კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

სიტყვა წმ. ნინოობას

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

თვითოეულ ერს, თვითოეულ ხალხს უკავია დედამიწის პირზე განსაზღვრული სივრცე, განსაზღვრული მანძილი, განსაზღვრული ალაგი ანუ ტერიტორია. რაკი ერი იბადება, ვითარდება, საზრდოობს და მრავლდება ერთ ტერიტორიაზე, ამის გამო იგი თავისთავად იმსჭვალება ამ ტერიტორიისადმი ისეთივე ბუნებრივი, სათუთი და ცხოველი მიზიდულობით, როგორითაც გამსჭვალულია ხოლმე ყოველი მოსიყვარულე შვილი მშობელი დედ-მამისადმი.

შეგნებული ადამიანისათვის სამშობლო და მშობელი ერთი მეორის ფარდი, ერთი მეორის მაგიერი და სწორი ცნებაა. წესიერად განვითარებული, ე.ი. ცალმხრიობას, სიდუხჭირეს და სიმახინჯეს აცილებული ადამიანის გულში იმდენივე ალაგი აქვს დათმობილ სამშობლოს, რამოდენიც მშობლების სიყვარულსა და პატივისცემას, მშობლების კეთილდღეობისათვის ზრუნვასა და მათი ღირსების დაცვას.

ჩვენ, - ქართველები, - არასოდეს არ ვყოფილვართ ეულები, უბინადრონი, საკუთარ სამშობლოს მოკლებულნი. ჩვენი სამშობლო ყოფილა და არის დედამიწის ის პატარა ნაწილი, რომელიც ოქროს ხატივით ასვენია შავსა და კასპიის ზღვებს შუა და თვალ-მარგალიტებიან ჩარჩოდ გარს შემორტყმია ბუმბერაზი კავკასიონის ქედი.

სიკეთე ჩვენი სამშობლოსი - იშვიათი მოხდენილობა და სიკეკლუცე მისი გარეგნობისა, სისაღე და უებრობა მისი ჰაერისა, საოცნებო სიმდიდრე და უხვი მომცემლობა მისი ნიადაგისა - იზიდავდა ამ ქვეყნისაკენ ყველა მესაზღვრე ერებს და უღვიძებდა მათ გაუნელებელ სურვილსა, რომ ხელში ჩაეგდოთ, დაჰპატრონებოდნენ და დაესაკუთრებინათ იგი. ამიტომ პატარა საქართველოს ხანგრძლივი წარსულის მეტი ნაწილი წარმოადგენს ყოველ მხრიდგან მოსეულ მტრებთან განუწყვეტელ ბრძოლას და თუ უკანასკნელებს დაელიათ ტყვია და თოფის წამალი, თუ მათ მოუდუნდათ და დაუჩლუნგდათ ხმალ-ხანჯალი, თუ მტრებმა მარტო კალთები ჩამოაცალეს ჩვენს სამშობლოს და დაპყრობა მისი მაინც ვერ შესძლეს, თუ ამ შეუწყვეტელი ხმლის ტრიალში და გამუდმებული თოფის სროლაში გართული ქართველი არ გაველურდა გონებითა და გრძნობით, თუ მიუხედავად სამძიმო პირობებისა, ქართველმა არამც თუ არ დაივიწყა წიგნი და მწერლობა, პირიქით, მოახერხა საკუთარი კულტურის შექმნა და სისრულის უმაღლეს წერტილამდე აიყვანა ენა და მწიგნობრობა, ეს უნდა მივაწეროთ იმ დაუვიწყარი და მადლიანი პიროვნების ღვაწლს, ვისი ხსოვნისათვისაც მადლიერ ქართველ ერს ძველადგანვე უძღვნია იანვრის მეთოთხმეტე დღე, ვის სახელსაც სიამოვნებით იმეორებს დღეს ყოველი რიგიანი ქართველი, ვისი სურათითაც იმშვენებენ დღეს ფურცლებს ქართული გამოცემანი.

