წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

რანტიე მომჩილო ნ.-ს - რა იყო ქრისტემდე

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანი ბრძანდებით, თქვენ მეკითხებით: „თუკი ადამიანები ქრისტეზე, როგორც კაცობრიობის ისტორიის ცენტრსა და ღერძზე, ისე საუბრობენ, მაშ რაღა იყო სამყარო ქრისტეშობამდე?“. მე ვხედავ, რომ სულიერი და ნაკითხი ადამიანი ბრძანდებით და დარწმუნებული ვარ, როცა უფრო სერიოზულად შეისწავლით ქრისტეს მოძღვრებას, თქვენთვის ყოველივე გასაგები გახდება.

მიხვდებით, რომ ქრისტე ქრისტემდეც არსებობდა და ქვეყნის აღსასრულის შემდგომაც იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ: უფლის სიტყვის, სიბრძნის, მარადიული ლოგოსის ადამიანის სხეულში განცხადებამდე, სიტყვა უფლისა, სიბრძნე და იგივე მარადიული ლოგოსიც ღვთაებრივი სამებისა დედამიწაზე პირადი მისიის სახით მანამდეც არსებობდნენ, ჯერ არ განსხეულებული, მაგრამ დაუცხრომლად მოქმედი თავისი რჩეული მსახურების - წინასწარმეტყველთა, წმიდანთა, მჭვრეტელთა და ბრძენთა მეშვეობით. ყველა მათგანი საკუთარ თავს უფლის მსახურსა და მონას უწოდებდა. ქრისტე კი მონა არ არის, არამედ ძეა, არა მეომარია მეფისა, არამედ თავად არის მეფე. მესიაა და არა - წინამორბედი.

თქვენ, რა თქმა უნდა, გინახავთ პიესა, რომელშიც მთავარი გმირი მაშინვე კი არ გამოჩნდება, არამედ გარკვეული დროის შემდგომ და სცენაზე ყველა პერსონაჟი მას ელოდება, მის შესახებ ლაპარაკობს და ყველაფერი, რაც ხდება, მის გამოჩენას მოასწავებს. ამგვარადვეა სამყაროს დიდ თეატრშიც: ყველა ელოდა და ყველაფერი მოასწავებდა მთავარი გმირის, დიდებული მესიის გამოჩენას. წინასწარმეტყველი ასეც უწოდებს მას, როდესაც ამბობს: „უფალი ღმერთი ძალთა გამოვიდეს“ (ეს. 42,12). და წინასწარმეტყველება ასრულდა, რამეთუ დიდებულება ქრისტეს პიესებისა მარადია და უსაზღვრო.

წაიკითხეთ იგავი ბოროტ მევენახეებზე (იხ. მათ. 21,33). ის ყოველივეს უკეთ აგიხსნით, ვიდრე აგისხნით მე - მოკვდავი. და მოუსმინეთ უფლის მოწმობას საკუთარი თავის შესახებ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ“ (იოან. 8,58), აბრაამი კი მასზე რამოდენიმე ათასწლეულით ადრე დაიბადა. კიდევ ერთი მოწმობა ქრისტეს ბაგეთაგან. როცა ებრაელნი შეეკითხნენ მას: „და შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ“ (იოან. 8,25), - ამასვე უწოდებს მას მეოთხე მახარებელიც, როდესაც ამბობს: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“ (იოან. 1,1).

დაბოლოს, იოანეს აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებაში, ზეცად მყოფი უფალი თავად ამბობს საკუთარ თავზე: „მე ვარ ანი და ჰოე, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს ყოვლისა მპყრობელი“ „პირველი და უკუანაისკნელი და რომელი ცხოველ ვარ და ვიქმენ მკუდარ, და აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე. ამინ“ (გამოცხ. 1,8,17-18).

ასე რომ თქვენ ხედავთ, ქრისტემდე ქრისტე იყო და მის შემდგომაც იგი იქნება. ხოლო იმის შესახებ, რომ სამყაროს აღსასრულის ჟამს იგი მოვა უდიდესი ძალითა და დიდებით, წაიკითხეთ წმინდა სახარებასა და აპოკალიფსში. ქრისტე კვლავ მოვა, რათა დაამთავროს სამყაროს ეს პიესა, რომელიც ოდესღაც თვითონ დაიწყო. იტყვით, რომ საიდუმლო იგი უდიდესია. და განა პატარა ფარვანა საოცრება არ არის?! მაშ როგორიღა იქნება საიდუმლო მისი შემოქმედისა?

მშვიდობა თქვენ და სიხარული ქრისტე ღმერთისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 113), თბილისი, 2005 წ.