წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მორჩილ გაბრიელ ი.-ს - რატომ წავიდა ქრისტე

როდესაც ბატონი ყანაში მიდის, რათა დააპუროს და გაამხნეოს თავისი მუშები, ყოველივეს შეასრულებს და სახლში ბრუნდება.

როდესაც მეფე მტერთან საომრად მიდის, დაამარცხებს მას და დედაქალაქში ბრუნდება.

როდესაც ექიმი საავადმყოფოში მიდის, რათა გასინჯოს, მკურნალობა დაუნიშნოს და წამლები გამოუწეროს, როდესაც შეასრულებს ყოველივეს, საავამდყოფოს ტოვებს.

როდესაც მშობლები შვილებს შორეულ მხარეში ესტუმრებიან, გადაიხდიან მათ ვალებს, უზრუნველყოფენ კარგი განათლებით, თავად კი საკუთარ კერას უბრუნდებიან და შვილების დაბრუნებას მოელიან.

ასევეა ქვეყნიერების მხსნელიც. როდესაც დაასრულა მიწიერი მსახურება, დაბრუნდა თავის ზეციურ დედაქალაქში. ამაღლდა ზეციურ სასუფეველში, საიდანაც როგორც ბატონი, როგორც ექიმი, როგორც მშობელი, როგორც გამომსყიდველი და გამათავისუფლებელი, ისე გარდამოვიდა. „უმჯობეს არს თქუნდა, რაითა მე წარვიდე“ (იოან. 16,7) - თქვა მან მოწაფეებთან განშორებისას. არ უთქვამს: „ჩემთვის უმჯობესია განვერიდო ჭირ-ვარამსა და მწუხარებას, ვიდრე უგნურთ ხელახლა ჯვარს არ ვუცვივარ“. არა, იგი ამგვარად არ ფიქრობდა, რამეთუ ჭეშმარიტი სიყვარული არ ფიქრობს საკუთარ თავზე, არამედ - საყვარელ ადამიანებზე. ყოველი მისი მოძრაობა, ყოველი ნაბიჯი, ყოველი სიტყვა და ფიქრი - ყველაფერი ხალხის სახსნელად არის, სახსნელად საყვარელი ადამიანებისა. რათა ადამიანებს თავად შეძლებოდათ იმის შეგნება, თუ რა არის მათთვის უკეთესი და რა - უარესი. იგი რომ მიწაზე არ ჩამოსულიყო, ადამიანები ამას მის გარეშე ვერ გაიგებდნენ.

უმჯობეს არს თქუნდა, რაითა მე წარვიდე. მოგვიანებით კი დაამატა: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათ. 28,20). ნუ შეცბუნდები, ამ სიტყვებში არ არსებობს წინააღმდეგობა. იგი ჭეშმარიტად წავიდა, მაგრამ მოწაფეებს მოუვლინა სულიწმინდა, ნუგეშისმცემელი. ამაღლდა ზეცად თავისი მკვდრეთით აღმდგარი სხეულით, მაგრამ სულით ეკლესიაში დარჩა, იმყოფება მასში დღემდე და იქნება უკუნისამდე.

- უფალო, არ ვიცით, საით მიხვალ?

- წარვალ და მოვიდე თქუენდა. უკუეთუმცა გიყუარდი მე, გიხაროდამცა (იოან. 14,28).

„მისიონერული წერილები“ (წერილი 126), თბილისი, 2005 წ.