კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

სიტყვა წმინდა ნინოობას

„ჰოი, მეფობანი ქართველთანო, იხარებდ, რამეთუ
ნინომ დაგადგა გვირგვინი ქრისტეს მიერ ზოგადი“
(სადღესასწაულო, იანვრის იდ დღეს)

თანახმად სამშობლო ეკლესიის მოწოდებისა, იშვებს და ილხენს დღეს მთლად საქართველო, ხოლო მთელ ქართველებში განსაკუთრებით გაგვიხარიან, მომეტებულად ვდღესასწაულობთ და უფრო ცხოველად ვგრძნობთ სულიერ შვებას ჩვენ, - ქიზიყის მკვიდრნი.

ყველა გაგებული ქართველი ქალიდამ კაცამდე ღრმა მავედრებელი, პატივის მცემელი და მოთაყვანეა იმ კურთხეული და მიმადლებული დედისა, რომელმაც „დაგვადგა გვირგვინი ქრისტეს მიერ ზოგადი“, რომელმაც მოგვფინა ნათელი ქრისტეანობისა და მოგვანიჭა ნიშანი საუკუნო ცხოვრებისა - პატიოსანი ჯვარი მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ყველა შეგნებული ქართველი აღტაცებით ეგებება იმ წმინდა გვამის ხსენებას, რომლის მეოხებით საქართველოს ყველა კუთხეების მკვიდრთ ერთმანეთი ერთხორც და ერთ-სულ მოძმე-ნათესავებად მიგვაჩნია, რომლის წყალობით ყველას ერთგვარად გვიცემს გული წმინდა ეკლესიის, მამულისა და სამშობლო ენისათვის, მაგრამ ყველა ამასთან ისიც ცხადია, რომ წმინდა ნინოს სახელი ჩვენი ქვეყნის არც ერთი კუთხის მკვიდრს არ სწვდება ისე ღრმად გულში, არავის არსებას არ იცავს და არ ავსებს იმ გვარი ზეციური სიამოვნებით, როგორც აქაური მცხოვრებლებისას და ამის გამო დღევანდელი დღე საქართველოში არსად არ იზიდავს მოციქულის სახელის მადიდებელთა იმოდენა რიცხვს, რამოდენსაც ვხედავთ აქ.

რა არის ამის მიზეზი? რითი უნდა ავხსნათ, რომ დღევანდელი დღე, რომელიც შეადგენს საზოგადო, საერო დღესასწაულს, აქაურებს გაგვიხდია კერძო, საკუთარ და ადგილობრივ დღესასწაულად? რის გამოა, რომ თუმცაღა მთლად საქართველო დღესასწაულობს და ხარობს დღეს, ყველაზე მომეტებულად ჩვენ აღვსილვართ ბედნიერებით, ყველაზე მომეტებულად ჩვენ აღვგზნებულვართ უუტკბილესი გრძნობით, რომელიც თითქოს ვერ დაგვიტევია ჩვენს ჭერთა ქვეშ და მოვკრებილვართ ამ წმ. ალაგს განსაზიარებლად ერთიმეორისადმი სულიერი სიხარულისა, ზეციერი ბედნიერებისა და უმაღლესი ნეტარებისა?

ბევრი კვლევა და ძიება არ უნდა, ძვირფასნო მსმენელნო, ამ კითხვების ახსნას. დღევანდელი დღის ჩვენი განსაკუთრებითი სიხარულის მიზეზი ყველასათვის ცხადი და თვალსაჩინოა: ძვირფასი და სანატრელი დედა ნინო იმდენად არავის ეკუთვნის, რამდენადაც ჩვენ, ქიზიყელებს. ქართველთა საერთო მოციქული არავისზე ისე ახლო არ სდგას და ამ სიახლოვეს ისე ცხოველად არავინ განიცდის, როგორც ქიზიყელნი. განუხრწნელი და საკვირველთ-მოქმედი გვამი წმ. ნინოსი არსად არ ბრწყინავს, გარდა ბოდბისა და მართლაც რომ გვმართებს სხვებზე უბრწყინვალესად დღესასწაულის გადახდა, სხვებზე მომეტებული ლმობიერებით, მოწიწებით და კეთილ-კრძალებულებით შესრულება ჩვენი სათემო მფარველის ხსენებისა.

