წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ვაჭარ ს.ტ.-ს - რომლისაც „უფალს არ ესმის“

ჩივი, რომ უფალს შენი ლოცვები არ ესმის, მრავალი უბედურებისას შევედრებიხარ მას, მაგრამ ერთხელაც არ დაგიცვა! მაკვირვებს შენი სიტყვები: როგორღა არ დაგიცვა, თუკი უბედურება გადაიტანე, და არა პირიქით - მათ გადაგიტანეს შენ? ნება მიბოძე გკითხო: უსმენ კი ღმერთს? თავის ორ აღთქმაში: ძველსა და ახალში, უზენაესი შეპირდა ადამიანებს, რომ ისმენდა მათსას იმ პირობით, თუკი ისინი ისმენდნენ ღმრთისას... უსმენ კი ღმერთს მაშინ, როცა ითხოვ, რომ მან მოგისმინოს, ასრულებ საღვთო სჯულს და ეყრდნობი მის დადგენილებებს? თუკი ამას არ აკეთებ, მაშინ უცნაურია შენი მოთხოვნა, რომ ღმერთმა მოგისმინოს და გაგიგოს.

უფალი მიწაზე ჩამოვიდა და ფეხები დაბანა მათ, ვისაც იგი უყვარდა. ჩვენი შემოქმედისათვის უდიდესი სიხარულია - უსმინოს გამგონე შვილებს თვისას. მოსეს, აბრაამს, იაკობს შემოქმედი ყოველივეს უსრულებდა, რასაც ისინი სთხოვდნენ. და ბუნებრივი თუ საოცარი მოვლენების საშუალებით იგი თავის წყალობას აფრქვევდა მათზე, ვინც მის სჯულს ასრულებდა და თუკი არ შეისმინა ჩემი და შენი ვედრება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვსურდა მისი მცნებების შესრულება, ანდა იმიტომ, რომ ჩვენ არასწორად ვევედრებოდით, ესაიას პირით ეუბნებოდა ღმერთი ურჩ ერს: „როდესაც ლოცვას ამრავლებთ, მე არ მესმის“ (ეს. 1,15). „თუ ინდომებთ და მოისმენთ, შეიძენთ ამქვეყნიურ სიამეთ“ (ეს. 1,19). შესაბამისად უფალი მაშინ გვისმენს, როდესაც ჩვენ გვესმის მისი და არ გვისმენს, როდესაც ჩვენ არ ვუსმენთ.

უფალი არ გვისმენს მაშინაც, როდესაც რაიმე საზიანოს ან უგუნურს შევთხოვთ. ერთხელ მოციქულებმა იაკობმა და იოანემ შესთხოვეს უფალს, რომ ცეცხლი დაეტეხა დასახლებისათვის, რომელმაც მათი მიღება არ ისურვა, რათა იქ ღამე გაეთიათ (იხ. ლუკ. 9,51-56). მაგრამ ღმერთმა მიმართა მოციქულებს, აუკრძალა ამის ჩადენა, არა მარტო არ შეისმინა მათი თხოვნა, არამედ უსაყვედურა კიდეც. გაიხსენე შენც: იყო კი შენი ლოცვები ყოველთვის საკადრისი ადამიანისა და ღმერთისათვის? და კიდევ: რატომ ლოცულობ მხოლოდ უბედურების ჟამს? ამით ამცირებ საკუთარ თავს და შეურაცხყოფ უფალს. შემოქმედი ჩვენგან ელის, რომ ყოველთვის ვგრძნობდეთ მის თანამყოფობას და განუწყვეტლივ ვიმყოფებოდეთ მასთან ლოცვით ურთიერთობაში: „მოუკლებელად ილოცევდით“ (1თესალ 5,17). როდესაც მიმართავ ღმერთს მხოლოდ გაჭირვებისას, შენ ამცირებ უფალს, რამეთუ მოუწოდებ მას მეხანძრის მსგავსად ჩააქროს ცეცხლმოკიდებული სახლი.

ქრისტემ უფლება მოგვცა, რომ მისი მამისათვის მამა გვეწოდებინა. რა შეიძლება, ამაზე ტკბილი იყოს? რა შეიძლება, იყოს უფრო ტკბილი ბაშვებისათვის, თუ არა ის, რომ იმყოფებოდნენ მშობლების თანდასწრებით? ჩვენც შევეცადოთ, რომ ჩვენი ზეციური მამის წინაშე გულით, ფაქრებითა და ლოცვებით წარვსდგეთ. ჩვენი ლოცვა წარმატებისა და სიხარულის ჟამს - ეს ერთგვარი ლოცვითი კაპიტალია, რომელიც უფრო მეტად გამოგვადგება, ვიდრე ამწუთიერი ლოცვა მწუხარებისა და ტანჯვის ჟამს, როცა ისინი კარს მოგვადგებიან ხოლმე.

მშვიდობა შენ უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 121), თბილისი, 2005 წ.