კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

სიტყვა სვეტი-ცხოვლობის დღეს

მცხინვარებითა საღმრთოჲთა განათლებული ერი ქართველთა,
მხილველი საიდუმლოსა ღვთივშვენიერსა კვართსა ზედა
საღვთოჲსა ღვთივ დანერგულისა სვეტისა დედოფალსა ეკლესიათასა
შემოკრებულნი იშვებენ საიდუმლოდ და შესხმითა გალობათათა
მძნობელნი, ქრისტესა ადიდებენ (კანონი ცისკრისა, 1 ოქტ.)

ვიშ, რა დამატკბობელი, გულის წარმტაცი და საუცხოო სურათია აღწერილი მოყვანილს სიტყვებში! რა სანეტარო, სასურველი და ძვირფასი სანახავი ეშლება კაცს თვალწინ მათ გაგონებაზე! სვეტი ცხოველი, ეს ჭეშმარიტად ეკლესიათა დედოფალი აღვსილია მთლად ქართველთა ერით, დიდი და პატარა, ქალი და ვაჟი შეუპყრია რაღაცა არაქვეყნიურს ძალას, სახეზედ ყველას მიმოუქრის ზეციური ბედნიერება, თითოეულის შუბლს აბრწყინვებს ნათელმოსილი სხივი სულიერი ნეტარებისა. ერი ესე, მხილველი ღვთივ-ბრწყინვალისა სვეტისა, რომელიც აღმართულია საუფლოსა კვართსა ზედა, ითვალისწინებს მათ მიერ (სვეტისა და კვართისა) მოხდენილთა მრავალთა სასწაულთა, აღივსება ლმობიერებით და გულის სიღრმიდან ამონადუღი ქება-დიდებით ქრისტესა ადიდებს.

აი როგორ დღესასწაულობდა სვეტიცხოვლობას ჩვენი მამა-პაპა, რაგვარად ატარებდნენ ძველად ქართველნი დღევანდელს დღეს! მოყვანილს სიტყვებში, როგორც სარკეში, სრული სიცხადით გამოსჭვივის ჩვენი წინაპრების ღირს-წასაბაძი სათნოება, შეგნებული შიში და კრძალულება ღვთისადმი, მათი ქრისტეანული ჩვეულება და ხასიათი. ამასთან, თითოეული სტრიქონი ამოწერილი სიტყვებისა შეიცავსა იმოდენად სრულს, ცხადს და განწყობილს მოძღვრება-დარიგებას, რომ თუკი მქადაგებელი საკმარისად შემუშავებული და განვითარებული გონებრივი გემოვნების პატრონია, შეუძლებელია ამ დარიგება-მოძღვრების რაიმე მოკლება ან დამატება არ ჩასთვალოს დამახინჯება-დასახიჩრებად. საკმარისია მქადაგებელმა მხოლოდ შეგნებით და მკაფიოდ წარმოსთქვას იგინი, რიგიანად გააგონოს მსმენელს, სთხოვოს მათ, რომ მტკიცედ დაიხსომონ, ღრმად აღმოიჭედონ გულის ფიცარზე, მიუთხრან, გადასცენ და გაუზიარონ თავიანთ მეზობლებს, ნაცნობებს და ნათესავებს და ამითი პირნათლად აასრულებს იგი თავისს მასწავლებლობის მოვალეობას. სწორედ ამგვარადვე უნდა მოვქცეულიყავ მეც: მოვალე ვიყავ მეც აღნიშნული სიტყვების წარმოთქმით გამეთავებინა ჩემი სუსტი და უფერული სწავლა-დარიგება, მაგრამ ის არაქრისტეანული ხასიათი დღესასწაულების შეხვედრა-გატარებისა, რომელიც ჩვეულებად გაგვიხდია დღეს საზოგადოდ ქართველებს, იძულებულმყოფს ცოტა-ხნობით განვაგრძო კიდევ ჩემი მოძღვრება.

