კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

სიტყვა წმ. ნინოობას

„ჩვენო სამშობლოვ, წმიდა ნინო ცამ მოგივლინა,
ქრისტეს ნათელი, ქრისტეს სხივი მან შენ მოგფინა“
ვ. ორბელიანი

ამ ოცი-თვრამეტი წლის წინათ, თქვენს მორჩილ მსახურს, ისეთი საქმე მქონდა მონდობილი სასულიერო მთავრობისაგან, რომ მისი პირნათლად გაძღოლა და, შეძლებისდაგვარად, სასურველად შესრულება, მავალებდა, რაც შემეძლო, ხშირად მევლო და მემოგზაურნა საქართველოს შორეულ და მივარდნილ კუთხეებში: ფშავ-ხევსურეთში, გუდამაყარ-მთიულეთში, საინგილო-თუშეთში და სხვ. ერთს ამგვარ მოგზაურობის დროს. მთებში, მივარდნილ, ღარიბად მოწყობილ, რომელიღაც სოფლის ეკლესიაში მთელი ჩემი ყურადღება და გრძნობა მიიზიდა და შთანთქა ჩემთვის ახალმა და დიდად საგულისხმო სანახავმა. კანკელის თავზე, აღსავლის კარის ზემოთ, იქ, სადაც ჩვეულებრივად ვხედავთ ხოლმე იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჩემი ყურადღება მიიქცია ზეციდან ჩამოფრენილი არსების მსგავსმა ქალის მოზრდილმა სურათშა. ღვთაებრივი ნათელით გაცისკროვნებულ ქალს, მაღლა ამართულ მარჯვენა ხელში ეკავა ჯვარი, მარცხენაში კი, რომელიც დაშვებული ჰქონდა დაბლა, ეჭირა თოვლივით თეთრი ქაღალდის ფურცელი გარკვეული ზედწარწერით „ივერია“.

დარწმუნებული ვარ, თქვენც მიხვდებით, რომ ეს იყო ხატი ჩვენი განმანათლებელის, ჩვენი საკუთარი მოციქულის, ქართველი ერის სიქადულისა და თავმოსაწონი გვირგვინის, ქართველთა საერთო საყვარელი დედის წმ. ნინოსი. გამაცვიფრა ამ სურათის აზრიანობამ და იმ დღიდან აღარ გაშორებია იგი ჩემს მეხსიერებას.

„საყვარელო შვილო და მეგობარო, - ასე წავიკითხე ნაჩვენებ სურათზე მისი მაღალი ნიჭით შემკობილი დამხატველის აზრი, - ყოველთვის და ყოველგან თვალწინ გედგას და გახსოვდეს წმ. ნინოს დიდებული სახე და მისგან შენ სამშობლოზე გაწეული გადაუხდელი ამაგი. გჯეროდეს, რომ შენი სამშობლო, ცნობილი ივერია, არასოდეს არ ამოიშლება არსებულ ეროვნებათა სიიდგან, ყოველთვის იარსებებს, ყოველთვის იცხოვრებს და ცხოვრება მისი იქნება სახელოვანი, თუ შენ და მთლათ შენი თანამემამულენი მიმდევარნი იქნებით ქრისტეს მაღალი მოძღვრებისა, თუ თქვენს ცხოვრებას, თქვენს მოქალაქეობას და თქვენს ურთიერთობას დაამყარებთ სახარების ბრძანებაზე, თუ თქვენი გონებრივი განვითარება, თქვენი მრეწველობა და ვაჭრობა, თქვენი მეურნეობა და ყოველი წარმოება იქნება სარწმუნოებრივი, ქრისტეანული და არა უღთო, არა ჭრისტეანობის დამარღვეველი, საწინააღმდეგოო“. ეს ჩამძახა ნახულმა სურათმა, ეს ამოვიკითხე მასში პირველსავე დღეს და, რაც უფრო დრო გადის, რაც უფრო მეტად ვითვალისწინებ საქართველოს წარსულს თავგადასავალს, რაც უფრო გულდასმით უკვირდები არა ჩვეულებრივს და ხანდისხან პირდაპირ უცნაურ აღძრვა-მოქმედებას, რომელსაც განიცდის ჩვენი სამშობლო, მით უფრო ცხადი და ნათელი ხდება ჩემთვის სურათზე წაკითხული, მით უფრო მტკიცე და მჭერმეტყველი ხდება მისი მოძღვრება, მით უფრო ღრმავდება და უცილობელი ჭეშმარიტების ხასიათს ღებულობს სურათის დედა-აზრი, მისი მთავარი იდეა.

