კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

სიტყვა წმიდათა მოწამეთა ბიძინა, შალვა და ელიზბარის დღესა

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

ქალაქ გორიდან ოციოდე ვერსის მანძილზე, სოფ. მეჯვრისხევის მახლობლად, მზის-გულად შეფენილ ერთს მოხდენილ მაღლობზე ამაყად ამართულია ძველის-ძველი, მომხიბლავი ხელოვნების, იკორთის დიდებული ტაძარი. ხსენება იკორთის ტაძრისა თავისთავად იწვევს გაგებული ქართველების გონებაში დღევანდელი წმიდანების, დიდებული ქართველი გმირებისა და ქრისტეს ახოვანი მხედრების ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელებს, რადგანაც აქა მარხია ამ სამაგალითო მამულიშვილებისა და ქრისტეანების წმიდა გვამები.

ბიძინა, შალვა და ელიზბარი ეკუთვნიან იმ საუკუნეს, რომლის განმავლობაშიაც აღდგომა ღამეს დავით-გარესჯის უდაბნოში დაიკლა ქრისტეს სახელისათვის ექვსიათასი ბერი და ეწამნენ ქართლის მეფე ლუარსაბი და ქეთევან დედოფალი.

ოჰ, ძვირფასნო მსმენელნო, მძიმე, მეტად მძიმე და მწარე მოსაგონებელია ნაჩვენები წმიდანების ცხოვრების დრო. შავითა და ბნელით მოსილი მეჩვიდმეტე საუკუნე! გაუქრობელ ცეცხლსა და საკირეში ტრიალებდა ჩვენი სამშობლო მთელი მეჩვიდმეტე საუკუნის განმაგლობაში; შაჰ-აბაზ პირველი და შვილი მისი შაჰ-აბაზ მეორე საბედისწერო ყორნებივით თავს დასჩხაოდნენ ხსენებული საუკუნის განმავლობაში საქართველოს და უწყალოდ უკორტნიდნენ მას გულსა და ღვიძლს, მუსრს ავლებდნენ დიდსა და პატარას, ცეცხლის ალში ახვევდნენ წმ. ტაძრებს, მონასტრებსა და ციხე-სიმაგრეებს, ათი-ათასობით მიერეკებოდნენ ქართველებს სპარსეთში და მათ მაგივრად საქართველოში ასახლებდნენ სპარსელებს, ერთი სიტყვით, ამ მტარვალებს სურდათ ქართველების სავსებით განადგურება და მათ მიწა-წყალზე სპარსელთა ახალშენის შექმნა.

სავალალო ის იყო, რომ ქართველმა ერმა დაკარგა გულის სიმაგრე, ხალხი სასოწარკვეთილი შეიქმნა, აღარ ცდილობდა დაეცვა თავი, თავზარს სცემდა სპარსელების შემოსევა და დიდი და პატარა მხოლოდ მთაში გარბოდა. ეს განსაკუთრებით კახელებზე უნდა ითქვას. შაჰ-აბაზ პირველისაგან მრავალჯერ აკლებულმა, დამწვარმა და დაწიოკებულმა კახელებმა თითქმის უბრძოლველად დაუთმეს თავიანთი კარმიდამო და მინდორ-ველი შაჰ-აბაზ მეორის ჯარს, რომელიც კახეთში შეიჭრა ვინმე სელიმ-ხანის წინამძღოლობით. ეს სელიმ-ხანი შეიქმნა კახეთის სრული ბატონ-პატრონი და სადაც კი მოასწრებდა, უწყალოდ სწყვეტდა ქართველებს.

მაგრამ იდიდოს ღვთის სახელი! გაჭირვების დროს მორწმუნე ერს მხსნელი ყოველთვის გამოსჩენია! ასე მოხდა აღებულ შემთხვევაშიც და კახეთის მხსნელად გამოვიდა თავადი ბიძინა ჩოლოყაშვილი. საქმის კარგად გათვალისწინებისა და ყოველმხრივად გაზომ-აწონის შემდეგ სასიქადულო მამულიშვილი ბიძინა გაენდო ერისთავებს არაგვისას - ზაალს და ქსნისას - შალვას და ელიზბარს. ამათ მიიმხრეს თუშ-ფშავ-ხევსურები, ჩაჰბერეს გაბედულების სული კახელებს და 1659 წელს თვით ალავერდობა დღეს, უცბად, მტრები რომ არავითარი საფრთხის მოლოდინში არ იყვნენ, შეთქმულებმა მძლავრი იერიში მიიტანეს სპარსელებზე, ერთი დაკვრით გაანადგურეს მათი ბანაკი და ისე დააბნიეს იმოდენა მხედრობა, რომ თვით მთავარმა სარდალმა სელიმ-ხანმა ოჯახობის წაყვანაც ვერ მოასწრო თავისთან, ისე გაიქცა სპარსეთში!

