კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

მოძღვრება ღირსისა მამისა ანტონ მარტოდმყოფელის დღეს

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

არც კაცი, არც ბალახი, არც მტვერი, არცა რამ სხვა ქვეყნიერებაზედ არ გაჩენილა თავისთავად და არც წარმოსადგენია მათი არსებობა, მათი ყოფნა, მათი მოქმედება და მოძრაობა მხოლოდ მათივე ძალით, მათივე დამოუკიდებლობით, მათი საკუთარი თვისებით. ყველაფერი, რასაც თვალით ვხედავთ და რაზედაც ჭკუა მიგვიწვდება, არის ღვთის ქმნილება და ღვთისავე მოწყალებით არსებობს. ეს შეურყეველი და დაურღვეველი ჭეშმარიტებაა.

მართალია, ბევრი ვინმე შეებრძოლა ამ ჭეშმარიტებას, ბევრი ნასწავლი და განათლებული შეეცადა დაემტკიცებია სხვებისათვის, რომ ქვეყნიერება გაჩნდა თავისთავად და არსებობს მხოლოდ თავისი ძალით, თავისი უნარითო, მაგრამ ამ ნასწავლთა და ჭკუა-მაღალთა მეცადინეობა საქმით იმგვარივე სიმტკიცისა და სიმაგრისავე გამოდგა, რაგვარ სიმტკიცესა და სიმაგრესაც შეიცავს გულ-უბრყვილო ბავშვისაგან ცელქობის დროს ჩალა და თიხისაგან აგებული კოშკი. დღეს, კაცობრიობის სასიქადულოდ და სასახელოდ, ყოველი ჭკუადამჯდარი მეცნიერებისაგან უარყოფილია ის აზრი, რომ რაიმე დაიბადოს, რაიმე გაჩნდეს, რაიმე წარმოსდგეს ქვეყანაზედ თვითონ, თავისთავად, გარეშე დამოუკიდებელი ძალისა, რომელიც არის ყოვლად-შემძლე ღმერთი.

შესაძლოა, ახლაც არა ერთისა და ორი ახალგაზრდა მოსწავლისაგან, ან ახლად სწავლადამთავრებულთაგან, გავიგონოთ ამ მოძღვრების დაცინვა, მისი დაწუნება, ვითომდა უსაბუთიანობა, მაგრამ ეს უნდა მიეწეროს მათი გონების სიჭაბუკეს, რომელიც ჯერ ისევ ჰსდუღს, მსგავსად ახალი ღვინისა, ჰბობოქრობს, მღვრიე და დაუწმენდელია და ფასდასადებელი შეიქმნება მხოლოდ შემდეგ დადუღება-დაწმენდისა. ადრე თუ გვიან ეს ახალგაზრდებიც ჰსცნობენ აღნიშნული მოძღვრების სინამდვილეს, ისინიც აღიარებენ, რომ გამგე და მმართველი ხილული და უხილავი ქვეყნისა არის ყოვლად ძლიერი მარჯვენე უფლისა.

გარნა ნუ დაგავიწყდებათ, ძვირფასნო მსმენელნო, რომ მხოლოდ ცოდნა და შეგნება რომელიმე ჭეშმარიტებისა, რომელიმე მოძღვრებისა და აზრისა თავისთავად არაფერს ძვირფასს და სახარბიელოს არ წარმოადგენს, თუ იგი ჭეშმარიტება და მოძღვრება არ გავიხადეთ ჩვენი საქციელისა, ჩვენი მოქმედებისა და მოქალაქეობის ქვა-კუთხედად, საძირკვლად, დედაბოძად. სხვათა შორის, იმითია ქრისტეანობა ძვირფასი და სათაყვანო, რომ იგი მარტო გონებით არაა შესათვისებელი, რომ სრულებით არ კმარა მხოლოდ შესწავლა და გაზეპირება მისი; არა, იგი ცხოვრების, მოქმედების მოძღვრებაა და აუცილებლად მის ყალიბზედ უნდა ჩამოესხას ჩვენი ცხოვრება, ეს მოძღვრება სარჩულად უნდა ედოს ჩვენს ყოფაქცევას, ჩვენს მოქმედებას, ჩვენს მოქალაქეობას, გრძნობა-აზროვნებას; მისი ელფერი, მისი ბეჭედი უნდა ეტყობოდეს ქრისტეანის საქციელს, - სასიხარულო იქნება იგი საქციელი თუ სამწუხარო, საოჯახო თუ საზოგადო, სასულიერო თუ სახორციელო.

