კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

სიტყვა წმ. ნინოობის დღეს

გიხაროდენ, ქართველთა დედათა მწუხარებისა ცრემლთა დამშრეტელო!
(ა იკოსი წმ. ნინოს დაუჯდომელისა)

ასეთი აღფრთოვანებით შეღაღადებს ქართველთა ეკლესია თავის დამაარსებელს წმ. ნინოს, ასე ხაზგასმით აღნიშნავს იგი ამ დედისაგან ქართველთა სასიკეთოდ გარიგებულ დიად საქმეს, ასე დავალებულად სთვლის იგი ქართველ ერს ნინო განმანათლებელისაგან!

ცნობილია და ჭეშმარიტად მიღებული, რომ სადაც მწუხარებისაგან დედას თვალზე ცრემლი არ უშრება, სადაც ცხოვრების პირობები ისეთია, რომ ქალი ჩაყენებულია ჭირსა და მწუხარებაში, სადაც ქალი სულით დაჩაგრული და გათელილია, იქ არც მამაკაცისთვისაა შესაძლო ბედნიერად ცხოვრება, იქ არც საზოგადოება დგას სიკეთის გზაზე, არც მთელი ერია უზრუნველყოფილი ზნეობრივი დაავადებისა და განადგურებისაგან. ამა თუ იმ ერის კეთილდღეობას, ზნეობა-გონებრივ განვითარების ხარისხს და სამერმისო ბედს სწავლულები ტყობილობენ იმისდა მიხედვით, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა იქ ქალი. სადაც ქალს ადამიანურად ეპყრობიან, პატივს სცემენ და ღირსეულ ალაგს უთმობენ ცხოვრებაში, იქ, მეცნიერთა დასკვნით, ერიც შეგნებულ-განვითარებულია, ერიც არსებობის მკვიდრსა და საღ ნიადაგზე სდგას. წინააღმდეგ ამისა, თუ ქალი საზოგადოებაში ითვლება მხოლოდ მამაკაცთა გასართობ არსებად და თავის თავად ქალის პიროვნება არავითარ ღირებულებად არ არის ცნობილი, ეს აღებულ საზოგადოების ველურობის და პირუტყვულ მდგომარეობაში ყოფნის უტყუარ საბუთად მიაჩნიათ. ამიტომ მეცნიერები ქალის პიროვნების ამაღლებას, ქალის აღჭურვას ადამიანის უფლებებით, და ქალის გამოხსნას ზნეობრივი დამცირებისაგან სთვლიან თვით ამ ერის ამაღლებად, ერის გაადამიანებად და მუდამ ბედნიერებისაკენ წინსვლის გზაზედ დაყენებად.

ღვთივგანბრძნობილი ქართველთა ეკლესია მუდამ საღი და ნათელი შეხედულებისა იყო ქალის პიროვნების დიად მნიშვნელობაზე ერის არსებობის ბედ-იღბალში, მისმა გამჭრიახმა თვალმა იმთავითვე შენიშნა, რა სიკეთის თესლიც ჩამარხა წმ. ნინოს კურთხეულმა მარჯვენამ ქართველი ერის სულში ქართველი ქალის წარმართობის სიბნელიდან გამოხსნით, იმთავითვე შეგნებულად ამობურცა მან ეს მხარე მოციქულთა სწორის მოქმედებისა, იმთავითვე აუჟღერა მის გრძნობიერ გულს, ამ უკვდავი საქმის აზრის აღებამ, ნაზი სიმები საგალობლად: „გიხაროდენ, ქართველთა დედათა მწუხარებისა ცრემლთა დამშრეტელოო“ და ესრეთი გალობა „გიხაროდენისა“ არ დადუმდება, ვიდრე იარსებებს ქართველთა ეკლესია!

გარნა რაში მდგომარეობდა ის მწუხარება, რომლის ჩამოხდითაც წმ. ნინომ დაშრიტა ქართველ დედათა ცრემლები?

გავითვალისწინოთ, ვის აღიარებდნენ ჩვენი წინაპრები ღმერთად წმ. ნინომდე და დასმული საკითხი თავისთავად ამოიცნობა.

არმაზი, ლითონისაგან ჩამოსხმული თუ გამოკვერილი კაცი, - აი, ვის ლოცულობდნენ და ვის აღიარებდნენ დიდებულ ღმერთად ნინოს მიერ მოქცევამდე ჩვენი წინაპრები. გონებადახშული ერი ფიქრობდა: ქართველებს რომ მზე და მთვარე უნათებთ, არმაზის წყალობააო, ქართველებს რომ დედამიწა მოსავალს აძლევს, არმაზის კურთხევააო, ქართველებს რომ სული უდგათ, არმაზის სიკეთეს უნდა მიეწეროსო.

მაგრამ ცხოველ არს უფალი (მსაჯ. 8,19) და განგება მისი მარად მოქმედობს. ქართველებს ცამ მოუვლინა მხსნელად წმ. ქალწული ნინო.

