წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

უძლური რწმენა

რწმენა ძალაა, რომელიც ადამიანის გონებასა და ნებაშია დავანებული. გონება ზეციური ნათლით ნათდება და საკუთარ თავში შეიცავს იმას, რასაც უფალი უცხადებს მას. ასევე ნებაც ღვთისაგან მართულია იმ ჭეშმარიტის აღსასრულებლად, რასაც გონება უბრძანებს მას. როდესაც რწმენა უძლურია, გონებას არ ძალუძს, გაიგოს ღვთის საიდუმლოებები, ნებას კი, იმაზე უწინ, ვიდრე გონება გაიგებდეს, არ სურს მათი შეყვარება. ნეტარმა ავგუსტინემ ბრძანა, რომ ადამიანს შეუძლია, უყვარდეს უხილავი, მაგრამ არ ძალუძს, უყვარდეს ის, რაც არ იცის. ეს კარგად ჩანს ისეთ ადამიანებში, რომლებიც თავს ერთგულ ქრისტიანებად თვლიან, ოღონდ არა იმიტომ, რომ ქრისტეს სწავლების თანახმად ცხოვრობენ, არამედ ამ სარწმუნოების წარმომადგენლებად მხოლოდ იმიტომ მიიჩნევენ თავს, რომ ქრისტიანი მშობლები ჰყავთ. სარწმუნოების მიმდევარნი მხოლოდ იმიტომ არიან, რომ მოინათლნენ. სინამდვილეში კი ისინი ნაკლებად გრძნობენ ეკლესიის საიდუმლოებათა სიდიადეს, უფრო ცუდად იციან ჩვენი სარწმუნოების შინაარსი და ის, თუ რითი განსხვავდება იგი სხვა რელიგიებისაგან. ამ მდგომარეობაში მყოფნი ისინი მცირედ თუ განსხვავდებიან ურწმუნოთაგან.

მე მივმართავ ყოველ ქრისტიანს. ვინ ხარ შენ, რომ დგახარ აქ, ეკლესიაში? მე მხოლოდ შენი სახელის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ ქრისტიანი ხარ, ეს სხვა არაფრისგან ჩანს. თუ ვინმე გკითხავს, ვინ არის ქრისტე, რომელიც შენ გწამს, აღმოჩნდება, რომ ჭკვიანურს ვერაფერს იტყვი. ამგვარად, სამართლიანი იქნება თქმ იმისა, რომ ჩვენ დროში ქრისტიანული რწმენა შემცირდა, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობდა: „მოაკლდა წმიდაი, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან“ (ფს. 11,1). ვინაიდან, თუ მათ სწამთ კიდეც საეკლესიო საიდუმლოებები, მათი რწმენა იმდენად არის დახლართული, იმდენად ცივი და უძლურია, რომ საფუძვლიანად შეგვიძლია ვთქვათ: მათ ეს ისე იციან, როგორც იმ უსინათლომ, რომელიც ადამიანებს ხეების მსგავსად აღიქვამდა: „ხალხს ვხედავ, თითქოს ხეები დადიანო“ (მკ. 8,24).

