ეს ჩვეულება მოძღვრის ბრძანებით იყო დამკვიდრებული.

56. ერთ-ერთი ძმა ოდესღაც მათ ცილისწამებისთვის გააძევეს სავანიდან. იგი მოყვასს ამაოდმეტყველებასა და მრავლისმეტყველებას აბრალებდა. გაძევებული შვიდ დღეს იდგა კარბიჭესთან, პატიებას ითხოვდა, მონასტერში დაებრუნებინათ. როცა სულთმოყვარე მოძღვარმა ეს შეიტყო და ისიც გაიგო, რომ ექვსი დღის განმავლობაში მას საზრდელი არ მიეღო, უთხრა მას: - თუ შენ ნამდვილად გინდა ამ სავანეში დაბრუნება, მაშინ მონანულთა შორის მოგიწევს ცხოვრება და რადგანაც გაძევებულმა ძმამ ეს წინადადება სიხარულით მიიღო, მაშინ მოძღვარმა ბრძანა, რომ ის გაეგზავნათ საგანგებო (განშორებულთა) მონასტერში, სადაც დაცემული ძმები ცოდვებს ინანიებდნენ. რადგან ეს მონასტერი ვახსენეთ, ორიოდ სიტყვას მასზედ ვიტყვით:

57. დიდი სავანიდან ერთი ასპარეზის სავალზე იყო ადგილი, რომელსაც დილეგი ეწოდებოდა და ყოველგვარ ნუგეშს იყო მოკლებული. იქ ვერც კვამლსა და ვერც ღვინოს და ვერც ზეთს ვერასდროს ნახავდით. საკვებად მხოლოდ პური და ცოტაოდენი ბოსტნეული ჰქონდათ. ამ მონასტერში იღუმენი გამოუსვლელად დაამკვიდრებდა ხოლმე მათ, ვინც მონაზვნობის აღთქმის შემდეგ რაიმე დიდ ცოდვაში ჩავარდებოდა. თანაც ყველას ერთად კი არ ათავსებდა, არამედ - თითოეულს განცალკევებულ სენაკში - არაუმეტეს ორისა. ისინი აქ იმყოფებოდნენ, ვიდრე უფალი საგანგებოდ არ აუწყებდა მათYხვედრს. წინამძღვარმა მათ მამასახლისიც დაუდგინა. დიდი მამა ისააკი, რომელიც მასზე მინდობილთაგან თითქმის განუწყვეტელ ლოცვას ითხოვდა. ხოლო მოწყინების განსადევნად მონასტერში ხის ტოტები ჰქონდათ, რომლისგანაც კალათებს წნავდნენ. ამგვარი ყოფა მათი, ვინც ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისასა (ფს. 23,6).

58. საქებარია, თუ ამ წმიდათა საქმეებით განვცვიფრდებით, მათი მოშურნეობა - მაცხოვნებელია, ხოლო სურვილი იმისა, რომ მათ ვბაძავდეთ, უგუნური და შეუძლებელია.

59. მხილებით მოწყლულებს მუდამ გვემახსოვრება ჩვენი ცოდვები, ვიდრე უფალი დაინახავს ჩვენს ტანჯვას, რომელიც მისთვის ვიდეთ თავს, მაშინ იგი ცოდვათა ჩვენთა აღხოცვას ინებებს. იმ მწუხარებასაც განაქარვებს, ჩვენს გულებს რომ ამძიმებს და სიხარულად გადააქცევს მას, როგორც ამის შესახებ იტყვის მეფსალმუნე: მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა არის ნუგეშისცემა სულსა ჩემსა. (ფს. 93,19).

60. ნურც იმ სიტყვებს დავივიწყებთ, რომლითაც იგი უგალობდა უფალს: რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძვირნი და მომაქციე და მაცხოვნე მე და უფსკრულთაგან ქვეყანისათა აღმომიყვანე მე. რათა მე თავად გაღიარო შენ (ფს. 70,20).

61. ნეტარია იგი, ვინც ღვთისთვის ყოველდღიური საყვედურისა და დამცირების მიღებით საკუთარი თავი მოთმინებაში განსწავლა, ის მოწამეთა თანა იხარებს და ანგელოზებთან კადნიერებით ისაუბრებს.

