წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

პეტრეს უარყოფა

იფიქრე, საყვარელო, იმის შესახებ, რა არის მიზეზი ერთი საშინელი დაცემისა - პეტრეს მიერ უარყოფისა, რომელიც, მართალია, პირველი და ყველაზე ანთებული მოწაფე იყო ქრისტესი, მაგრამ, მოგვიანებით, ამის მიუხედავად, ფიცით უარყო თავისი მასწავლებელი. მაშ, გონს მოგიყვანოს მისმა დაცემამ.

პეტრეს უარყოფის მთავარი მიზეზი ამპარტავნება იყო. სწორედ მან გამოიწვია, რომ პეტრემ საკუთარ გულში სხვა მოციქულებზე მეტად აღიმაღლა თავი, როდესაც თქვა: „დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე“ (მათე, 26, 33). მაშინაც კი, როდესაც უფალმა დაცემა უწინასწარმეტყველა, მან ამას ყურადღება არ მიაქცია: „ხოლო პეტრე უმეტესად უფროის იტყოდა: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უარ-გყო შენ“ (მარკ. 14, 31). სწორედ ამპარტავნებამ გახადა იგი კადნიერი და საფრთხის უგულებელსმყოფელი არა მარტო მაშინ, როდესაც იგი მღვდელმთავრის ეზოში შევიდა, სადაც მრავალი მსახური იყო, არამედ მაშინაც, როდესაც მათთან ერთად ცეცხლთან გასათბობად დაჯდა. იგი კადნიერებით ფიქრობდა, რომ თვითონ კი არ სჭირდებოდა ეშმაკთან ბრძოლა, არამედ ეშმაკს უნდა შინებოდა მისი. და როგორ შეძლებდა, მტკიცედ ყოფილიყო იმ წუთებში, როდესაც იგი ასეთი ამპარტავნებით იყო სავსე?! „დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა“ (იგავნი 16, 18).

როდესაც იესო მღვდელმთავართან მიჰყავდათ, საყვარელი მოწაფე მას უკან მიჰყვებოდა, ისიც შევიდა კაიაფას პალატებში, მაგრამ უარყოფის საფრთხისთვის თავის არიდება შეძლო, რადგან საკუთარი ძალების იმედი არ ჰქონდა და უგუნურებამდე გამბედავი არ იყო. მან არ შეუშვა ამპარტავნება საკუთარ გულში და ამიტომ არ უარყო თავისი მასწავლებელი. სწორედ თავმდაბლობის გამო არ თქვა მან სახარებაში, რომ თვითონ მისდევდა იესოს, როგორც ნეტარი თეოფილაქტე წერს: „ასე რომ, მან თავმდაბლობით დამალა საკუთარი თავი“.

ო, წყეულო ამპარტავნებავ, ყოველგვარი ცოდვის სათავევ და ფესვო, რა ბოროტება აღარ მოუტანე შენ ბედკრულ ადამიანს! ვაი შენ, ძმაო ჩემო, თუ კადნიერი ხარ და მხოლოდ საკუთარ ძალებზე იმედოვნებ! ვაი შენ, თუკი რაიმეს გაკეთება შენი სულიერი მოძღვრის რჩევის გარეშე გსურს, რომელიც შენზე გონიერია და უკეთ უწყის, რა არის შენთვის უმჯობესი. „ვაი ბრძენებს საკუთარ თვალში და გონიერთ საკუთარი ჭკუით!“ (ესაია 5,21). ვაი შენ, თუკი ღვთაებრივ წერილთან და გარდამოცემასთან არათანხვდომილად აზროვნებ და ჯიუტად არღვევ მოძღვრის მიერ მოცემულ მცნებებს. ვაი შენ, თუ ამპარტავნების სენს ნევას აძლევ, რომ დაგაბრმავოს, თუ თვლი, რომ ამ სამყაროში რაიმეს წარმოადგენ. გსურს შეიტყო, საბრალოვ, თუ ვინ ხარ სინამდვილეში?! დაფიქრდი აი რაზე: ღვთის წინაშე როგორც წინასწარმეტყველი ბრძანებს, მთელი კაცობრიობა - ერთად აღებული წყლის წვეთივითაა (ის. 40,15). გაყავი ეს წვეთი ადამიანების რიცხვზე - გარდაცვლილებზეც და ცოცხლებზეც და მათზეც, ვინც ჩვენს შემდეგ იცოცხლებს და ნახავ, რა უბადრუკი ნაწილი ხვდება თითოეულ მათგანს. ასე რომ, ეს ნაწილი, რომელიც უბრალოდ არაფერია, ხარ შენ. როგორც შენ ხარ არაფერი, ასევე არაფერია შენი ძალებიც. აი შენ, გადაწყვიტე ეს გამოცანა, იამაყე ახლა საკუთარი თავით, თუ შეგიძლია. თუ ამის შემდეგაც დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, მაშ იცოდე, რომ ძალიან ახლოს ხარ დაცემასთან, როგორც ამბობს ყოვლადბრძენი ზირაქი: „უკეთუ კაცი მტკიცედ და ბეჯითად არ არის ღვთის შიშში, სწრაფად დაემხობა მისი სახელი“ (ზირ. 27,3).