თავისუფლად ამოისუნთქეს კახელებმა და, უზომოდ გახარებულნი, თავს ევლებოდნენ ბიძინას, შალვას და ელიზბარს, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა სამშობლოს მხსნელი გმირების სულიერი ნეტარება. სპარსელებმა უკვე ზნეობრივად გახრწნეს ქართველი ერი თავიანთი გავლენით, მათ უკვე შეიტანეს მაჰმადიანობა ქართველ მეფეთა, მთავართა და მოხელეთა შორის. ეს გამაჰმადიანებული ქართველები ყოველთვის თვალ-წარბში შესცქეროდნენ სპარსეთის შაჰებს, ფეხებს ულოკავდნენ მათ და არავითარ საზიზღრობას, არავითარ უზნეობას და უსირცხვილობას არ უკადრისობდნენ მათი გულის მოსაგებად. თუკი შაჰი დაავალებდა, მეზობლებსა და ნაცნობებს კი არა, თავიანთ მშობლებსა და მახლობელ მოყვრებსაც არ დაინდობდნენ. შაჰის ასეთი ყურმოჭრილი მონა იყო იმდროინდელი ქართლის გამაჰმადიანებული მეფე შაჰნავაზი (ვახტანგი). ამ შინა გამცემმა შეუსრულა შაჰ-აბაზ მეორეს ბრძანება და სადიდებელი გმირები ბიძინა, შალვა და ელიზბარი ხელებშეკრულები გაუგზავნა მას სპარსეთში.

წარჩინებულ ქრისტეანებს სპარსეთში მოსთხოვეს დაგმობა ქრისტეს სჯულისა და მიღება მაჰმადის სარწმუნოებისა. რა თქმა უნდა, ქრისტეს დიდებულმა მხედრებმა მტკიცე უარით უპასუხეს მტარვალებს. მრავალგვარი სასტიკი ტანჯვა-წამების შემდეგ ჯალათებმა შალვას და ელიზბარს თავები წააჭრეს ბიძინას თვალწინ იმ მოსაზრებით, რომ ესეთი სანახაობა გავლენას იქონიებს ბიძინაზე და ადვილად დაგვეთანხმება ყურანის მიღებაზეო. მაგრამ აგრე ადვილი არაა ანდამანტის დალეწვა! ბიძინა უფრო გაბედულად აღიარებდა ქრისტე მაცხოვრის ღვთაებობას. მტანჯველებმა იფიქრეს, ბიძინა სახელგანთქმული ვაჟკაცია, მისთვის თავმოყვარეობაზე უძვირფასესი არა იქნება-რა და თუ ამ მხრივ შევეხებით, თუ მისი ვაჟკაცური თავმოყვარება შევლახეთ, ადვილად დაგვნებდება და გამაჰმადიანდებაო. ამიტომ მათ მიმართეს ვაჟკაცის თავმოყვარეოგის დამცირების უმაღლეს საშუალებას: ახოვან გმირს ბიძინას წამოასხეს დედაკაცის ჩადრი, შესვეს ვირზე და ასე დაუწყეს ქუჩა-ქუჩა ტარება. როცა ვერც ამ ღონისძიებამ გასჭრა, წმიდანს თითოეულად ააგლიჯეს ფრჩხილები ხელებზე და ფეხებზე, ამის შემდეგ თითო-თითოდ დასჭრეს თითები ხელ-ფეხზე, მერე მოჰკვეთეს მაჯები და ფეხები კოჭებამდე, მერე მკლავები და წვივები, მერე მხრები და ბარკლები და ასე ასო-ასოდ აკუწეს ბრწყინვალე მოწამე, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მხურვალედ მადლობდა და აკურთხევდა ძე-ღვთისას.

გული გვიღონდება, ჭირის ოფლი გვასხამს, საღსრებიდან ვიშლებით და თმები ყალყზე გვიდგება, ძვირფასნო მსმენელნო, როდესაც ვითვალისწინებთ ხსენებული მოწამეების ტანჯვა-წამებათა.

ვისთვის და რისთვის დაიტანჯეს მათ თავი ასე მწარედ და სასტიკად?