წმ. ნინომ დააჯერა და დაარწმუნა ქართველები, რომ თვითოეული მათგანი, გაურჩევლად წოდებისა და მდგომარეობისა, სქესისა და უფლებისა, ატარებს ღვთისაგან მოცემულ უკვდავ სულსა და ამის გამო დიდი და პატარა ნათესავი, თვისი და მახლობელია ერთი-მეორისა, ამასთან ყოველი მათგანი საყვარელი და საამო არსებაა ღვთისათვის. ჭეშმარიტი ღმერთი არავითარ შეწირულებას, არავითარ მსხვერპლსა და ძღვენს, არავითარ სამსახურსა და საჩუქარს არ ითხოვს ჩვენგან გარდა იმისა, რომ მისგან მოცემულს სულს ვაშორებდეთ სიბნელეს და უვიცობას, უგრძნობლობა-გაუკითხავობას, შურიანობა-სიძულვილს, ბიწიერება-ბოროტებას, უქმობას და სხვისი ნაოფლარის მითვისებას.

ამ ახალმა მოძღვრებამ, ახალი სინათლის სხივმა გაალხო, გაათბო, გააღვია და აამოძრავა წარმართობისაგან შეხუთულ-შებოჭილი ქართველი კაცის გონება თავისუფალი, შეგნებული და აზრიანი ცხოვრებისათვის. წმ. ნინოს ქადაგების დამკვიდრებას საქართველოში თან მოჰყვა სასწავლებლებისა, მწიგნობრობისა და ერის სულიერი გამდიდრება-განვითარების აყვავება სწორეთ ისე, როგორც გაზაფხულის მაცოცხლებელ მზეს თან მოჰყვება ხოლმე გაღვიძება, გაფურჩქვნა და გაშლა-აყვავება ბუნებისა. ქართველი დარწმუნდა არმაზ-ზადენისა და მათ მსგავს კერპების არარაობაში; ქართველებმა ჩქარა დაანგრიეს, დაამტვრიეს და ნაცრად აქციეს უმსგავსი და უგონო კერპები. პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარის ამართვით წმ. ნინომ წაუშლელი ასოებით ამოსჭრა ქართველობის გულის ფიცარზე იესო მაცხოვრის უკვდავი სიტყვები: მცნებასა ახალსა მოგცემ თქვენ, რათა იყვარებოდეთ ურთიერთს, ვითარცა მე შეგიყვარენ თქვენ... ამით სცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყვარებთდეთ ურთიერთარს (იოან. 13,34- 35). წარმართი ქართველი, მთლად ახალ ქმნილებად გადიქცა, როდესაც მას გულს მირონად ეცხო წმ. ნინოსაგან შემოტანილი ნათელმოსილი მოძღვრება: საყვარელნო, ვიყვარებოდეთ ურთიერთარს, რამეთუ სიყვარუღთ ღვთისაგან არს; და ყოველსა, რთმელსა უყვარდეს, ღვთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი. რომელსა არა უყვარდეს, მან არ იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყვარული არს (ა. იოან, 4,7-8). რომელსა უყვარდეს ძმა თვისი, იგი ნათელსა შინა არს, და საცთური არა არს მისთანა. ხოლო რომელსა სძულდეს ძმა თვისი, იგი ბნელსა შინა არს, და ბნელსა შინა ვალს, და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმა დაუბრმნა თვალნი მისნი (ა. იოან. 2,10-11).

ასეთი მოძღვრების გავლენამ ფიანდაზად გადუშალა ქართველებს ქართველის სული და გული, შეათვისა ერთი-მეორეს, ზეციური ნეტარება განაცდევინა მოყვასისთვის თავდადებულებაში, ქვრივთა, ობოლთა, უძლურთა, ტანჯულთა, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა შებრალება-გაკითხვაში და შექმნა ის ერთობა, ის სოლიდარობა ქართველობაში, რომელზედაც ტვინი შეანთხიეს აბეზარმა მტრებმა; რომელმაც შეგვინახა საკუთარი მიწა-წყალი, საკუთარი ტერიტორია, მშობელი დედასავით საყვარელი და ობოლი მარგალიტივით ძვირფასი სამშობლო. ვინ იცის, რა ბედ-კრული და უიმედო იქნებოდა ჩეენი სამშობლოს დღევანდელი მდგომარეობა, რომ მას არ მოვლენოდა წმ. ნინო, რომ რომ არ დასწაფებოდა წმ. ნინოს მეოხებით ქრისტეანობას! ან იქნებოდა-ღა დღეს ჩვენი ხსენება?!

