წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ქვრივს, რომელიც გვეკითხება, წავიდეს თუ არა მონასტერში

სხვაგან სად უნდა წახვიდეთ? მით უმეტეს, რომ შვილების გარეშე დარჩით, წარჩინებულმა რომაელმა ქალმა მელანიამ დაარწმუნა ქმარი, რომ შვილების დამარხვის შემდეგ მონასტრებში წასულიყვნენ. თქვენ ხელს არც შვილები და არც ქმარი არ გიშლით. არავისთან გაქვთ სათათბირო - საკუთარი თავის გარდა. ჰოდა, წადით ცხოველმყოფელი უფლის სახელით!

თქვენ ოჯახური ცხოვრება იგემეთ, ამბობთ, რომ მან იმედი გაგიცრუათ, განა მარტო თქვენ, განა ასეულობით სხვას გული არ გასტეხია, როდესაც მოელოდნენ ქორწინებისაგან ზეციურ სამოთხეს?! ახლა ამბობთ: საკმარისია ქორწინება, მეტად არასოდეს! ნუთუ ამ სიმწარის ისევ გადატანა მომიწევს? ერთი სიმწარე - ხორციელი ცხოვრებისა და ფიზიკური სირცხვილის მიზეზით, მეორე უღმერთო ქმრისადმი მორჩილებისა და მასზე დამოკიდებულების მიზეზით, მესამე - მუდმივი შიშის მიზეზით ბავშვებისადმი, დაბადებულების თუ - ჯერ არდაბადებულთა, და მეოთხე - ქმრისა და ბავშვების სიკვდილის მიზეზით. მოციქული ამბობს: ქალის, როგორც უფლის მცნების პირველი დამრღვევის მისამართით „ცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყვარლით და სიწმიდით ღირსებასა ზედა“ (1 ტიმ. 2,15). ეს გზა თქვენს მიერ განვლილია და მასზე ხელმეორედ შედგომა არ გსურთ. მაშ კარგი, უფლის სახელით წადით მონასტერში.

თუთიყუშის მსგავსად, რომელიც სწრაფად იტყვის ყველაფერს, რაც უსწავლია, სამყაროც ასევე სწრაფად ანახებს თავის „სიტკბოებას“, შემდეგ კი უმოწყალოდ უნისკარტებს და ურტყამს, თქვენ არ გსურთ, კიდევ ერთხელ გადაიტანოთ მიწიერი ცხოვრების სივერაგე. არ გსურთ, კიდევ ერთხელ შეაბიჯოთ ჭრელ ხომალდზე, რომელიც ჯერ თავისი სინათლით იტყუებს, შემდეგ კი საშინელ ქარიშხალში აგდებს ადამიანს. კარგია, როდესაც კატასტროფა განიცადეთ, სხვა გზით წასვლა გსურთ. თუ ქვრივად დარჩენას გადაწყვეტთ, მოისმინეთ, რა თქვა უფლის მოციქულმა ჭეშმარიტი ქვრივობის შესახებ: „ხოლო ჭეშმარიტი ქურივი და მარტო-ქმნული ესავს უფალსა და დადგრომილ არს ვედრებასა და ლოცვასა ღამე და დღე. ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივე მკუდარ არს“ (1 ტიმ. 5,5-6). ღმერთზე იმედის დამყარება და განუწყვეტლივ დღე და ღამე ლოცვა შეუძლია ცოლ-ქმარსაც, თუკი ისინი ღვთისმოსაობაში ერთიანი არიან. ეს ძალუძს როგორც ქვრივ კაცს, ასევე ქალსაც საერო ცხოვრების ჟამს, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო ადვილია ყოველივე ამის მონასტერში შესრულება. ამიტომ გადაწყვიტეთ და დააკაკუნეთ მონასტრის კარებზე, მსგავსად რასტკო ნემანიჩისა, ქალბატონ მილიცასი, ქალბატონ ეფემიასი ანდა ნეტარი სტოინა დევიჩსკასი.

მონაზვნობისას დაიდება აღთქმა ქრისტესადმი სრული ერთგულებისა. კერძოდ, მონაზვნობა - ეს საიდუმლო ჯვრისწერაა სულისა ქრისტესთან. მონაზვნობაში სხეული და სული ერთიანდებიან და ახალ არსებად გარდაიქცევიან, რომელსაც ზეციური მეუფე როგორც საკუთარ სასძლოს ისე იახლოებს. „საიდუმლოა ესე დიდ არს“ (ეფეს. 5,32) - ამბობს ქრისტეს მოწაფე, მაგრამ ეს რაღაც ზღაპრული საიდუმლო არ არის, არამედ რეალობაა, ჭეშმარიტი ზეციური უცვლელი რეალობა. ამ ახალი ჯვრისწერისას არ არსებობს და არც შეიძლება, არსებობდეს ქვრივობა, თუკი ადამიანის სული არ განუდგება და არ დაარღვევს ერთგულების პირობას. ვაი, რომ მაშინ ქვრივობა ორმაგი იქნება - ხორციელიცა და სულიერიც. ეს სულიერი ქორწინება ძლიერ განსხვავდება ხორციელი ქორწინებისაგან. ხორციელი ქორწინება სიხარულით იწყება და სიმწარით მთავრდება, სულიერში კი პირიქით გახლავს: თავიდან - სიმწარე, ხოლო შემდგომ - სიხარული. თუკი სულიერი ქორწინება გსურთ, რომ იგემოთ, რომელშიც რაც უფრო გრძელდება სიყვარული, მით უფრო იზრდება, კიდევ რა შემიძლია, გირჩიოთ: უფლის სახელით წადით მონასტერში.

დაე, კურთხევა უფლისა იყოს თქვენთან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 100), თბილისი, 2005 წ.