წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მეთუნუქე ს.პ.-ს - ჯვრით მსვლელობების შესახებ

ჯვრით მსვლელობები ტაძრებში ტარდება. მაგრამ შენ იმათ შესახებ კითხულობ ქუჩებსა და მინდვრებში რომ სრულდება. რაში მდგომარეობს მათი დანიშნულება?

საეკლესიო ლოცვებს, ღია ცის ქვეშ რომ ტარდება, მზის ქვეშ, ქვეყნიერების სამლოცველოში, რომელიც თვით შემოქმედის შექმნილია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაღაც მსგავსს ძველი ისრაელიც ასრულებდა, როდესაც იერიქონისათვის ალყა ჰქონდათ შემორტყმული. ასეთი მსვლელობა მოაწყო უფლის მითითებით ისუ ნავესმა. წინ აღთქმის კიდობანი მიჰქონდათ, კიდობანს წინ მღვდელმსახურნი მიუძღოდნენ ბუკის კვრით. შვიდი დღის განმავლობაში ხალხი სადღესასწაულო მდუმარე ლოცვით გარს უვლიდა იერიქონს. მეშვიდე დღეს კი დაიქცნენ კედლები იერიქონისა და ქალაქი აიღეს (იხ. ნავ. 6). ჩვენ ქრისტიანები, აღთქმის კიდობნის ნაცვლად ჯვრებს, ხატებსა და ბაირაღებს ვატარებთ, ხოლო საყვირების მაგიერ ზარები გვაქვს და სასულიერო გალობებს ვგალობთ!

ჯვრით მსვლელობისას უფალს შევთხოვთ:

უფალო შეგვიწყალე! უფალო შეგვიწყალე! უფალო შეგვიწყალე!

ყველა ნიშანთა შორის, რომელთაც ჩვენ ვატარებთ, ჯვარი პირველ ადგილზე დგას. რამეთუ მას ჯერ კიდევ ქრისტეს გოლგოთაზე ყოფნისას მიეცა ძალა, რათა განედევნა უწმრდური, გამოეჯანმრთელებინა, განეწმინდა და გაენათლებინა ადამიანები და ცხოველები, საცხოვრებლები და სახლები. ღთვის რჩეულმა ხალხმა იცის ყოველივე ამის შესახებ, ამიტომაც უწოდებს ამ პროცესს ჯვრით მსვლელობას.

შენ რატომღაც თავში ავი ზრახვა მოგივიდა, რომ მსვლელობებისას „სიწმინდეთა შებღალვა და მათი ხალხისათვის საჯაროდ აბუჩად ასაგდებად გამოტანა ხდება“. სიწმინდე უბრალოდ კი არ იბღალება, არამედ მისი მეშვეობით განიწმინდება ყოველივე ის, რაც ადამიანური ცოდვით შებღალულა. ჯვრით მსვლელობა - სულიერი, საბრძოლო ლაშქრობაა ეშმაკეული ბოროტების წინააღმდეგ. ხოლო მსვლელობაში მონაწილე ხალხი კი - მხედრობა ქრისტესი. და თუკი ვინმე ჯვრით მსვლელობას დასცინის, განა ეს რამეს ნიშნავს? საღვთო სულს მოკლებული ადამიანი ასევე დასცინის ტაძრებსა და მათში მლოცველებს, ლოცვებსა და რწმენას საერთოდ. განა დაცინვას ძალუძს, შეაშინოს ჯვაროსნები, უხილავი სატანური ძალების წინააღმდეგ რომ იბრძვიან, უფრო საშინელი ძალებისა, ვიდრე ეს საცოდავი მოქილიკენი არიან? და ბოლოს, ის ვინც სიწმინდეებს აბუჩად იგდებს, საკუთარ ბედნიერებას დასცინის. ამის მაგალითი მრავლადაა. აი ერთ-ერთი მათგანი.

ერთხელ სოფელში მინდვრისაკენ ჯვრის პროცესია მიემართებოდა. ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო ამერიკიდან, სადაც იგი სამუშაოდ იმყოფებოდა, საკუთარი სახლის წინ იდგა და მლოცველებს აბუჩად იგდებდა. სულ მალე იმ სოფელს თავს ძლიერი ღვარცოფი დაატყდა. მას სოფელი არ დაუზიანებია, მაგრამ მქირდავის მინდორზე იმდენი შლამი და ქვიშა მორიყა, რომ არც მიწა და არც ხორბალი აღარ ჩანდა.

საეკლესიო ლოცვა არასოდეს რჩებოდა კეთილი ნაყოფის გარეშე განსაკუთრებით მაშინ, როცა ის მონანიებით ხასიათს ატარებდა და უფლის ნებისადმი ერთგულებას გამოხატავდა. ხალხმა იცის ჯვრით მსვლელობების სულიერი სარგებლობის შესახებ და ამიტომაც უყვარს ასე ისინი. მათ რომ წვიმით მრავალგზის არ მოერწყათ გადამხმარი ყანები, არ დაებლაგვებინათ სიკვდილის ცელი ეპიდემიების ჟამს, არ დაემყარებინათ მშვიდობა არეულობებისას, განა ხალხს ეყვარებოდა ასე ჯვრით მსვლელობები და ატარებდა კი ჯვრებს ქალაქად და სოფლად?

მუსულმანებს ჯვრით მსვლელობები არ აქვთ, ერთხელ თურქული უღლის დროს ერთ მაკედონურ ქალაქში დაუვიწყარი მოვლენა მოხდა. საშინელი გვალვა იდგა. თურქებმა ქრისტიანებს ჯვრით მსვლელობის ჩატარება მოსთხოვეს, ხალხი მეფესა და სასულიერო ჰირებთან ერთად ქალაქგარეთ მდებარე წყაროებისაკენ დაიძრა ერთ პროცესიაში - მუსულმანები, ხოლო მეორეში კი - ქრისტიანები მიაბიჯებდნენ. ლოცვები ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ჩაკითხული, რომ ცა ღრუბლებით დაიფარა და ისეთი ღვართქაფი მოვარდა, მლოცველნი ერთ წამში სახლებში მიმოიფანტნენ.

მშვიდობა შენ და წყალობა უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 136), თბილისი, 2005 წ.