იფიქრე იმაზე, უკვე რამდენჯერ იყავი ახლოს უდიდეს დაცემასთან - შენი ამპარტავნების გამო და რამდენჯერ შეგეწია უფალი. კვლავ მიმართე მას და მთელი გულით შეიძულე წყეული ამპარტავნება, რომელიც ყოველი დაცემის მიზეზია, როგორც ამბობს ღირსი იოანე კიბისაღმწერელი: „სადაც დაცემა მოხდა, იქ მანამდე დამკვიდრდა ამპარტავნება“ (კიბე, სიტყვა 23,4). ასე რომ, ეამბორე დამცირებას და შეიყვარე თავმდაბლობა, რომელიც ყველა სათნოების წყაროა. თუ ქაღალდზე მხოლოდ ნულებს დაწერ, ცხადია, რომ მასზე არანაირი ციფრი არ იქნება, ნულების გარდა. მაგრამ თუკი თითოეული ნულის წინ სხვა ციფრს დაწერ, - ერთს, ორს, სამს - მაშინ ეს ნულები მნიშვნელოვან რიცხვებად გადაიქცევა, ასევეა ყველა სათნოება - თუ ისინი თავმდაბლობის გარეშე აღსრულდება, უბრალო ნულებად დარჩება და არანაირი ფასი არ ექნება. ამბა ისააკ ასური ამბობს, რომ ყველა სათნოებიდან ღვთის მადლი მხოლოდ თავმდაბლობისათვის ეძლევა. თუ თავს არ დაიმდაბლებ და ბავშვივით არ გახდები, ზეციურ სასუფეველში ვერ შეხვალ, როგორც განგვიწესა უფალმა: „ამინ გეტყვით თქუენ, უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათე 18,3). უნდა გრცხვენოდეს, რომ საკუთარი თავის სიძულვილის ამდენი მიზეზი გაქვს. ამის ნაცვლად კი შენ - უგუნურს გსურს, რომ სხვები პატივს მოგაგებდნენ. ილოცე იესო ქრისტეს წინაშე, რომელმაც ოდესღაც ოდესღაც თავისი ღვთაებრივი მზერით პეტრეს სიბრმავე განკურნა და მას საკუთარი შეცდომა აგრძნობინა (ლუკა 22,61), რათა მან შენი სიბრმავეც განანათლოს, რომ ისწავლო ის, რასაც მოციქული ბრძანებს: „რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს“ (1 კორ. 10,12).