62. ნეტარია ბერი, რომელიც ყოველ საათს საკუთარ თავს ყოველგვარი უპატიობისა და დამცირების ღირსად მიიჩნევს. ნეტარია, ვინც სრულად მოაკვდინა საკუთარი ნება და თავი მთლიანად უფლისმიერი მოძღვრის მზრუნველობას გადასცა. იგი ჯვარცმული იესოს მარჯვნივ დადგება. თუ ვინმე სამართლიან ან თუნდაც უსამართლო მხილებას უარყოფს, იგი უარყოფს საკუთარ ცხონებას, ხოლო ვინც მწუხარებით, ან თუნდაც მწუხარების გარეშე იღებს მას, ჩქარა ცოდვათა მიტევებას მიიღებს.

63. შენი რწმენა და სიყვარული სულიერი მამისადმი აზრობრივად აუწყე უფალს და უფალი უხილავად ამცნობს მას ამ სიყვარულის შესახებ, მასაც ამავე გრძნობით აღავსებს შენს მიმართ და კეთილად განაწყობს.

64. ყოველი, ვინც თავის გველს მოძღვარს უცხადებს, ამით მისდამი ჭეშმარიტ სარწმუნოებას გამოხატავს, ხოლო ვინც ფარავს რაიმეს, ის უგზო-უკვლოდ მიმოეხეტება.

65. თითოეული ჩვენგანი მაშინ შეიცნობს, რომ არის მასში ძმის სიყვარული და ჭეშამრიტი სიყვარული მოყვასისადმი, როდესაც ნახავს, რომ სწუხს ძმის ცოდვებზე და მისი წარმატება და ნიჭები ახარებს.

66. ვინც საუბარში დაჟინებით იცავს აზრს, თუნდაც მართალი იყოს, მან უნდა იცოდეს, რომ ეშმაკეული უძლურებითაა შეპყრობილი. თუ ის ამგვარად თანასწორებთან იქცევა, მაშინ უპირატესის მიერ მხილებით შესაძლებელია მისი განკურნება, მაგრამ თუ უფროსებთან და უბრძნეს ადამიანებთან საუბრობს ასე, კაცთაგან მისი აღდგინება არავის ძალუძს.

67. ვინც სიტყვით არ მორჩილებს, უეჭველია, იგი ვერც საქმეში დამორჩილედება. რადგან სიტყვით მერყევია, ის საქმეშიც მოურჯულებელია. ასეთები ამაოდ ირჯებიან მეტს ვერაფერს მიიღებენ.

68. მამისადმი მორჩილება მხოლოდ სრულიად წმიდა სინდისის მქონემ მოიპოვა. მას სიკვდილისა უკვე აღარ ეშინია, არამედ ყოველდღიურად ელის მას, როგორც ძილს, უკეთ რომ ვთქვათ - როგორც სიცოცხლეს, რადგან დანამდვილებით იცის, რომ მისი სულის განსვლისას მისგან კი არა - მოძღვრისგან მოითხოვენ პასუხს.

69. თუკი ვინმემ მოძღვირს კურთხევის გარეშე საღვთო საქმის აღსრულება დაიწყო და რამენაირი მსახურება იტვირთა და მოულოდნელად დაბრკოლება შეხვდა. დანაშაული მას კი არ უნდა მიეწეროს, ვინც იარაღით შეჭურვა იგი, არამედ თვით მას, ვინც ის მიიღო, რადგან მას მტრის წინააღმდეგ მიეცა იარაღი და საკუთარი გულისკენ კი მიმართა იგი.

70. მე დამავიწყდა, საყვარელნო, რომ თქვენთვის სათნოებათა კიდევ ერთი ტკბილი პური მომეწოდებინა. იმ სავანეში მე ვნახე მორჩილნი ღვთისათვის, რომლებიც საკუთარ თავს აყვედრიდნენ და ამცირებდნენ უფლისათვის. ყოველი მხრიდან შეურაცხყოფისთვის მზად რომ ყოფილიყვნენ, წინასწარ სწავლობდნენ, რომ უპატიობას არ შეშინებოდნენ.