გვესმის და წარმოდგენილი გვაქვს დიადი მნიშვნელობა დღევანდეღრ დღისა? ვიცით, რას უნდა შეადგენდეს ქართველი ერისათვის იანვრის თოთხმეტი? ჩვენი მშობლები, ჩვენი და ჩვენი შვილების აღმზრდელები, ჩვენი მოძღვრები, ჩვენი საზოგადო მოღვაწეები და ერის კეთილდღეობისათგას მზრუნველები ჯეროვანი აღტაცებით და მომზადებით ეგებებიან ამ დღეს? სავსეა ჩვენი ეკლესიები დღევანდელ დღეს წმ. ნინოს პატივის მცემლებით? იმართება ამ დღეს ჩვენს სასწავლებლებში, ჩვენს დაწესებულებებში ჩვენი მოციქულის პატივსაცემად საჯარო კითხვები მისი ღვაწლის შესახებ და სასულიერო კონცერტები? გვაქვს წმ. ნინოს სახელობაზე რომელიმე განმანათლებელი ან საქველმოქმედო დაწესებულება? ბევრი არიან ჩვენ შორის ისეთი მშობლები, რომ ვალდებულად მიაჩნდეთ გააცნონ თავიანთ შვილებს წმ. ნინოს ვინაობა და მით ჩაუნერგონ მათ გულში ამ შარავანდედით მოსილი პიროვნების სიყვარული?

მაგრამ, რა საჭიროა კითხვები> ეს კი არა, სულ უბრალო ნიშანი წმ. ნინოს პატივისცემისა, - მისი ხატიც კი - იშვიათი სანახავია ჩვენს გადარჯულებულს, უკუღმა გადატრიალებულს, ნირშეცვლილსა და ყველაფრით დახურდავებულ ოჯახში!

ესეც კიდევ ცოტაა!

ბოლო ხანებში ჩვენს საზოგადოებაში თავი იჩინა ერთგვარმა მიმართულებამ, რომელიც უარს ჰყოფს ჩვენი დროისთვის წმ. ნინოს ღვაწლის მნიშვნელობასა და ღირებულობას.

აღნიშნული მიმართულების მიმდევრებს დიდ დანაშაულად მიაჩნიათ წარსულის გახსენება და იქიდან წასაბაძი მაგალითისა ან იდეალის გადმოტანა თანამედროვეთათვის. საღი ადამიანისა და კაცური კაცის თვალი მხოლოდ მომავლისაკენ უნდა იყოს მიმართული და არა უკან გაიმზირებოდესო, ხშირად გაიგონებთ დღეს ჩვენში.

სასტიკად სცდებიან ამ შემთხვევაში საბრალონი. განა წმ. ნინოს ხსენება უბრალო და უმნიშვნელო გამზერაა წარსულისაკენ? განა წმ. ნინოს ღვაწლის შეგნებულად გათვალისწინება ნაბიჯის გადადგმა არ არის ბედნიერი მომავლისაკენ? ვინ გაგვაცნო, თუ არა წმ. ნინომ, იესო ქრისტეს სიტყვები: იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს (მათ. 5, 48) და განა ეს სიტყვები დღეს იდეალად აღარ გვარგიან? განა უკვე მივწედით, განვიცდით, ჩვენი გონების და გულის თვისებად ვაქციეთ მოყვანილი სიტყვების შინაარსი? ოცი საუკუნეა, რაც ქრისტეანობა არსებობს და ჯერ კაცობრიობის საუკეთესო წარმომადგენლები ქედს იხრიან ნაჩვენები სიტყვების წინაშე და უმაღლეს იდეალად სახავენ მათ ადამიანისათვის.

არა, დიდი და დაუფასებელია ჩვენთვის წმ. ნინოს ღვაწლი და შრომა მადლიერი ხსოვნა და შვილითი შვილამდე პატივისცემა საკუთარი განმანათლებელისა, საკუთარი მოციქულისა - ნიშანია ერის კულტუროსნობისა, ერის თვითცნობა-შეგნებისა, თითონ იქრობს გზის მაჩვენებელ სანთელს, თავის ხელით ანგრევს საკუთარი ბედნიერების სიმაგრეს, თითონვე იმზადებს ეულობას.

ღირსო დედაო ნინო, მოგვეც შეუცდომელი, ფართო შეგნება შენგან ჩვენში ნაქადაგები ქრისტეანობისა და შენი დიდებული სახელის მარადის ხსოვნა. ამინ.