კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

სიტყვა დავით და კონსტანტინობის დღეს

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა

მეტად ლამაზი და მოხდენილია ეს ჩვენი ქვეყანა, საოცნებოა მისი საზოგადო მოხაზულობა, მეტის-მეტი სიტურფით და მშვენიერებითაა იგი შემკულ-შეზავებული, მორთულ-მოქარგული ეს მოხდენილება, ეს წმინდა შვებით, უანგარო სიამოვნებით აღმავსებელი მოხაზულება ამ კურთხეული ქვეყნისა არის, უნდა ვიფიქრთთ, უმთავრესი მიზეზი იმ გარემოებისა, რომ იგი მიმზიდველი და გულითადი საყვარელია მისს მკერდზედ და დედობრივ კალთაზედ დაბადებულ-აღზრდილთათვის. ან კი რა წარმოსადგენია, რომ ადამიანს არ უყვარდეს და არ ენატრებოდეს სამოთხის მსგავსება, ედემის სახე!

გარნა რით იყო შესანიშნი და კაცის გულის მიმზიდველი ედემი? ნუთუ მხოლოდ გარეგანი მოხდენილება, მარტო საამური შეხედულება და საოცნებო განწყობილება შეადგენდნენ ედემის უმაღლესს მშვენებას, უპირველეს ღირსებას? არა! ედემი ძვირფასი და სანატრელი იყო პირველი კაცისთვის იმითი, რომ იქ ეცხადებოდა მას ცისა და ქვეყნის გამჩენ-დამბადებელი ღმერთი და პირისპირ, გულშემატკივარი მამის მსგავსად ასწავლიდა, სწვრთნიდა მას სიკეთეში. აი, უმაღლესი მშვენიერება სამოთხისა, აი, უმთავრესი ღირსება მისი!

სწორედ ესევე უნდა ითქვას შესახებ ჩვენი ქვეყნისა. გვიყვარს და ვაფასებთ ჩვენ სამშობლოს არა მხოლოდ სილამაზისა და გარეგანი მოხდენილებისათვის. არამედ უმთავრესად იმისთვის, რომ იგი, მსგავსად ედემისა, არის ხილული საყოფელი ღვთისა. თვითოეული კუთხე მისი გაბრწყინვებულია ცის მსგავსი ტაძრებით, რომელთა შინაც განისვენებენ გვამნი წმიდათა მოწამეთა, ღირსთა მამათა და მოძღვართანი. რომელი კუთხე გნებავთ აიღოთ საქართველოსი, რომ არ გეყოლოთ ყოველგან თანამყოფად და თანამავლად ღმერთი, რომ არ იხილოთ ყოველგან „საკვირველება მისი წმიდათა შორის“, იმ წმიდათა შორის, რომელთაც სისხლით და ოფლით მოურწყავთ საქართველო და, სულით წამდგარნი წინაშე უფლისა, დღევანდლამდე მხურვალედ ავედრებენ მას ამ, მათ მიერ შეყვარებულ ქვეყანას და ჩვენ, მოსავთა მათთა, დიდად გვანუგეშებენ თავიანთი უხრწნელად დაცული გვამებითა? ვინ მოიგონებს, მაგალითად, თავისუფლებით გალაღებულ ქიზიყს ისე, რომ უცბად არ წარმოუდგეს მას გონებაში დიადი სურათი ბოდბის ტაძრისა, სადაც განისვენებს გვამი საქართველოს განმანათლებელისა, კერპთაყვანისმცემლობის სიბნელიდამ გამომხსნელისა და ჩვენ შორის ქრისტეს ტკბილი მონების დამამყარებლისა, ღირსისა დედისა ჩვენის ნინოსი? ვინ მოიგონებს „ოქროვან ფურცელს“, მშვენებით სავსე კახეთს უიმისოდ, რომ ყველაზედ უპირველესად არ წარმოიდგინოს გონებაში ტაძართა გოლიათი - ალავერდი, გაბრწყინვებული იოსებ ალავერდელის გვამით და ქართველთა დედათა სიქადულის ქეთევან დედოფლის წმ. ნაწილებით? რომელი ქართველი იქნება ისეთი, რომ ქართლი, ეს საქართველოს სიცოცხლის მაჩვენებელი მაჯა, - არ იყოს მისს წარმოდგენაში შეერთებულ-დაკავშირებული სვეტიცხოვილთან, რომელიც აღვსილია ურიცხვთა წმიდათა ნაწილებით და განმტკიცდება წმ. ნინოს ლოცვით აღმართული სასწაულმოქმედი სვეტით? მოწამეთა? - ეს ხომ დიდებაა იმერეთისა და ისეთი საუნჯე, რომელიც სულივით ტკბილი და ძვირფასია იმერლისათვის განურჩევლად წოდებისა, სქესისა და ჰასაკისა!

აი უმაღლესი მშვენება ჩვენი ქვეყნისა, აი ღირსება, რომელსაც დიდად უნდა ვაფასებდეთ ყველანი, აი განსაკუთრებითი თვისება საქართველოსი, რომლის გამოც ყოველთვის ძვირფასად და საამოდ უნდა მიგვაჩნდეს იგი!

საბედნიეროდ ჩვენდა, ქართველი ერის უმეტეს ნაწილს სწორედ ამ მაღალი და უბრყვილო შეხედულობის მხრივ უყვარს თავისი სამშობლო; მას ძვირფასად მიაჩნია და ეთაყვანება სამშობლოს იმდენად, რამდენადაც იგი მოაგონებს ღმერთსა და მის წმინდანებს. აგერ საქართეელოს აღმიასავლეთის ნაწილი დიდიან-პატარიანად თავმოყრილი იყო გუშინ სვეტი-ცხოველის კარს და, მსგავსად ადამისა სამოთხეში, გულ-დადებით სტკბებოდა ღვთის სიტყვის და საღმრთო გალობის მოსმენით აჰა, აქაც, თითქოს გატაცებული აღმოსავლეთის ძმების მაგალითით, შეგროვილა თითქმის მთლად იმერეთი და თავისებური მხნე-მარჯვეობით ისმენს ღვთის სწავლა-მოძღვოებას, ავედრებს თავს დიდთა მოწამეთა დავითს და კონსტანტინეს!

ნეტარია ერი, რომელიც ამგვარად შემოზღუდულია ყოველი მხრივ სიწმიდით. ბედნიერია იგი, თუ ცხოველად გრძნობს ყველაფერს ამას; უკვდავი და სამარადისო იქნება მისი არსება, თუ არ გადაუხვევს ამ სამეფო გზას!

დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე აღახვენით გარემოს თვალნი თქვენნი და იხილეთ შეკრებულნი შვილნი თქვენნი (ისაია 60,4). გამოუთხოვეთ მათ ღვთისა და მამისაგან შენდობა ცოდვათა, კურნება სენთა და უძლურებათა, მშვიდობა და უშფოთველობა, და ყოველთა საქმეთა ზედა მათთა კურთხევა! ამინ.