„ჭეშმარიტი ღმერთი მოსიყვარულე მამაა ყველასი და მას ჩვენი წამება კი არა, ჩვენი ბედნიერება, ჩვენი სიკეთე, ჩვენი სიცოცხლე, ერთმანეთში კეთილი განწყობილება, ერთი მეორისადმი ძმური სიყვარული, აი ეს სწყურია ღმერთს, ამის განხორციელება გადმოიყვანს ქვეყანაზე ღვთის მადლს და კურთხევასო“, ამბობდა ღვთიური ასული. „შენი ძმისადმი, შენი მეზობლისადმი, ღვთის ქმნილებისადმი უანგარო სიყვარულით გამთბარი და ამოძრავებული გული - ესაა ერთი სამსხვერპლო, რომელზედაც არასოდეს არ გაქრება ღვთის საამო საკმევლის ცეცხლი, თუ დიდი და პატარა შეერთებული ვიქნებით ერთიმეორის სიყდრულისა, სიბრალულისა და მოკეთეობის ოქროს ძეწკვით.

დღეიდანვე უნდა დაემოწაფოთ ზეცისა და ქვეყნის გამჩენს სამპიროვან ღმერთს, რომელიც კაცისაგან თხოულობს მარტო სიყვარულს და ამ მსხვერპლის შეწირვა სხვაფრივ არ შეიძლება, თუ ერთმანეთი არ შევიყვარეთო, ქუხდა მოციქული.

ნათელ ზოლად შეიჭრა მსმენელთა გულში უცხო ასულის ნარნარი ხმა. განუცდელი შვება და სალბუნება აგრძნობინა წმ. ნინოს ახალმა ქადაგებამ ქართველი დედების მწუხარებისაგან დამდნარს და გაწამებულს სულს. დაუახლოვდა ნინოს ქართველთა დედოფალი, დაემოწაფნენ მას წარჩინებული ოჯახების ქალიშვილები, იწყეს მასთან ხშირ-ხშირად დენა სოფლის დედებმა და, როგორც ვიცით, ეს დედათა დენა წმ. ნინოსთან დაბოლოვდა მით, რომ მთელმა ქართველმა ერმა არმაზის მტვერი, არმაზის სახელი და პატივისცემა საუკუნოდ დაასაფლავა ჩვენი სამშობლოს დედა მდინარის, დინჯად მოძრავი მტკვრის ღრმა ტალღებ-ქვეშ და ნათელღებულმა სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა, იწყო სრულებით ახალი, ნათელი და ბედნიერი ცხოვრება.

ქართველი ერის მოქრისტიანებით წმ. ნინომ დაუდგა ქართველობას საკუთარი არსებობის კერა და ამ კერის დედად, მთავარ დარაჯად დაადგინა ქართველი ქალი. წარმართობის დროს გათელილი და პიროვნებას მოკლებული ქართველი დედა, ქრისტეანობაში ბურჯად შეიქნა ოჯახისა და მოკლე ხნის განმავლობაში ისე ამაღლდა სულით, რომ ძირიანად გადაახალისა ერი და ქვეყანაზე ქართველის სახელი უწარჩინებულესი ქრისტეანის გამოსახატ ცნებად აქცია.

შუშანიკი, თამარი, ქეთევანი და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი მათი მსგავსნი უკვდავ მშვენებას შეადგენენ როგორც ერისას, ისე ქართული ეკლესიისას. ამგვარი სასახელო დედების გავლენას უნდა მიეწეროს, რომ ჩვენი ენა ასე დიდებულად გაიშალ-გაიფოთქა, ეს დედები უღვივებდნენ თავიანთ ქმარ-შვილებს მშობლიო-მიდამოს შეუდრეკელ სიყვარულსა და ამ სიყვარულს უნდა მიეწეროს, რომ ყოველ მხრიდან მოსულმა მტერმა ტვინი შეანთხია ძველი ქართველების გმირულ მკერდს და ფეხი ვერ მოიკიდა საქართველოს მიწა-წყალზე.

დღევანდელ ქართველ ქალს მაგდენად აღარ ეხალისება ქრისტეანობა, ჩვენი დროის ქართველ ქალს სასახელოდ აღარ მიაჩნია წმ. ნინოს გზით სიარული. იგი სულ სხვა გზას ადგია სულითა და გულით. ამიტომ წინანდებურად აღარ გუზგუზობს ჩვენი საკუთარი არსებობის კერა, აგერ-აგერ ჩაიწვის ისევ ძველი დედების ნაკურთხი ხელით დადებული ძელის უკანასკნელი ნაშთი და მთელ ოჯახში გამეფდება უსიამოვნო სიცივე.

ღირსო დედაო ნინო, აღუნთე კვალად ჩვენს დედებს, ჩვენს დებს და ქალიშვილებს შენებრი სიყვარული ქრისტე მაცხოვრისა, რათა ღვთისმშობლის წილხვდომილ საქართველოში დაუდუმებლად იქებოდეს და იდიდებოდეს სახელი შენგან ქადაგებული მამისა, ძისა და სული წმიდისა! ამინ.