წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მამას, რომელიც ყველგან ვაჟის განსაკურნებელ წამალს დაეძებდა

ყველგან ეძებდი ვაჟისათვის სამკურნალო საშუალებას. თუკი ვინმე ექიმბაშის შესახებ გაცნობებდა, მასთან მიდიოდი. მთელი ბოსნია მოიარე. ბოლოს მიხვდი, რომ არაფერი შველოდა და მღვდელს უხმე. მაგრამ მას აღარც ღვთისმსახურის ლოცვამ უშველა და შვილი მოგიკვდა, ახლა შენმა ცხოვრებამ მიზანი და აზრი დაკარგა. თვითმკვლელობაზე იწყე ფიქრი, იშოვე შხამი, დამალე სასთუმალქვეშ და ღამეები განუწყვეტლივ ფიქრობ - დალიო ის თუ არა. მე კი მეკითხები, რატომ გაიძულებს ყველა, ასე იტანჯო?

მსურს, რაღაც გკითხო: რატომ აიძულებ უფალს იტანჯოს? რისთვის აწამებ ჯვარზე შენი გულისათვის ვნებულ უფალს - იესო ქრისტეს? მან მძიმე ტანჯვა გადაიტანა, რათა ადამიანები ცრუ ღმერთებისაგან, ცრუ მხსენელთაგან ეხსნა, ეხსნა ყოველგვარი ბნელი ძალისაგან, ამ ცრუმხსნელთაგან გამომდინარე რომ მოქმედებენ. და მაინც: შენ მას გვერდით ჩაუარე, ჩაუარე ერთადერთსა და ჭეშმარიტს. და საშველს კი მის მტრებთან - მკითხავებთან და ექიმბაშებთან ეძიებდი. აი რას გვირჩევს ქრისტეს მოციქული: „უძლურ თუ ვინე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული გგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას“ (იაკ. 5,14-15). შენ ჭეშმარიტად უხმე მღვდელს, ეკლესიის პრესვიტერს, რათა ავადმყოფისათვის ელოცა, მაგრამ როდის? მას შემდგომ, რაც ყველა მკითხავი და ექიმბაში მოიარე! მას შემდეგ, რაც განარისხე ის ერთადერთი, ვინც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მომნიჭებელია, მხოლოდ მერე დაიწყე ლოცვა-ვედრება.

იყო კი შენი გული სუფთა, ხოლო რწმენა - მტკიცე? უფალი უმალ შველის მათ, ვინც მშვიდი გულით და მტკიცე რწმენით მხოლოდ მას მიმართავენ. ხოლო იგი, ვინც ლოცულობს როგორც ღმერთისადმი, ასევე ეშმაკებისადმი, დახმარების გარეშე რჩება, რამეთუ უფალს არ სურს, ხოლო ეშმაკებს არ ძალუძთ დახმარება. გაორებული გულის მქონე ადამიანებს ილია წინასწარ ეუბნებოდა: „უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას და თუ არს ბაალი იგი, შეუდეგით კვალსა მისსა“ (III მეფ. 18,21). ხოლო როცა მეფე ოქოზია ავად გახდა, ცოცხალ ღმერთს კი არ მიმართა, არამედ მსახურები გაგზავნა ბელზებელთან, რათა ეკითხა მისთვის, მომჯობინდებოდა თუ არა. როდესაც შეიტყო ამის შესახებ ილიამ, მივიდა მეფესთან „და ეტყოდა ელია მას და ჰრქუა: ამისთვის, რამეთუ მიავლინენ მოციქულნი კითხვად ბაალისა, მწერისა მის, ღმრთისა აკკარონისა, რეცა არა არს ღმერთი შორის ისრაელსა კითხვად მის მიერ, არა ეგე, არამედ ცხედარსა მაგასა ზედა, რომელსა აღხედ, არა გარდამოხდე მაგიერ, არამედ სიკუდილითა მოჰკუდე“ (IV მეფ. 1,6).

შენც ამგვარადვე გატანჯე და განარისხე უფალი, დაე შეგინდოს. მადლობა უთხარი მას, იმისათვის, რომ შენი ვაჟი წაიყვანა და შენ თვითმკვლელობისაგან, სულიერი დაღუპვისაგან გიხსნა. და მონანიებისათვის დრო დაგიტოვა. მიენდე ახლა მას მთელი გულით და მისი სიყვარული განგამტკიცებს, გაანათლებს შენს ახლობლებს, ხოლო შენს შვილს ზეციურ სასუფეველს მიანიჭებს.

მშვიდობა შენ ქრისტესაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 119), თბილისი, 2005 წ.