კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

სიტყვა წმ. ნინოობას

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

იანვრის თოთხმეტი უძვირფასესი დღეა ქართველებისათვის; ეს რიცხვი დაკავშირებულია იმ მადლიანი პიროვნების ხსოვნასთან, რომელმაც მკვიდრი საძირკველი ჩაუდგა ჩვენი ერის შეგნებულ არსებობას, რომლის მეოხებითაც ქართველმა ერმა ოქროს ასოებით ჩაიწერა თავისი თავი კაცობრიობის ისტორიაში, წმინდა ნინოობა აღნიშვნაა ქართველი ერის ზნეობა-გონებრივი სიკეთისა, წმინდა ნინოობა და ქართველი მისი დამახასიათებელი სულიერი მაღალი თვისებებით ერთი და იგივე, ერთი მეორის ბადალი, ერთიმეორის თანასწორი და ტოლი სიტყვებია. საკმარისია წარმოითქვას ჩვენი განმანათლებელის სახელი, რომ შეგნებულსა და განვლილი ცხოვრების მცოდნე კაცს გონების თვალწინ დაუდგეს ქართველის სურათი მისი საუკეთესო სულიერი თვისებებით. წმ. ნინო და ქართველობა ამ სიტყვის უკეთესი მნიშვნელობით ისე განუყრელად არიან ერთი მეორესთან შეთვისებულნი, როგორც ჩვენი სხეულის ყველა ნაჭრებში სისხლი და ხორცი.

რა გაარიგა წმ. ნინომ ქართველი ერის ცხოვრებაში ისეთი, რომ მისი სახელი განუშორებლად ჩაჰქსოვია ჩვენს გროვნებას?

წმ. ნინომ გაანათლა ქართველი ერის გონება იმ მაღალი, სამარადისო და უკვდავი მოძღვრებით, რომელიც აღიარებს, რომ მსოფლიო, ქვეყნიერება, ცა და დედამიწა მთელი მათი სავსებით დაუსაბამო ღვთის ქმნილებაა, რომ ყველაფერი ეს არსებობს და ცხოვრობს ღვთის განგებით, ყეელაფერი ეს ხელთ უპყრია შემოქმედს. წმ. ნინომ აცოდინა ქართველებს, რომ ქვეყანაზე ღვთისათვის კაცისთანა ძვირფასი არა არის რა, რომ ღმერთმა თავისი უსაზღვრო სიკეთის გამო სიბნელეში და შეცთომილებაში მყოფ კაცობრიობას მხსნელად და განმანათლებლად მოუვლინა მხოლოდშობილი ძე თვისი უფალი იესო ქრისტე, რომელმაც ახალი სული შთაბერა კაცობრიობას და ბრწყინვალე მომავლისაკენ გაუკვეთა მას გზა ამგვარი დიდებული იდეალით და მაღალი მცნებების დაყენებით: იყვენით სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს (მათ. 5,48); შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი (მარკ. 12,31); უფროსი ამისა სიყვარული არავის აქვს, რათა სული თვისი დასდვას მეგობართა თვისთათვის (იოან. 15,13); ვის უნდეს პირველ ყოფა, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ (მარკ. 9,35); ყოველი, რომელი გინდესთ თქვენ, რათა გიყონ კაცთა, ეგრეთცა თქვენ ჰყავთ მათდა მიმართ (მათ. 7, 12); და სხვ.

ქართველმა ერმა დედის რძესავით შეითვისა ნინოსაგან მოტანაჯიი მოძღვრება,- ჯერ ისევ მეხუთე საუკუნის მწერლობაში მოიხვეჭა მან უწარჩინებულესი ქრისტეანი ერის სახელი და მას უკან მსოფლიო ისტორიაში ქართველს სამუდამოდ დარჩა წოდება ჯვარმოსილისა, ქრისტეანული რაინდისა, სარწმუნოების დარაჯისა და თავგამოდებული მცველისა.

წმ. ნინოს ქადაგებამ, რომ შემოქმედი და მაცხოვარი უნდა ვილოცოთ და ვადიდოთ ჩვენი საკუთარი ენითო, ქართულ ენაზე აამეტყველა ძველის და ახალი აღთქმის საღმრთო წერილის წიგნები, მამათა ქმნილებების და ქრისტეანულ ფილოსოფოსთა თხზულებანი და ამან ფეხი აადგმევინა, მოხეშა, მოარბილ-მოქნა, აღზარდა, გაამდიდრა, ააყვავა, მაისის ვარდივით საამოდ გაფოთლ-გაფურჩქნა და ბოლოს ბუმბერაზობით შემოსა ქართული ენა.

წმ. ნინოს მოძღვრების გამო ჩვენი სამშობლო მოიჭედა ისეთი ცის მსგავსი ტაძრებით, როგორიც არიან მარტვილი, გელათი, სვეტიცხოველი, სიონი და სხვ. თვითოეული ქვა ამ საოცარი ტაძრებისა ეჭვს გარეშე საბუთია ქართველი ერის მაღალი გემოვნებისა, თვითეულ კარ-ფანჯრის ხვეული თავმოსაწონი სალაროა ქართველი ერის შემოქმედებითი ნიჭისა, საარაკო გმირის მომხიბლავი ქუდივით ცამდინ აბჯენილი თითო გუმბათი ამ ტაძრებისა საამაყო ძეგლია ქართველი ერის გენიალობისა, თვითოეული ტაძარი უტყუარი მატიანეა ქართველთა ცხოვრებისა და თუ გინდ რომ ეს ძეგლები ამას იქით კიდეც დანაყონ და მტვრად აქციონ, მათი სურათებიც საკმაო იქნება, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის თვალსაჩ9ნო ალაგი დაეთმოს ქართველთა ხსენებას.