აღნიშნული განსაკუთრებითი თვისება ჩვენი სარწმუნოების მოძღვრებისა, ცხადი და ადვილი მისახვედრი შეიქნება თქვენთვის, ძვირფასნო მსმენელნო, თუ გულ-დასმით და ყურადღებით ჩაუკვირდებით საზოგადოდ წმიდანების ცხოვრება-მოქმედებას. რამ აღძრა, მაგალითად, და რომელმა ძალამ მოიყვანა ჩვენს ქვეყანაში ასურელ მამათა საღმრთო გუნდის ბრწყინვალე თვალი, ღირსი მამა ანტონ მარტოდმყოფელი, რომლის ხსენებასაც აღასრულებს დღეს საქართეელოს ეკლესია? რომელი სიტყვა, რომელი ნაბიჯი, რომელი მოქმედება გნებავთ დამისახელოთ ამ ნეტარი მამის ცხოვრებიდან, რომ იმ სიტყვაში და მოქმედებაში არ გამოსჭვიოდეს ანტონის გულითადი რწმენა, რომ იგი სიტყვა და მოქმედება არ გამოსთქვამდეს ამ მამის სარწმუნოებრივ შეხედულებას? აღფრთოვანებული მაცხოვრის განუსაზღვრელი სიყვარულით, აღნთებული ქრისტესთან ყოფნის, მუდამ მისი მზერით დატკბობის სურვილით იმ ზომამდე, რომ ვეღარ სთმობდა მაცხოვრის ხელთ-უქმნელი ხატის მოშორებას მკერდიდან, ღირსი ანტონი გამოეთხოვა თავის სამშობლოს და მოვიდა ჩვენს ქვეყანაში იმ აზრით, რომ ქართველების გულშიაც ჩაენათებია ქრისტეს სიყვარულის ბრწყინვალე ლამპარი.

ანტონმა დაისადგურა ერთ უდაბურ და მიუვალ მთის წვერზედ, რომელიც შორავს ქ. თბილისს აღმოსავლეთით ოცდააორ ვერსის მანძილით. ფიცხელი მარხულობა, ღმერთზედ ფიქრი, მინდობა მთელი არსებით უფალზედ, მხურვალე ლოცვა და ცრემლთა ფრქვევით ვედრება, რომ ღმერთმა ააცილოს ყველას უკეთურობა, მიანიჭოს სოფელში მყოფთ მშვიდობა და სიმრთელე, უკურთხოს მათ შრომა, აცოდინოს სიტკბოება ღვთის მსახურებისა, - აი, რით სულდგმულობდა, რას არიგებდა დღემუდამ და რა მიაჩნდა თავისი ქვეყნიური ცხოვრების საგნად მარტოდ მყოფ მოღვაწე მამას.

მალე სოფელმაც შეიტყო ანტონის საკვირველი ცხოვრება. ამ ღირს მამას ხიარციელ საზრდოდ მიჩენილი ჰყავდა ღვთისაგან ორი ფური ირმისა: ფურები ყოველ დღეს ერთსა და იმავე დროს მოდიოდნენ ღირსთან და იგი სწველავდა მათ. ერთხელ ფურები მოცვივდნენ ანტონთან არაჩვეულებრივ დროს. მეტად შეშინებულები იყვნენ და ჭრილობისაგან გამწარებული მათი ნუკრი თრთოდა მთელი სხეულით. ანტონს ვერ გაეგო, რის გამო მოხდა ეს ამბავო პირუტყვებმა ანიშნეს ანტონს, რომ იგი გაჰყოლოდა მათ, ღირსი მამა გაჰყვა ფურებს და ცოტა ხნის შემდეგ შეხვდა მონადირეს, რომელსაც დაეფრთხო ირმები და დაეჭრა ნუკრი. გაოცდა მონადირე, რადგანაც სრულებით არ მოელოდა ასე უდაბნო და ყრუ ალაგში კაცის ნახვას.

ვინ ხარ შენ, სად ცხოვრობ და რას აკეთებო, გამოეხმაურა სისწრაფით მონადირე უცხო კაცს.

ანტონმა ხმა არ გასცა მონადირეს, ხელით ანიშნა მას თვისი სადგური.

მონადირე იყო მახლობელი სოფლის უფროსი. შეურაცხებად მიიღო ანტონისაგან ხმის გაუცემლობა, ბრაზი მოერია და უბრძანა მხლებლებს, რომ ანტონი წაეყვანა სოფლის სამჭედლოში და იქ გახურებული მახვილით მოეჭრათ მისთვის ხელები. სისწრაფით შეასრულეს ბრძანება: ანტონი მიიყვანეს სამჭედლოში, მჭედელი უკვე მზად იყო მოექნია ღირსისთვის გახურებული შანთი, რომ უცბად გაუშეშდა მას ორივე ხელი და გულშეღონებული წაიქცა მიწაზედ. ბევრი ეცადნენ მოებრუნებიათ და ეშველათ რამე მჭედლისთვის, მაგრამ ამაოდ; უნაყოფო დარჩა ყველა ღონისძიება. ბოლოს ისევ ანტონს შეებრალა დასჯილი და განჰკურნა იგი თავისი მადლიანი მარჯვენის მეოხებით. სასწაულმა გული მოულბო და მოაქცია ქრისტეანობაზედ როგორც ამაყი უფროსი სოფლისა, ისე სხვები; სისწრაფით მოეფანა ანტონის ცხოვრების ამბავი გარეშემო ცხოვრებაში და სულ ჩქარა მისი საცხოვრებელი უდაბნო შეიქნა ღვთის მსახურთა ქალაქად. იმ დროიდან დაწყებული დღევანდლამდე იქება და იდიდება ამ ალაგს ღირსი ანტონის სახელი და ძნელად წარმოსთქვამს კაცის ენა, რამდენი სასწაული ხდება დღესაც ამ დიდებული მამის წმიდა საფლავზედ.

