წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მონაზონ ქალს - სხეულის აღდგომის შესახებ

მთელი ჩვენი რელიგია განმსჭვალულია აღდგომისადმი რწმენით. მას, გარდაცვლილთა სულებს რომ აღადგენს, განა სხეულთა აღდგინება არ შეეძლება?! შენ აღიარებ და მტკიცედ გწამს უფლის ყოვლისშემძლეობისა, ცისა და მიწის შემოქმედისა, მაგრამ მაინც გტანჯავს კითხვა: „როგორ აღადგენს უფალი გახრწნილ და უძლურ სხეულებს?“ იფრთხილე, ქრისტეს მტრებს, სადუკეველებს არ ემსგავსო, რომელთაც ვითომ უფლის სჯეროდათ, მაგრამ გარდაცვლილთა აღდგომას კი უარყოფდნენ. ახალგაზრდაა სხეული თუ ბებერი, განა ეს სულერთი არ არის სიკვდილის მერე? განა ერთიც და მეორეც იმ მტვრად არ იქცევა, რომლისგანაც შეიქმნენ? მაგრამ ერთიცა და მეორენიც ადვილად აღსდგებიან, უკანასკნელ სამსჯავროს დღეს - შემოქმედის სიტყვით. ვერც ბებრული სიძაბუნე და ვერც ყმაწვილური სიმარდე ვერ შეანელებენ და ვერ დააჩქარრვნ სამარის მტვერთაგან გარდაცვლილთა აღდგომას. სიტყვა უფლისა ყოვლადძლიერია: იგი აღადგენს მკვდრეთით, ქმნის და ანადგურებს, უფალს ყველაფერი ხელეწიფება.

შენ მიამიტურად მსჯელობ, რომ არ გსურს ამჟამინდელი მოხუცი და უძლური სხეულით ქრისტეს სასუფევლის დამკვიდრება. არც იქნები, ნუ გეშინია, დაო! როდესაც უღმერთოს დაღუპული სული რწმენით აღდგება და გაცოცხლდება, მისი ახალი სული ოდნავღა მოგაგონებს ძველს, მაგრამ პიროვნება მისი იგივე რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში. რაღაც ამდაგვარი ხდება, როცა ვინმე კონკებს განიძარცვავს და აბრეშუმით შეიმოსება. ასევე იქნება სხეულებთან დაკავშირებითაც. არსებობენ ზეციური და მიწიერი სხეულები, სულიერი სხეულები - უხრწნელნი არიან, მიწიერნი კი - ხრწნადი (იხ. 1კორ. 15,35-54). წმიდა მოწამე იპოლიტე წერს: „ჩვენ გვწამს, რომ სხეული აღსდგება, არა ისე როგორც ახლა არსებობს, არამედ სუფთა, რომელიც არ დაზიანდება. ყოველ სხეულს თავისი სული დაუბრუნდება“... როგორ განსხვავდებიან ერთმანეთასაგან ხის ვარჯი და ფესვი! და მაინც ხის სიცოცხლის აზრი მთელი სისრულითა და არსით მის ფესვებში ძევს, ისევე როგორც სისრულითა და არსით ძევს იგი ყვავილში: როგორც ყვავილი - აღემატება თავისი სილამაზით ფესვს, ასევე მკვდრეთით აღმდგარი სხეულები იქნებიან სილამაზით აღმატებულნი ჩვენს მიწიერ სხეულებზე.

გიხაროდეს მკვდრეთით აღმდგარი უფლისა! და სიხარულით ეზიარე ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ამგვარად განიმზადებ ზეციურ სხეულს, რომელიც მისი სხეულის მსგავსია, სილამაზითა და ძალით რომ აღემატება ყოველივეს, რისი ხილვა და სიზმრად წარმოდგენაც კი შეიძლება.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 129), თბილისი, 2005 წ.