წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

წმინდა იოანე მოციქულის საძმოს -
ჩვენს დროში აპოკალიფსურ მოვლენათა შესახებ

თქვენ რაღაც ცოტა შეშინდით! წაიკითხეთ იოანე მოციქულის გამოცხადება და შიშმა შეგიპყროთ. გეჩვენებათ, რომ იქ აღწერილი ყველა საშინელება ჩვენს დროს განეკუთვნება. ვიღაცამ განგიმარტათ, რომ ყველა ის მრისხანე გველი და მხეცი უკვე მოევლინნენ სამყაროს: წითელი გველი სოციალიზმის სახით, ათრქიანი შავი მხეცი ერესის სახით და ყველა ამ ურჩხულმა ქრისტიანობას ომი გამოუცხადა.

ეს რომ მართლაც ასე იყოს, ძმანო ჩემნო, ჩვენს დროში კიდეც რომ აღეძრა ჯოჯოხეთს მთელი თავისი მხედრობა ქრისტეს წინააღმდეგ, ჭეშმარიტი ქრისტიანები ვალდებულნი არიან, უშიშრად იცქირონ პირდაპირ მტკიცე რწმენითა და სასოებით ერთიანისა და დაუმარცხებლისადმი. განა არ უწინასწარმეტყველა უფალმა თავის მემკვიდრეებს, როდესაც ისინი ერთი მუჭანი იყვნენ უშველებელ რომის იმპერიაში: „ნუ გეშირნ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იგო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი“ (ლუკ. 12,32) და ეს წინასწარმეტყველური სიტყვები ასრულდნენ. ქრისტეს მემკვიდრეებმა დაამარცხეს რომის სახელმწიფო და სხვა მრავალი მიწიერი სამეფოები, მოიხვეჭეს ამით ყველაზე მთავარი სამეფო - ზეციური.

ვფიქრობ, რომ აპოკალიფსი - წიგნია, წინასწარმეტყველური მნიშვნელობა რომ აქვს ყველა თაობის ქრისტიანთათვის დროთა დასასრულამდე. ამიტომ ყოველი თაობა მის აზრს თავის დროსთან მიასადაგებს. რამეთუ ყოველ დროში ქრისტეს რწმენის წინააღმდეგ ამ დროის გველი წამოყოფდა ხოლმე თავს. ყოველგვარი უღმერთო მიწიერი იარაღით შეაბჯრული ეს გველი თავს აღმართავდა, აიქოჩრებოდა, სისინებდა, შხამს ანთხევდა, მაგრამ საბოლოოდ სკდებოდა და მტვრად განიბნეოდა და ყოველთვის ყოვლისშემძლე ქრისტე ყველა აპოკალიფსურ ურჩხულზე გამარჯვებული გამოდიოდა.

ასე გახლდათ ყველა საუკუნეში, ასე იქნება უკანასკნელ საუკუნეშიც, უფლის სამსჯავროს წინ. ყურადღებით წაიკითხეთ, რას ამბობს აპოკალიფსის წინასწარმჭვრეტელი: ყველა მხეცი და გველი, ყველა ცრუ აღდგება კრავის წინააღმდეგ და კრავი დაამარცხებს მათ. რადგანაც კრავი - მეფეთა მეფე და ბატონთა ბატონია.

კიდევ რა გსურთ თქვენ, გარდა ქრისტეს გამარჯვების ამ საწინდარისა? რადგანაც ის კრავი - ქრისტეა. მიწიერ ომებში, ქონებისა და ძალაუფლებისათვის რომ იმართება, არასდროს წინასწარ არაა ცნობილი, თუ ვინ გაიმარჯვებს, და მაინც მრავალი მებრძოლი, ორივე მეომარი მხარიდან იბრძვის მამაცურად და იმედით. ჩვენ კი სულიერ ომს ვეწევით, რომელშიაც წინასწარ, თვით ღმერთის მიერ გამარჯვება გვაქვს ნაწინასწარმეტყველევი და დამტკიცებულია უძლეველი ქრისტეს მრავალი და მრავალი წინა გამარჯვებით ყველა სიცრუის მოციქულსა და წყვდიადის ბინადარზე.

უკანასკნელია კი ახლანდელი საუკუნე? ვინ უწყის ეს? რამეთუ მან სთქვა: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან“ (მათ. 24, 36). უკანასკნელია კი ეს ბრძოლა ქრისტეს წინააღმდეგ? და რომც იყოს უკანასკნელი! ზუსტად ამიტომაც გავიხაროთ და ვიმხიარულოთ! რადგანაც ეს უკანასკნელი ომი იყოს ყველაზე სასტიკი, მაგრამ გვირგვინები დიდებისა იქნება ყველაზე ნათელი უკანასკნელი ბრძოლა იქნება, ის იქნება მომასწავებელი კრავის უკანასკნელი საბოლოო და დიდებული გამარჯვებისა. ქრისტიანთაგან რომელს არ ჰქონია სურვილი მთელი გულით გამხდარიყო მონაწილე ამ გამარჯვებისა გამარჯვებათა შორის?!

ნუ გეშინიათ! ქრისტეს რჯულის გამარჯვება უფრო მტკიცეა, ვიდრე სამყაროს საფუძველი. იგი თავისი ნებით გადასწევს საბოლოო გამარჯვების დღეს; იქნებ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ზეცაში და მიწაზე შესძლოს, იხილოს იგი და რაც შეიძლება მეტმა გულმა შესძლოს, გაიხაროს მისით.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 112), თბილისი, 2005 წ.