71. სული, რომელიც აღსარებაზე ფიქრობს, ცოდვას ერიდება და ეს ფიქრი აღვირად გადაექცევა. ხოლო ცოდვებს, რომელთაც მოძღვარს არ ვუმხელთ, ისე უშიშრად აღვასრულებთ, როგორც წყვდიადში.

72. თუ წინამძღვრის არყოფნის დროს წარმოვიდგენთ ჩვენს წინაშე მას, რომელიც სიძულვილით აქცევს ზურგს ყველაფერს, რაც ჩვენი აზრით, მისთვის საძულველია: სიტყვას თუ საუბარს, ან საჭმელს, ან ძილს, ან ნებისმიერ რამეს, მაშინ ჩვენ ჭეშმარიტად შეცნობილი გვაქვს გულწრფელი მორჩილების მნიშვნელობა.

73. რადგან მზაკვარი მოწაფე მოძღვრისგან შორს ყოფნას ბედნიერ შემთხვევად თვლის, ჭეშმარიტი კი - უდიდეს დანაკარგად.

74. ერთხელ ერთ გამოცდილ მამათაგან ვკითხე, ესწავლებინა ჩემთვის, თუ რა სახის მორჩილებას ახლავს სიმდაბლე. მან მომიგო: - შეჭმარიტი მორჩილი, თუნდაც იგი მკვდარს აღადგენდეს, ან განუწყვეტელი ცრემლი მოიპოვოს, ან ყოველგვარი ბრძოლისგან გათავისუფლდეს, ყოველთვის ფიქრობს, რომ ყოველივე ამას სულიერი მამის ლოცვით აკეთებს და ამაო ქედმაღლობა მისთვის უცხო რჩება. და განა შეიძლება, თავი აიმაღლოს მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც თვითონ აღიარებს, საკუთარი თავით კი არა - სხვისი შეწევნით მოიმოქმედა?!

75. დაყუდებულს ხომ ამგვარ შემთხვევებში მსგავსი თავმდაბლური ფიქრი არა აქვს, რადგან მზვაობარობას მის წინაშე გამართლება აქვს. იგი ჩააგონებს, რომ თავისთვის აღასრულებს ღვაწლს.

76. მორჩილებაში მყოფი კი როდესაც მტრის ქვემოაღწერილ ორ ცდუნებას (*) დაამარცხებს, ქრისტეს მონა და მარადიული მორჩილი ხდება.

 

პირველი ცდუნების შესახებ

77. ეშმაკი ზოგჯერ ცდილობს, რომ მორჩილებაში მყოფი ხორციელი უწმინდურობით შებილწოს, გული გაუქვავოს მას, ან მომეტებული შფოთი შთაუნერგოს. ზოგჯერ ცრემლი გაუშროს და სრულიად უნაყოფო ჰყოს. ლოცვის დროს სიზარმაცეს, ძილს და სიბნელეს მოუვლენს, რათა ჩააგონოს, რომ მორჩილებას, არა მარტო არანაირი სარგებლობა არ მოეტანა მისთვის, არამედ თანდათან უკან მიდის და ამგვარად მორჩილების ღვაწლს განაშოროს. ნებას არ აძლევს მას, მიხვდეს, რომ ხშირად, როდესაც ვფიქრობთ, რომ სულიერი მადლი მოგვაკლდა, ამით უდიდეს სიმდაბლსა ვიძენთ.

78. თუმცა ზოგიერთმა ამ მაცდუნებელის მოგერიება მოთმინებით მრავალგზის შეძლო, თუმცა ჯერ პირველს ლაპარაკი არ დაესრულებინა, რომ მაშინათვე სიცრუის სხვა მსახური გამოჩნდა და უკვე სხვა სახით შეეცადა, ეცდუნებინა.