წმ. ნინოს მოძღვრების ფართო შეგნებამ და მაღალმა ქრისტეანულმა ცხოვრებამ მოუპოვა ქართველებს იმ დროინდელ განათლებულ კაცობრიობაში საუკეთესო, სამაგალითო ქრისტეანობის სახელი. ქადაგებამ გაზარდა ქართული ენა, განავითარა, გაფურჩქნა, დაიმუშავა და აიყვანა იმ საოცარ სისრულემდე, როგორიც არის ქართული სახარებისა და ვეფხისტყაოსნის ენა; წმ. ნინოს სახელის პატივისცემამ და მისი ქადაგების ერთგულებამ მოაქარგვინა ჩვენს მამა-პაპას საქართველოს პირი იმ დიდებული ტაძრებით, რომლებსაც დღესაც განცვიფრებაში მოჰყავთ უგანათლებულესი ერების წარმომადგენლები; წმ. ნინოს სახელის პატივისცემამ და მისი მოძღვრების ერთგულებამ გადააქცია მთელი საქართველო რჩეულ გმირების აკვნად და ამ გმირებმა შეგვინახეს თავიანთი მკერდით სიცოცხლე და მიწა-წყალი.

დღესაც მრავალგან ირწევა ჩვენს სამშობლოში აკვანი, მაგრამ აღარ აგონებენ ჩვენი დედები თავიანთ ქორფებს სარწმუნოებისა, მამულისა და მშობელი ერისთვის თავდადების ნანას და ამიტომ გაშიშვლდა ჩვენი სამშობლოც და ეკლესიაც. ვეღარ ვხედავთ ჯვაროსან გმირებს, დავკარგეთ და გავწყვიტეთ ჩვენი სულიერი ერთობის, გონებრივი თანხმობა-სოლიდარობის ძაფი - სარწმუნოება, აღარაფერს ეუბნება ჩვენს გონებას წმ. ნინოს სახელი, სადღაც გვახსენდება მისი საღმრთო შრომა და ღვაწლი, სადღაც გადავაგდეთ მისი ანდერძი, ჩვენი ოჯახებიდან გამოვდენეთ მისი სახე, მისი წმ. ხატი და ვაი სირცხვილო, ვაი უზომო უგუნურებავ, აღარც მშობლებს და აღარ შვილებს ნინოს ხსენების დღეც კი აღარ გვახსოვს!

შერცხვენა და თავის მოჭრა ორკეცდება კიდევ იმის გამო, რომ ასეთ უმადურობას, ასეთ პირშაობას და უკუღმართობას ეწევიან ჩვენში არა იშვიათად განგებ, მოფიქრებით, სამშობლოს კეთილდღეობის სახელით!

„იყო დრო - ჯვარით ვიცავდით თვითარსებობასო“, ამოიკითხავთ ზოგიერთ ქართულ გამოცემებში, მაგრამ „დრონი იცვალენ, ძველებური იარაღი ეხლა აღარ გამოდგება და თანამედროვე განათლებული კაცის თვალსაზრისით დასაგმობიცააო“, გვიქადაგებენ ხმამაღლა ახლად მოვლენილი მოძღვრები. მაგრამ, ნათქვამს ხომ ცხოვრება უნდა ამართლებდეს და სად ნახეს ახალმა მქადაგებლებმა, რომ ურწმუნო, უღთო ერს ეარსებოს, წინსვლის გზაზე მდგარიყოს და სიკეთის კვალი გაევლოს კაცობრიობის ისტორიაში? ურწმუნოება, უღთოება, ათეისტობა ყოველთვის და ყოველგან გამხრწნელი, დამცემი და დამღუპველი ყოფილა საზოგადოებისა. ურწმუნოება, უღთოება, ათეისტობა ყოველთვის და ყოველგან ცნობილი ყოფილა ადამიანთა გონებრივი და ზნეობრივი სიცოცხლის მომსპობ შხამად და სამსალად. როგორც კუნელი მუდამ კუნელი ყოფილა და კუნელადვე დარჩება, ასე რომ არასოდეს ყურძნის მტევნები არ მოუბამს და არც მოიბამს, ისე ურწმუნოება მის დღეში ბოროტება ყოფილა და ბოროტებადვე დარჩება. არა, სასიკეთო, მტკიცე და საბოლოვო მხოლოდ და მარტო ის არის, რაც ჭეშმარიტი სარწმუნოების ჩაგონებით და სახელით რიგდება. ამას ამტკიცებს ჩვენი სამშობლოს ისტორია, ამას ჩაგვძახის და გვიკარნახებს ჩვენი განმანათლებელი წმ. ნინო.

გვეყოფა ამდენი შეცდომა, ნუ უკარგავთ ჩვენს ერს სარწმუნოებას, ნუ უქადაგებთ მოზარდ თაობას უსჯულოებას, ნუ ვტოვებთ წმ. ნინოსაგან გაკაფულ უცდომელ ცხოვრების გზას, თორემ, დაბრმავებული სამსონივით ჩვენივე ხელით დავცემთ ძირს ჩვენი ჩვენი არსებობის ციხე-სიმაგრეს და ჩვენც დიდიდან პატარამდე ყველანი ქვეშ მოვექცევით ამ ნანგრევებს.

გვახსოვდეს ჭკვიანი სიტყვა ჭკვიანი ქართველისა:

„ჩვენო სამშობლოვ, წმიდა ნინო ცამ მოგივლინა,
ქრისტეს ნათელი, ქრისტეს სხივი მან შენ მოგფინა“.