მაღალი, დიდი და დაუფასებელი ბედნიერება შეუხვედრებია შენთვის, ქიზიყო, განგებულებას. იმ დროს, როდესაც საქართველოს სხვა და სხვა კალთებში მცხოვრებთ სანატრელად აქვთ დარჩენილი, რომ სიცოცხლის განმამავლობაში ერთხელ მაინც გახდნენ ღირსნი წმ. ნინოს გვამის თაყვანისცემისა, შენ მუდამ-დღე შეგიძლია დაუბრკოლებრივ აისრულო ამგვარი საღმრთო წადილი; იმ დროს, როდესაც სხვა ქართველები მხოლოდ ამბად ტყობილობენ აქ მომხდარ სასწაულებს, შენ შეგიძლია საკუთარი თვალით იხილო ყველაფერი ეს; შენ, კერძოდ შენ გიშუქებს ბრწყინვალე ნათელი ნინოს წმ. გვამისა, განსაკუთრებით შენ გეძლევა შეძლება მისდიო ამ ნათელს და ყველაზე მომეტებულად ისარგებლო მისი განმაცოცხლებელი სხივის სიცხოველით.

რასაკვირველია, ამ ბედნიერებას, ამ უპირატესობას უნდა ჯეროვნადაც ვაფასებდეთ, ღირსეულად ვწრნავდეთ და არა უბრალო რამედ მიგვაჩნდეს. ხოლო დაფასება, დანახვა და აწონა იმითი უნდა გამოიხატებოდეს, რომ წმ. ნინოს მიერ მოტანილი ქადაგება, სწავლა და მოძღვრება ყველას ღრმად გვქონდეს დანერგული გულში, გვახსოვდეს იგი ცხოვრებაში და ვიყვნეთ ყველაფერში მტკიცედ მიმდევარნი იმ მაღალი მოძღვრებისა. მხურვალე სიყვარული ჭრისტეანობისა, გულმოდგინეობა ეკლესიაში სიარულისა, განკითხვა და შეწყნარება გაჭირვებულისა, ურთიერთის სიყვარული, უმანკოება ცხოვრებისა, - აი, რას მოითხოვს ჩვენგან მფარველი, მოწყალე და განმანათლებელი ჩვენი ღირსი დედა ნინო, აი, რა უნდა შეადგენდეს ჩვენს თვალსაჩინო სამკაულს და რის შეძენას უნდა ვცდილობდეთ ყველანი მუყაითად და თავგამოდებით.

ღვთისნიერებისა, სარწმუნოებისა, სიყვარულისა და სათნოების მოპოება-შეძინებას ყველა ჩვენგანი უნდა ცდილობდეს იმ სახით და გზით, რა სახით და გზითაც მოიპოვება ესეები ღირსმა ნინომ. წმ. ნინოს ცხოვრების აღწერიდამ ვიცით, რომ იგი ჯერ ისევ ნორჩი და პატარა წაიყვანგს მშობლებმა იერუსალიმში და მიაბარეს საღმრთო წერილში გასაწვრთნელად ერთ ღვთისნიერ და პატიოსნებით აღვსილ მონაზონს, სახელად ნიაფორას. ამ მონაზონმა ნიაფორამ აღზარდა ნინო ღვთის შიშში და იმ ზომამდე გაუღვივა სასიქადულო მოწაფეს ქრისტეს ტრფიალი, რომ ნორჩი და სუსტი არსება შეიქმნა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარის კადნიერ მოციქულად.

