კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

სიტყვა წმინდა ნინოობას

გიხაროდენ, დაუდუმებლად მქადაგებელო საღმრთო ბაგეო!
(ნინოს დაუჯდომლიდან)

ღვთის მზრუნველობამ და განუსაზღვრელმა კაცთმოყვარეობამ ძველთაგანვე ჩვენი სამშობლო ჰყო ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილ-ხვდომილად, ხოლო ღვთისმშობლის დედობრივმა სიყვარულმა მოუვლინა მას (ჩვენს სამშობლოს) სხივმოსილი ცისკარი, რომლის სახელიც ყოველ შეგნებულ და გონიერ ქართველს ღრმად აქვს ამოჭდეული გულის ფიცარზედ და სათაყვანოდ მიაჩნია. თქვენ უკვე მიხვდით, ვისაც ვგულისხმობ, თქვენ უკვე გეხატებათ ჩვენი განმანათლებელის, მოციქულთა სწორის წმ. ნინოს ნათელ-მოსილი სურათი მთელი მისი სიდიადით.

წმ. ნინო! ოჰ, რამდენ მაღალ და საღმრთოს, რამდენ გამამხნევებელს და ფასდაუდებელს, რამდენ საგანგებო და სანატრო რამეს აგონებს ქართველის გულს ეს მოკლე და ჩვეულებრივი სახელი!.. რომელი ქართველია, წერა-კითხვის მცოდნე მაინც, რომ არ უწყოდეს, რა საოცარი, რა დაუვიწყარი, გონებით მიუწდომელი და სასწაულებრივი საქმე ჩაიდინა ამ სუსტმა და უსახსრო არსებამ, აღფრთოვანებულმა მხოლოდ ქრისტეს უსაზღვრო სიყვარულით და აღჭურვილმა მარტოდ-მარტო მისი პატიოსანი ჯვარით? წმ. ნინოს ლმობიერება-სათნოებით აღვსილმა ქცევამ, მისმა ნამდვილმა დედობრივმა სიყვარულმა სავსებით დაიმონა მაშინდელი ქართველების კერპთაყვანისმცემლობისაგან გამხმარ-გაცივებული, სასტიკი და განუკითხავი გრძნობა. მისმა ნათელმა, მარტივმა, დღესავით გარკვეულმა და ყველასათვის ადვილად მისახვედრმა მოძღვრებამ შეიპყრო იმ დროის ქართველთა გონება და, როდესაც სრულ მეფედ, ერთადერთ ბატონად და ბრძანებლად შეიქმნა, რასაკვირველია, აღარაფერს სიძნელეს აღარ წარმოადგენდა მისთვის ამ ერის გაქრისტიანება, მისი სამუდამოდ დაკავშირება და საბოლოოდ შეერთება უკვდავის ძარღვით იმასთან, რომელმაც ბრძანა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრებაო“ (იოან. 14,6).

აგერ 1600 წელიწადი სრულდება მას უკან, რაც ამ საქართველოს ანგელოზმა მისჯაჭვა სულითა, გონებითა და გულით ქართლოსის ძენი კაცთათვის განხორციელებულს ღვთის სიტყვას და ამოდენა ხნის განმავლობაში არც ერთხელ არ შერყეულ-მოდუნებულა ქართველთა ერთგულება და სიყვარული ღვთის სიტყვის მიმართ, არ ახსოვს ისტორიას არც ერთი შემთხვევა, რომ ქართველებს თავის ნებით ეღალატოთ ნინოს მოძღვრებისათვის, რაიმე ეჭვი დაჰბადებოდეთ ამ მოძღვრების შეურყეველ სინამდვილეზედ და ამის გამო დასდგომოდნენ ორგულობის გზას. სამაგიეროდ, იმავე ისტორიაში ძალიან იშვიათია იმისთანა მაგალითები, რომ ქვეყნის რომელსამე კუთხეს, კაცობრიობის რომელსამე ნაწილს თავს დასტეხოდეს სარწმუნოების გულისთვის იმდენი ძარცვა-რბევა, იმდენი დევნა-ჟლეტა, რამდენიც დაითმინა საქართველომ, და იგი კუთხე არ გამხდარიყოს უდაბნოდ და გარეულ მხეცთა საცხოვრებელ ალაგად, იგი ხალხი არ გამქრალიყოს სრულიად, ან არ გარდაქმნილიყოს მხეცთა მსგავს ველურ ბრბოდ. საქართველო კი, როგორც ვხედაეთ, დღესაც მოჭედილია იმისთანა საოცნებო, ცის მსგავსი ტაძრებით, როგორიც არის სვეტი-ცხოველი მცხეთაში, ალავერდი - კახეთში, სიონი - თბილისში, და მრავალი სხვა. ქართლოსის ძენი დღესაც იმ საამურ, მკაფიო, სიმშვენით სავსე, ყოველი აზრის ზედმიწევნით, სრული სინამდვილით და სავსებით გამომეტყველ ენაზედ ისმენენ წმ. სახარებას, რომლითაც ღირსმა დედა ნინომ უქადაგა იგი მირიანს და მისს სამფლობელოს. დიაღ, საკვირველია ეს გარემოება! მაგრამ ეს საოცარი მოვლენა არის პირდაპირი შედეგი წმინდა ნინოს დღევანდლამდე დაუდუმებელი ქადაგებისა, ეს გარემოება უნდა მიეწეროს მას, რომ დღესაც ცხადად ესმით ქართველებს თავიანთი განმანათლებელის უკვდავი, სამარადისო, ნეტარ-მყოფელი და საწადელი სწავლა-მოძღვრება. მაშ რა არის, თუ არა ცოცხალი და წმ. ნინოს პირადი სწავლა-მოძღვრება, თუ არა იგივე ნინოს პირითგან გამომდინარე ქადაგება ეს დღევანდელი სადღესასწაულო გამოსვენება წმინდა ჯვარისა, რომელიც უტარებიათ ნინოს ხელებს, რომელიც შეკრულია მისი თმის ნაწნავით, რომელიც მოწამეა მირიანისა, დედოფალის ნანასი, ქართველთ მთავრებისა და მთლად ქართველი ერის ნათლისღებისა მცხეთაში, ქართველების იორდანე - მტკვარში!

ნუ გამოვაკლდებით, საყვარელნო შვილნო, ჩვენ წინაპართა ბრწყინვალე გუნდს, ფართოდ გავუღოთ ჩვენც მათებრ ყურთასმენის კარი ჩვენი განმანათლებელის დღევანდლამდე დაუდუმებელ ქადაგებას, ვასწავლოთ ჩვენს შვილებსაც ამ საღმრთო მოძღვრების დაუზარებლად სმენა-დამარხვა, ვიხაროთ კვლავაც დღევანდებურის საღმრთო სიხარულით და შევძღვნათ ჩვენს სასიქადულო დედას გალობა: „გიხაროდენ, დაუდუმებლად მქადაგებელო საღმრთო ბაგეო!“ ამინ.