უფალი იშვა გამოქვაბულში და მიაწვინეს პირუტყვის ბაგაზე იმისათვის, რომ ჩვენთვის ესწავლებინა, რომ წარმავალმა სიკეთეებმა არ გაგვიტაცოს. უფალი ოცდაათი წელი ცხოვრობდა ხუროს სახელოსნოში და თავადაც ფიზიკურად შრომობდა, რათა ჩვენ განვესწავლეთ სიმდაბლეში. უფალი დადიოდა იერუსალიმის ქუჩებში, რათა ჩვენთვის ეჩენებინა ზეცისკენ მავალი გზა. უფალი ევნო ჯვარზე, რათა გაენადგურებინა ცოდვა. და ეს ყოველივე სრულებით არ აღელვებს ქრისტიანთა სინდისს და თრთოლვას არ იწვევს მათ გულში. ამიტომაც მე ისევ ვიმეორებ, რაც სულ ახლახანს ვთქვი: შემცირდა ჭეშმარიტება ადამიანთა ძეებში. ჭეშმარიტების მსგავსად თანამედროვე ქრისტიანთა შორის რწმენაც შემცირდა, ვინაიდან რწმენა უნდა იყოს არა მხოლოდ წესი, თუ „როგორ ვიწამოთ“, არამედ წესი იმისა, თუ „რა ვაკეთოთ“. რწმენა მხოლოდ ის კი არაა, რომ სწორად გვწამდეს, არამედ ისიც, რომ სარწმუნოებისამებრ ვიცხოვროთ: „სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს“ (იაკ. 2,26). ამავე დროს, ისინი, ვინც აღიარებენ, რომ ქრისტეს არის რწმენის, საიდუმლოთა და დოგმატთა მასწავლებელი და რომ მან თავად გამოგვიცხადა ეს ყოველივე, ქრისტესგან მოცემულ სჯულს ცხოვრებაში არ იყენებენ. და თუმცა უფლის ბაგეთაგან ისმენენ, რომ ნეტარნი არიან სხვათათვის ტანჯულნი, ისინი, ვინც თავს იკავებენ განცხრომისგან, ვინც უპატიობასა და წყენას შეუნდობენ, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც არღვევენ ღვთის ყველა მცნებას, ქრისტე ღმერთის სწავლებას და გულში ამბობენ: „ეს ყოველივე ჭეშმარიტებაა ღმერთთან მიმართებაში, მაგრამ არა - წუთისოფელთან“. და ამგვარად ეს საცოდავნი მიიჩნევენ, თითქოს ამით მართლაც გამართლდებიან ღვთის განხორციელებული სიბრძნის - უფლის სამსჯავროს წინაშე. ამგვარი ადამიანების რწმენა ოქროს ამალგამას ჰგავს, რომელიც გარეგნულად ძალიან წააგავს ნამდვილ ოქროს, მაგრამ მხოლოდ მანამ, ვიდრე ცეცხლში ჩავარდება. ვინაიდან, როდესაც ცეცხლში მოხვდება, ნამდვილი ოქრო დარჩება (თუ ის იქ მანამდე იყო), მინარევი კი აორთქლდება. სწორედ ასევე არიან ასეთი ადამიანები. ისინი ღვთაებრივ მოძღვარს მხოლოდ მანამდე მიჰყვებიან, ვიდრე ვნებებთან ბრძოლის დრო დადგება, ხოლო როცა ეს ჟამი მოვა, უფალს მაშინვე მიატოვებენ. როდესაც იესო ქრისტე მოუწოდებს, ებრძოლონ ვნებებს და სძლიონ მათ, ისინი მაშინვე უარყოფენ მის სწავლებას და „უკან იხევენ“.

მთელი ბოროტება უძლური რწმენისგან მომდინარეობს. რწმენის შემცირება და უძლურება სათნოებათა სიმწირესა და ბოროტის გამრავლებას იწვევს. ო, როგორ აკლიათ თანამედროვე ქრისტიანებს სათნოებათა ის საუნჯე, რომლითაც მდიდარი იყო ქრისტიანობის პირველი საუკუნეები! ღვთისადმი სიყვარული მაშინ იმდენად მხურვალე იყო, რომ ტერტულიანეს ცნობით, მრავალი ქრისტიანი საკუთარი ნებით ბარდებოდა სარწმუნოების მდევნელთ და ზოგჯერ ჯალათებიც კი არ ჰყოფნიდათ მათ დასახოცად. მოყვასისადმი სიყვარულიც ისეთი მხურვალე იყო რომ, როგორც კლიმენტი ალექსანდრიელი მოგვითხრობს, ქრისტიანები არა მარტო თავიანთ ქონებას მთლიანად გასცემდნენ, რათა მოწყალება გაეღოთ, არამედ საკუთარ თავსაც კი მონად ჰყიდდნენ, რათა როგორმე დახმარებოდნენ თანამოძმეებს.