სწავლით და ისიც ბავშვობაში აენთო წმ. ნინოს გულში ბრწყინვალე ლამპარი ღვთის სიყვარულისა, მაშასადამე, ჩვენი მშობლებიც მოვალენი იყვნენ ამგვარადვე აღეზარდათ ჩვენში ღვთის სიყვარული და ამის შედეგნი: სათნოება, სიკეთე და პატიოსნება; მაშასადამე, მოვალენი ვართ, რომ ჩვენც, ჩვენს შვილებს ბავშვობის დროსვე დაუნერგოთ გულში შიში და სიყვარული ღვთისა, მოვალენი ვართ საღმრთო სწავლით შევამკოთ ვაჟებიც და ქალიშვილებიც, უფრო კი უკანასკნელნი, რადგანაც იგინი უნდა გახდნენ ქრისტეან დედებად. დედის გვამში იწყება ჩვენი სხეულის დასაბამი, იქვე იწყება, შეიძლება ვსთქვათ, ჩვენი ზნეობრივი ცხოვრების სათაური, იქვე ინასკვება ჩვენი მომავალი სიკეთე ანუ სიავე, კეთილმიდრეკილება ანუ ბოროტება, მაღალზნეობა ანუ დაცემულობა. სუსტი და ნორჩი სხეული ახლად დაბადებულისა იზრდება და ვითარდება დედის კალთაში და მკერდზე, ამავე კალთაში და მკერდზე იზრდება, იფურჩქნება ნორჩი არსების ზნეობა, ხასიათი და მიმართულება. დედაა მარტო ერთად-ერთი მასწავლებელი კარგ ხნობამდის ბავშვისა, მასწავლებელი, რასაკვირველია, არა სიტყვით და დარიგებით, ამისათვის რომ ახლად დაბადებული მოკლებულია სიტყვისა და დარიგების მნიშვნელობის შეგნებას, არამედ თავისი ზნეობით, რომლებიც გამოიხატებიან და გამოითქშიან დედის მიხვრა-მოხვრაში, ქცევაში, პირის-სახეში და თვალების გამომეტყველებაში. თუ დედა ნამდვილი ქრისტეანია, თუ დედის არსება მოცულია ქრისტეს მხურვალე სიყვარულით, შემკობილია ქრისტეანული სიმშვიდით, სიწყნარითა და სითავმდაბლით, უეჭველია, ყველაფერ ამას ბავშვიც შეამჩნევს და ამოიკითხავს დედის ალერსიან თვალებში, პირის-სახის გამომეტყველებაში და თვით მისი სხეულის მიხვრა-მოხვრაშიაც კი. ამას ყველაფერს შეიწოვს ბავშვი დედის რძესთან ერთად, შეითვისებს მთელი არსებით და შემდეგში სამარის კარამდინ ვერა-გვარი ცვლილება, ვერა-გვარი გაჭირვება, ვერა-გვარი ქარტეხილი ვერ შესძლებს ამ მიმართულების შერყევას, გადაგვარებას და განადგურებას. მაგრამ, თუ დედა ცივია სარწმუნოებაზედ, არ ესმის სარწმუნოების მოთხოვნილებანი, მოკლებულია ქრისტეანობრივ სათნოებათა, გული და სული მიდრეკილი აქვს ბიწიერებისაკენ, აუცილებლად ბავშვიც ამასავე ამოიკითხავს დედის თვალებში, ამასავე შეიწოვს დედის რძესთან ერთად, ესევე გაუჯდება მას ძვალ-რბილში და ამგვარად, დედის წყალობით სიკვდილამდე შეინარჩუნებს ბიწიერ და ბოროტულ მიმართულებას.

აი, რა დიდი და გადაწყვეტილობითი მნიშვნელობა აქვს დედის ქრისტეანულ მიმართულებას ჩამომავლობის ბედ-იღბლისათვის, ეკლესიის წარმატებისათვის, ოჯახის ბედნიერებისათვის და ერის კეთილდღეობისათვის!

სწორეთ ამ მაღალი მიზნის მისაღწევად დაუარსებიათ, ძვირფასნო მსმენელნო, წმ. ნინოს საფლავის გვერდით სულმნათ მონაზვნებს საქალებო სასწავლებელი. ისარგებლეთ უხვად, ქრისტეანო მშობლებო, ამგვარი სიკეთით. სასწავლებლის კარი გახსნილია ყველასათვის, შესძინეთ თქვენ მოზარდ ქალებს სწავლა, რომელიც „არის ძალა, ძალა დიდი, ღვთიური ძალა“.

ვთქვათ, ბევრს ეშორება და ემძიმება აქ მოყვანა ქალიშვილისა, სამაგიეროდ ყველა სოფელს აქვს ეკლესია და ჰყავს საკუთარი მოძღვარი: გამართეთ სამრევლო ეკლესიებთან სახლები და თქვენი მოძღვრები იკისრებენ თქვენი შვილების სწავლებას, ქრისტეს სარწმუნოებაში წვრთნა-ვარჯიშობას, მათ ზნეობრივ განვითარებას.

როდესაც ამ კუთხის თვითოეული სოფელი გაიმართავს საკუთარ სასწავლებელს იმ აზრით, რომ აქაური ქალების მოზარდმა თაობამ ფართოდ შეითვისოს და შეიგნოს ის უმაღლესი სწავლა, რომელიც მოგვფინა ჩვენმა განმანათლებელმა წმ. ნინომ, მაშინ ყველა დარწმუნდება და ცხადად დაინახავს, რომ მართლაც ყველაზე მომეტებულად თქვენ გინათებთ ნინოს წმ. გვამის სინათლე და ყველაზე მომეტებულად თქვენ სარგებლობთ ამ სინათლით; ყველა მიხვდება, რომ მართლა განსაკუთრებით გყვარებიათ ღირსი ნინო, მართლა საგანგებო შეგნება გქონიათ მისი დიდებული ღვაწლისა.

იყავნ, იყავნ! ამინ.