წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ფაბრიკის მუშა სტანკა კ.-ს - რას ნიშნავს სიტყვები: „შენ, უფალო!“

თითოეული კვერექსის დასასრულს მღვდელი ხალხს მოუწოდებს, რათა ბოლომდე, სრულად მიეცნენ იესო ქრისტეს და მოგვიწოდებს: „თავნი თვისნი და ურთიერთას და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ...“.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია და მათი გამოყენება ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ვითარებაშია შესაძლებელი.

როდესაც შენ ჯანმრთელად ხარ და სამსახურშიც ბედი გწყალობს, მიიტანე გული შენი წინაშე უფლისა და თქვი: მადლობელი ვარ შენი, ღმერთო!

როდესაც ადამიანები პატივს მოგაგებენ და გაქებენ, შენთვის თქვი: მე არ ვიმსახურებ ამას, ეს მე არ მეკუთვნის, არამედ, შენ, ღმერთო!

როდესაც შვილებს სამუშაოზე ან სკოლაში აცილებ, ან კიდევ - ჯარში, დალოცე ისინი სახლის ზღურბლზე და სთქვი: შენ გაბარებ მათ, ღმერთო!

როდესაც ადამიანური შური და მეგობართა ღალატი გძლევს, სულით არ დაეცე, სიმწარეს გულით ნუ ატარებ, არამედ თქვი: ყოველივე ამას შენ გაძლევ, უფალო, განსჯისა და გამართლებისათვის.

როდესაც შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის კუბოს გაჰყვები, მტკიცედ იარე, თითქოს საჩუქარი მიგაქვს საუკეთესო მეგობრისათვის და თქვი: ამ უსაყვარლეს სულს მოვიღებ შენდა საჩუქრად, ღმერთო!

როდესაც ეშმაკეულ ცდუნებათა ტანჯვისა და ავადმყოფობის შავი ღრუბლები შეგავიწროვებენ, სასოს ნუ წარიკვეთ, არამედ თქვი: დახმარებისა და წყალობისათვის მოგმართავ შენ, უფალო!

როდესაც სიკვდილის ანგელოზი დადგება შენს სასთუმალთან, ნუ შეშინდები: ის შენი მეგობარია, მაგრამ ამ სამყაროსთან გამოთხოვებისას თქვი: ჩემს მონანიე სულს გადმოგცემ შენ, უფალო!

„მისიონერული წერილები“ (წერილი 104), თბილისი, 2005 წ.