მაგრამ ვიღას ახსოვს დღეს ან ანტონი, ან სხვები? აქ მყოფნი განა იმის გამო მობრძანდით, რომ ანტონის ხსენების დღეა დღეს? არა ვგონებ; ვფიქრობ, ასში ორმაც არ იცოდით ეს ამ წამამდე.

„მძიმე და შეუძლო რამეს გვავალებთო“, იფიქრებს ვინმე თქვენგანი: „ჩვენ რომ ანტონს წავბაძოთ, უნდა ხელი ავიღოთ ჩვენს ოჯახობაზედ, სახლ-კარზედ, მამულ-დედულზედ, გადავიხვეწოთ უდაბნოში და სასტიკ მოღვაწეობაში დავლიოთ იქ ჩვენი დღენიო, ეს კი მეტად სამძიმოა და არც ყველას დაევალებაო“.

დიაღ, ოღონდაც, რომ ამგვარად მიბაძვა ანტონის წმიდა ცხოვრებისადმი ყველას არ მოეთხოვება, ოღონდაც, რომ იგი აუტანელი და მძიმე უღელი იქნებოდა მრავალთათვის! არა, მე აზრათაც არა მაქვს ამგვარი რამის თქმა. მივაქცევ თქვენს ყურადღებას მხოლოდ იმაზე, რომ ანტონის ცხოვრება განხორციელებაა, საქმედ ქცევაა სახარებისა, ქრისტეს მოძღვრებისა. ნუ წახვალ უდაბნოში, ნუ გაექცევი ოჯახს და სოფელს, ნუ გაიხდი სავალდებულოდ ფიცხელს და განუწყვეტელ ლოცვა-მარხულობას, ხოლო განუშორებლად იქონიე შენც, მსგავსად ღირსი მამა ანტონისა, ხატი შენი მაცხოვრისა და, ყოველი საქმის გადაწყვეტამდე, ყოველი სიტყვის წარმოთქმამდე, ყოველი გრძნობის განხორციელებამდე, დაეკითხე შენს თავს და გადასწყვიტე ხოლმე, - სათანადო იქნება თუ საწყენი ქრისტესთვის შენი სიტყვა, შენი საქციელი, შენი გრძნობის გამოთქმა. შენ გამოგცდის ბოროტი სული სხეულის ბიწიერი მძლავრი მოთხოვნილების აღძვრით, წარმოიდგინე უმანკო სახე ქრისტესი და გადასწყვიტე: შებილწავ ამ უმანკოებას შენი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით თუ არა? შენ გულფიცხელობ და ვერ აგიტანია მეზობლისაგან გალანძღვა, შეხედე მაცხოვრის მშვიდობიან სახეს და მოიგონე, რაგვარ საქციელს გავალებს იგი ამისთანა შემთხვევებში. შენ ხარ პატრონი დიდი სიმდიდრისა, გაიხსენე მაცხოვარი - მომცემი ამ სიკეთისა და მოძღვრება მისი, - სად უნდა ინახავდე სიმდიდრეს. შენ გიჭირავს საზოგადოებაში საპატიო ალაგი და წარჩინებული ხარისხი, მიხედე მაცხოვრის ხატს და წარმოიდგნე, - რისთვის აღგამაღლა და პატივცემულ-გყო მან. შენ შეუპყრიხარ სიზარმაცეს, გარჯის, ოფლის ღვრისა და მომჭირნეობის სიძულვილს, აბა თვალი გაუსწორე მაცხოვრის სახეს! შენ გემძიმება შენი ობლობა, მაგრამ აბა შეხედე იმის სახეს, რომელსაც დედად და ნათესავად მიაჩნდა ღვთის სიტყვის აღმასრულებელნი და სხვა და სხვა.

აი რა აზრი აქვს ღირსი მამა ანტონის ცხოვრებას და რა მხრივ უნდა ვბაძავდეთ მას დიდი და პატარა!

ღირსო მამაო ანტონ, მოგვეც ჩვენ შენებრი შეგნება მაღალი სარწმუნოებისა და ნუ მოგვაკლებ შენს მეოხებას წინაშე შენგან შეტკბობილი მაცხოვრისა! ამინ.