წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ჩინოვნიკ ს.პ.-ს - იგავი შვილად აყვანის შესახებ

თქვენ გსურთ, შეიტყოთ ჭეშმარიტება ადამიანის ცხოვრების შესახებ, ძნელია, ამის შესახებ წერილში მოგითხროთ. მოდით, იგავს მივმართოთ.

ერთ მდიდარ კაცს ერთდერთი ვაჟი ჰყავდა. მაგრამ მან ობოლიც იშვილა და საკუთარ ვაჟიშვილად თვლიდა. ერთხელაც მდიდრის სახლში მალულად ჯადოქარმა შეაღწია. მან შვილობილი დაარწმუნა, რათა თავისი კეთილისმყოფელის სახლი მიეტოვებინა, სამაგიეროდ შეჰპირდა დიდებას, რომელიც მრავალგზის აღემატებოდა მამობილისას. მოჯადოებული შვილობილი საკუთარ კეთილისმყოფელთან მივიდა და სთხოვა, რომ გაეშვა იგი. მამობილი მიხვდა ყოველივეს, რაც მოხდა, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია და მას თავისუფლება მიანიჭა, თუმცა, როდესაც აცილებდა, შეებრალა იგი და ოქროთი და ძვირფასი ქვებით სავსე ტომარა გაატანა. ცრემლებით გააცილა კაცმა შვილობილი. ავკაცი კი არამარტო არ ეხმარებოდა ეულ მგზავრს, არამედ თავის მსგავსთ უგზავნიდა მას და ძარცვავდა. უბედური ყმაწვილი, როცა ავაზაკებს უვარდებოდა ხელში, მათგან თავს ოქროსა და ძვირფასი ქვების მგშვეობით იხსნიდა, მხოლოდ სთხოვდა, რომ ყაჩაღებს მისი მოწნული ტომრისათვის ხელი არ ეხლოთ. თავდასხმას თავდასხმა მოსდევღა, ძვირფასი ტომარა დაცარიელდა მაშინ მის წინაშე თვით ჯადოქარი წარსდგა: უბედური ყმაწვილი მისკენ, როგორც მეგობრისაკენ დახმარების სათხოვნელად გაექანა, მაგრამ ავკაცმა ნიღაბი ჩამოიხსნა და კბილთა ღრჭიალით საცოდავს ტომრის წართმევა დაუპირა. მთელი ამ დროის განმავლობაში კაცი, რომელმაც ობოლი იშვილა, სჭვრეტდა იმას, რაც გზად შვილობილის თავს ხდებოდა. იგი შეძრწუნდა ყმაწვილის ბედით და მის დასახმარებლად საკუთარი ერთადერთი ვაჟიშვილი გაგზავნა, რათა იგი დაღუპვისაგან ეხსნა. ვაჟიშვილმა იმ უკანასკნელ წამს მიუსწრო, როცა ტომრისათვის ბრძოლაში შვილობილი უკვე ღონემიხდილი იყო და ჯადოქარი სასიკვდილოდ დაჭრა, ხოლო ობოლს კი ხელახლა აუვსო ტომარა ძვირფასეულობით და უთხრა, რომ საჩქაროდ დაბრუნებულიყო სახლში, სადაც მამა ელოდა.

გასაგებია თქვენთვის ეს იგავი? მდიდარი ადამიანი - ღმერთია, მისი ვაჟი - იესო ქრისტე, შვილობილი - ადამი და მისი მოდგმა. ჯადოქარი - სატანა. დაწნული ტომარა - ადამიანის სხეული, ოქრო და ძვირფასი ქვები - ნიჭნი უფლისანი, რომელნიც ადამიანის სულს ამშვენებენ. როდესაც ჩამოშორდა ღმერთს, თვითნება ადამიანთა მოდგმამ თანდათანობით დაკარგა სულიერი საგანძური და სხეულებრივ ცხოვრებასთან პირისპირ დარჩა. და როდესაც სატანა მის მითვისებასა და ამასთანავე მთლიანად უფლის ქმნილების განადგურებას შეეცადა, დედამიწაზე მოგვევლინა ძე უფლისა მან სასიკვდილოდ დაჭრა სატანა და დაჭრილი და დაუძლურებული, ჯოჯოხეთის უფსკრულში გადაჩეხა, ხოლო სხეულებრივ ცხოვრებას კვლავ ცხოველი სული შთაბერა და იგი ღვთაებრივი ნიჭით აღავსო. იმავდროულად მან ადამის მოდგმას უქადაგა, რომ ახალი საგანძურით დაბრუნებოდნენ ზეციური მამის სახლს.

მშვიდობა თქვენ და წყალობა უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 131), თბილისი, 2005 წ.