რასაკვირველია, პირველად თავიანთი სულის საცხონებლად და საბედნიეროდ, მაგრამ მათ სახეში ჩვენც ვყავდით, სასტიკი ტანჯვების დათმენას აიძულებდა მათ ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულება. ცოცხალი სხეულიდან გამოჭრილი ასოებით და თავიანთი თბილი სისხლით მათ დაგვიწერეს საშვილიშვილო, ცხოვრების გზის მაშუქებელი და ჩვენი არსებობის სამარადისოდ უზრუნველმყოფელი ანდერძი.

ბიძინა, შალვა და ელიზბარი, სხვათა შორის, გატაცებულნი და გამსჭვალულნი იყვნენ იმ მიზნით, რომ თავიანთი აუტანელი წამების დათმენით ცხოველი მაგალითი მოეცათ ჩვენთვის ქრისტესადმი შეუდრეკელი სიყვარულისა, გავემტკიცებინეთ იმ რწმენაში, როძ თუ ქრისტეს ერთგულება გვექნება, ერთი, რომ შევიძენთ სასუფეველსა ცისასა და სულთა ცხონებას, მეორე, - ვერავითარი გარეგანი მტერი, თუგინდ რომ უზომოდ მძლავრიც იყოს ჩვენთან შედარებით, ვერ მოგვისპობს ენას, ვერ წაგვართმევს მიწა-წყალს, ვერ გაგვიწყვეტს ისტორიული არსებობის ძაფს, ვერ დაგვიკარგავს მამა-პაპათა სულიერ სიმდიდრეს, ვერ გაგვანადგურებს როგორც ერს, ვერ მოგვწყვეტს სამშობლოს გულ-მკერდიდან, ვერ გარდაგვქმნის ეულად, ვერ დაგვაყენებს მოსპობისა და გადაგვარების გზაზე.

თუ ზნეობრივადაც და იურიდიულადაც სავალდებულოდ არის მიღებული შვილებისათვის მამისაგან დატოვებული უბრალო ანდერძის აღსრულება, რამდენწილ გაუტეხელი უნდა იყოს ჩვენთვის სისხლითა და საკუთარი სხეულის ნაწილებით დაწერილი ანდერძი ისეთი დიდებული მამულისშვილებისა და სულიერი გმირებისა, როგორებიც იყვნენ ბიძინა, შალვა და ელიზბარი და ისიც ისეთ დროში და პირობებში, რომლებსაც განიცდის ჩვენი სამშობლო; როდესაც ჩვენი ქვეყანაც ისეა დაჭრილი და დანაკუწებული, როგორც უწყალო მტანჯველებმა დაჭრეს და დაანაკუწეს წმ. ბიძინას სხეული. დღეს ჩვენი სამშობლოს სხეულიდან გამოგლეჯილია ჭანეთი, აჭარა-ქობულეთი, შავშეთ-იმერხევი, ყარსის მხარე, ძველი მესხეთის დიდი ნაწილი, საინგილო და გნებავთ, ფრჩხილები დაარქვით სამშობლოს ამ ნაწილებს, გნებავთ - მკლავები და წვივები. ესეც არ კმარა, ჩვენს მიწა-წყალზე, ჩვენი დასუსტებული ეროვნების სხეულზე ფეხს იკიდებენ ჩვენი მოსპობისა და საუკუნო სიკვდილის მოტრფიალენი!

ძვირფასნო მსმენელნო! გახსოვდეთ, რომ ალავერდის ტაძრის გალავანში და თვით ალავერდობა დღეს შემუსრეს და დალეწეს სპარსელების საზიზღარი მონობის უღელი და ტაბიკები სახელოვანმა ბიძინამ, შალვამ და ელიზბარმა. დღევანდელ პირობებში ჩვენც მხოლოდ მამა-პაპათა ძველი სალოცავების მხურვალე სიყვარული, მხოლოდ ქრისტე მაცხოვრის სახარება, სარწმუნოებრივი ერთსულოვნება და ურთერთთან სულიერი შედუღება მოგვცემს ძალას და შეძლებას, რომ საღად შევინახოთ ჩვენი ეროვნული, სულიერი და ხორციელი სახე, შევინარჩუნოთ დროებითი და საუკუნო ცხოვრება და გავწმინდოთ სამშობლოს სხეული მეტხორცებისა და მეჭეჭებისაგან.

დედაო ღვთისავ, საქართველოს საკუთარო მეოხო, გაგვიმსჭვალე ყველანი დიდებულ მოწამეთა ბიძინა-შალვა-ელიზბარისებრი უსაზღვრო სიყვარულით ძისა შენისა და სამშობლოს სიყვარულისადმი! ამინ.