არავის არა აქვს საბუთი უსაყვედუროს ქართველებს, რომ მას არ ახსოვს თავისი უმთავრესი სალოცავების დღეობები, გულგრილად ეკიდება მათ და არ დაიარება სალოცავებშიო. არა, ამ საგნის შესახებ საყვედური სრულიად უსამართლო და უსაბუთო იქნება. ქართველ ხალხს დღესაც მტკიცედ ახსოვს, როდის, რა ღირსშესანიშნი დღეობა მოდის და დიდი ერიც ესწრება ხოლმე ამგვარ დღეობას. საკითხავი მხოლოდ ის არის, რისთვის, რა საქმისთვის მოდის ხალხი სალოცავებში. რასაკვირველია, პირჯვრის დასაწერად, ლოცვა-ვედრებისთვინაო, ბრძანებთ მრავალნი, დიაღ, კარგი და პატიოსანი, მაგრამ თუ ეს მართლა ესეა, რატომ წირვის დროს მაინც არ შემოდის ეს ამოდენა ხალხი ეკლესიაში და არ ისმენს შესაფერი კრძალულებით ლოცვა-გალობათა? რის ნიშანია ეს, რაღაც უზრდელად, მეტისმეტი კადნიერებით და თავხედობით რამდენიმე წუთით შემოვარდნა ეკლესიაში და მერე ისევ გავარდნა კარზე. რა არის ესოდენი უზომო და უჯერო სმა და ჭამა, სიმღერა, შეუსაბამო ხუმრობა, დაუღალავ-განუწყვეტელი ცეკვა, ახირებული სიცილი და სხვა. თუ ხალხი მოდის ხატის კარს სალოცავად, მაშ რაღად გაისმის ეს საზიზღარი და საზარელი ხმაურობა ზურნისა, რომელიც ყველა ჩვენგანს უნდა გულით გვძულდეს და გვეზიზღებოდეს, რადგანაც ძველ დროში ამ ხმაურობის გაგონება მოასწავებდა ჩვენი ტაძრების, ჩვენი ციხე-სიმაგრეების, ჩვენი ქალაქების, სოფლების და მამა-პაპათა საფლავებიბ აკლება-განადგურებას თათრებისაგან. არა, ასეთ ურიგობაში, არეულობაში, ასეთ ყოველ ზომიერებას გადასულ დროს ტარებაში ლოცვას სრულებით ალაგი არა აქვს და, მართალი უნდა ვთქვათ, არც არავინ ფიქრობს მასზედ. ხალხი მოსულა ღვთის გასარისხებლად, და არა სალოცავად. სწორედ ამგვარი დღესასწაულების შესახებ ბძანებს უფალი: „დღესასწაულნი თქვენნი სძულან სულსა ჩემსა“ (ისაია 1,14). „მოვიძულენ და განვიშორენ დღესასწაულთა თქვენთა და არა ვიყნოსო კრებათა შინა თქვენთა“ (ამოს. 5,21). ასე, მოვდივართ ვითომდა ღვთის საამოდ, ღვთის კურთხევის მისაღებად და ნამდვილად კი ვიძენთ მისს წყევა-ყვედრებას; მოვდივართ სულიერი და ხორციელი სიკეთის მოსაპოებლად და ნამდვილად კი ვიძენთ ათასგვარ ბოროტება-სიავეს, მოვდივართ ვითომდა ეკლესიების სარგებლობისთვის, და საქმით კი დიდი ზარალის, მისი ეზო-კარმიდამოს გაბინძურება-შებილწვის მეტს არას ვარგივართ მას. განა ეს ტაძარი ჩვენთვის ეკლესიათა დედოფალია?! განა ჩვენ ვფიქრობთ ან გვიფიქრია როდისმე, რომ თუმცაღა ყველა სალოცავი სალოცავია, ყველა ეკლესია ეკლესიაა, მაგრამ სვეტიცხოველი საქართველოს ყველა სალოცავ ტაძრების დედოფალია?! განა რომ დედოფალი