წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ნ.ნ.-ს - დარღვეული აღთქმის შესახებ

შენ იმგვარი რამ შეგემთხვა, რაც ერთხელ მოციქულთა დროს მოხდა.

ბავშვი გაგიხდა ავად. მისი მიზეზით აფორიაქებული აღთქძას დებ, რომ ოღონდ ბავშვი გამოჯანმრთელდეს და ეკლესიას ხორბლის ყანას შესწირავ. საეკლესიო კომიტეტმა არაერთხელ გთხოვა, რომ მინდორი მიგეყიდა, რადგანაც იგი ეკლესიის ტერიტორიას ესაზღვრება, მაგრამ ძალიან ძვირს აფასებდი და აი უბედურების ჟამს ეკლესიას ამ მიწის ჩუქებას შეპირდი. ბავშვი გამოჯანმრთელდა, შენ კი აღთქმა დაარღვიე. ცოლი მუდმივად შეგახსენებდა და დაპირებულის შესრულებას გთხოვდა, მაგრამ მიწა დაგენანა, ბოლოს და ბოლოს, ასეთ ეშმაკობას მიმართე: იმისათვის რომ დაპირება ნაწილობრივ შეგესრულებინა: მინდორი ვიღაც კაცს მიჰყიდე, ფულის ნახევარი შენთვის დაიტოვე, მეორე ნახევრის მიტანას კი ეკლესიაში აპირებდი. თუმცა ამ ნახევარსაც დახარბდი, მასაც მოაკელი ნაწილი და დახარჯე. შენი ბავშვი კვლავ ავად გახდა და გარდაიცვალა. ახლა შენ მწუხარების უდიდესი უღლით დამძიმებული მწერ. ბავშვის სიკვდილს აღთქმის დარღვევას უკავშირებ. ამბობ,რომ უდიდესმა შიშმა შეგიპყრო „რაღაც იდუმალისა რომელიც უმოწყალოდ სჯის ადამიანებს“. - წაიკითხე „საქმეთა“ მეხუთე თავი... იქ მსგავს შემთხვევაზეა მოთხრობილი: დაიმახსოვრე პეტრე მოციქულის სიტყვები: „არა ეცრუვე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა“ (საქ. 5,4).

ვიცი ასეთი შემთხვევა ჩვენს ცხოვრებაშიც. რაღაც განსაცდელისას ადამიანმა აღთქმა დადო, რომ მონასტერს ხარს შესწირავდა. როდესაც განსაცდელმა განვლო, მან იფიქრა, რომ ეს ძალიან დიდი მსხვერპლი იყო და გამოსყიდვა რაიმე, უფრო მცირედითაც შეიძლებოდა. კაცმა ხარი გაყიდა და მონასტრისათვის ხბო შეიძინა, სხვაობა კი სურდა, სახლში მიეტანა, რათა მეურნეობაზე დაეხარჯა. მაგრამ ბაზრიდან მომავალმა ფული დაჰკარგა, ღამით კი სხვა ხარმა ხბო სასიკვდილოდ დარქინა.

საქმენი უფლისანი კი არ არიან უმოწყალონი, არამედ ჩვენ თვითონვე ვართ უმოწყალოები საკუთარი სულების მისამართით. უფალს მინდვრები და ხარები კი არ სურს, არამედ წმიდა და გულწრფელი ჩვენი სულები. ის, რაც სიკვდილ-სიცოცხლის ბატონმა შენს სახლეულობას გაუკეთა - სასჯელი კი არა, წყალობაა. მან შენგან უცოდველი ბავშვი წაიყვანა სამოთხეში, შენ კი მწუხარება მოგივლინა, რათა მოგენანიებინა, განწმენდილიყავი, შეცვლილიყავი და შენს საყვარელ პირმშოსთან სამოთხეში მოხვედრის ღირსი გამხდარიყავ. დარღვეული აღთქმის გამო არაფერი რომ არ მომხდარაყო, რაღა იქნებოდა მაშინ? შენ უფრო მეტი მონდომებით ცოდვაზე ცოდვას დაურთავდი, ბავშვი შენს ცოდვილ ცხოვრებას შეეჩვეოდა და თქვენ, ორივენი საკუთარ სულებს დაჰკარგავდით. ახლა კი შემოქმედმა შენივე უსამართლობა შენი და ბავშვის სახსნელად შემოგიბრუნა. ნუ დრტვინავ უზენაესის გულმოწყალების გამო, არამედ მისი მადლობელი იყავ წყალობისათვის.

კურთხევა და ნუგეში შენ უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 133), თბილისი, 2005 წ.