 

მეორე ცდუნების შესახებ

79. ვნახე მორჩილები, რომელთა გულიც ლმობიერებით იყო აღსავსე: მოკრძალებულნი, თავშეკავებულნი, გულმოდგინენი, რომელთაც ყოველგვარი ბრძოლა და ვნება დასძლიეს და ღვაწლის მოშურნენი გახდნენ, მათ ეს მდგომარეობა სულიერ მამის მფარველობით მოიპოვეს. ეშმაკებმა, რომლებმაც მათი დაცემა განიზრახეს, ჩააგონეს, რომ ისინი უკვე გაძლიერებულნი იყვნენ და დაყუდების საშუალებით სრულყოფილებასა და უვნებლობას მიაღწევდნენ. ამით ცდუნებულნი ისინი ნავსადგურიდან ზღვაში დაიღუპნენ.

80. საჭიროა შეირყეს ეს ზღვა, აღშფოთდეს და აბობოქრდეს.

81. რათა ღელვამ ნაპირზე გამორიყოს ყოველგვარი თივა, ფიჩხი და სიბინძურე, რომელიც მასში ვნებათა მდინარეებმა შეიტანეს, ყურადღებით დააკვირდით და ნახავთ, რომ ქარიშხალის შემდეგ ზღვაზე ღრმა მდუმარება ისადგურებს.

82. ვინც ზოგჯერ უჯერებს სულიერ მამას და ზოგჯერ - არა, იგი იმ ადამიანს ემსგავსება, ვინც მტკივან თვალზე ზოგჯერ სამკურნალო სალბუნს იფენს, ზოგჯერ კი - კირს. რადგან წერილი ამბობს: უკეთუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებს გარდა დაღლისა? (ზირ. 43,23).

83. ჰოჲ, ძეო და მორჩილო უფლისაო! საკუთარ თავს ამპარტავნების სულით ნუ აცდუნებ და მოძღვარს შენი ცოდვების შესახებ ისე კი ნუ მოუყვები, თითქოს ისინი სხვებისა იყოს; რადგან საკუთარი თავის შერცხვენის გარეშე მარადიული სირცხვილისგან ვერ დაიხსნები.

84. შენი წყლულები აჩვენე მკურნალს და ნუ შეგრცხვება უთხრა მას: - მამაო, ეს არის ჩემი წყლულები, ესაა ჩემი ჭრლილობები, ისინი ვინმე სხვამ კი არ შემამთხვია, არამედ საკუთარი სიზარმაცით დამემართა. არავინ არაა დამნაშავე, არც ადამიანი და არც ბოროტი სული, არც ხორცი და არც - სხვა რაიმე, არამედ - მხოლოდ ჩემი დაუდევრობა.

აღსარებაზე როგორც გარეგნულად, ისე შინაგანი გრძნობით და აზრით იდექი - როგორც მსჯავრდებული ავაზაკი - მიწისკენ თავდახრილი და თუ შეგიძლია, ცრემლით დაალტვე შენი მსაჯულისა და მკურნალის ფეხები, ვითარცა ფერჴნი ქრისტესნი. ეშმაკებს სჩვევიათ, ჩაგვინერგონ, რომ ან საერთოდ არ ვუთხარათ აღსარება სულიერ მამას, ან ვუთხრათ ცოდვები, თითქოს ისინი სხვისი იყოს, ან დანაშაული მათ გამო სხვას გადავაბრალოთ.

85. თუ ყველაფერი ჩვევაზეა დამოკიდებული, მაშინ კეთილი საქმის ჩვევა უნდა მოვიხვეჭოთ, რადგან ამაში დიდად შეგვეწევა ღმერთი.

86. შვილო ჩემო, სულის ნეტარი სიმშვიდის მოსაპოვებლად მრავალი წლის შრომა აღარ დაგჭირდება, თუ იმთავითვე მთელი სულით უპატიობის დათმენას შეუდგები.

87. ნუ იფიქრებ, რომ სულიერ მამასთან ცოდვათა აღიარებისას საჭირო არ არის მისი - როგორც ღვთის წინაშე მიწაზე დამხობა. მე მინახავს, რომ მსჯავრდებულმა ავაზაკებმა თავიანთი საწყალობელი და საბრალო სახით, გულწრფელი აღიარებით და დამაჯერებელი თხოვნით მკაცრ მსაჯულებს გული მოულბეს და შეწყალება მიიღეს. ამიტომ იყო, რომ იოანე წინამორბედი მისგან ნათლისღების მსურველებს თავდაპირველად აღსარებისკენ მოუწოდებდა. მას თავისთვის კი არ უნდოდა ეს, არამედ, მისი მიმდევარი ადამიანების ხსნას ცდილობდა.