იფიქრე, საყვარელო, იმ უდარდელობასა და უზრუნველობაზეც, რომელიც აგრეთვე ყოფილა მიზეზი პეტრეს უარყოფისა. იგი „მისდევდა მას შორით“ (მათე 26, 58). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ პეტრე მაშინ უზრუნველი და „ნელთბილი“ იყო (გამოცხ. 3, 16). მას თავისი მასწავლებლის არც სრულიად მიტოვება სურდა, არც - ბოლომდე მასზე მიყოლა. სურდა, მოწაფედ დარჩენილიყო ისე, რომ თავი არ ჩაეგდო საფრთხეში, რომლის წინაშეც აუცილებლად დადგებოდა, თუ ბოლომდე იბრძოლებდა თავისი მასწავლებლის გამო. პეტრესგან განსხვავებით, საყვარელი მოწაფე, იოანე შორს კი არ იდგა, არამედ - ქრისტესთან ახლოს და მღვდელმთავრის ეზოში მხოლოდ იმისათვის კი არ შესულა, რათა დასასრული ენახა, არამედ იმისათვისაც, რათა, თუ საჭირო გახდებოდა, მომკვდარიყო კიდეც მისთვის. მას ძალიან უყვარდა ქრისტე და ერთი ნაბიჯითაც არ სურდა მასთან დაშორება. პეტრეს კი ისეთი მხურვალე სიყვარული არ ჰქონდა, როგორიც იოანეს. თავისი უზრუნველობით მან უარყო მასწავლებელი და ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როდესაც უფალმა მას შეხედა: „და მოიქცა უფალი და მიჰხედა პეტრეს. და მოეხსენა პეტრეს სიტყუაი იგი უფლისაი, რომელ ჰრქუა მას“ (ლუკა 22, 61). პეტრეს უზრუნველობა მაშინდელ ცივ ამინდს ჰგავდა. იოანე მახარებელი ამბობს, რომ „დგეს მონანი იგი და მსახურნი მღვდელმთავართანი, და ნაკუერცხალი აღეგზნა, რამეთუ ყინელი იყო, და ტფებოდეს. დგა მათ თანა პეტრეცა და თბებოდა“ (იოანე 18, 18). როგორც თეოფანე კერემევსი ამბობს, მაშინ პეტრე მართლაც ცივი იყო თავის სიყვარულში ქრისტეს მიმართ და ამიტომ თბებოდა სამყაროსა და ცოდვის ცეცხლთან, რომელიც ეშმაკის მსახურებმა გააჩაღეს იმისათვის, რათა პეტრე განდგომილი გამხდარიყო, რათა დაეცინათ მისთვის. იოანეს კი უფლისადმი თავისი მხურვალე სიყვარულის წყალობით არ ესაჭიროებოდა ამ დაწყევლილ ცეცხლთან გათბობა. მართლაც, უზრუნველობა საშინელი ბოროტებაა. ამიტომაც უწოდებს მას ღირსი მარკოზ მოსაგრე ძალიან ხშირად „უღმერთოს“, რომ იგი ადამიანებს უღმერთოებს ხდის და ქრისტესაგან განდგომას აიძულებს.

ახლა კი საყვარელო, გამოსცადე საკუთარი გული: ხომ არ არის მასში რაიმე ცოდვა - მსგავსად პეტრესი, ან ხომ არ ჩაქრა მასში ღვთის მიერ წმიდა წერილით ბოძებული ნათელი, რომლიდანაც შეიტყობ ამ ცხოვრებისეულ სიამოვნებათა ამაოების შესახებ. შენ გსურს, ქრისტეს მიჰყვე, მაგრამ, ამასთან ერთად, ისეთ გზას ირჩევ, რომელიც არც ქრისტესთან მიგიყვანს, არც ამ წუთისოფლის სიამოვნებებთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენ ეძებ გზას, რომელიც შენთვის არც ფართო იქნებოდა, არც - ვიწრო, რომელიც არ შეზღუდავდა შენს ვნებებს, რომელიც შენ, პეტრესავით, ქრისტეს დაგაშორებდა. პეტრე ერთგზის დაჯაბნა უზრუნველობამ, შენ კი იგი ყოველდღიურად გჯაბნის. ნუ განსჯი პეტრეს იმის გამო, რომ იგი ქრისტეს განუდგა, არამედ, უმჯობესია, საკუთარი თავი განსაჯო იმისათვის, რომ, მართალია, სიტყვით აღიარებ შენს რწმენას ღვთის მიმართ, მაგრამ საქმით უარყოფ უფალს, როგორც პავლე მოციქული წერს: „ღმერთსა აღიარებენ, ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“ (ტიტ, 1, 16). საკუთარი თავი განსაჯე იმის გამო, რომ ამდენ ცრუ დაპირებას იძლეოდი, შენი ჯიუტობის გამო, შენი ამპარტავნებისა და თვითკმაყოფილების გამო. რამდენგზის უარყავი ქრისტე და მხოლოდ საკუთარ ძალებზე იმედოვნებდი და თაყვანს სცემდი ფულს, როგორც კერპს! ამიტომაც უწოდებს პავლე მოციქული ანგარებას კერპთაყვანისმცემლობას (კოლ. 3,5). მოკლედ რომ ვთქვათ, ქრისტეს რაღაც ნემსს ამჯობინებ და ამით უარყოფ მას. ამიტომაც ამბობდა ოქროპირი, რომ „არის მრავალი საშუალება, რომლითაც შესაძლოა ქრისტეს უარყოფა“ (საუბარი მე-3, ანას შესახებ).