ყოველთვის სხვათა დედათაგან განირჩევა ძვირფასი სამკაულით და მშვენიერი მორთულობით? განა რომ დედოფლის პატრონები დიდად ზრუნავენ და მეცადინეობენ, რომ არა აკლდეს-რა მათ დედოფალს და სიღარიბე-ნაკლულევანებით არ დაიჩაგროს იგი? მაშ რის ნიშანია ასეთი სიღარიბე ჩვენ სალოცავთა დედოფლისა? განა ეს ტიტველა, გაფცქვნილი და წვეთისაგან გარეცხილი კედლები ამ ჩემ სუსტ და უძლურ ქადაგებაზე უაღრესად არ ღაღადებენ ჩვენს აზრმოკლებულ და საგმობელ გულგრილობას, გასაშტერებელ დაუდევრობას და სამარცხვინო უფერულობას? მაგრამ რათა, იქნება მე გცდები, იქნება ამ ტაძრის შემკობა-გამშვენება მოითხოვს იმოდენა შეწირულობას, რომ ჩვენ, როგორც ღარიბებს, არა გვაქვს საღსარი მისი შეგროვებისა და აი სწორედ ეს სიღარიბეა იმის მიზეზი, რომ ვერა გვიშველია-რა ამ პაპეულის სალოცავისთვის, თუმცაღა ყველას გულს გვიწყალებს და ნაღველას გვისიებს დღევანდელი მისი მდგომარეობა? დიაღ, შესაძლოა ვინმე ფიქრობდეს ამგვარად, მაგრამ ამგვარი მოსაზრება სრულებით სახეში მისაღები არ არის და ვერც ერთს ქართველს ვერ მოხდის ბოდიშს წინაშე ამ ეკლესიისა. საფასე, რომელსაც ამიკლესიის გამშვენება მოითხოვს, არავისთვის არ არის მართლა-და მიუწთომელ-აუტანელი. საკმარისია თითო ოჯახის მამამ გამოიღოს თავისდა წვლილად თითო ჩანახი პურის ფასი, ხოლო თვითეული ოჯახის დედამ უბრალო მანდილის ფასი, და ეკლესია ესე შეიმკობა სწორედ იმგვარად, როგორც შეჰფერაას სახელოვან დედოფალს. აი რა მცირედ რამეს გვთხოვს ეს მამა-პაპათა ოფლით და შრომით აშენებული ტაძარი და რაღაცა საოცარი უთავობისა, სულის სიმდაბლისა და გაღატაკების გამო. ვერ შეგვიგნია ესა, გავჩერებულვართ და სხვისაგან მოველით მოწყალებას! ოჰ, მეტად სამწუხარო, მეტად შემაძრწუნებელი და, გულის შემზარავია ესეთი ჩვენი საქციელი! ნუთუ მართლა იმ ზომამდე მივაღწიეთ, რომ აღარაფერი არღარა გვემატება-რა იმისთანა ტაძრის აღსადგენად, რომელშიც მთელი ერი აღმოიშობა წმ. ნათლისღებით, რომელშიც მან განაგდო სამუდამოდ კერპთაყვანისმცემლობის სიბნელე და აღიჭურვა ცხოვილის-მყოფელი ჯვარითა!

კმარა, კმარა, საყვარელნო მსმენელნო, ამოდენა შერცხვენა, ამოდენა თავის მოჭრა. განვაგღოთ ჩვენგან ეს დამჩაგვრელი სულიერი მოდუნება და მცონარება, სიმდაბლით და მორჩილებით მოვიდრიკოთ მუხლი წინაშე ამ ღვთივ ბრწყინვალისა სვეტისა, ლმობიერებით ვეამბოროთ მას, შევთხოვოთ გულის სიღრმითგან, რომ არ მოგვაგოს მან საქმეთა ჩვენთაებრ და ამიერიდან მაინც დავდოთ მტკიცე აღთქმა მუდმივი ზრუნვისა ამ ჩვენი საერო ემბაზის გამშვენებისათვის, რაიცა ღმერთმა ყველას შეგვაძლებინოს! ამინ.