88. ნუ გაგიკვირდება, თუ აღსარების შემდეგაც გრძელდება ბრძოლა, რადგან, სიძვის ვნების დამარცხება უადვილესია, ვიდრე - ამპარტავნების.

89. ნუ აღგიტაცებს და მოგხიბლავს განდეგილ და დაყუდებულ მამათა ამბები და მათ კვალზე შედგომას ნუ შეეცდები, არამედ მორჩილებით პირველმოწამე სტეფანეს ღვაწლს მიბაძე.

90. დაცემულიც კი არ განეშორო ამ ასპარეზს, რადგან მაშინ უფრო მეტად დაგჭირდება ექიმი.

91. ის, ვისაც მეგზურთან ერთად სიარულშიც კი ფეხი ებორკება, სრულიად აშკარაა, რომ დახმარების გარეშე სასიკვდილოდ დაშავდებოდა.

92. როდესაც განსაცდელის შედეგად დავეცემით, ეშმაკები მაშინათვე გამოჩნდებიან და გვირჩევენ, ვითომდა საღვთო, სინამდვილეში კი, სრულიად უგუნური საბაბით, რომ დაყუდების ღვაწლი ვიტვირთოთ. მტრის განზრახვა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს დაცემულ მდგომარეობას კიდევ ერთი ჭრილობა დაუმატოს.

93. როცა სულიერი მკურნალი ჩვენი წყლულების განკურნებისათვის უძლურად სცნობს თავს, მაშინ მეორესთან უნდა წავიდეთ, რადგან მკურნალის გარეშე ცოტა თუ განიკურნება.

94. ვინ შეგვეწინააღმდეგება იმაში, რომ, თუ ხომალდის გამოცდილი მესაჭე მართავს, არ არის დაზღვეული ზღვაში დანთქმისაგან, რა თქმა უნდა, მესაჭის არყოლის შემთხვევაში ის აუცილებლად დაიღუპება.

95. მორჩილება (*) შობს სიმდაბლეს, სიმდაბლე კი - უვნებლობას, რადგან სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიხსენა ჩუენ უფალმან... და მიხსნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან. (ფს. 135. 32,24), როგორც მეფსალმუნემ თქვა. ამიტომ ვერაფერი დააბრკოლებს იმის თქმას, რომ მორჩილებისგან იბადება უვნებელობა, რის შედეგადაც სიმდაბლე სრულყოფილებას აღწევს. რადგან მოსეა სათავე რჯულისა, ხოლო უვნებელობა, რომელიც მორჩილების შვილია, სრულჰყოფს დედას თავისას - როგორც მარიამი( სრულჰყოფდა იუდეველთა კრებულს.

96. დიდ სასჯელს იმსახურებენ უფლის წინაშე ის სნეულები, რომელთაც გამოსცადეს დახელოვნებული მკურნალი, მან მათ ავადმყოფობას დიდად არგო და ამის შემდეგ სრულ განკურნებას აღარ დაელოდნენ, მიატოვეს იგი და სხვა მკურნალს დაუწყეს ძებნა.

97. ნუ გაურბიხარ მას, საყვარელო, ვისმა ხელმაც ღმერთს შეგწირა, რადგან მთელი ცხოვრება სხვას არავის უნდა მიაგებდე ისეთ პატივს, როგორც - მათ.

98. გამოუცდელი მებრძოლისთვის სახიფათოა. თუ ის თავის რაზმს გამოეყოფა და დამოუკიდებლად იომებს. ასევე ბერისთვის, მეტად საშიშია, თუ გამოცდილებისა და განსწავლის გარეშე - სულიერ ვნებებთან ბრძოლაში, დაყუდების ღვაწლს შეუდგება, რადგან პირველი აუცილებლად ხორციელ უბედურებას შეემთხვევა, ხოლო უკანასკნელი - სულიერს. კეთილია ორი ერთზე მეტად (ეკლ. 5,9).