და შენც, ძმაო, როგორც ცოდვაში ბაძავდი პეტრეს, ასევე მიბაძე მას სინანულშიც, რამეთუ როგორც ღირსი ნიკიტა სტითატი ამბობს, წმინდანთა დაცემა ჩვენ იმისათვის აგვიღწერეს, რომ მათი სინანულისათვის მიგვებაძა. პეტრემ ერთგზის უარყო ქრისტე და ამას მთელი ცხოვრების განმავლობაში ინანიებდა. პეტრეს მოწაფე, წმიდა კლიმენტი რომაელი თავის ეპისტოლეში მის დამახასიათებელ თვისებას იხსენებს: როდესაც მას მამლის ყივილი ესმოდა, მეყსეულად ახსენდებოდა თავისი უარყოფა და ტიროდა.

ასე რომ, როგორც კი შენი ცოდვები გაგახსენდება, იტირე და ცხარე ცრემლები ღვარე. ნეტარი იერონიმე ამბობს, რომ „ლოცვა ღვთის რისხვას დააცხრობს, ცრემლები კი მას მოწყალებისაკენ მიდრეკს“. ასევე იოანე ღვთისმეტყველიც წერს, რომ „როგორც წვიმის შემდეგ ჰაერი იწმინდება და გამჭვირვალე ხდება, ასევე ცრემლების შემდეგ სული იწმინდება, გონება კი ნათდება“. როგორც პეტრე მამლის ყივილის მოსმენაზე, თითქოსდა, იღვიძებდა და თავის ცოდვებს იხსენებდა, ასევე შენც, როგორც კი გაიგებ უფლის ხმას, რომელიც სიფხიზლისაკენ მოგიხმობს (მარკ. 13, 37), გამოიღვიძე დაუდევრობისაგან, გაიხსნე შენი ცოდვები და იფხიზლე. დაცემის შემდეგ პეტრემ შეინანა და გვასწავლა, ნუ ვიამაყებთ და საკუთარი თავის იმედი კი ნუ გვექნება, არამედ - ღვთის შეწევნისა. მან გვასწავლა ისიც, რომ სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ და სხვა ცოდვილებს თანაგრძნობით მოვეკიდოთ. შენს მიერ ქმნილი ცოდვებით ისწავლე თავმდაბლობა და ნუ განიკითხავ ცოდვილებს, არამედ თანაგრძნობით მოეკიდე მათ და ასწავლე, რომ სასოწარკვეთილებას არ მიეცნენ. როდესაც პეტრემ გულწრფელად შეინანა, მას დაუბრუნდა მოციქულებრივი ღირსება და კვლავ გახდა მოციქულთა შორის უპირველესი. და შენც, სინანულის შემთხვევაში, ასევე შეგეძლება, მიიღო შენს მიერ დაკარგული შვილობის მადლი და კვლავ გახდე ღვთის ძე და მისი სასუფევლის მემკვიდრე.

იცოდე, რომ ყველა შენი დაცემის მიზეზი უზრუნველობაა, შეინანე იგი შენი ღვთაებრივი მასწავლებლის წინაშე და გადაწყვიტე, ამიერიდან დაიწყო ახალი, მოშურნე ცხოვრება. იცოდე, რომ უზრუნველობა საშინელია და იგი შენში ეშმაკის წყალობით ჩნდება. შესთხოვე უფალს, რომ მან გაგათავისუფლოს შენივე თავისაგან, რადგან ხშირად თვითონვე ხარ საკუთარი თავსი უმეტესი მტერი, ვიდრე - ეშმაკი, როგორც ამბობს წერილი: „შემცოდენი საკუთარი ცხოვრების წინააღმდეგ იბრძვიან“.