ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე სინას-მთის მამასახლისისა

თქმული სინანულისათვის

სინანული განმაახლებელ არს ნათლისღებისა, სინანული აღთქმა არს ღმრთისა მიმართ ახლისა ცხოვრებისა.

სინანული ასული არს სასოებისა, და უარის-ყოფაჲ სასოწარკვეთილებისა.

სინანული დასჯა არს თავისა თვისისა ურცხვენელი.

სინანული დაგება არს ღმრთისა მიმართ, შესწორებულად ცოდვათასა, ქმნითა სიმართლისათა.

სინანული გაწმედა არს სვინდისისა, რომელი იგი მამხილებელად ბოროტისა დაუბადებიეს ღმერთსა კაცისა-თანა.

სინანული არს კარი ნუგეშინის-ცემისა, რათა უარყოს ნებაჲ თვისი, და უკეთურებაჲ თვისი.

სინანული მოთმენა არს ნებსით ყოველთა ჭირთა და განსაცდელთა.

სინანული არს მოყმობაჲ მუცლისა თვისისა ძლიერად, და მარადის ბრალობაჲ და კდემაჲ სულისა თვისისა, მხურვალებითა გულისათა მტკიცითა.

სინანული მიმაახლებელი არს ღმრთისა, და განმაშორებელი არს ცოდვათა.

უწყოდეთ საყვარელნო, ვითარმედ რომელნიცა მთხრებლსა მას ცოდვისასა შთავცვივეთ, ვერ შესაძლებელ არს მიერ აღმოსვლაჲ ჩვენი, არათუ ვიყურჭუმოთ უფსკრულსა მას მონანულთა სიმდაბლისასა.

ნუ შეურვებულ იქმნები უსასოებითა, დაღაცათუ დაეცემოდე ყოველთა დღეთა; არამედ დეგ სიმხნით და გონიერად სინანულავე შინა; და სთნდეს მოთმინებაჲ შენი ანგელოსსა მას, რომელი იგი დადგინებულ არს მცველად შენდა, და უეჭველად შეგეწიოს შენ.

პირველ შთავრდომადმდე ცოდვასა ეშმაკნი გვეტყოდიან, ვითარმედ ღმერთი შემნდობელ არს ცოდვათა; და შემდგომად დაცემისა გვეტყოდიან, ვითარმედ ღმერთი მართლ-მსაჯულ არს.

ნუ ისმენ მისსა რომელი გეტყოდის მცირეთა ცთომათა ზედა, ვითარმედ ნეტარ თუმცა იგი რაიმე დიდი არ გექმნა, თვარა ესე არა რაჲ არს; რამეთუ მრავალ გზის მცირემან ძღვენმან, დიდი გულის-წყრომაჲ მსაჯულისა დააცხვრის.

რომელი ჭეშმარიტსა სინანულსა შინა იყოს, იგი ყოველსა დღესა რომელსა შინა არა იგლოოს ესრეთ შეურაცხიეს, ვითარმცა წარწყმიდა დღე იგი, დაღაცათუ სხვა რაიმე კეთილი ექმნას მას შინა.

ნუ ვინ მონანულთაგანნი მოელის ჟამსა სიკვდილისასა კეთილად შენანებად, და შენდობისა მოღებად; რამეთუ ყოველი საქმე, რომელი უცნაურ იყოს და უჩინოჲ, არა მტკიცე არს.

არაოდეს განიკითხოს, ანუ აბრალოს სხვისა დაცემასა, რომელი თავსა თვისსა იგლოვდეს.

ვეკრძალნეთ ძმანო, ნუ უკვე არა სიწმიდისაგან დაცხრომილ არს სვინიდისი მხილებისაგან, არამედ მოეწყინა და ამისთვის არღარა გვამხილებს.

სასწაული მოტევებისა ესე არს, რათა მარადის კაცსა თანამდებად შეერაცხოს თავი თვისი.

ყოველსა რომელსა აქუნდეს სიმდაბლე და გლოვაჲ ცოდვათა თვისთათჳს, ესე ვითარი არა უდებ იქმნას, ვიდრე დღემდე სიკვდილისა, ხოლო რომელნი ამათ ორთაგან კიდე არიან, თავთა თვისთა აცთუნებენ.

სასწაული ჭეშმარიტისა სინანულისა ესე არს, რათა ყოველთა ჭირთა და განსაცდელთა, საჩინოთა და უჩინოთა ღირსად შეგვერაცხნენ თავნი ჩვენნი.

გამოკრებული წიგნიდან „კლემაქსი, რომელ არს კიბე“