99. რადგან კარგია, თუ ძე სულიერ მამასთან ერთად სულიწმიდის თანამოქმედებით ძველ ვნებებს ებრძვის.

100. ხოლო ის, ვინც ბრმას მეგზურს წაართმევს, სამწყსოს - მწყემსს, გზასაცდენილს - გამყოლს, ყრმას - მამას, ავადმყოფს - ექიმს და ხომალდს - მესაჭეს, იგი თითოეულ მათგანს დიდ საფრთხეში აგდებს. ხოლო იგი, ვინც წიანმძღვრის დახმარების გარეშე ბოროტ სულებთან იწყებს ბრძოლას, მათ მიერ იღუპება.

101. სამკურნალოდ მისული თავისი სნეულების შესახებ განაცხადებს, ხოლო მორჩილების ღვაწლის მტვირთველნი სიმდაბლეს აჩვენებენ. პირველთა გამოჯანსაღების უმთავრესი ნიშანი არის სნეულების შემსუბუქება, ხოლო მეორენი ნიშნად იმისა, რომ ვნებებს ამარცხებენ, სიმდაბლეს მოიხვეჭენ, რადგან ხორციელად ავადმყოფებს ტკივილი უმსუბუქდებათ, ხოლო სულიერად სნეულებს სიმდაბლე ემატებათ (ე.ი. ისინი საკუთარ უძლურებასა და სისაძაგლეს შეიცნობენ).

102. დაე, სინდისი იყოს შენი მორჩილების სარკე და ეს საკმარისი იქნება შენთვის.

103. მათ, ვინც სულიერ მამას ემორჩილებიან, უდაბნოში დაყუდებისას მოწინააღმდეგედ მხოლოდ ეშმაკები ჰყავთ, ხოლო ლავრაში მცხოვრებთ ეშმაკიც ებრძვის და ადამიანიც. პირველთ მუდამ თვალწინ ჰყავთ სულიერი მოძღვარი და მის ბრძანებას სრული სიზუსტით იცავენ. მეორენი კი, მოძღვრის არყოფნის გამო, ხშირად არღვევენ მას - რამდენადმე. ამასთან ისინი, ვინც ბევრს და შრომისმოყვარედ იღწვიან, ამ ნაკლულოვანებას წყენათა დათმენით ავსებენ და ორმაგ გვირგვინს იღებენ.

104. საძმოში ცხოვრებისას შეინახე გული ყოველ შესანახზე მეტად (იგავ. 4.25), რადგან ხომლადებით სავსე ნავსადგურში მათი ერთმანეთზე დამსხვრევა უფრო ადვილია, განსაკუთრებით, კადნიერებით და გულისწყრომით არიან აღსავსენი, რომელნიც ჭიასავით შეჭამენ და გახვრეტენ ხეს.

105. წინამძღვრის თანდასწრებით სრულ მდუმარებასა და უმეცრებაში უნდა ვიმყოფებოდეთ, რადგან კაცი მდუმარე უმანკოების შვილია და ყოველთვის მრავალ გონიერებას მოიხვეჭს.

106. ერთხელ ერთი მორჩილი ვნახე, რომელმაც თავის მოძღვარს სიტყვა შეაწყვეტინა და თვით განაგრძო, ამან სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო, რადგან მივხვდი, რომ ამ ადამიანს მორჩილებამ ამპარტავნება შესძინა და არა - სიმდაბლე.

107. დიდი ყურადღებით, სიფრთხილითა და სიფხიზლით უნდა დავაკვირდეთ, თუ როდის შეგვიძლია, ხორციელი მსახურება ლოცვას ვარჩიოთ, რადგან ეს ყოველთვის ასე არ უნდა იყოს.

108. თანაცხოვრებისას ყურადღება მიაპყარ საკუთარ თავს და ნუ შეეცდები, რომ სხვა ძმებზე მართლად წარმოაჩინო შენი თავი. რადგან ამით ორგვარ ბოროტებას აღასრულებ: ძმებს შენი ცრუ და თვალთმაქცური მოშურნეობით დააწყლულებ და საკუთარ თავს ქედმაღლობის მიზეზს მისცემ.

გაგრძელება...