წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ადამიანს, რომელიც უგუნური ცოლის გამო ჩივის

„როგორც ყველა, მეც - ისევე!“ - ამ სიტყვებით გპასუხობთ თქვენი მეუღლე ყოველთვის, როდესაც მფლანგველობისა და კოხტაობის გამო საყვედურობთ და ცდილობთ, იგი გონს მოიყვანოთ. თქვენ მას ეუბნებით: „შეხედე, ღმერთმა სამი შვილი მოგვცა: სამი ოქროს ვაშლის მსგავსი! და ახლა ჩვენ მარტო საკუთარი თავისთვის კი არ უნდა ვიცხოვროთ, არამედ - მათთვისაც. ჩვენ უკვე არც ისეთი ახალგაზრდები ვართ, რომ მოდას და მხიარულებას მივსდიოთ. საკუთარ ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდეთ ბავშვების გულისათვის. შენ ხშირად უჩივი თავის ტკივილებს, ყველაფერს კი აკეთებ იმისთვის, რომ თავი გტკიოდეს. პარფიუმერიის არაჯანსაღი ანაორთქლი, თეატრებისა და რესტორნების დახუთული ჰაერი, ქეიფი, აზარტული თამაშები, არარეგულარული ძილი - ყელაფერ ამას სიკეთისკენ არ მივყავართ“. მაგრამ ყველა თქვენს არგუმენტზე ცოლი ერთს გპასუხობთ: „სადაც ყველა მეც - იქ...“

ვინ არიან ეს „ყველა“, ძვირფასო? განა მთელი ქვეყნიერების არსი იმ აღვირახსნილ ბრბოში მდგომარეობს, რომლისგანაც თავის დაღწევა შენ არ გსურს და რომელიც შთანთქავს შენს ყოველ აზრს დღე და ღამე? შენ იმდენად შეზღუდე სამყარო, რომ ვეღარ ხედავ სამყაროს უფლისა, რომელიც შენი პატარა და ვიწრო სამყაროს იქითაა გადაშლილი. ცხოვრების ამგვარ წესს არა მარტო მთელი ქვეყნის ქალები არ მისდევენ, არამედ - თვით შენი ქუჩის ქალებიც კი. დიდი უმრავლესობა დედებისა, ქვრივებისა და ქალიშვილებისა სავსებით სხვა ცხოვრებით ცხოვრობს. როგორ შეგიძლია, თქვა: „სადაც ყველა, მეც იქო“? შენ მაგალითს მხოლოდ რამოდენიმე გარყვნილი და უპასუხისმგებლო ქალისაგან იღებ, მხოლოდ მათ უცქერ, მათი მიხედვით მსჯელობ, და მთელ სამყაროს მათში ხედავ, იმ დროს, როცა უმრავლესობა თქვენ, როგორც საცირკო დასს, ისე გიყურებთ, რომელშიაც ცხოველებიც და მომთვინიერებლებიც თქვენ ხართ.

დავუშვათ, რომ მთელი ქვეყანა უგუნურების და დაღუპვის გზას დაადგა, განა მაშინ, შენ, სამი ვაჟიშვილის დედა, ვერ მონახავ საკუთარ თავში ძალსა და ვაჟკაცობას, რომ თქვა: „არა მე ამ გზით არ წავალ?!“ ჭეშმარიტად ეს იქნებოდა ვაჟკაცობა, რომელსაც ზეცანიც კი ქედს მოუხრიდნენ. ასეთი ვაჟკაცობა ოქროს ასოებით არის ჩაწერილი წმიდა წერილში. ასეთი ვაჟკაცობის მქონენი იყვნენ ლოთის ორი ქალიშვილი, რომლებმაც დატოვეს სოდომი (იხ. დაბ. 19). მათ რომ იმგვარადვე ემსჯელათ, როგორც დღეს სამი შვილის დედა მსჯელობს: „მოდით, ჩვენც იმგვარადვე ვიყოთ, როგორც ყველა“, ქვეყანა ვერ შეიტყობდა ვერც მათ სახელებს, ვერც სახელს მათი მამისა და არ იქნებოდნენ ისინი ნახსენები მარადიულ წიგნში. მაგრამ, მათ ისე არ უთქვამთ, როგორც შენ ლაპარაკობ. ამიტომაც კურთხევამ უფლისა განისვენა ლოთსა და მის შვილებზე. და როცა ჩამოჰკრა საათმა, ანგელოზმა უფლისამ გამოიყვანა ეს ღვთისმოსავი ოჯახი ქალაქიდან, რათა მათ არ ენახათ შურისძიება მათდამი, ვინც ზეცა შებღალა; და დაინთქა მიწისქვეშ გარყვნილი ქალაქი, მის ადგილას კი მკვდარი ზღვა აღმოცენდა.

ანდა ვთქვათ, რასტკო ნემანიჩს რომ ეთქვა: „სადაც ყველა, მეც იქ!“ განა გახდებოდა იგი წმიდა საბა, მამა საკუთარი ხალხისა, და მარადიული განმკითხავი შთამომავლობისა, რომელიც ამბობს: „სადაც ყველა, მეც იქ?!“ თუკი ეს და სხვა მრავალი მაგალითი არ შეძრავენ სულს შენსას, მაშინ არ ვიცი, რაღა გითხრა. თუკი მაგალითები კეთილი ცხოვრებისა შენთვის ჭკუის სასწავლებელნი არ იქნებიან, დაე საშინელი სიკვდილის მაგალითებმა შეგაძრწუნოს. შეხედე, თუ როგორი სიკვდილით იღუპებიან ისინი, ვისაც შენ მისდევ და ვის გამოც მიატოვე ქმარ-შვილი: განუკურნებელი სნეულებანი, დანაშაულები და თვითმკვლელობანი - გამონაკლისის გარეშე!

შემიძლია კი, მე შენს სულში ყველაზე საუკეთესოს მივმართო, ქალიშვილო სამაგალითო მშობლებისა, მივმართო იმას, რაც ჯერ არ დაუფარავს ღამეული ცხოვრების უკუნს?! გამოფხიზლდი, დაფიქრდი, აღიქვი! გაიხსენე, შუაღამის ორგიებისას ახარხარებულმა, ტირილით გამოღვიძებული შენი შვილი, რომელიც სიბნელეში შენს ხელს დაეძებს და შენს ტკბილ სიტყვას ელის.

დაივიწყე სახიფათო სიტყვები: „სადაც ყველა, მეც იქ?!“ რათა მისი კურთხევა, ვინც სამი შვილი დაგილოცა, დარჩეს შენთან უკუნითი უკუნისამდე.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 123), თბილისი, 2005 წ.