წმ. ნინომ ქართველობა გააქრისტიანა და ამითი ყველას დაანახვა, რომ საზოგადო საქმეში ქალი თანასწორია მამაკაცისა, სიკეთის გარიგებაში ქალი ტოლია მამაკაცისა. წმ. ნინოს გავლენას უნდა უმადლოდეთ, რომ საქართველოში ქალმა იმ თავითვე იდეალური პატივისცემა შეიმოსა, რომ ჩვენში ქალებს ხანდისხან სამეფო ტახტი ჰსჭერიათ და ქართველმა ერმა ძველ დროშივე გამოსთქვა თავისი საუკეთესო შვილის პირით სავსებით საღი და ნათელი შეხედულგბა ქალზე: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადიაა“. ასეთია მოკლედ წმ. ნინოსაგან გაწეული ამაგი ქართველ ერზე.

ამოშალეთ ყველაფერი ეს ჩვენი ერის ისტორიიდან, ჩვენი წარსული ცხოვრებიდან და გვიბძანეთ, რაღა დარჩება მასში, რაღა ექნება სახარბიელო და დასაფასებელი ქართეელ კაცს?

შეიძლება ვინმემ გვიპასუხოს, - წმ. ნინო რომ არ გამოსჩენოდა საქართველოს, იგი უკეთესს გზას დაადგებოდა, უმჯობეს კულტურას შეითვისებდა, უფრო ბრწყინვალე ისტორიას დაგვიტოვებდაო. სათქმელად ყველაფერი ადვილია, მაგრამ რაზე უნდა დამყარდეს ასეთი მსჯელობა, რა საბუთი გვაქვს ამის დასამტკიცებლად, საიდან შეგვიძლია ასეთი დასკვნის გამოყვანა?

სხვა გზა და სახსარი არ იყო - ქართველი ერი ან უნდა ისევ წარმართად დარჩენილიყო, ან გაქრისტიანებულიყო და ან მაჰმადის მოძღვრებას დასდგომოდა. მაგრამ წარმართობამ თითონ აღიარა თავისი სრული არარაობა სახარების ცხოველმყოფელი მოძღვრების წინაშე და ამის გამო თავად გაქრა და კვამლივით გაიფანტა. რაც შეეხება მაჰმადიანობას, იგი ნამდვილი უბედურება იყო განათლებული კაცობრიობისათვის. რა მეხი და ცეცხლი დაატყდათ თავს მაჰმადიანობის მიღებით საქართველოს იმ კუთხეებს, საიდანაც გამოვიდნენ შოთა რუსთაველი, გიორგი მთაწმინდელი, იოანე მტბევარი, გრიგოლ ხანძთელი და მათი მსგავსნი ქართული მწიგნობრობის დიდებულნი მნათობნი, ყველამ ვიცით და ყველანი ვხედავთ: მაჰმადიანი ქართველი მოძულე და მდევნელია ქართველი ეროვნებისა, ქართული ენისა, ქართული მწერლობისა, ქართულ ზნე-ჩვეულებათა.

სცდებიან, დიდად სცდებიან და მიუტევებელ დანაშაულს სჩადიან სამშობლო ისტორიისა და მომავლის წინაშე ისინი, ვინც მოწინააღმდეგეებად გამოდიან ჩვენში ქრისტეანობისა, ვინც წმ. ნინოსაგან მონათლულ ხალხს უქადაგებენ ურწმუნოებას, რომლებიც ცდილობენ ქართველი ერის გადაგდებას წმ. ნინოსაგან გაკაფული გზიდან. ბრძოლა ქრისტეანობასთან არის გონებრივი სიბრმავე და სულიერი სიბეცე, რომელიც ძირიანად ამოაგდებს ჩვენს ერს და გაავერანებს.

შევთხოვ გულის სიღრმიდან ჩვენს სულიერ დედას, ჩვენი გონებისა და ზნეობის ბრწყინვალე ლამპარს, ჩვენი ისტორიისა, ენისა, მწიგნობრობისა და ეროვნული კულტურის ქვაკუთხედს წმ. ნინოს, მიმოფანტოს სრულებით ამ ბოლო დროს სქლად ჩამოწოლილი ჩვენს საზოგადოებაში ნისლი ურწმუნოებისა და მისგან შეყვარებული ივერია კვლავ განაბრწყინოს ქრისტეანობის ნათელი სხივებით, რომ აწინდელი ჩვენი გაყინული, უნაყოფო და უიდეალო ცხოვრება, ხელახლა ამოძრავდეს, გაიფოთლოს, ნაყოფი მოიტანოს და შეიმოსოს მამა-პაპათა სულიერი სიკეთით. ამინ.