განა შეიძლება შევადაროთ ძველი და თანამედროვე ქრისტიანების რწმენა? ჭეშმარიტად, ყველა თანამედროვე ბოროტება რწმენის სისუსტიდან მომდინარეობს. თუ ხეს ტოტებს დავაჭრით, ისინი ხელახლა ამოიზრდებიან, მაგრამ თუ ფესვებს მოვჭრით, ხე სწრაფად დაიწყებს ხმობას. რაც ფესვებია ხისათვის, ისაა რწმენა სულისათვის. ის ასაზრდოებს სულს და საშუალებას აძლევს, გაიზარდოს და ნაყოფი გამოიღოს. სწორედ ამიტომ იწოდება იგი უკვდავების ფესვად. თუ ცხოვრობს ქრისტიანი, ცხოვრობს რწმენით, როგორც პავლე მოციქული ამბობს: „მართალი სარწმუნოებით ცხონდეს“ (რომ. 1,17). ასეთ ადამიანს ჯოჯოხეთის ყველა ძალა რომ თავს დაესხას, ადვილად უკუაგდებს მათ. რწმენის მეშვეობით ადამიანი სრულყოფილებას აღწევს სათნოებებში, მაგრამ თუ მოიკვეთს რწმენის ფესვებს, მაშინვე იღუპება არა მხოლოდ ნაყოფი, ანუ სათნოებები, არამედ - ფოთლებიც. ის, რითაც ქრისტიანი გარეგნულად განირჩევა სხვა ადამიანებისაგან.

როდესაც ზღვაზე მიმავალმა პეტრე მოციქულმა ჩაძირვა დაიწყო, ამის მიზეზად მან ძლიერი ქარი ჩათვალა: „ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო, მიხსენ მე!“ (მთ. 14,30). მაგრამ უფალმა უთხრა მას, რომ მიზეზი მისი მცირედმორწმუნეობა იყო: „მცირედმორწმუნეო, რაისა შეორგულდი?“ ასევე ქრისტიანები თავიანთი ბოროტი საქმეებისა და ბოროტი ცხოვრების მიზეზად ცდუნებებს თვლიან, რომლებსაც ვერ ლახავენ. მათი ამაო საქმეების ჭეშმარიტი მიზეზი კი ისაა, რომ მათი რწმენა - სუსტი და მწირია. ასეთი რომ არ ყოფილიყო, ეშმაკი ვერ შეძლებდა, ცოდვის საშინელ მონობაში მოექცია.

თავისუფლებაში შობილი შევარდენი, რომელსაც ბრწჭყალებსა და ნისკარტში უზარმაზარი ძალა აქვს და სუფთა და თავისუფალ ჰაერში ფრენას არის მიჩვეული, როგორ დაითმენს, რომ აწვალებდნენ, ჯოხებს ურჭობდნენ და ტყვეობაში ჰყავდეთ? განა ბრჭყალებითა და ნისკარტით არ იბრძოლებს თავისუფლებისათვის? ასევე ქრისტიანი, რომელმაც იცის, რომ ცოდვა ღმერთს სძულს და რომ იგი ნებისმიერ უბედურებაზე უარესია, ის, ვინც აღიარებს, რომ ღმერთკაცი იესო ჯვარს ეცვა იმისათვის, რომ გაენადგურებინა ცოდვა, როგორ შეძლებს, რომ შესცოდოს? მრავალი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ცოდვა - ეს ბავშვურად გულუბრყვილო და არც ისე დიდი ბოროტებაა. ისინი არა მარტო მცირე ბოროტებად მიიჩნევენ ცოდვას, არამედ დასცინიან კიდევ მას, ზოგიერთი მათგანი კი კიდეც ყოყოჩობს თავისი ჩადენილი სამარცხვინო ცოდვებით. მათ არ ეშინიათ ცოდვის ჩადენის და ცოდვას გამუდმებით ცოდვას ამატებენ. ჩვენ კი, როგორც გველთან ერთად დაძინების შეგვეშინდებოდა, ასევე უნდა გვეშინოდეს ცოდვისა და ვილოცოთ იესო ქრისტეს მიმართ, რომ ჩვენი უძლური და სუსტი რწმენა გააძლიეროს.

„რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი ცხონებისათვის“, თბილისი, 2004 წ.